დეპოზიტების დაზღვევა ბანკებში პირადი დანაზოგის განთავსებას წაახალისებს
ეკონომიკა

დეპოზიტების დაზღვევა ბანკებში პირადი დანაზოგის განთავსებას წაახალისებს

დეპოზიტების დაზღვევა ბანკებში პირადი დანაზოგის განთავსებას წაახალისებს
ბექა დანელია

2017-11-11 19:21:30

რამდენიმე კვირაში საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდება. მართალია, პირველ ეტაპზე მხოლოდ 5000 ლარის დაზღვევა მოხერხდება, მაგრამ ესეც შეამცირებს ბანკებში განთავსებული პირადი დანაზოგის რისკს. სხვათა შორის, მეანაბრეთა 96%-ს საკუთარ ანგარიშებზე სწორედ 5000 ლარამდე მოცულობის თანხა აქვს განთავსებული.

დეპოზტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შემოდის. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ რეფორმის შემდეგ შემცირდება როგორც მოქალაქეის, ასევე საფინანსო ინსტიტუტის შესაძლო რისკებიც.

„დეპოზიტების დაზღვევის შემდეგ მოქალაქე დაცული იქნება ნებისმიერი საბანკო რისკისგან. თუ ბანკს შეექმნება გადახდისუნარიანობის პრობლემა ეს არ იქნება მოქალაქის საზრუნავი, სახელმწიფო ყველა დეპოზიტარს 5000 ლარამდე ოდენობის რიცხულ თანხას აუნაზღაურებს.

სისტემის არსებობა აძლიერებს ფინანსურ სექტორს და კრიზისების დროს ხდება შოკების შემსუბუქება, აღარ ხდება მოქალაქეების მიერ მასობრივად მისვლა ბანკში და თანხის გამოტანა.

დეპოზიტების დაზღვევის ფონდი ყოველთვიურად შემოსული თანხებით შეივსება, რომელიც ინვესტირდება ფასიან ქაღალდებში რათა ფონდის სიდიდე და მომგებიანობა გაიზარდოს. ინვესტირებული თანხები დაცული უნდა იყოს და მისი ინვესტრება ლიკვიდურ აქტივებში უნდა მოხდეს.

აქტივების ინვესტორება მოხდება ნაკლებად რისკიან ფასიან ქარაღალდებში, ასევე სახელმწიფო ობლიგაციებში და საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში“, - ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.

სახელმწიფო ფონდში სავალდებულო წესით გაწევრიანდება ყველა მეანაბრე. კანონის მიხედვით, ფონდი მეანაბრეებს ყოველთვიური საკომისიოს (0.067%-ის საკომისიო ლარის დეპოზიტზე, 0.01% საკომისიო უცხოური ვალუტის დეპოზიტზე) საფასურად დააზღვევს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ან ბანკები გაკოტრდებიან, ფონდი დეპოზიტარებს 5000 ლარამდე თანხას აუნაზღაურებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში 17.8 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. კანონის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებზე ამ ანგარიშების ჯამური მოცულობა დაახლოებით 9.6 მილიარდი ლარია.

საინტერესოა, რომ მეანაბრეთა 96%-ს საკუთარ ანგარიშებზე განთავსებული აქვს 5 000 ლარამდე მოცულობის თანხა, შესაბამისად, დეპოზიტების დაზღვევა, პრაქტიკულად, სრულად მოიცავს ქვეყანაში არსებული მეანაბრეების 96%-ს.

დეპოზიტების დაზღვევის ფონდი გადასახადის სახით მიღებულ თანხას ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე დააბანდებს. ამ თანხით დაბალი რისკიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების შესყიდვა მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ფონდში აკუმულირებულ თანხას გარკვეული საპროცენტო განაკვეთიც დაერიცხება, რაც ფონდის მოცულობის ზრდას ხელს შეუწყობს.

„თუ მასშტაბური ბანკი გადახდისუუნაროდ გამოცხადდა, სააგენტოს ექნება საშუალება, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოიზიდოს თანხა. ჩვენ ვაპირებთ, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან გავაფორმოთ მათთან შესაბამისი ხელშეკრულება, რომ თუ მოხდა კრიზისი და აუცილებლობა დადგა და ამ კრიზისის მოგვარებისთვის საჭირო თანხა აღემატება ფონდში აკუმულირებულ ფინანსებს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია გამოჰყოფს ტრანშს და ამ თანხით ავანაზღაურებთ დეპოზიტებს. ეს ჩაითვლება საგარეო ვალად, რომელსაც ფონდი დაახლოებით 1 წლის ვადაში გაისტუმრებს კომერციულ ბანკებში არსებული თანხების მეშვეობით“, - ამბობს ძიძიკაშვილი.

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ დაზღვევის სისტემა ბანკებში დეპოზიტების განთავსებას წაახალისებს.

„ლარის გაძლიერებას დეპოზიტების სისტემასთან ერთად, პენსიის დაგროვების რეფორმაც ხელს შეუწყობს. ადამიანებს რომ ეცოდინებათ, დეპოზიტები დაზღვეულია, 6 თვით კი აღარ შეიტანენ ანაბარზე თანხას, არამედ ერთი წლით და უფრო გრძელი ვადით“, - განაცხადა ცუცქირიძემ და იქვე დასძინა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საპროცენტო განაკვეთს არ გააძვირებს.

ნანახია - 297

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80