როგორ ჩაატარა ვანო ხუხუნაიშვილმა ქუთაისში მიტინგი… ფლოსტებით
რეტრომედია

როგორ ჩაატარა ვანო ხუხუნაიშვილმა ქუთაისში მიტინგი… ფლოსტებით

როგორ ჩაატარა ვანო ხუხუნაიშვილმა ქუთაისში მიტინგი… ფლოსტებით
„ახალი თაობა“, 20 მარტი, 2010 წელი

2017-10-12 11:40:33

პოლიტიკა, განსაკუთრებით კი ქართული პოლიტიკა, ინტრიგებთან ასოცირდება. იმას, რასაც ჩვენებური პოლიტიკოსები აკეთებენ, ალბათ ბევრ ქვეყანას არასდროს არ დაესიზმრება. თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიტიკოსებსაც აქვთ გამონათებები. ყველაფრის მიუხედავად, კარგი აურის პოლიტიკოსები ჩვენშიც მრავლად არიან.

მათთან დაკავშირებული კურიოზები ჩვენთან დღემდე ანეკდოტებად დადის.

კურიოზულ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა ვანო ხუხუნაიშვილიც, რომელსაც თავის ისტორიების გახსენება დიდად არ უყვარდა. ამ ისტორიებით მისი მეგობრები ხალისობდნენ ხოლმე. ხუხუნაიშვილთან დაკავშირებულ ისტორიებს დღესაც დიდი სიამოვნებით იხსენებს ყოფილი დეპუტატი ალეკო შალამბერიძე. გასახსენებელი სხვებზეც ბევრი აქვს. კურიოზების დეფიციტი კი ჩვენებურ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა.

ალეკო შალამბერიძე:

- ვანო ხუხუნაიშვილის გარდაცვალებამ ყველას დაგვწყვიტა გული. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. თავისი იუმორით და ხიბლით დიდი კულტურა შემოჰქონდა ქართულ პოლიტიკაში. მას თავს უამრავი კურიოზი გადახდა. ვანო იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ეს პარტია თავის დროზე ძალიან ძლიერი იყო. იმდენად ძლიერი, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს გარდა რუსეთშიც ატარებდა. პარტიის თავმჯდომარემ, ცხონებულმა გია ჭანტურიამ ერთხელ გადაწყვიტა მოსკოვში ჩაეტარებინა აქცია. ამ მისიით მან მოსკოვში საგანგებო დელეგაცია გააგზავნა. ამ დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა ვანო ხუხუნაიშვილი. მათ აქცია მოსკოვში, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან უნდა გაემართათ.

საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი?

- არ იყო დაშლილი. ეს ხდება 1989 წლის ბოლოს. ვანო აქედან რამდენიმე კაცთან ერთად წავიდა მოსკოვში. აქციისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. აქვე დაწერეს პლაკატები.

რა ენაზე იყო ეს პლაკატები?

- რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამ პლაკატებზე ეწერა, რუსო სამხედროებო, წადით საქართველოდან. როგორც კი მოსკოვში ჩავიდნენ, მაშინვე აქციის გასამართ ადგილზე მივიდნენ. დადგნენ თავდაცვის სამინისტროსთან და გაშალეს პლაკატები. მთელი დღის განმავლობაში ამაოდ ელოდნენ ჟურნალისტების გამოჩენას. აქედან რომ მიდიოდნენ, უთხრეს, აქციას როგორც კი დაიწყებთ, უცხოელი ჟურნალისტები თავს დაგეხვევიანო. მათთან გააკეთებთ განცხადებებს და უკან დაბრუნდებითო. ჟურნალისტები არ გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეებმა დარეკეს თბილისში და იკითხეს რა ვქნათო. ისინი მოსკოვში ერთი დღით იყვნენ ჩასულები. ეგონათ, რომ ერთდღიანი აქციით დიდ რეზონანსს გამოიწვევდნენ. აქედან უთხრეს, რომ დღეს თუ არ მოვიდნენ, ხვალ მოვლენო. ესენიც რაღას იზამდნენ და კიდევ ერთი დღით დარჩნენ.

