„ნურავის გვექნება ილუზია, რომ ერთი, ან ორჯერ ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოები „აზიურ ფაროსანას“ გააქრობს“
საზოგადოება

„ნურავის გვექნება ილუზია, რომ ერთი, ან ორჯერ ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოები „აზიურ ფაროსანას“ გააქრობს“

„ნურავის გვექნება ილუზია, რომ ერთი, ან ორჯერ ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოები „აზიურ ფაროსანას“ გააქრობს“
ალა ისპირიანი, ბექა დანელია

2017-10-12 19:27:01

ქვეყანაში მასიური ხანძრები ეგრეთწოდებულმა „აზიურმა ფაროსანამ“ შეცვალა, თუმცა ამჯერად საფრთხე არა კონკრეტულად ტყეს, არამედ დასავლეთ საქართველოს ფლორას ემუქრება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად 12 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებზეა გათვლილი. რა სახის ღონისძიებები გატარდა, დასავლეთში, ფაროსანას წინააღმდეგ და რამდენად ეფეტური გამოდგა სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება.

For.ge შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი უშუალოდ მოსახელობისგან გაეგო.

ოზურგეთის რაიონის, სოფელი ხვარბეთის მკვიდრის, ბაგრატი ლოდიას, განცხადებით მათ სოფელში, სახელმწიფოს ინიციტიატივით, ადამიანების რამდენიმე ჯგფუფი შეიქმნა, რომლებიც ყველა ოჯახში მიდიოდნენ და შეწამვლით სამუშაოებს ასრულებდნენ.

„რომ ვთქვათ სახელმწიფომ რეფორმები არ გაატარა და არ იზრუნა ამ პრობლემაზეო, ტყუილი იქნება, - უფასოდ მისცეს სოფელს, როგორც შესაწამლი აპარატები, ისე წამალი. სპეციალური ჯგუფები დადიოდნენ და აბსოლუტურად ყველა ოჯახში ატარებდნენ შეწამვლით სამუშაოებს.

წამლის ეფექტურობაზე რა გითხრათ, რომ ვთქვათ ცუდი წამალიაო არა, მაგრამ იმ წუთში არ კლავს მწერს, მაგრამ მეორე დღეს კი იყო ამობრუნებული ძალიან ბევრი. იმდენი ფაროსანა აღარ არის, თუმცა, რომ გამოთბება შეიძლება ისევ გამოვიდნენ. თუ გარეთ სიცივეა, სითბო უნდათ და სახლებში შემოდიან, მაგრამ სახლშიც სახელმწიფო ხომ ვერ დაგვიჯდება! ჩვენ ვიგერიებთ ჩვენი ძალებით.

დღევანდელ მდომარეობას რაც შეეხება, ახლა გაწვიმდა და საერთოდ არ ჩანარიან, ერთი, ორი ცალი თუ გამოჩნდება ეგეც გაჩიჩინებულები. სიცივეში თავისით კვდებიან, თუ თბილ ბუნაგში ვერ შეაღწიეს“, - აღნიშნა For.ge -სთან საუბრისას, სოფელი ხვარბეთის მკვიდრმა, ბაგრატი ლოდიამ.

გურიის მგავსად ფაროსანას სამეგრელოს მოსახლეობაც ებრძვის, რომელთა პოზიცია და შეფასებები, არც ისე ერთფეროვანია. For.ge სოფელ ჩხოროწყუს მკვიდრს, ბადრი თოდუას ესაუბრა, რომელმაც, ზოგადად, ხალხის განწყობა შეაფასა და კონკრეტულად მავნე მწერის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

„სახელმწიფო დაგვეხმარა საწამლი აპარატით და წამლით, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და აქედან გამომდინარე, არც ამ დახმარებას აფასებენ დადებითად.

რაც შეეხება წამლის ეფექტურობას, მწერების ნაწილი განადგურდა, მაგრამ კიდევ დარჩა ბევრი და კიდევ მოითხოვს ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბადრი თოდუამ.

ზუგდიდის რაიონის, სოფელი ორსანტიას მოსახლეობა კი დღემდე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შესულ მავნე მწერებს ებრძვის. სოფლის მკვიდრი, ანჟელა ფარულავა აღნიშნავს, რომ სახლში შესული ფაროსანა დისკომფორტს უქმნის ოჯახს, აბინძურებს სახლს და მასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ.

