რუსეთის საელჩოში ბოლშევიზმის აგიტაცია მიმდინარეობს
რეტრომედია

რუსეთის საელჩოში ბოლშევიზმის აგიტაცია მიმდინარეობს

რუსეთის საელჩოში ბოლშევიზმის აგიტაცია მიმდინარეობს
„ერთობა“, 15 დეკემბერი, 1920 წელი

2017-09-12 11:17:04

იმ დღიდან, როდესაც ბოლშევიკურ რუსეთს შეძლება მიეცა იყოლიოს საქართველოში „სრულუფლებიანი წარმომადგენლობა“, ჩვენში დაიწყო ახალი, ლეგალური ხანა ბოლშევიზმის აგიტაციისა და ამ „სრულუფლებიან წარმომადგენლობის“ უფროსი და უმცროსი თანამშრომელნი სათავეში უდგანან საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

საელჩოს მისიების თანამშრომლები ჩვენს სამშობლოში მოდიან ფულით გაჭედილ სკივრით, მაგრამ შემცდარნი იქნებით იფიქროთ, თითქოს ამ შედარებით უმანკო მუშაობით კმაყოფილდებოდნენ კომუნისტური მოსკოვის აგენტები. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს უკანასკნელი ნოტიდან, საბჭოთა რუსეთის „დიპლომატიურ წარმომადგენლობაში“ თვალსაჩინო თანამდებობა უჭირავთ ნამდვილ ტერორისტებს, რომელნიც შემოჭრილან ჩვენს სამშობლოში პირდაპირი დანიშნულებით ამგვარ აქტების შესასრულებლად.

ასეთი სუბიექტების იზოლაცია მოახდინა საქართველოს ძალდატანების აპარატმა და ამის გამო რუსეთის წარმომადგენლებმა აურზაური ასტეხეს და კატეგორიულის ტონით მოითხოვეს მათი დაუყოვნებლივი განთავისუფლება.

ტერორისტებსა და საზოგადოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებს ჩვენი მთავრობა, რასაკვირველია, აღარ მისცემს საშუალებას დაუბრკოლებლივი მოქმედებისათვის და, მაშასადამე, ვერც რუსეთის მისიის „კატეგორიულ“ მოთხოვნას შეიწყნარებს! ამ შემთხვევაში საერთაშორისო ნორმებით ვერ ვიხელმძღვანელებთ და ექსტერიტორიული პრინციპიც უკუსაგდებელია. სახელმწიფოს დამშლელნი, ტერორისტები და შეთქმულების მომწყობნი დაისჯებიან სახელმწიფოში მომქმედ კანონების ძალით, ყოველივე იმუნიტეტის გარეშე.

სად და რომელ ქვეყანაში მოითმენენ რომ დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელი უცხო ხალხს აქეზებდეს მის მთავრობის წინააღმდეგ და ურიგებდეს მას ფულს, იარაღს, ყუმბარებს?

როგორ გინდათ, რომ კეთილმეზობლობა გაგრძელდეს ისეთს სახელმწიფო ორგანიზაციასთან, რომელიც უდიერად და უმიზეზოდ არღვევს ხელშეკრულებას,

ეს მეზობელი, რომელმაც თავისი პოლიტიკური არსებობის მოკლე მანძილზე უამრავი თავხედობით „თავი ისახელა“, დღეს გვედავება: როგორ გაბედა საქართველოს მთავრობამ იმ ავაზაკების შეპყრობა, რომელნიც ამოფარებოდნენ მისიების „ექსტერიტორიულ“ კედლებს და ქართველ ხალხს შეიარაღებულ აჯანყებისათვის ამხედრებდნენ საქართველოსავე წინააღმდეგ.?!

საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ჩვენი მთავრობის მიერ, რათა უცხო ქვეყნის წარმომადგენლობაში ინიშნებოდნენ ისეთი პერსონები, რომელთაც ესმით თავისი დანიშნულება და იმდენი პატიოსნებაც შესწევთ, რომ დიპლომატების ნაცვლად პარტიული  აგიტატორებით არ აავსებენ ამ დაწესებულებებს.

 

 

 

 

ნანახია - 181

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80