ძალიან ცუდ დღეში კი ჩავარდნენ. რუსეთის დედაქალაქში შილიფად ჩაცმულები წავიდნენ იმ იმედით, რომ უკან იმავე დღეს დაბრუნდებოდნენ. ეს ყველაფერი დეკემბრის ბოლოს ხდებოდა. მოსკოვში დეკემბერში საშინლად ცივა და ამ დროს გარეთ დგომა ძალიან სარისკოა. ვანოს და მის მეგობრებს კი ძალიან უნდოდათ საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა. ამიტომ მეორე დღესაც მედგრად მიადგნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს შენობას. გაშალეს პლაკატები და დაელოდნენ ჟურნალისტებს. ის დღე უფრო იღბლიანი გამოდგა და მათ ჩასაწერად მედია მივიდა. ოღონდ მხოლოდ გაზეთები. ამათაც დაიწყეს ინტერვიუების მიცემა. მოითხოვდნენ, რუსულმა ჯარებმა სასწრაფოდ დატოვონ საქართველოს ტერიტორიაო. ინტერვიუს აძლევდა ვანოც. შუა ინტერვიუს დროს ვანომ მხარზე ხელის შეხება იგრძნო. ვანო როგორც ყვებოდა, მის უკან იდგა სანდომიანი სახის, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ასაკიანი რუსი მამაკაცი. ამ კაცმა ვანოს რუსულად უთხრა, „ვანო, შვილო, წადი სახლში". ვანო გადაირია, სად სახლში წავიდეო, ჰკითხა იმ კაცს. იმან კიდევ უთხრა, თერჯოლაში, ვანო, თერჯოლაშიო.

რა იცოდა იმ კაცმავანო რომ თერჯოლიდან იყო?

- უშიშროების თანამშრომელი იყო. უშიშროებას კი ვანო აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი. ვანო და აქციის რამდენიმე მონაწილე საქართველოში დაბრუნდნენ.

მისია შეუსრულებელი დარჩათ?

- რატომ შეუსრულებელი? მათ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ გამართეს აქცია. მართალია საზიზღარმა რუსებმა ჯარი არ გაიყვანეს, მაგრამ მათი მოთხოვნა უცხოურმა მედიამ ხომ დააფიქსირა. ვანო მოსკოვიდან თვითმფრინავით გვიან ღამით ჩამოვიდა. მისი დაბრუნების თაობაზე გია ჭანტურიამ არაფერი იცოდა. მას ვანო და ბიჭები ისევ მოსკოვში ეგონა. გამწარებული ეძებდა და ვერ იპოვა. ან რას იპოვიდა, ვანო იმ დროს უკვე თბილისში იყო და ეძინა. დილით ვანოს რადიოში ესმის გიას ხმა. ჭანტურია აღშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მოსკოვში დააპატიმრეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვანო ხუხუნეიშვილი. გია მანიფესტანტების გალახვასაც აპროტესტებდა. არადა, არავის არ გაულახავს ისინი. ვანოს მოსკოვიდან სასწრაფო წესით გამოგზავნაში დიდი წვლილი მიუძღვის კახა ლომაიას.

იმ კახა ლომაიასყველამ რომ ვიცით?

- სწორედ მაგ ლომაიას.

ის მოსკოვში რას აკეთებდა?

- საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში ყველა რესპუბლიკას ჰქონდა თავისი წარმომადგენლობა. საქართველოს წარმომადგენლობა „მზიურთან" მდებარეობდა. საქართველოს წარმომადგენლობას მექვაბიშვილი ხელმძღვანელობდა. კახა ლომაია მეორე მდივანი იყო. ის ეროვნულ მოძრაობაში იყო და ძალიან გვითანაგრძნობდა. ვანო მისულა კახასთან და უთქვამს, თბილისში ვერ მივდივართ და მანდ დავიძინებთო. კახა შესულა მექვაბიშვილთან და უთქვამს, დავაძინოთო. იმას უთქვამს, რა უნდა დააძინო, მიდი, აუღე ბილეთები და ახლავე გაუშვი თბილისშიო. ასე გამოაგზავნეს თბილისში აქციის მონაწილენი. ჭანტურია კი მათ მოსკოვის კაპეზეებში ეძებდა.

ზემოთ თქვითრომ ვანო უშიშროებას კარგად ჰყავდა შესწავლილიძალიან აქტიური იყო?

- აქტიური იყო. ვანო ეროვნულ მოძრაობაში 1983 წლიდან იყო. 1987 წლიდან ეროვნული მოძრაობა ძალიან გააქტიურდა. სწორედ მასზე გაიცა სპეცბრძანება, ამ კაცს მიხედეთო. თავიდან ის თერჯოლის რაიონის მილიციის უფროსს ჩააბარეს.

