მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს
ეკონომიკა

მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს

მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს
ბექა დანელია

2017-09-08 16:00:51

ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ნაშთების ბანკებში გადამისამართებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოდის, რომ მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს, ხოლო ბანკები საით მიმართავენ ერთბაშად მიღებულ ასეულობით მილიონ ლარს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რაც არ უნდა იყოს, მიმოქცევაში ზედმეტი ლარის გაშვება კურსის სერიოზულ რყევას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

დეპუტატ რომან გოცირიძის აზრით, მთავრობა ლარს ხელოვნურად აუფასურებს, რადგან ქვეყანაში ამის ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს. ტურიზმი, ტრანსფერები, სავალუტო ნაკადი პოზიტიურია. გოცირიძეს იმ „მავნებლის“ ვინაობა აინტერესებს, ვისი შეთავაზებითაც მთავრობა სადეპოზიტო მექანიზმი დანერგა.

დეპუტატს ეჭვი აქვს რომ გადაწყვეტილება ზედაპირულად მიიღეს. ვიღაცამ კეინსის ბროშურა წაიკითხა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ეფექტი ჭკუაში დაუჯდა. ადრე მუდმივად განიხილებოდა ბანკებისგან მოზიდული რესურსით ბიუჯეტის დაფინანსება და ახლა საპირისპირო პროცესი, სამინისტროს მევახშეობის, რაზეც მისი განცახდებით ფინანსთა მინისტრმა უნდა აგოს პასუხი.

„აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა მავნე, ავანტიურისტული მექანიზმი დანერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თვის წინ. ფინანსთა სამინისტრომ შემოიღო ახალი ინსტრუმენტი - 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე და თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული გასცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ხაზინამ - ნახევარი მილიარდი ლარი.

ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი და თქვას, ვის თავში დაიბადა ეს მავნე მექანიზმი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ განცხადებას მთავრობაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ხაზინის ფულის მართვის ოპერაციებზე პირველად კომენტარი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მექანიზმი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულია, მასთან კოორდინირებით ხორციელდება. იგი შემუშავებულია მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისა დახმარებით.

“ეს ოპერაციები არ იწვევს ფულის მიწოდების ზრდას გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური მოცულობით ხდება ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება. ეს მსგავსი პროდუქტებია და ერთმანეთს აბალანსებს”, განაცხადა მესტვირიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი კი ამბობს, რომ სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

ყავლაშვილის მტკიცებით, ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს. „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ხაზინის ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში, პირდაპირ პროპორციულად შემცირდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს ორივე ინსტრუმენტი ლარის მიწოდების კუთხით თანაბარწონადია“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.

ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში 2017 წლის ივლისიდან ხორციელდება და ამ დროისათვის, ბაზარს მიეწოდა 450 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით.

„თვალი რომ გადავავლოთ რეფინანსირების სესხების გაცემის სტატისტიკას, ვნახავთ 400 მილიონიან შემცირებას. ასევე მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ რესურსს ბანკები აშშ დოლარის საყიდლად იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ბანკებს სავალუტო პოზიცია ეხსნებათ, რაც ეროვნული ბანკის შესაბამის რეგულაციებს ეწინაარმდეგება“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ხაზინა ნაშთებზე არსებულ თანხის ნაწილს ბანკებში აუქციონის მეშვეობით ათავსებს. ამისთვის მთავრობას „ბლუმბერგის“ სისტემაში ცალკე პლატფორმა აქვს. ტერმინალით სარგებლობა ყველა სუბიექტისთვის, მათ შორის მთავრობისთვის და სებ-ისთვისაც სტანდარტულია. სატარიფო პოლიტიკა ერთია, 1 თვის მომსახურება 1900 დოლარი ღირს.

ნანახია - 1084

antoni

2017-09-08 18:36:29

ბანკი გასაპროცენტებელ ფულს მაინც იშოვის და უქმად მყოფმა ბიუჯეტის ფულმა 2 თეთრი რომ იშოვოს "გრეხია"?

papa

2017-09-08 21:38:03

ანტონ

კი მაგრამ ჩემს ხარჯზეეე?
ნატალიმ არ გაგიგოს ...ეგეთი რაღაცეები ძაან არ უყვარს....
მართალიცააა

antoni

2017-09-09 09:31:27

ბიუჯეტის ფულის ის ნაწილი (ჩემისთანებისგან წასული ფული) უქმად იდება, თუ ბანკი იხეირებს, ამით მე და სხვას რა აკლდება, ან ემატება?
ამ დროს შეიძლება იმ პროცენტებით პრემია-დანამატების და სხვა უაზრო ხარჯების ფაშვის რაღაც ნაწილი მაინც ამოივსოს (თეორიულად მაინც)
მე ასე მჯერა და მიუხედავად თქვენი და ქ-ნი ნატალისადმი პატივისცემისა, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი

