უცხოური ინვესტიციების კლების ტემპი დამაფიქრებელია
ეკონომიკა

უცხოური ინვესტიციების კლების ტემპი დამაფიქრებელია

უცხოური ინვესტიციების კლების ტემპი დამაფიქრებელია
ბექა დანელია

2017-09-11 20:30:00

უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო პერიოდში თანდათან მცირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით დამაფიქრებელი აღმოჩნდა 2017 წლის მეორე კვარტალი. საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინება ისედაც არ არის სასურველ დონეზე და მისი კიდევ უფრო შემცირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კარგს არაფერს უქადის.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მეორე კვარტალში 346.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 14.3%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მ.ილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5%-ით ჩამორჩება.

მეორე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო 36.6 %-ით, მეორე ადგილზე - ნიდერლანდები 12.4 %-ით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - 11.3 %-ით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6%-ია. მეორე ადგილზე აღმოჩნდა მშენებლობის სექტორი 70.0 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი 29.3 მილიონი აშშ დოლარით -

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში უცხოური კაპიტალის შემოდინების მხრივ სახარბიელო ვითარება არ არის. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე 2017 წლის ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას მსხვილი საინვესტიციო პროექტების აქტიური ფაზის დამთავრებით ხსნის.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ძირითადად მიზეზები არის ის, რომ გარკვეული მსხვილი საინვესტიციო პროექტების აქტიური საინვესტიციო ფაზა მიილია და ნელ-ნელა სრულდება. ეს, ძირითადად, ეხება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგს და ენერგეტიკას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისევ ამ დარგებში სამომავლოდ მოსალოდნელია ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიცააა ანაკლიის პორტის, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ა.შ. შესაბამისად, ამ დარგებში ინვესტიციების უფრო მეტად გააქტიურებას უნდა ველოდოთ”, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

სულ სხვაგვარად აფასებენ ვითარებას ექსპერტები. ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე უცხოური კაპიტალის კლების ერთ-ერთ ფაქტორად ქვეყანაში ინვესტორების დაუცველობას ასახელებს.

“საქმე გვაქვს ნეგატიურ ტენდენციასთან. სამწუხაროდ, ინვესტიციების მოცულობა არ იზრდება ქვეყანაში. სწორედ ამის მიზეზია საპოვნელი. ობიექტური ფაქტორია კბილებამდე შეიარაღებული აგრესიული ჩრდილოელი მეზობელიც, რომელიც ყოველ წამს იმეორებს, რომ მზადაა ახალი სამხედრო აგრესიისთვის. ამ ფონზე არ არსებობს ინვესტორის თუნდაც ფიზიკური დაცვის გარკვეული გარანტია.

გარდა ამისა, შევხედოთ, რა არის საქართველოს მიმზიდველობის საფუძველი, როდესაც არ გვაქვს დიდი ტევადი ბაზარი და არ ვართ რესურსების მხრივ მდიდარი ქვეყანა. ეს უკვე შემზღუდველია ინვესტორებისთვის. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ინვესტიციების ოდენობა იკლებს”, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.  

ნანახია - 611

petrekupry

2017-09-15 10:47:31

ზაფხულის პერიოდი ინვესტირებისათვის არახელსაყრელია .... შემოდგომაზე წამოვა უცხოური ინვესტიციები ... გააკომპენსირებს ამ ჩავარდნას !

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80