რას ნიშნავს ჩააბარეს?

- იმ კაცს უნდა მიეხედა ვანოსთვის. ანუ უნდა გამოეყვანა ეროვნული მოძრაობიდან. მილიციის უფროსმა გადაწყვიტა, ვანოსთვის აზროვნება რესტორნებში სიარულით შეეცვალა. ცხონებული ვანო დიდი მოქეიფე იყო. მთელი ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა ეს ქეიფები.

რითი დამთავრდა ეს ქეიფ-გადმობირება?

- იმ მილიციის უფროსს ამდენი სმისგან ცეროზი დაემართა და გარდაიცვალა. მერე ვანო თავის ნათესავს ჩააბარეს, რომელიც უშიშროებას ხელმძღვანელობდა. ეს კაცი ვანოსთან ცხოვრობდა. იმ ნათესავს ჰქონდა დავალება, რომ ვანო თბილისის გარდა არსად არ გაეშვა.

თბილისში ჩამოსვლის უფლება რატომ ჰქონდა?

- აქ ისედაც არეული იყო უკვე ყველაფერი. რეგიონებში ამ მხრივ შედარებით სიმშვიდე იყო. ვანო ქუთაისს, ბათუმს, სოხუმს არ უნდა გაჰკარებოდა. არევის შეტანა რომ არ მოეხდინა, ის თერჯოლიდან არ უნდა გასულიყო. ერთ დღესაც ქუთაისში ჩატარდა საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგი. ვანოს კაგებეშნიკ ნათესავს ურეკავენ, სად არის ვანოო? იმან უთხრა, ალბათ აქ სადმეა, ვერსად ვერ წავა, ფეხსაცმელი მოვპარეო.

ყველა ფეხსაცმელი მოპარა?

- სად ჰქონდა რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი? ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა. 50 ზომა ფეხი ჰქონდა და სად გინდა იშოვო ამხელა ფეხსაცმელი. ერთ წყვილს ძლივს შოულობდა ხოლმე. ის ერთი წყვილიც იმ ნათესავმა დაუმალა, მაგრამ რად გინდა, ვანო ქუთაისში ფლოსტებით წავიდა და მიტინგზე ასე გამოვიდა. 9 აპრილის მერე ვანოც დააკავეს. ის რკინიგზის პროკურატურამ დააკავა. იმ უწყებას მაშინ ნუგზარ შოშიაშვილი ედგა.

რკინიგზის პროკურატურამ რატომ დააკავა?

- ვანო რკინიგზელი არ ყოფილა და რატომ დააკავა რკინიგზის პროკურატურამ, ვერაფერს გეტყვით.

მოგვიანებით ნუგზარ შოშიაშვილს და ვანოს ერთად მოუწიათ პარლამენტში ყოფნაროგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. საერთოდ ასეა, როცა დრო გადის, დისიდენტებს და მათ დამჭერებს კარგი ურთიერთობა უყალიბდებათ ხოლმე. ვანოსაც და ნუგზარსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ვანო ისეთი კარგი ადამიანი იყო, რომ გულში ბოროტებას არ ჩაიდებდა. ბევრი საინტერესო ამბავი გადახდა მას ეროვნულ მოძრაობაში ყოფნის დროს. არანაკლებ საინტერესო იყო მისი მოღვაწეობა საერთაშორისო ასპარეზზე.

იქაც მიტინგებს აწყობდა?

- სტრასბურგში ევროსაბჭოს ჩინოვნიკური აპარატი ყველა ქართველს დღემდე ხუხუნაიშვილს ეძახის. ყველანი გიჟდებოდნენ მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული არ იცოდა, ინგლისურად და ქართულად მშვენივრად აგებინებდა ყველას ყველაფერს. ერთხელ სტრასბურგის ახლოს მდებარე პატარა გერმანულ ქალაქში ვანო შევიდა კაფეში. დაჯდა მაგიდასთან. შემოეხვივნენ ოფიციანტები. ვანო ქართულად აძლევდა ხოლმე შეკვეთებს. ოფიციანტებმა ვანოს შეხედეს და გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. მერე წავიდნენ და ვიღაცეები მოიყვანეს. მოდიან და მოდიან ეს გოგოები. მთელი კაფე გოგოებით გაივსო. ვანო ერთ ამბავშია, შეკვეთებს აძლევს და არის ერთი მხიარულება. ამ დროს მოვიდა ერთი ქალი, გაწია ეს გოგოები. შეხედა ვანოს და ბოდიში მოუხადა. გოგოებს რაღაც უთხრა და ისინიც დაიშალნენ. ვანოს მოართვეს გრაფა, რომელიც ჩვენებურ ჭაჭას ჰგავს. ის ქალი ყოფილა მეპატრონე. იმან ვანოს უთხრა, გოგოებს პავაროტი ეგონეთ, მაგრამ თქვენ უფრო ახალგაზრდა ხართო. ასეთი რამეების გახსენება თავად ვანოს არ უყვარდა. არადა, ძალიან ბევრი საინტერესო ამბები გადახდენია.

