აფხაზეთში ციტრუსი მთლიანად განადგურდა, აჭარა-გურიაში - სანახევროდ
ეკონომიკა

აფხაზეთში ციტრუსი მთლიანად განადგურდა, აჭარა-გურიაში - სანახევროდ

აფხაზეთში ციტრუსი მთლიანად განადგურდა, აჭარა-გურიაში - სანახევროდ
ბექა დანელია

2017-11-09 21:34:14

დასავლეთ საქართველოში ფაროსანამ ბოლოს ციტრუსსაც მიაყენა დარტყმა, თუმცა მთელი მოსავლის განადგურება წელს ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ზარალი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიიღო გალის რაიონმა. ენგურსგადაღმა ხალხმა მოსავლის კრეფას თავი მიანება, რადგან 10%-იც კი არ არის გამოსადეგი.

აფხაზეთში წელს ყველაფერი განადგურდა და მათ შორის ციტრუსიც. ოკუპირებული რეგიონიდან წელს მანდარინის ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია.

„შარშან, ამავე პერიოდში, ციტრუსის ექსპორტის დაახლოებით 200 ტონა იყო, წელს კი, 35-ს დავჯერდით. ჩვენი სპეციალისტების თქმით, ციტრუსის რაოდენობის შემცირება აზიურ ფაროსანასა და ამინდს უკავშირდება“, - აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აფხაზეთში ჰუმანიტარული ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ჩატარებული მოკვლევის დასკვნით, ფაროსანის მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კატატროფულად მაღალია. ბევრმა ფერმერმა გალში, სოხუმსა და გულრიფშში, მოსავალი საერთოდ ვერ აიღო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფაროსანა მანდარინის ნაყოფს გარედან არის შესეული, რის გამოც ლებნები გამოწურულია, კანიც გამომშრალია და ხახვის ქერქივით არის. ოჩამჩირეში ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი სულ უფრო მატულობს. უხარისხოა ლიმონი, ფორთოხალი და გრეიფრუტიც.

„ადრე აფხაზები რუსებთან ერთად მოდიოდნენ, კარგი ხარისხისას არჩევდნენ, შედარებით დაბალ ფასს გვიხდიდნენ და ერთიანად მიჰქონდათ. ახლა ხელსაც არ ჰკიდებენ იმდენად უხარისხოა“, - განუცხადა „ბიპიენს“ საბერიოში მცხოვრებმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არაერთხელ შეიწამლა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. ე.წ. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ დაუროვი აცხადებს, უკვე დაიხარჯა 8 მილიონი რუსული რუბლი. მიუხედავად ამისა, შედეგი არანაირი არ არის.

სხვათა შორის, მავნებლის გამო ციტრუსს პრობლემა მთელ დასავლეთ საქართველოში შეექმნა, თუმცა აფხაზეთისგან განსხვავებით აჭარასა და გურიაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი ამბობს, რომ ფაროსანას გავრცელებამ მანდარინი და ფორთოხალი საკმაოდ დააზიანა, პრობლემა აქვს ლიმონსაც.

„განსაკუთრებით ახლა გურიასა და სამეგრელოში უჭირთ, მაგრამ არანაკლები პრობლემაა აჭარაშიც. ფაროსანას გამო 50-60%-ით განადგურდა ციტრუსიც. ნაყოფი არის, მაგრამ შიგთავსი გაფუჭებულია. სიმინდის მერე ფაროსანა სწორედ ციტრუსზე გადავიდა. უფრო ნაკლებად ლიმონი დაზიანდა, ვიდრე მაგალითად, მანდარინი და ფორთოხალი. ასევე კარალიოკი, განსაკუთრებით ხურმა დაზიანდა. ერთადერთი გამოსავალია, რომ როგორმე მიიღონ საწარმოებმა ციტრუსი და წვენებად გადაამუშავონ, საბაზრო ღირებულება მისი ძალიან მცირეა. მძიმე ზამთარი გვექნება, ციტრუსებიდანაც კი შეუმცირდება ხალხს შემოსავალი“, - აცხადებს გოჩა ზენაიშვილი.

აჭარაში ციტრუსის მოსავლის მიღება რამდენიმე დღეში დაიწყება. ნარინჯისფერი რთველის შტაბი ავტონომიურ რესპუბლიკაში 15 ნოემბრისთვის გაიხსნება. მოსავლის რა რაოდენობა გადაურჩა ფაროსანას, ამის შემდეგ გაირკვევა. 

ნანახია - 598

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80