მთავრობა ხუდონჰესის მიმართ პასიური ხდება
ეკონომიკა

მთავრობა ხუდონჰესის მიმართ პასიური ხდება

მთავრობა ხუდონჰესის მიმართ პასიური ხდება
ბექა დანელია

2017-09-13 20:30:45

სახელმწიფოს მიერ „ხუდონჰესის“ გამოსყიდვის პროცუდურები არ დაწყებულა. ამასთან დაკავშირებით მთავრობა სტრატეგიაზე ჯერ კიდევ მუშაობს. ამასობაში ქვეყანაში ენერგოდეფიციტი იზრდება. წელს ქვეყანას დამატებით 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა და შემდეგ წლებში ეს მაჩვენებლი ალბათ კიდევ მოიმატებს.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამბობს, რომ „ხუდონჰესი” აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა საქართველოს სხვა წყაროებიც აქვს, საიდანაც დამატებით შეუძლია ენერგორესურსების მიღება:

„4 წლის თავზე დავდექით აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე. ჩვენ ახალი წყაროები გამოგვიჩნდა, რომლებიც ელექტროენერგიას 700 მეგავატის სიმძლავრით მოგვაწოდებენ. 500 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური შენდება და უახლოეს მომავალში 1000 მეგავატის სიმძლავრის დაემატება. საბოლოო ჯამში, სულ 2 500 მეგავატი გვემატება.

ხუდონჰესის პროექტიც განიხილება და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს ობიექტი აუცილებლად უნდა აშენდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების დამატებითი წყარობის მიუხედავად, ჰესი თავის ადგილს იმსახურებს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ის მტკიცებულებებს მოითხოვს. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ მთავრობამ და ჩვენმა პარტნიორებმა ამ პროექტის მნიშვნელობა გაიაზრონ“, - განაცხადა რამდენიმე კვირის წინ მინისტრმა.

ახლა კი ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ხუდონის მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ინვესტორისგან გამოსყიდვის პროცედურები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„შემდეგი წლიდან შეჯერებული ვიქნებით აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და ბუნებრივია, თქვენც და საზოგადოებასაც გაცნობებთ.  ამ სტრატეგიის ნაწილში მოიაზრება არა მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრო, არამედ ის ინვესტორი, რომელიც ფლობს ლიცენზიას, განავითაროს ეს ჰესი. საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ და შემდგომი წლიდან აქტიურად ვიმუშავებთ ამ კონკრეტულ პროექტზე“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ.

სამინისტროში არ გამორიცხავენ „ხუდონჰესის“ განვითარებაში ამჟამინდელი ინვესტორის „ტრანს ელექტრიკას“ მონაწილეობასაც.

სანამ ელოშვილის უწყებაში ნელ-ნელა მოქმედებენ, პარლამენტის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მართულ პროცესებზე ალაპარაკდა. დეპუტატი არ აკონკრეტებს ვის ინტერესებშია პროექტის შეფერხება, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები პროექტის საწინააღმდეგო განცხადებებს სწორედ პოლიტიკური ნიშნით აკეთებენ.

„მიმაჩნია, რომ ეს მართული პროცესია. სვანი მოსახლეობა ისეთი შეუგნებელი არ არის, ვერ ხვდებოდეს და არ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს პროექტი, მაგრამ ვიღაცას აწყობს, რომ ასეთი ამბავი აგორდეს ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი პროცესები საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როდესაც „ხუდონჰესის“ მშენებლობა და სხვა მრავალი ობიექტი შეჩერდა, სწორედ რუსეთიდან იმართებოდა. მე ისეთი ხალხისგან მაქვს ეს ინფრომაცია მიღებული, რომელთაც ნამდვილად დაეჯერება. ახლა არ ვიცი რუსეთიდან იმართება, თუ აქედან“, - განუცხადა `ბიზნესკოტრაქტს~ არველაძემ და დასძინა, რომ ამ პროექტის შეფერხება შეიძლება, იმ ჯგუგების ინტერესებში იყოს, რომელთაც შეიძლება, „პოლიტიკურად აწყობდეს, რომ თავი მოიწონოს მოსახლეობისთვის, ვითომ გარემოს ზიანი ადგება და ამისთვის იბრძვიან“.

აქვე, არველაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინააღმდეგობის ფაქტორის მოხსნას შეძლებს.

„აქ გადასასახლებელია 180 ოჯახი სოფელ ხაიშიდან. მაგალითად, შედარებისთვის, ჩინეთში სამი ხეობის ელექტროსადგური რომ ააშენეს, 3 მლნ კაცი გაასახლეს დატბორვის ზონიდან. არ მგონია, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი პროექტი საბოლოოდ ჩაიშალოს“, - მიიჩნევს დეპუტატი.

ნანახია - 836

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80