„მოსამართლეებს, რომლებსაც საბჭო განამწესებს მოსამართლის თანამდებობაზე, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვყენას მომავალი არ უწერია“
საზოგადოება

„მოსამართლეებს, რომლებსაც საბჭო განამწესებს მოსამართლის თანამდებობაზე, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვყენას მომავალი არ უწერია“

„მოსამართლეებს, რომლებსაც საბჭო განამწესებს მოსამართლის თანამდებობაზე, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვყენას მომავალი არ უწერია“
თამთა ქარჩავა

2017-11-13 10:30:30

34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას, შესაძლოა ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა შეეწიროს. უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. თუმცა, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში არსებული შიდა კლანური დაპირისპირება იმდენად ძლიერია და ამ დაპირისპირებაში გვენეტაძის პოზიციები იმდენად სუსტია, რომ გვენეტაძეს მოუწევს უარი თქვას ქვეყნის პირველი მოსამართლის სტატუსსზე.

სასამართლო სისტემაში არსებული დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 34 უვადოდ არჩეულ მოსამართლეთა დანიშვნას ხელი არ მოაწერა და აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურული შეხვედრის შემდეგ, გვენეტაძემ პოზიცია შეიცვალა და საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას ხელი მოაწერა.

for.ge-ს ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურული შეხვედრა კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს წევრები გვენეტაძისგან განმარტებებს ითხოვდნენ რატომ არ აწერს ხელს მოსამართლეების დანიშვნას. რამდნიმესაათიანი ხმაურიანი დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურთ საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომლებმაც გვენეტაძეს მწვავე ბრალდებები წაუყენეს. ერთადერთი ვინც მედიასთან კომენტარი გააკეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომლის განცხადებით, ნინო გვენეტაძემ ბრძანებაზე ხელის არმოწერის მიზეზად, ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულაცია დაასახელა. როგორც გვრიტიშვილი აცხადებს, საბჭოს წევრებმა გვენეტაძეს განუმარტეს, რომ ზემოაღნიშნული ორი საკითხი ურთიერთკავშირში არ იყო, რის შემდეგაც გვენეტაძემ ბრძანებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა კითხვები, რომ ვინც ვერ გადაინიშნა 2017 წლის 20 ოქტომბერს, მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ გამწესებული უვადოდ, მათთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო საბჭოს მიერ. ჩვენ კენჭისყრის დღესაც, შემდგომშიც, ამ გადაწყვეტილებების ხელმოწერამდე, ქალბატონ ნინოს ვარწმუნებდით, რომ ეს საკითხი კავშირში არ იყო გადაწყვეტილებების ხელმოწერასთან, თუმცა მას თავისი მოსაზრება ჰქონდა“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი იყო სირთულეებით სავსე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, ისე თავმჯდომარისთვის.

„როგორც ამ პროცესის გარე დამკვირვებელი, ვფიქრობ, მომავალში, აუცილებელი იქნება, თავმჯდომარემ და წევრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არა მხოლოდ გააუმჯობესონ, არამედ, ჩემი მოკრძალებული აზრით, კომუნიკაციასა და შიდა დიალოგს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, რათა მომავალში არ იყოს ამგვარი შემთხვევები.

რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს, ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მთავრობას, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულებას, რომელმაც შიგნით უნდა იქონიოს ჯანსაღი პროცესები იმისთვის, რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მიუკერძოებელი კადრები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვას, თუ რა გახდა რამდენიმეკვირიანი ფიქრის მიზეზი, რის გამოც ნინო გვენეტაძეს კოლეგა მოსამართლეებთან მწვავე დაპირისპირებაც მოუვიდა, წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა. ამის მიუხედავად, გვენეტძისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება, საზოგადოებას არ დაუმალოს რა ხდება რეალურად.

 ა-ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური თვლის, რომ უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეებიდან, ნაწილის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს. მისივე თქმით, ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში არის პრობლემატური, თუმცა გაუგებარია, ახლა რატომ ეწინააღმდეგებოდა ნინო გვენეტაძე მათ უვადოდ გამწესებას, რადგან გიგაურის თქმით, მათი ნაწილის დანიშვნას თავად გვენეტაძემ დაუჭირა მხარი.

„ამ დანიშვნებში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც პრობლემატურები იყვნენ წინა წლების განმავლობაშიც და მათ სასამართლო სისტემაში ყოფნა ნამდვილად არ იყო პოზიტიური რამ. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ამიტომ, ამ ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში, ცხადია, რომ არის პრობლემატური. თუ ამას ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში და ახლა რატომ ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც მათი დანიშვნა ხდებოდა, გარკვეული მოსამართლეების რაოდენობას მანაც დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

იურისტი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მოსამართლეებს, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამუდამოდ განამწესებს მოსამართლის თანამდებობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვყენას არანაირი მომავალი არ უწერია.

„სასამართლო ხელისუფლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და სტაბილურობა. არ იყოს კორუფცია, უკანონობა და თვითნებობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების რეფორმის თვალყურის დევნება. ამ მხრივ მადლობა მედიას და საზოგადოებას, რომ აქტიურად ადევნებენ თვალს სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ყურადღება არის მნიშვნელობანი, მით უმეტეს დღეს, როდესაც სამწუხაროდ, უღირსი და შეუსაბამო კანდიდატები შეიძლება მოგვევლინონ მოსამართლეებად მომავალი 20-25-30 წლის მანძილზე“, - ამბობს მუხაშავრია.

მისივე განცხადებით, მოსამართლის პიროვნებას, მის მიუკერძოებლობას, კომპეტენციას და კვალიფიკაციას აქვს გადამწყვეტი მნიშნელობა, რადგანაც კრებსითად ეს ადამიანები ქმნიან სასამართლო ხელისუფლებას და მართლმსაჯულების სისტემას.

„თუ მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენ გვეყოლება შეუსაბამო მოსამარლეები, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა დამანგრეველი ეფექტი ექნება თითოეულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ასეთი მოსამართლეები მიიღებენ. მე მოვუწოდებ მედიას და საზოგადოებას, დავდგეთ ფეხზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სასამართლო დაკომპლექტეს ნამდვილი მოსამართლეებისგან“, - აცხადებს ლია მუხაშავრია

ნანახია - 922

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80