ქართველი ქალი, რომელსაც პრეზიდენტი ობამა წერილებს ხშირად უგზავნის
რეტრომედია

ქართველი ქალი, რომელსაც პრეზიდენტი ობამა წერილებს ხშირად უგზავნის

ქართველი ქალი, რომელსაც პრეზიდენტი ობამა წერილებს ხშირად უგზავნის
„კვირის პალიტრა“, 14 აგვისტო, 2009 წელი

2017-11-13 12:22:26

ქართველ მწერალ ქალს ლეილა ბერძენიშვილს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა  მისივე კინოსცენარის გამო დაუმეგობრდა. ერთმანეთს წერილებს ელექტრონული ფოსტით უგზავნიან. ამერიკის პირველ პირს პირველი ქალბატონიც არ ჩამორჩენია, მიშელ ობამა ქართველ მეგობარს ამერიკულ დღესასწაულებსაც ულოცავს.

ლეილას მეუღლე ამერიკელი მწერალი დავი ლუკია. მათ პატარა მარიამიც ჰყავთ. მართალია, ობამების მეგობარს ოკეანისგაღმა კონტინენტზე ფეხიც არ დაუდგამს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, თეთრ სახლთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს. ობამებთან დამეგობრების შესახებ ლეილა ბერძენიშვილმა პირადად გვიამბო:

ლეილაროგორ გაგიცნოთ ამერიკის პრეზიდენტმა?

- როდესაც ბარაქ ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, საჩუქრად გავუგზავნე კინოსცენარი 11 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ, ოღონდ გავუგზავნე ქართველი ხალხის სახელით. ეს არის მხატვრული ფილმის სცენარი, რომელსაც დოკუმენტური კადრების ჩანართებიც უნდა ჰქონდეს. სცენარის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ქართველი გოგო, ინტერნეტით უმეგობრდება ამერიკელს და ასე  ეცნობა დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრების წესს, იმას, თუ რას ნიშნავს ამერიკული თავისუფლება, თავისუფალი სული. საუბედუროდ, ამერიკელი მეგობარი 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს იღუპება, მისი ქართველი მეგობარი კი ამერიკაში უკანასკნელი პატივის მისაგებად ჩადის. ამ სცენარში მოთხრობილია, თუ რა დიდი თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა ამერიკელებს 11 სექტემბერს. ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტისთვის ამით გახდა სცენარი საინტერესო.

სცენარში განხილულია აინშტაინის წარმატების ფორმულა, რომლის თანახმად, შრომას პლუს მოთმინება და სიყოჩაღე უდრის წარმატებას. დიახ, შეიძლება მწვერვალები დაიპყრო, მაგრამ ერთ წამში გაცამტვერდეს ყველაფერი, ისე, როგორც ეს 11 სექტემბერს მოხდა. სცენარში ნათქვამია, რომ ამქვეყნად ყველაფერი ამაოა სიყვარულისა და სიკეთის გარდა.

ეს სცენარი ამდენ ხანს რატომ არ გაგზავნეთ ამერიკაშიბუში არ მოგწონდათ?

- ძალიან მინდოდა გამეგზავნა, მაგრამ ამერიკის საელჩოში ცხვირიც ვერ შევყავი წლების განმავლობაში. მერე ღმერთმა ისე ინება, რომ ამერიკელების რძალი გავხდი. როდესაც ჩემს მეუღლეს გავაცანი სცენარი, მირჩია, თეთრი სახლის ელექტრონულ ფოსტაზე გამეგზავნა. მას მერე ბევრი დრო გავიდა. როდესაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, საქართველოში კი კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება, გადავწყვიტე, სცენარის გაგზავნა ბარაქ ობამასთვის ისევ მეცადა. მივწერე, სცენარი გუშინ არ დამიწერია თქვენს საამებლად, დიდი ხნის შექმნილია და მისი გამოგზავნა ამერიკელებისთვის ქართველების გუნდრუკის კმევას არ ნიშნავს, ეს ჩვენი თანადგომისა და სიყვარულის გამომხატველია-მეთქი.

პასუხი მალევე მიიღეთ?

- გაგზავნიდან ორ კვირაში. მე არა მაქვს იმის დრო, რომ ფოსტა გამუდმებით ვაკონტროლო, ამიტომ მას ჩემი დისშვილი, სოფო ირემაძე კითხულობს. მაისის შუა რიცხვებში აბასთუმანში ვიყავი შვილთან ერთად. ვიჯექი დასასვენებელი სახლის წინ და იქაურ სომხებთან ერთად ყავას ვსვამდი. ამ დროს დამირეკა სოფომ და მითხრა, თუ არ ზიხარ, დაჯექი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ობამაზე მეტყოდა რამეს. გული უფრო შიშისგან შემიქანდა. ობამასგან სამადლობელი პასუხი მიიღეო, რომ მითხრა, ისე შევკივლე, რომ ჩემს თანამოსაუბრეებს შიშისგან ხის მერხზე კინაღამ ყავა გადაექცათ. რომ ვუთხარი, ობამასგან წერილი მივიღე-მეთქი, სახეზე დაეტყოთ, ეს ქალი გაგიჟდაო. სიმართლე გითხრათ, პასუხს არ ველოდი.

რამდენი წერილი მოგწერათ?

