ღატაკთა ბიუჯეტი - მოსახლეობის მესამედი ითხოვს სახელმწიფოსგან შემწეობას
პოლიტიკა

ღატაკთა ბიუჯეტი - მოსახლეობის მესამედი ითხოვს სახელმწიფოსგან შემწეობას

ღატაკთა ბიუჯეტი - მოსახლეობის მესამედი ითხოვს სახელმწიფოსგან შემწეობას
ლალი ზირაქიშვილი

2017-10-11 17:00:26

2018 წლის ბიუჯეტი პარლამენტში შეტანილია და განხილვის პროცესიც დაიწყო - საკომიტეტო მოსმენებისას ოპოზიციამ უკვე გამოთქვა საკუთარი შენიშვნები და ძირითადად, იმაზე აპელირებენ, რომ მომავალი წლის მთავარ კანონში პრიორიტეტები არის არასწორად დასახული. საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი უკმაყოფილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ მომავალ წელს მთავრობა პენსიების გაზრდას არ გეგმავს. ოპოზიციის ამ დამოკიდებულების მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იწონებს ბიუჯეტს და მთლიანობაში, იმ ეკონომიკურ კურსსაც, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია - სსფ ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებასაც ხედავს, თუმცა მთლიანობაში, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება სტაბილურად არასახარბიელოა.

რამდენად ობიექტურია ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის შეფასებისას და რამდენად შეძლებს მთავრობა მისი ეკონომიკური კურსი მოქალაქეების კეთილდრობაზეც აისახოს, ამ თემაზე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) თავმჯდომარე, შოთა გულბანი გვესაუბრება.

როდესაც ოპოზიცია საუბრობს მომავალი წლის ბიუჯეტის არასწორ პრიორიტეტებზე, არგუმენტად მოჰყავს ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები, რომელიც პენსიებსა და შემწეობებზე არ აისახება. რამდენად ობიექტური პრეტენზიებია მომავალი წლის ბიუჯეტის მიმართ?

- ოპოზიციასთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მათი მოვალეობაა, აუცილებლად გააკრიტიკონ ნებისმიერი წლის ბიუჯეტი.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში პრიორიტეტებს არ ცვლის - ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მეორე რიგის ამოცანაა ინფრასტრუქტურული ხარჯები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც ეზრდება დაფინანსება. კიდევ ერთი პრიორიტეტი არის განათლება, რადგან განათლებაში ჩადებული ხარჯები ეს არის მომავლის ინვესტიცია - ანუ პრიორიტეტად კვლავ რჩება სამი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია განვითარებასთან.

პენსიებს რაც შეეხება, შესაძლოა, იყო კიდეც საშუალება, რომ მომხდარიყო თანხების გადათამაშება და თუნდაც მცირე რაოდენობით პენსიის მომატება, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც ვერ მოხერხდა პენსიების გაზრდა.

ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა მიზეზი დასახელდა პენსიებთან დაკავშირებით, თუმცა მთლიანობაში 111 მილიონით მეტი თანხის ჩადება ხდება ამ სფეროში - ვერ დავაბრალებთ მთავრობას, რომ არ აღელვებს მოქალაქეების ბედი.

როდესაც სოციალურ ხარჯებს აკრიტიკებენ ხოლმე, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ - უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც რეალურად, ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია. 2016 წლის მონაცემებით 382.950 ოჯახია რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღებად - ეს მოსახლეობის მესამედია და ამ რაოდენობის ხალხი ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ ფონზე ცოტა რთულია გააკრიტიკო მთავრობა, გაზრდილი სოციალური ხარჯების გამო.

სახელმწიფო ვალდებულია, რომ თავისი მოქალაქე უზრუნველყოს მინიმალური ჯანდაცვით - საავადმყოფოში რომ არ გარდაიცვალოს უსახსრობის გამო. ამის გარდა, სახელმწიფო ვალდებულია, ის მინიმალური თამხები გაიღოს, რაც ადამიანებს თვიდან თვემდე არსებობაში დაეხმარება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მოქალაქეები ცხოვრობდნენ მოწესრიგებულ გარემოში და ესეც არის მთავრობის პრიორიტეტი.

