ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"
დაიჯესტი

ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"

ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"
ხათუნა ჩიგოგიძე bpn.ge

2017-10-05 17:39:10

მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, მაგრამ ეს სექტორი საქართველოში ვერა და ვერ ვითარდება.

ამას 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებიც ადასტურებს: წლის პირველ კვარტალში სექტორის ბრუნვა 635 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია, ხოლო მეორე კვარტალში სექტორის მოცულობამ 776 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2.4%-ით არის შემცირებული. ამავდროულად, 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობაში უფრო ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2016 წელს. ეს იმ ფონზე, როცა ბოლო სამი წლის განმავლობაში აგრარული სექტორის განვითარების მიზნით დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯა.

რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში? - ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს, რადგან მიზეზი უამრავია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობიოს საკითხებში, აკაკი ღლონტი მიიჩნევს, რომ ჩამორჩენის მიზეზი განათლების დაბალი დონეა.

„ეს გლობალური საკითხია, სადაც იმდენი წვრილმანი და მსხვილმანი პრობლემა იყრის თავს, რომ მათი შეჯამებაც კი რთულია. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ ქართველი გლეხი თავისი ბუნებით ზარმაცია, - ასე არ არის. უბრალოდ, მისი მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა. ადამიანმა კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა რომ არ იცის, ხომ ვერ გამოიყენებს? ასეა ჩვენი ხალხიც: მას თანამედროვე ეპოქის შესაფერისი განათლება არა აქვს. ძალიან მცირე რაოდენობით გვყავს კვალიფიციური აგრონომები, ტექნოლოგები, მექანიზატორები. ცოდნის ნაკლებობა ამ სფეროს მთავარი პრობლემაა. ამასთანავე, საქართველოში ვერა და ვერ მოხერხდა სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია და ეს დარგი ვერ იქცა ბიზნესად. გლეხების უმეტესობა თავის მიწას მხოლოდ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად იყენებს, მას ამ საქმიანობით არანაირი მოგება არ რჩება, ამიტომაც ტოვებს თავის სოფელს, ან უცხოეთში მიდის, ან დიდ ქალაქებში, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ექნება“, - ამბობს აკაკი ღლონტი.

მისივე მოსაზრებით, ასევე არანაკლებ მძიმე პრობლემაა მცირემიწიანობა.

„მცირემიწიანობა ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა: 1 ჰექტარ ფართობზე ადამიანი იმდენ მოსავალს ვერ მოიწევს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არადა, ბაზარზე უცხოური პროდუქცია შემოდის, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის მოყვანილი და ადგილობრივზე უფრო იაფია. ადამიანი ატომურ იარაღს რომ გესვრის, შენ „კალაშნიკოვით“ ვერ დაუპირისპირდები. ქართველი გლეხი თოხით მოწეული სიმინდით ვერ

გაუწევს კონკურენციას უცხოელ ფერმერს, რომელსაც ყველაფერი უახლესი ტექნოლოგიით მოჰყავს. როგორ ახერხებენ ამას თუნდაც თურქი ფერმერები? - თურქეთში ფასები მაღალია და გლეხი რამდენსაც ქალაქში იშოვის, იმდენს შოულობს თავის სოფელში, ამიტომ თურქი ფერმერი არსად გარბის, თავის მამულში რჩება და გულმოდგინედ შრომობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს თურქულს“, - ამბობს აკაკი ღლონტი.

მისი შეფასებით, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა გამოუყენებელი მიწები. როგორც აკაკი ღლონტი აღნიშნავს, ერთ კომლს ხუთი ჰექტარი მიწა მაინც სჭირდება, რომ ოჯახმა სოფელში თავი გაიტანოს და ელემენტარული მოთხოვნები დაიკმაყოფილოს.

„ეს მაშინ, როცა ქართველი გლეხების დიდ ნაწილს 1-2 ჰექტარი მიწა აქვს. ისინი ვერაფერს ახერხებენ ამ მიწით, სოფლიდან გარბიან და თავის ნაკვეთებს უპატრონოდ ტოვებენ, ვერც თვითონ იყენებენ და არც სხვას უთმობენ. ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა გვაქვს და მიწას მუქთად ვაცდენთ“, - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

ძალიან მწავედ აფასებს აგრარულ სექტორში შექმნილ სიტუაციას პროფესორი პაატა კოღუაშვილი. მისი შეფასებით, ის, რაც ჩვენს სოფლის მეურნეობაში ხდება, არაპროფესიონალიზმის, უცოდინარობის და არაკვალიფიციურობის ბრალია.

„ჩემი აზრით, უზარმაზარი შეცდომაა, რომ კომერციულ ბანკებზე მიწის მორატორიუმი არ ვრცელდება. წარმოუდგენელია, გირაოში ჩადებული მიწა კომერციულ ბანკს საკუთრებაში გადაეცეს - მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ბანკს რა უფლება აქვს არაპროფილური საქმიანობა აწარმოოს?!“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობა ინვესტიციებზე ვერ იქნება დამოკიდებული და ამ დარგის განვითარებას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი.

 

ნანახია - 552

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80