- აი, ნახეთ, ერთი, ორი... (კომპიუტერის მონიტორზე გახსნილ ელექტრონულ ფოსტაში თეთრი სახლის სიმბოლიკა ამშვენებს ლეილასთვის გამოგზავნილ წერილებს). მაპატიეთ, თუ მათ გამოსაქვეყნებლად ვერ მოგცემთ. აქ მითითებულია, რომ წერილები მხოლოდ ჩემთვის არის განკუთვნილი.

„ძვირფასო ლეილა, თუ კიდევ მიპასუხებთ წერილზე, დაფიქსირდებით ჩემი მეგობრების სიაში. ძალიან დიდი მადლობა ამ გულით მოძღვნილი სცენარისათვის, რომელშიც ჩანს 11 სექტემბრის დიდი ტრაგედიის მიმართ მთელი საქართველოს დამოკიდებულება“, - მწერს პირველ წერილში პრეზიდენტი ობამა.  აი, კიდევ, მიშელი, პრეზიდენტის მეუღლე, მილოცავს მამის დღეს. ესეც, წერილი თეთრის სახლის ექიმებისგან. მაფრთხილებენ, თუ დასასვენებლად წასვლას აპირებ, ხომ იცი, ღორის გრიპია გავრცელებული და ფრთხილად იყავიო.

მიშელი რას გწერთ?

- მამის დღეს ამერიკაში 21 ივნისს ზეიმობენ. როგორც გითხარით, ეს დღე მოგვილოცა მიშელ ობამამ და მიამბო ობამას ბავშვობის შესახებ, რომ 2 წლისა მამას მიუტოვებია. ეს ძალიან ძნელი გადასატანია ბავშვისთვისო, თუმც უმამოდ გაზრდილმაც შეიძლება დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს, თუ მიზანდასახული იქნებაო. ბოლოს კი მწერს, „გმადლობთ ყველაფრისთვის, თქვენი მიშელი“. აი, ასეთი უშუალო, უბრალო ადამიანია ამერიკის პირველი ქალბატონი. სწორედ ეს გვაკლია ქართველებს.

არა მგონია, თავად პრეზიდენტი მწერდეს ყველა წერილს. დაუჯერებელია, ბარაქ ობამას ელექტრონული ფოსტის დათვალიერებისა და წერილებზე პასუხის გაცემის დრო ჰქონდეს. თუმც ისიც ცხადია, რომ არ ენახა ის სცენარი, ჩემთვის პასუხის მოწერის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერავინ მიიღებდა. ეტყობა, ეს საქმე ვიღაცას აქვს დავალებული პრეზიდენტისგან. თუ სადმე ვიზიტით მიდის ბარაქ ობამა, წინასწარ მწერენ, მერე შედეგებსაც მაცნობენ და მეკითხებიან აზრს პრეზიდენტის ამა თუ იმ გამოსვლის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. მიგზავნიან ვიდეომასალასაც და მოკრძალებით შენიშნავენ, იქნებ გამოგეპარათ და ვერ ნახეთ, ამიტომაც, თუ დროს გამონახავთ, მოუსმინეთ და იქნებ თქვენი აზრი გაგვიზიაროთო. ეს არის მოქალაქეებისადმი დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითი და ჩემთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თეთრ სახლში  მიცნობენ როგორც საქართველოს მოქალაქესა და ამერიკელის ცოლს. სადაც არაამერიკელს ასეთი ყურადღებით ეკიდებიან, იოლი წარმოსადგენია, როგორი დაცული და პატივდებულია ამერიკის მოქალაქე.

საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზეპრეზიდენტ სააკაშვილზე ან საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე თუ გეკითხებიან?

- არაფერს, რადგან მე თავიდანვე მივწერე, რომ ვარ მწერალი, აპოლიტიკური პიროვნება, რომლისთვისაც მთავარია ადამიანური ურთიერთობა, თავისუფალი გარემო.

წერილი დაახლოებით სამ დღეში ერთხელ მომდის. ეს დიდ სტიმულს მაძლევს, - ზესახელმწიფოს პრეზიდენტი და მისი აპარატი მეკითხება აზრს ამერიკაში მიმდინარე რეფორმებზე. დასანანია, რომ საქართველოში არავის აინტერესებს ხალხის აზრი. აი, რატომ არის ამერიკა ძლიერი, იქ ყველა ერთად აშენებს ქვეყანას და ყველას აზრი მნიშვნელოვანია.

მიუხედავად ამისა, საქართველოდან წასვლას არ ვფიქრობ. მინდა ჩემი შვილი აქ გაიზარდოს.

8-10 წლის წინ ამერიკიდან მეგობარმა შემომთავაზა, ნოველები გამომიგზავნე და აქ გავყიდიო. არ ვიცი, სად დაბეჭდა, მაგრამ 2.000 დოლარი კი მომცა ჰონორარი. 2002 წელს  ჩემი ლექსები მსოფლიოს 50 საუკეთესო პოეტის კრებულში მოხვდა, ისევ ამერიკაში. მოგვიანებით, ამერიკელ კაცს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება და ღვთისმშობელმა მარიამობის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს, 44 წლის ასაკში ნანატრი შვილი მაჩუქა. ჰოდა, მინდა ეს ღვთისმშობლის ნაჩუქარი შვილი მისსავე წილხვედრ მიწაზე გავზარდო.

ამიტომაც არ მივდივარ საცხოვრებლად ოკეანის გაღმა. მე მწერალი, პოეტი ქალი ვარ და აქაური ატმების აფეთქება და აქაური ტალახიც მიყვარს. ჩემს გულს მშობლიური მიწა აკავებს, არსად უშვებს.

 

 

 

 

ნანახია - 116

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80