„მაშინ, როცა თხილი საშუალოდ 5-6 ტონამდე მოდიოდა, წელს 200 კგ-ც არ მოგროვდა. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ეს მწერები სახლში შემოდიან. სოფელში სხვადასვა სახის საწამლი პრეპარატები დარიგდა, თუმცა დიდად შედეგი არ გამოუღია.

ამერიკაში ფაროსანასთან ბრძოლის 10-წლიანი გამოცდილება აქვთ და აქედან მიღებული შედეგი მხოლოდ 30% -50% -ია, ამიტომ ნურავის გვექნება ილუზია, რომ ერთი, ან ორჯერ ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოები „აზიურ ფაროსანას“ გააქრობს“, - განაცხადა For.ge- სთან საუბრისას ანჟელა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და აშშ-ში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. დღემდე სწავლობენ სხვადასხვა პრეპარატებს, რათა დადგინდეს ბრძოლის ყველაზე ეფექტური და სწრაფი მოგვარების გზები. 

აზიურ ფაროსანას რამდენიმე თვე დასჭირდა დედაქალაქამდე მოსაღწევად. მავნებელი უკვე აღმოსავლეთ საქართველოს ემუქრება. თუკი მის წინააღმდეგ დიდი ღონისძიება არ შემუშავდა, გაზაფხულიდან პარაზიტი კახეთსა და ქართლს შეესევა და გაანადგურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ვაკის პარკში აზიური ფაროსანას არსებობას ადასტურებს. ამიტომ გამოდარების შემდეგ, ე.წ. ხაფანგები მთელი თბილისის მასშტაბით განთავსდება. გამოიკვლევენ ტყე-პარკებსაც, რათა დაადგინონ, არის თუ არა აზიური ფაროსანა სხვა უბნებშიც.

სურსათის ეროვნული სააგენტო უფროსის მოადგილე ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოდან თბილისში საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით მოხვდა. ტემპერატურის დაწევასთან ერთად, მავნებელი საცხოვრებელ სახლებში შევა. ლიპარტია მოსახლეობას მოუწოდებს, მექანიკურად ებრძოლონ მავნებელს და არ გამოიყენონ ქიმიური ნივთიერებები.

სააგენტოს ცხელ ხაზზე ფაროსანასთან დაკავშირებით, სულ 45 ზარი შევიდა. ჯერჯერობით კი აზიური ფაროსანა მხოლოდ ვაკის პარკში დაფიქსირდა.

მას შემდეგ, რაც თბილისში გავრცელებული მწერის წარმომავლობა დადასტურდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ლევან დავითაშვილი სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ახდენს ყველა იმ რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყანაში არსებობს.

„აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ კი სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით განახორციელებს. სააგენტო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიან მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარებს.

„დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება. მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია, აგრეთვე, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისში კი პარკებისა და ბაღების ქიმიური დამუშავება მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წარიმართება. სპეციალისტების თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პრეპარატების გამოყენება საცხოვრებელ სახლებში დაუშვებელია. სააგენტოს წარმომადგენლები დედაქალაქის მოსახლეობას დამატებით რეკომენდაციებს მიაწვდიან.

ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და დაავადების გადამტანი მწერი არ არის. მავნებელი, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს, თუმცა მან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მთლიანად მწვანე საფარს.

ნანახია - 1558

qedo sakokhia

2017-10-12 20:29:20

აბა, დანა-ჩანგლითო - დავით ბაქრაძემ!

ფხიზელი

2017-10-13 03:23:34

qedo sakokhia,
არა, ბატონო, - დანა-ჩანგლით ბრძოლა რუსებთან და მათ "ნაიომნიკებთანაა" ადვილი, თორემ ფაროსანას რას დააკლებ!..
ისე, სწორს ამბობს ანჟელა ფარულავა: 3 წლის წინ ნიუ ჯერსის შემოესია ეს მწერი...
ჩვენს სახლში რომ ვერსაიდან იპოვეს შემოსასვლელი, ტელევიზორის ანტენას მოჰყვებოდნენ კედლის ნახვრეტში, სანამ სილიკონით არ ამოვქოლე :)
რა დახოცავს-მეთქი და ვსინჯე ყველანაირი "სპრეი": ტარაკნების საწინააღმდეგო, ბუზების საწინააღმდეგო, ჭიანჭველების საწინააღმდეგო, კრაზანების საწინააღმდეგო... წარმოიდგინეთ, არაფერმა არ მოკლა!
ბოლოს ბენზინი დავაწვეთე და ეგრევე ფეხები გაფშიკეს... მაგრამ რად გინდა, ბენზინს ხომ ვერ მოასხამ სახლში! :)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80