macro

2017-09-09 10:12:43

ეჰ,ანტონ, ანტონ
არ გეწყინოთ, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ განსხვავებას სახელმწიფოსა და ლომბარდს შორის? თუმცა დარწმუნებულ ვარ თქვენისთანა ბევრია.მათი წარმოდგენები არის საფუძველი საქართველოში არსებული იყიდე-გაყიდე საზოგადოებისა და ეკონომიკური მოდელისა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სავაჭრო-სამევახშეო კაპიტალიზმი.სწორედ ეს არის ამ ქვეყნის უბედურების საფუძველი.
სახელმწიფო პრინციპულად არ შეიძლება იღებდეს გადაწყვეტილებებს კომერციული მოგების თვალსაზრისით. ის უნდა ხელმძღვანელობდეს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებით.საბიუჯეტო ფული მას აქვს ამ ამოცანების შესასრულებლად და არა იმიტომ, რომ ვინმემ იხეიროს.
მე არა ვარ წინააღმდეგი სახელმწიფო მონაწილეობდეს ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესში, მაგრამ მისთვის ამ შემთხვევაში ამოსავალი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და არა მოგება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფინანსური პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის გაუმართლებელი და უაღრესად სახიფათო ქმედება.

macro

2017-09-09 10:52:18

სხვათაშორის ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. დიდი ხნის წინათ, ე.წ. "პერესტროკის" წლებში ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ერთ საქველმოქმედო-კომერციული საზოგადოების ხელმძღვანელს. როდესაც ვკითხე თუ რას ნიშნავს საქველმოქმედო-კომერციული, მან პატიოსნად ამიხსნა, რომ ქველმოქმედების მიზნით მოიზიდავს თანხებს. მერე, როგორც მან თქვა ისიც იხეირებს და ქველმოქმედებისთვისაც უფრო მეტი ფული ექნება. როცა შევეცადე ამეხსნა, რომ ამის კეთება დაუშვებელია და ეს რომ ფაქტიურად შემომწირველების მოტყუებაა, მან ვერ გამიგო. ის სრულიადაც არ თვლიდა თავს მატყუარად და ცუდ ადამიანად და არც საკუთარი გეგმების ეთიკურობაში ეპარებოდა ეჭვი. თუმცა უცხოეთში მისი საქმიანობა შეფასდებოდა, როგორც თაღლითობა და არაკეთილსინდისიერება, აქ ის სავსებით მისაღებია და გასაგები აბსოლიტური უმრავლესობისთვის.
უნდა ითქვას, რომ იმ კაცმა მიაღწია გარკვეულ ფინანსურ წარმატებებს, თუმცა მისი ნაქველმოქმედარი არავის უნახავს. შესაძლოა თავიდან მას მართლაც უნდოდა, მაგრამ შემდგომში ბიზნესმენმა სრულიად გაიმარჯვა მასში.
არსი თანამედროვე ქართველისა არის ის რომ მისთვის სამყარო და ყველაფერი მასში არის დუქანი, ერთადერთი წეშმარიტი საქმიანობა ვაჭრობა და ერთადერთი ჭეშმარიტი ფასეულობა - ფული. ის შეიძლება თავს უწოდებდეს მართლმადიდებელს და ტაძარში შუბლს ურტყამდეს იატაკს, მაგრამ არ დაიჯეოთ მისი ქრისტიანობა. ჭეშმარიტი ღმერთი მისთვის არის მამონი.
ოდესღაც ასეთი რამ იყო ისტორიაში. პირველ საუკუნეში - იუდეაში. თუ როგორ დაამთავრეს ებრაელებმა მაშინ ცნობილია. ისინი დარჩნენ ქვეყნის გარეშე.

antoni

2017-09-09 12:26:57

ლომბარდი რა შუაშია ნარცისო? ლომბარდში მიდის გაჭირვებული და ა.შ. აქ ლაპარაკია უმოძრაოდ დებული ფულის მოძრაობაში გაშვებაზე, მისი ძირითადი დანიშნულებისათვის საჭიროების დადგომამდე ... ეკლესიურობა და მეორე ყბის მიშვერა სულას არაა პირდაპირ კავშირში სახელმწიფოებრივ საჭიროებასთან.(და არც მებაჟეებს და მევახშეებს ავიწროვებს დღეს ვინმე)
პირველ საუკუნეში და ახლო აღმოსავლეთში რომ არ წახვიდე, დავით აღმაშენებელი სულაც არ იყო სანიმუშოდ ქრისტიანული ქვეყნის მტრების მიმართ (და არც მღვდელმსახურთა მიმართაც სხვათა შორის) და ის გადრა იმისა, რომ ის ყველა დროის პირველი ქართველია, წმინდანადაცაა შერაცხული პატივდებულო!

macro

2017-09-09 13:18:35

ნარცისი რატომ ვარ არ ვიცი, ქლიავი ნამდვილად ვარ, ტყუილად რომ ვიღლი თავს

ლაზი1

2017-09-10 10:26:41

ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. "5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე".
მართალია 5-ში დაიწყო, მაგრამ დაიტერესებულმა პირებმა ცოტა ადრე მაინც იცოდნენ ამის შესახებ. ახლა გავიხსენოთ როდის დაიწყო ლარზე შეტევა და რა იგეგმებოდა 6 სექტემბერს. 6 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.

ლაზი1

2017-09-10 10:34:26

კომიტეტმა კოეფიციენტი უცვლელი დატოვა. მაღალი კოეფიციენტი კი ეკონომიკის ზრდას უშლის ხელს. აქ დასკვნების გაკეთება იოლი არ არის მაგრამ, საფიქრალია, რომ ეს მოვლენები შემთხვევით არ დამთხვევია ერთმანეთს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80