საქართველოს ხელისუფლება „კგბ-ს“ არქივების გახსნას აპირებს
რეტრომედია

საქართველოს ხელისუფლება „კგბ-ს“ არქივების გახსნას აპირებს

საქართველოს ხელისუფლება „კგბ-ს“ არქივების გახსნას აპირებს
„დილის გაზეთი“, 19 თებერვალი, 2004 წელი

2017-10-12 11:43:04

გუშინდელ საინფორმაციო ნაკადში ერთდროულად რამდენიმე სიახლემ მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება. აქტიურად საუბრობდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის ვიზიტზე, ასლან აბაშიძის მიმართ პრეზიდენტის მკაცრ (თუმცა, თუ დავაკვირდებით, მაინც საკმაოდ დაბალანსებულ) განცხადებებზე, მორიგ დაპატიმრებებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე, მაგრამ ჭეშმარიტი სენსაცია გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება უშიშროების სამინისტროში, როდესაც მან ახალი მინისტრი - პროფესიით იურისტი ზურაბ ადეიშვილი წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალ მინისტრს საჯაროდ დაავალა, მეორე დღესვე (!) გახსნას ყოფილი საბჭოთა სუკ-ის არქივები და გამოაქვეყნოს საბჭოთა სპეცსამსახურის ქართველი აგენტების სია.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ახალი პრეზიდენტის მმართველობის სტილი, რითაც იგი ყოფილი პრეზიდენტისაგან განსხვავდება. ყველას გვახსოვს, რომ „ლუსტრაციის კანონის“ თაობაზე გაუთავებელი, რუტინად ქცეული დისკუსია 1992 წლიდან მიმდინარეობდა.

ხელისუფლებას არ სურდა ამ სიების გამოქვეყნება იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს იქნებოდა უძლიერესი დარტყმა ქვეყნის „ძველ“, საბჭოთა ელიტაზე.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ქართული ელიტის (მათ შორის ინტელიგენციის) მრავალი წარმომადგენელი აქტიურად თანამშრომლობდა სუკ-თან და ამით უზრუნველყოფდა წინსვლას საბჭოთა საქართველოს იერარქიულ კიბეზე სხვადასხვა დარგში, მათ შორის (ნუ გავიკვირვებთ) მხატვრულ შემოქმედებაშიც.

რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრი მათგანი შემდგომში „ცნობილი“ პოლიტიკური მოღვაწეც გახდა.

შეიძლება ითქვას, ეს „ძველი ქართული ელიტის“ უბედურებაა. აქ გარკვეული რანგირებაც არსებობდა, ვინაიდან ზოგი „კაპიტალისტურ ქვეყნებში“ მივლინების შემდეგ წარუდგენდა თავის ფარულ პატრონებს მრავალგვერდიან მოხსენებებს ავტობუსსა თუ თვითმფრინავში გამართული საუბრების შესახებ (რათა შემდგომშიც „ჩაესვათ საზღვარგარეთ გამსვლელთა ჯგუფში“), სხვები უფრო აქტიურად მუშაობდნენ თვით საქართველოში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ალექსი ინაურის უწყება ყველაზე მეტად და ყველაზე აქტიურად სწორედ ინტელიგენციის წრეში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე და რა გვარები შეიძლება ფიგურირებდნენ ამ სიებში.

მათი გამოქვეყნება მეხის გავარდნისა და შოკის ტოლფასი იქნება. მიხეილ სააკაშვილს საამისოდ სულაც არ სჭირდება „საზოგადო კონსენსუსი“ და პარლამენტში შესაბამისი კანონის მიღება. „ძველი ელიტა“ ამ კანონს („ლუსტრაციის შესახებ“) არასოდეს დაეთანხმებოდა, არადა, პრეზიდენტს არანაირი კანონი და არც კონსტიტუცია არ ავალდებულებს, კანონის მიღებას დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნას არქივები.

სააკაშვილს სრული უფლება აქვს (როგორც პრეზიდენტს), თავისი ბრძანებით დაავალდებულოს უშიშროების მინისტრი, ახსნას „ტაბუ“ სუკი-ს დროინდელ მასალებს.

გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ მას ეს მასალები უეჭველად ნანახი აქვს (რაც თქვა კიდეც), როდესაც იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა და მაშინ იქ, ალბათ, ისეთ გვარებს წააწყდა, ამის საზოგადოებისაგან დამალვა შეუძლებლად და არამიზანშეწონილად მიიჩნია.

მეორე უაღრესად საინტერესო მომენტი: ამ გადაწყვეტილებით კვლავაც თვალსაჩინო გახდა, რომ ნოემბრის რევოლუციის შედეგად „ახალმა ქართულმა ელიტამ“ დაამარცხა „ძველი“. მიხეილ სააკაშვილი უკვე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ეს პრობლემა საერთოდ არ ჰქონია - იგი 1967 წელს არის დაბადებული. ფაქტობრივად, მისი პიროვნული ჩამოყალიბება მოხდა 80-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა იმპერია უკვე ირღვეოდა. „ძველი ელიტა“ კი, რომელიც 60-იან, 70-იან წლებში ცხოვრობდა აქტიურად, სუკ-ის ადვილი სამიზნე იყო.

ამ თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის მიერ КГБ-ს არქივთა გამოქვეყნება არის უკანასკნელი ლურსმანი, რომელსაც იგი აჭედებს „საბჭოთა ქართული ელიტის“ კუბოში, რითაც ადასტურებს, რომ ქვეყანას ახალი გენერაცია, ახალი სოციალური ტალღა ეპატრონება და მას სურს ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს იმ ძველ „საბჭოთა ელიტასთან“, რომლის უნიათობამ ყველაფერთან ერთად, 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედია განაპირობა.

მაგრამ, არანაკლებ საინტერესო საკითხია, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ამ არქივების სწორედ ამჟამად გახსნა. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება „ძველი ისტებლიშმენტისადმი“, რომელიც რევოლუციის მიუხედავად, მაინც არ არის ბოლომდე ლოიალური ახალი ხელისუფლების მიმართ.

ანუ, პრეზიდენტმა მას ერთგვარად „ყვითელი ბარათი უჩვენა“, - გააფრთხილა და მიანიშნა, რომ არალოიალურობისა და პროვოკაციულობის გამო საპასუხო დარტყმის სახით, გამოუქვეყნებს იმ ნაირფერ „ბარათებს“, რაც ოდესღაც ყოვლისშემძლე სუკ-ის არქივებში ინახება.

ამ ძალიან მძლავრ სვლას „ძველი ელიტა“ ვერაფერს დაუპირისპირებს. მისი საქმე ისტორიულად წასულია და მრავალი მათგანი იმისთვისაც მადლიერი უნდა იყოს, რომ საქმის ხანდაზმულობის გამო, არავითარი იურიდიულ-სამართლებრივი შედეგი ამ მასალების გამოქვეყნებას მათთვის აღარ მოყვება.

რასაკვირველია, საზოგადოებაში აუცილებლად წარმოიშობა აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად ჰუმანურია ამგვარი მოქმედება იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც სხვა სახის დამსახურებაც აქვს (მათ შორის, მხატვრულ და სამეცნიერო ასპარეზზე), თუმცა, ასეთი სახის საზოგადოებრივი კათარზისი არც ერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში უმტკივნეულო არ ყოფილა. ამრიგად, ეს გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუოთ.

 

 

 

 

ნანახია - 247

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80