ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულების“ მიმართვა ქართველ ემიგრაციას
რეტრომედია

ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულების“ მიმართვა ქართველ ემიგრაციას

ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულების“ მიმართვა ქართველ ემიგრაციას
„დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

2017-09-12 11:19:12

ამ ბოლო დროს ზოგიერთი პირები ბოროტად სარგებლობენ „შეფიცულების“ სახელით და საეჭვო პოლიტიკური კომბინაციებისათვის „შეფიცულების“ წარსულით ვაჭრობენ და წმიდა სახელს დღეს ლაფში სვრიან.

არავის აქვს უფლება ასე ბოროტად ისარგებლოს ჩვენი სახელი და თვით შეფიცულებს პირველად ყოვლისა არა აქვთ ნება გადასდგან ისეთი ნაბიჯი, რომელიც მათ შერცხვენამდე მიიყვანს.

საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ძველ, ნამდვილ შეფიცულთაგან მხოლოდ შვიდი კაცი არის დარჩენილი. ეს ის პირები არიან, რომელნიც 1922-1924 წლების განმავლობაში ბრძოლას ეწეოდნენ. ამ შვიდ კაცს გარდა, საფრანგეთში მყოფი დანარჩენი „შეფიცული“ ზოგი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს შემოგვემატენ, ზოგი გზაში შეგვეფიცნენ და ზოგი კიდევ პარიზში. მათ შორის არაა ერთი ისეთიც, რომელსაც თოფიც კი არ გაუსროლია.

ზოგიერთი შეფიცული ჩაერია ემიგრაციის აქტიურ პოლიტიკურ დავაში და ჟურნალ „კავკაზის“ ფურცლებზე წერილიც მოათავსეს.

იმის მაგივრად, რომ ისინი ქაქუცას დროშის სიმაღლეზე იდგნენ, პარტიულ-ჯგუფურ ამბებში არ ერეოდნენ, ქაქუცას ანდერძს იცავდნენ, იგინი მოუწოდებენ ახალგაზრდებს „კავკაზ“-ში მოიყარონ თავი!

ეს დიდად სამწუხაროა, რადგან შეფიცულების დროშა არ იყო რომელიმე დაჯგუფების დროშა, მით უმეტეს ვერ იქნებოდა იგი ბამატის დროშად. იგი იყო მთელი საქართველოს დროშა, რომელიც ხელში ეჭირა ქაქუცას და დღესაც ველით, რომ ეს მთელი საქართველოს დროშა კვლავ აფრიალდება და პასუხიც მოეთხოვება მათ, ვინც დღეს თავისი მოქმედებით ქაქუცას დროშის ქვეშ დახოცილ გმირთა საფლავებს შეურაცხყოფას აყენებს.

შეფიცული ლელო ჩიქოვანი

 

 

 

 

 

ნანახია - 287

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80