კიდევ რა ისტორიის გახსენება შეგიძლიათ?

- ერთი მაგარი ამბავი მოგვივიდა ბათუმში სემინარზე ყოფნის დროს.

ეს ამბავი რომელ ეპოქაში მოხდა?

- ვარდების რევოლუციის შემდგომი ეპოქაა. ბათუმის „ინტურისტში" რაღაცა ღონისძიება ტარდებოდა. ეს ღონისძიება მალე დამთავრდა. ჩვენ კიდევ გვინდოდა დასვენება. ამიტომ „ინტურისტის" ახლოს მდებარე „ალიკას სასტუმროში" გადავინაცვლეთ. მისი მეპატრონე არის ძალიან კარგი კაცი. იმ კაცს ვანო ადრეც იცნობდა. ადრე ვანო იმ სასტუმროში ნამყოფი იყო და იქაურობას დიდი „უბედურება" დაატეხა თავს.

რა უბედურება?

- სასტუმროში არის პატარა აუზი. ვანო ამდგარა და იმ „ბასეინში" ჩამხტარა. ამას მოყვა ცუნამი, წყალდიდობა და დედამიწის ღერძიც მგონი მაშინ გადაიხარა. ამის მიუხედავად, სასტუმროს მეპატრონე ვანოს გამოჩენას მაინც სიხარულით შეხვდა. აუზში მისი ჩახტომაც კარგად გაიხსენა. ვანომ სასტუმროს მეპატრონეს მაშინვე ის ჰკითხა, მაგარი საწოლები თუ გაქვთო. იმან უთხრა, ძალიან მაგარი საწოლებიაო. ვანომ გაიხარა. ჩვენ ჩვენ ოთახებში ავედით, ბარგი დავყარეთ და „პახმელიაზე" გამოსასვლელად წავედით. უკან რომ მოვედით, ერთმანეთს საღამომდე დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენ ნომრებში წავედით გამოსაძინებლად. დაპირებისამებრ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. ვანო შეწუხებული იყო. შემომჩივლა, ალექს, ეს რა დამემართა, ერთი გადავტრიალდი და მატრასი მომხვდა თავშიო. გვერდზე რომ გადაბრუნებულა, ჩამტყდარა საწოლი და მატრასი ზემოდან დასცემია. ასე აღმოჩნდა მატრასის და საწოლის ტყვეობაში ვანო. თურმე ყვირის, მიშველეთო. მე გვერდით ნომერში მეძინა და ვერაფერი გავიგე. სასტუმროს მომსახურე პერსონალმაც გვიან გაიგო მისი ხმა. მანამდე ვანო მატრასსა და საწოლს შორის ერთი საათის განმავლობაში იყო გამომწყვდეული.

თქვენ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყავითსადაც უამრავი კურიოზი ხდებოდარამეს ხომ არ გაიხსენებთ?

- პარლამენტი კურიოზების ბუდეა. იქ იმდენი რამე მომხდარა, მათ გახსენებას ერთი გაზეთი არ ეყოფა. პარლამენტში ბევრი ადამიანი შემთხვევით მოხვდა. ბევრმა ძალიან იოლად აუღო ალღო პოლიტიკურ ცხოვრებას. ბევრი კი პოლიტიკურ ინტრიგებში ვერაფრით გაერკვა. ერთ-ერთი ასეთი იყო როსტომ დოლიძე. როსტომი ძალიან კარგი კაცია. ეს ადამიანი წლების განმავლობაში ედგა სათავეში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. კარგად მახსოვს პერიოდი, როცა გივი თარგამაძეს და ლევან პირველს შორის ომი ატყდა. მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. და ამ საკითხის განხილვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა. ლევან პირველი დეპუტატი იყო. დეპუტატების საქმეებს კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იხილავდა. ამ საკითხის განხილვას დიდი ამბები მოჰყვა. მთელი თავისუფლების ინსტიტუტი იქ მოვიდა, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე... განხილვა მიმდინარეობდა პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში. იმ დარბაზში პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების სურათები ჰკიდია. მათ უმრავლესობას თითქმის ყველას ნოე ერქვა. ნოე რამიშვილი, ნოე ხომერიკი, ნოე ჟორდანია... მოკლედ, ნოეების პარადია.

