„ხალხზე ზრუნვით, ხალხის მოთხოვნით, ხალხის კეთილდღეობისთვის პარტიამ გააძვირა შაქარი“
საზოგადოება

„ხალხზე ზრუნვით, ხალხის მოთხოვნით, ხალხის კეთილდღეობისთვის პარტიამ გააძვირა შაქარი“

„ხალხზე ზრუნვით, ხალხის მოთხოვნით, ხალხის კეთილდღეობისთვის პარტიამ გააძვირა შაქარი“
მანანა ნოზაძე

2017-11-13 12:30:15

ხელისუფლება ირწმუნება, რომ სულ მალე პრემიებს შეელევა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი თანდათან გადავლენ შრომითი ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და პრემიების განაწილებას მაქსიმალურად შეზღუდავენ.

მისივე თქმით, სახელმწიფო სახსრების ხარჯვა ეფექტურად და რაციონალურად უნდა ხდებოდეს. ამ მიზნით პარლამენტში შესაბამისი პროექტია წარდგენილი შრომითი ანაზღაურების თაობაზე, რომლის მიღების შემდეგაც სრულად მოწესრიგდება ეს სისტემა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია, სადაც არც ერთი დეპუტატი არ იღებს პრემიას. ანალოგიურად, კანონის საფუძველზე პრემიების საკითხი მოწესრიგდება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში, მათ შორის, აღმასრულებელ განშტოებაში. აქ საუბარია მხოლოდ შრომით ანაზღაურებაზე, რომელიც შედგება სარგოსა და დანამატისგან.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლა მთავარია აღსრულების პროცესი. მით უმეტეს, რომ ჩვენს ჩინოვნიკებზე ისეთი მასშტაბის პრემიები რიგდება, რაც საზოგადოების განწყობაზე ცუდად აისახება. ჩვენ ვისმენთ, რომ წელიწადში რამოდენიმეჯერ რომელიღაც ჩინოვნიკი რამდენიმე ათას ლარს იღებს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, კორუფცია უკვე სახელმწიფოს დონეზეა აყვანილი, ანუ ქრთამს უკვე ოფიციალურად ბიუჯეტიდან იღებენ და ვერავინ შეედავება ჩინოვნიკს, რომ მას ტყულად ურიგებენ პრემიებს. ეს მართლაც მახინჯი სისტემაა.

ექსპერტის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ხშირად არასწორად შუქდება პრემიების საკითხი. შესაძლოა, ჩინოვნიკი წელიწადში 12 ან 14 ათასი ლარის ოდენობით პრემიას იღებს, მაგრამ რიგით მოქალაქეს ჰგონია, რომ პრემიის ოდენობა ყოველთვიურად 12 ათას ლარს შეადგენს. ამდენად, რისხვა მიდის პრემიის ამღებამდე.

„პირველ რიგში, პრემიის საკითხი ეხება თანაბარ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც იკავებენ თანამდებობებს სახელმწიფო სამსახურებში, მინისტრები იქნება ეს, მინისტრის მოადგილეები, თუ დეპარტამენტის თავმჯდომარეები, ანუ ვინც იღებს ამ პრემიებს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი ყველანი უკლებლივ მუშაობენ თანაბრად და იხარჯებიან თანაბრად. თუმცა, რეალურად, მათ შორის განსხვავებაა.

ამდენად, ფიქსირებულ ხელფასებზე გადასვლა იმდენად აღარ გააღიზიანებს საზოგადოებას, მაგრამ გააჩნია, რამდენი ხელფასი ექნებათ ჩინოვნიკებს. თუ მათი ხელფასი რამდენიმე ათასი ლარი იქნება, მაშინ იგივე გამოდის. უბრალოდ, მას პრემია არ დაერქმევა და დაერქმევა სოლიდური ხელფასი. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, პრემიას დავარქმევთ, დანამატს, თუ თანამდებობრივ სარგოს? ეს ხომ უბრალოდ ტერმინების შეთამაშებაა? ზოგადად, ადამიანებს პრემიებს აძლევენ კარგი მუშაობისთვის, მაგრამ, როდესაც რიგითი მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩინოვნიკი თუ უბრალო მოხელე არაფერს აკეთებს და მაინც ღებულობს პრემიას, მათი გულისწყრომა უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული“,-აცხადებს პაატა აროშიძე, რომლის აზრითაც, მთავარია, რამდენად დიდია დისპროპორცია საშუალო ხელფასსა და ჩინოვნიკის ხელფას-პრემია-დანამატს შორის.

მისივე განმარტებით, უკვე განსაზღვრულია, რომ საშუალო ხელფასი 600-700 ლარის ოდენობითაა. რასაკვირველია, ესეც საკამათოა, მაგრამ, როცა ჩინოვნიკის ხელფასი, პრაქტიკულად, ზემოაღნიშნულზე ხუთჯერ მეტია და პენსიონერის პენსიას 20-30-ჯერ აღემეტება, ეს უკვე პრობლემებს ქმნის.