და რაც მთავარია განათლება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია - ესეც პრიორიტეტია. მართალია, არა კოლოსალურად, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება ამ სფეროს დაფინანსებაც.

დეტალურად თუ განვიხილავთ, შეიძლება თითოეული მიმართულებით აღმოვაჩინოთ ხარვეზები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული.

კიდევ ერთი სფერო, რომლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა ოპოზიციამ, არის თავდაცვის შემცირებული ხარჯები. თუმცა, როგორც გაირკვა, მოიძებნა ალტერნატიული წყაროები და მთლიანობაში თავდაცვის დაფინანსებაც იზრდება. შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ნატო- სტანდარტის, ანუ მშპ- იმ პროცენტის გათვალისწინება, რომელიც დადგენილია?

- დაახლოებით 10 მილიონით არის მთლიანობაში თავდაცვის ხარჯები გაზრდილი. აპელირება იმაზე, რომ ნატოს სტანდარტებით დავგეგმოთ ბიუჯეტი, რეალობას აცდენილია, იმიტომ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფო არ ვართ.

თუმცა ასეთი რეკომენდაცია იყო...

- ასევე არის რეკომენდაცია, რომ საგარეო ვალი მშპ-ს 65%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენთან მყარად 45%-ია, მაგრამ ამ მაჩვენებელსაც რომ გადასცდეს, ესეც არ შეიძლება მივიჩნიოთ საგანგაშოდ, იმიტომ, რომ როდესაც საგარეო ვალი იზრდება გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რამდენად ეფექტურად ხარჯავს ქვეყანა ამ თანხას. თუ ეს ხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საიდანაც ადამიანები იღებენ შემოსავალს, ეკონომიკური პროგრამების დაფინანსებას, ამაში ცუდი არაფერია.

რაც შეეხება თავდაცვას, ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგან საგანგაშო მდგომარეობა არ არის და არც ხელფასები უმცირდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც პოლიტიკური შეცდომაც იქნებოდა, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ.

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, მთავრობას რომ მოენდომებინა?

- შრომის ანაზღაურება 1.393.500 ლარს შეადგენდა 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით. მომავალ წელს 1.397.524 ლარი იქნება - ძალიან უმნიშვნელო ზრდაა. როდესაც ბიუროკრატიულ აპარატზე ვსაუბრობთ, ამას ისე წარმოაჩენენ ხოლმე, თითქოს სამინისტროებში დასაქმებული ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არ არიან. ისინიც ოჯახებს ინახავენ და მათთვის ყოველწლიურად ხელფასების შემცირება შრომის ეფექტიანობას შეამცირებს.

როდესაც საუბარია პრემია-დანამატებზე, ზოგ შემთხვევაში ფიქსირდება ასტრონომიულად მაღალი თანხები და ეს არ არის მისასალმებელი, მაგრამ როდესაც ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების შემცირებაზეა საუბარი, ეს არ უნდა შეეხოს საშუალო რგოლს.

შეიძლება მინისტრების, მოადგილეების, სხვადასხვა აპარატის ხელმძღვანელების დონეზე გადავწყვიტოთ ეს საკითხი და მათი შემოსავლების გადახედვა მოხდეს. თუმცა არ უნდა დავარღვიოთ ის ბალანსი, რომ კვალიფიციურმა კადრებმა, რომელთა გადმობირებაც სახელმწიფოს სურს კერძო სექტორიდან, მიიღონ შრომის და კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება.

დღეს კერძო სექტორში მაღალია ანაზრაურება, პასუხისმგებლობა - დაბალი. სახელმწიფო სექტორში კი პირიქითაა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო მაღალი პასუხისმგებლობის პოზიციებზე ინიშნებიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრები, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ ჩვენზე, მოქალაქეებზე შეიძლება აისახოს.