გახსნა კომიტეტის სხდომა როსტომ დოლიძემ. მერე დეპუტატი უნდა გამოსულიყვნენ. ვინ აცალა დეპუტატებს სიტყვით გამოსვლა. როსტომ დოლიძემ როგორც კი დაამთავრა სიტყვით გამოსვლა, მაშინვე გამოვარდა ლევან რამიშვილი და ატეხა ერთი ამბავი. როსტომი ამაოდ ცდილობდა მის გაჩერებას. უხსნიდა, რაკი პარლამენტია, ჯერ დეპუტატები გამოვიდნენ სიტყვით და მერე თქვენო. ეს არგუმენტი რამიშვილს როგორ გააჩერებდა. როსტომმა გადაწყვიტა სხვანაირად დაემყარებინა კონტაქტი რამიშვილთან. მას არ იცნობდა და გადაწყვიტა მისი სახელი გაეგო. მიმართა, უკაცრავად, ახალგაზრდავ, თქვენი სახელიო. ლევანს სახელის სათქმელად სად სცალია, გაჰკივის, გივი კარგი ბიჭია და პირველი ცუდი კაციაო. როსტომიც ჩააცივდა, თქვენი სახელიო. ლევანი თავისას უბერავს. ამ სხდომას მეც ვესწრებოდი და როსტომს დავუძახე, მაგ ბიჭს ნოე ჰქვია-თქო. როსტომმაც არ დააყოვნა და ბატონო ნოეო, მიმართა. იქ ერთი ამბავი ატყდა, ვიღას ახსოვდა ან პირველი, ანდა თარგამაძე. ნოეს გამო ის სხდომა განაჩენის გარეშე და რაც მთავარია, მშვიდობიანად დასრულდა.

თქვენ აღორძინების ბლოკის წევრი იყავითრომლის თავკაციც ასლან აბაშიძე იყომას თუ ჰქონდა იუმორის გრძნობა?

- როგორ არ ჰქონდა. კარგად მახსოვს ბლოკის საბჭოს სხდომა, რომელზეც იხილებოდა წესდების საკითხი. ამ სხდომას ესწრებოდნენ რჩეულიშვილი, ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილი და მამუკა გიორგაძე.

მამუკა გიორგაძეც აღორძინებაში იყო?

- საარჩევნო ბლოკში არ ყოფილა. პოლიტიკურ ბლოკში იყო. რაკი ამ ბლოკში იყო, სხდომასაც ესწრებოდა. მამუკა გიორგაძე აბაშიძეს მიმართავდა ასლანით. რჩეულიშვილი მიმართავდა იბრაგიმოვიჩით. ვახტანგ ბოჭორიშვილი კი ბატონო ასლანით. აბაშიძეს თურმე არ ევასება, როცა მას ასლანს ანდა იბრაგიმოვიჩს ეძახიან. ამის გამო, როგორც გაირკვა, ბოღმა ჰქონდა გულში ჩადებული. ბლოკის წესდება საინტერესო იყო. განსაკუთრებით საინტერესო მისი დასკვნითი ნაწილი გახლდათ. ბოლოში ასეთი რამე ეწერა, ვინც ბლოკის წესდებას დაარღვევს, განიკვეთოს, ღმერთმა დაწყევლოს და ა.შ.

რჩეულიშვილი წამოდგა და აბაშიძეს ეუბნება, იბრაგიმოვიჩ, ბარეღამ ჩაგვეწერა, ბოზიშვილი ვიყოო. ასლანას გაეცინა. რჩეულიშვილი მაშინ იყო ჯერ კიდევ არარჩეული ახალი პარლამენტის თავმჯდომარეობის უპირობო კანდიდატი ბლოკ აღორძინებიდან. ამის გარდა იყო თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ამ ინიციატივის მერე ის აღარც პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო და აღარც თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

 

 

 

 

 

ნანახია - 266

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80