ექსპერტი სხვა პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. თუკი მაღალ ხელფასებსა და პრემიებს მიჩვეულ ჩინოვნიკებს ყოველთვიური თუ ყოველწლიური შემოსავალი შეუმცირდებათ, ეს ხომ არ გამოიწვევს კორუფციის ისევ აყვავებას? ვთქვათ, ზედამხედველობის სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელს შეუმცირდა ყოველთვიური დანამატი და პრემია, იგი ხომ არ დაუბრუნდება ძველ სისტემას? ამიტომ პრემიების ოდენობა მხოლოდ ციფრობრივი მაჩვენებლით არ გამოიხატება, აქ ცხოვრების დონეც გასათვალისწინებელია.

„პრემირების სისტემის დაწესებისას თავს იმართლებენ, რომ ეს იმიტომ კეთდება, ჩინოვნიკებს ხელი არ გაექცეთ სხვა შემოსავლისკენ. ამიტომ საჭიროდ მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირებას. ეს გასაგებია, მაგრამ, რეალურად, როდესაც ცხოვრების დონე დაბალია ქვეყანაში, შენს ათეულ თუ ასეულ ჩინოვნიკს ძალიან მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. ამის მიზეზით ხდება, რომ ყველა ისწრაფვის პოლიტიკისკენ, სახელმწიფო სამსახურებისკენ. უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულებს შორის ძალიან მცირეს აქვს სურვილი, კერძო სტრუქტურაში წავიდეს და საკუთარი ბიზნესი აკეთოს. მათ იციან, რომ სახელმწიფო უწყებაში ბევრად უფრო მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე კერძო უწყებაში.

უცხოეთში ეს სისტემა სხვაგვარადაა აგებული. სახელმწიფო სამსახურში ძირითადად მიდიან იდეური პიროვნებები, რომელთა სურვილია, საკუთარ ქვეყანას ემსახურონ. დასავლეთში პრემიების საკითხი იმის მიხედვითაა გადაწყვეტილი, ვის რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის და არა ისე, ყველას ერთნაირ თარგზე მოეჭრას ხელფასი თუ პრემია“.

ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პრემია იქნება, დანამატი თუ ჯილდო, ხელისუფლების მხრიდან ამ ფუფუნებაზე უარის თქმა მხოლოდ პიარია, რათა მოატყუონ ქართული საზოგადოება და დაარწმუნონ, როგორ ზრუნავენ მათზე.

სინამდვილეში, ეს ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის არიან ხელისუფლებაში და ცდილობენ, ისეთი მექანიზმის მოფიქრებას, რათა ხალხის ხარჯზე როგორმე დააფინანსონ საკუთარი არსებობა. რეალურად, თუ რამის გაკეთება უნდათ, ამ პრობლემის გადაჭრა ძალზე მარტივია. მათ უნდა დაადგინონ, რომ არ შეიძლება, ჩინოვნიკმა მიიღოს გარკვეულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ანაზღაურება.

„თუკი ფიქრობ, რომ საარსებო მინიმუმით და მინიმალური პენსიით უნდა იცხოვროს შენმა თანამემამულემ, მაშინ შენც იმყოფინე ასეთი შეფარდება, ანუ საარსებო მინიმუმსა და პენსიაზე ათჯერ მეტი ხელფასი. კი ბატონო, საარსებო მინიმუმთან შედარებით, თუნდაც ათჯერ და ოცჯერ მეტი ხელფასი მიიღე, მაგრამ არა უზომო რაოდენობის. ჯერ მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს ეთქვას, რომ მე მეყოფა ესა თუ ის თანხა. ამის მრავალი მაგალითი გვაქვს საქართველოშიც, რომ სწორედ მდიდრები ყიდულობენ ერთ ლარად ქონებას და ლოიალობისთვის ხელისუფლება ვიღაცას ჩუქნის მიწებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის არა მგონია, ვინმეს რამე ეჩუქებინოს.

რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს შემცირებული პრემიების გამო ჩინოვნიკს კორუფციისკენ გაექცევა თვალი, ეს არ არის არგუმენტი. ჩინოვნიკს ისედაც გაექცევა თვალი და ხელფასი ვერ დააკავებს. ამიტომ მორალური კლიმატი უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომ ჩინოვნიკს კორუფციისკენ თვალი არ გაექცეს. ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელთაც ქვეყნის ბედი აინტერესებთ. ცხადია, ყველა ადამიანს კომფორტში სურს ცხოვრება, მაგრამ ეს კომფორტი შინაგანად, სინდისით უნდა იყოს გაკონტროლებული და არა მხოლოდ დემაგოგიით. ამიტომ ესეც ხალხის მორიგი მოტყუებაა. ეს არის ხელისუფლების ქმედება, რათა ააყვიროს ტაშის დამკვრელები, ვითომ როგორ ზრუნავენ საზოგადოებაზე და გადაფარონ ის, რაც ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში კი ლარის კურსი დაცემულია და ხელისუფლება გვიმტკიცებს, არანაირი ხიფათი არ არის, მხოლოდ შოკია, ანუ ყველაფერი გეჩვენებათო. მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდათ? თუ შოკია, ნუ შექმნიან ამ შოკს“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