როდესაც ამ თემებზე მიდის მსჯელობა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებმა უნდა განაპირობონ ჩვენი კეთილდღეობა. მათ არ უნდა იფიქრონ ხვრელების ძებნაზე, საიდან მოიძიონ დამატებითი თანხები იმის გამო, რომ ხელფასი არასაკმარისია.

როდესაც ამ თემაზეა საუბარი, იგულისხმება ნეპოტიზმის პრობლემა და ამის შედეგად საპასუხისმგებლო პოზიციებზე მოხვედრილი არაკვალიფიციური კადრები და ასეთები ყველა სახელმწიფო უწყებაში მოიძებნება...

- ეს ძალიან ცუდია და მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, კადრების შერჩევა უნდა ხდებოდეს კონკურსის შედეგად და სრულიად გამჭვირვალედ.

ფინანსთა მინისტრი ამაყობს, რომ სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს როგორც მომავალი წლის ბიუჯეტს, ასევე მთავრობის ეკონომიკურ კურსსაც. შეიძლება ითქვას, ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე - მუდამ გვესმოდა მთავრობის ეკონომიკური კურსის კრიტიკა. დღეს რა შეიცვალა?

- ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს იმაზე ცოტა მეტად შეიძლება უნდოდეს, რომ ქვეყანაში განვითარება იგრძნობოდეს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს, რადგან ეს ადამიანი არის გადაწყვეტილების მიმღები.

რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ეს იგძნონ საკუთარ თავზე, ამას დრო, რამდენიმე წელიწადი სჭირდება და ეს ასე უცებ ვერ მოხდება. რეალურად, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით - სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალზე მაღალია; მართალია, უმუშევრობის დონე ოფიციალურად შემცირებულია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არაოფიციალურად უმუშევრობა კვლავ ძალიან მაღალია და ის მეთოდი, რითაც უმუშევრობას ითვლიან, არასწორია. მართალია, საერთაშორისო სტანდართან შესაბამისობაშია, მაგრამ რეალობას აცდენილია.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მკვეთრად გაკრიტიკება არასწორად მიმაჩნია, რადგან ვხედავთ, რომ ბევრი კარგი პროექტის განხორციელება ხდება, რომელსაც მეტწილად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ხელმძღვანელობენ - ისეთი, რიგორიცაა მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ა.შ.

ვხედავთ მთავრობის მცდელობას, ერთი მხრივ, მეწარმეობისთვის სულის ჩადგმის პროცესს შეუწყოს ხელი; მეორე მხრივ, ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები. ანუ ოქროს ბალანსის დაჭერას ცდილობს ხელისუფლება, რაც, ვფიქრობ, მისასალმებელია.

მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საკმაოდ ეფექტურია ხოლმე ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის - იზრდება დასაქმების დონე, უმჯობესდება მოქალაქეების მატერიალური მდგომარება და .. ჩვენს შემთხვევაში არის თუ არა შესაძლებელი პროგნოზირება, რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ამ სფეროში ბიუჯეტიდან ხარჯების გაზრდა?

- 572 მილიონით მეტი დაიხარჯება მომავალ წელს, აქედან - 434 მილიონი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება - გზები კვლავ დიდი პრობლემაა ჩვენთვის. გარდა ამისა, არსებობს მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც დაფინანსდება აღებული ვალით, - მთლიანობაში 1.288.000 ლარი მოხმარდება ამ პროექტებს.

იმ 4-პუნქტუიანი გეგმის შესრულება თუ მოახერხა მთავრობამ, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის 10 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს მართლაც სერიოზულ გარდატეხას შეიტანს ჩვენს ეკონომიკაში. ეს მშპ-ს ზრდაზეც აისახება, დასაქმებაზეც და სოციალური ფონის შეცვლაზეც. თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენად შეძლებს მთავრობა ამ კურსით სვლას და გეგმების განხორციელებას.

ნანახია - 1298

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80