მანვე განმარტა, რომ, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება საბჭოთა კავშირი, როცა პირადად მან პატარაობისას ტელევიზორში მოისმინა დღემდე აუხსნელი ფრაზა: „ხალხზე ზრუნვით, ხალხის მოთხოვნით, ხალხის კეთილდღეობისთვის პარტიამ გააძვირა შაქარი“. 

ნანახია - 933

natali

2017-11-13 12:54:25

" ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელთაც ქვეყნის ბედი აინტერესებთ. ცხადია, ყველა ადამიანს კომფორტში სურს ცხოვრება...."
-----------------------------

გონიერი ხალხი უნდა მოვიდეს, გო-ნი-ე-რიი!!!!!!!!! გააჩნია ვინ რაში ხედავს კომფორტს. თუკი ამ კომფირტის შექმნისთვის ზედმეტად დაიხარჯე, ბევრს გადაუარე და დაიკიდე,ბევრად დიდ დისკომფორტში აღოჩნდები და აღარ გეცოდინება ამ "კომფორტისგან" გამოწვეული დისკომფორტით როგორ გათავისუფლდე. მხოლოდ გონიერმა იცის, რომ მისი ბედი და მისი პირადი ცხოვრება, მისი შვილების მომავალი ქვეყნის ბედზე და გარემოზეა დამოკიდებული. მხოლოდ გონიერი ხვდება ამ სიბრძნეში-"სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა" რა დევს. მხოლოდ გონიერმა იცის რა არის ნამდვილად ღირებული დედამიწაზე. უგუნური ამას ვერ ხვდება. რამდენიც გინდა ასწავლე, რამდენი დიპლომიც გინდა ჩაუდე ჯიბეში.....აზრი არ აქვს, თავსაც დაიღუპავს და ქვეყანასაც.

natali

2017-11-13 12:55:49

რა ვიცით ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესახებ.

ის "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის მარტში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. ამასთან, იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარია. საერთო ჯამში მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენს, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.
-------------------------
რა გააკეთა ამ ფასის, ვინმეს შეუძლია ახსნას? რა გაუკეთა ამის ფასი რკინიგზას?

და ეს იმ ქვეყანაში, სადაც ეს რკინიგზა ვისი აშენებულიცაა, იმ ხალხისთვის პენსია 180 ლარია და 20 ლარითაც ვერ გაუზრდიათ.

natali

2017-11-13 14:37:52

არანაირ დემოკრატიაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში ასეთი სოციალური უთანასწორობაა.
ზედმეტი სოციალური თანასწორობაც არაა დემოკრატია, ის უკვე ტირანიაა, მაგრამ ასეთი დიდი ზღვარი სოციალურ ფენებს შორის, ნამდვილად არაა დემოკრატია. თან ეს ზღვარი იმის მაგივრად რომ ცოტა ამოივსოს, უფრო და უფრო ღრმავდება. მიშასავით მინისტრების კარუსელით გინდათ გაუგრძელოთ ხალხს იმედი???? როდემდე?

imereli

2017-11-13 14:40:49

ბატონებო! კულულებიან ახალგაზრდას არ უთქვამს პრემიებს გავაუქმებთო! მეორე- საერთოდ არ უხსენებია დანამატები! რასაც ხელისუფლება აპირებს, ის ერთხელ უკვე გაკეთდა: შეამცირეს პრემია 2-ჯერ და გაზარდეს დანამატი 4-ჯერ! იგივეს გაიმეორებენ, გააუქმებენ პრემიას და კიდევ 4-ჯერ გაზრდიან ხელფასს და სახელფასო დანამატს, ანუ უარესს გააკეთებენ !!! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ასე იქნება !

ფხიზელი

2017-11-13 21:16:28

"ხშირად არასწორად შუქდება პრემიების საკითხი. შესაძლოა, ჩინოვნიკი წელიწადში 12 ან 14 ათასი ლარის ოდენობით პრემიას იღებს, მაგრამ რიგით მოქალაქეს ჰგონია, რომ პრემიის ოდენობა ყოველთვიურად 12 ათას ლარს შეადგენს."
?:))
ჰო, ეგრე რომ ჰგონია 600-ლარიან მოქალაქეს, იმიტომ სწყინს, თორემ რომ იცოდეს, 3000-ლარიანი ჩინოვნიკი, დამატებით, 12-14 ათას ლარ პრემიას ყოველთვე კი არა, ყოველ წელიწადში იღებს მხოლოდო, გადაირეოდა სიხარულით!..

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80