ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავენ
დაიჯესტი

ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავენ

ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავენ
commersant.ge

2017-09-05 16:57:17

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დაახლოებით 4 პროცენტით გაუფასურდა. განსაკუთრებული გაუფასურება ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება. დღეს Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2,4900 ლარად ივაჭრება. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ფაქტორებით ხსნიან ეკონომიკის ექსპერტები ლარის გაუფასურებას, რა მოლოდინები აქვთ და ხედავენ თუ არა შექმნილ ვითარებაში რაიმე ქვედინებებს?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირებს. მათ შორისაა, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 2.5 ლარიან ნიშნულზეა დაგეგმილი. შესაბამისად, მთავრობა და ეროვნული ბანკი შეეცდებიან ლარს მიმართულება ამ ნიშნულისკენ მისცენ. „თუ ამ ნიშნულს არ დაიჭერენ, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემები შეექმნება. ამას კი ხელისუფლება თავს აარიდებს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც წინ არჩევნები გვაქვს“, - აცხადებს ჭარაია.

გარდა ამისა, ტურისტული სეზონი უკვე სრულდება, რაც ჭარაიას განცხადებით, ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება.

მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობით საგარეო ვალდებულები გააჩნია, ეს კი უარყოფითად აისახება ლარზე, რადგან საგარეო ვალდებულებების მომსახურება დოლარში ხორციელდება. „კომპლექსურად, თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, ეს არის სწორედ გაუფასურების მიზეზი“, - აცხადებს ჭარაია.

ექსპერტი ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ვარაუდობს, თუმცა, მისივე პროგნოზით, ეს გარდამტეხი და გადამწყვეტი გაუფასურება არ იქნება. „ეს იქნება უმნიშვნელო გაუფასურება, რადგან უარყოფით ფაქტორებთან ერთად არსებობს დადებითი, შემომავალი ნაკადებიც. მათ შორის ექსპორტის, ფულადი გზავნილების და უცხოური ინვესტიციების ზრდა. შესაბამისად, კურსს ესეც დააბალანსებს“, - ამბობს ჭარაია.

„საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი განმარტავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დაახლოებით 4 პროცენტით გაუფასურდა. ეს პროცესი კი განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში შეინიშნება.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარზე რაიმე მსხვილი გარიგების შესახებ ინფორმაცია უცნობია, ლარის გაუფასურებას „საზოგადოება და ბანკები“ სეზონურ გაუფასურებას და ეროვნული ვალუტის მიმართ არსებულ მოლოდინს უკავშირებს. „ბოლო 3 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ მერყევია. ვალუტის გაუფასურება განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახასიათებს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კი გამყარების  მოლოდინი არსებობს“, - აცხადებს ადეიშვილი.

ანალიტიკოსის განმარტებით, მართალია, ლარის კურსის პროგნოზი ამ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა, გაცვლითი კურსი გარკვეულ პერიოდში დასტაბილურდება.

ლარის კურსის გაუფასურებას ძირითადად საგარეო  ფაქტორებს უკავშირებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ჩარგეიშვილი. მისი მთქმით, ის რაც ახლა ხდება, შოკისმაგვარი რყევაა. თუმცა ჩარგეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი მომენტი არაერთხელ ყოფილა. ჩარგეიშვილი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ უნდა იძლეოდეს ლარის გაუფასურების საფუძველს, რადგან საკმაოდ დიდია ტურისტების რაოდენობა, ზრდაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების ნაწილშიც.

„ამ შემთხვევაში ჩვენი პირდაპირი პოლიტიკის ნაწილი არის ის, რომ სახელმწიფოს სავალუტო რყევების დროს დაზღვევა არ აქვს. კორეასთან დაკავშირებული პოლიტიკური ვითარების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე გუშინ ბიტკოინის ღირებულებაც 8 პროცენტით დაეცა. დიდი რყევებია დოლართან და ევროსთანაც. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პირდაპირ არ არის დამოკიდებული საერთაშორისო მდგომარეობასთან, მაგრამ ეს ფაქტორები ირიბად მაინც მოქმედებს. ჩვენ სტაბილურობის მექანიზმები არ გვაქვს“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.

ისიც, სხვა ექსპერტების მსგავსად ამბობს, რომ ვითარება რამდენიმე დღეში სავარაუდოდ დასტაბილურდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რამდენიმე  თეთრით გაუფასურდა. რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 5 სექტემბრის კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2,4502 ლარი ღირს, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე 1 დოლარი 2,4900 ლარად ივაჭრება.

შარშან, სექტემბრის დასაწყისში, ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2,31 ლარს შეადგენდა და მკვეთრად გაუფასურების პროცესი კი, 27 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პიკს 2016 წლის 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2,8 ლარი ღირდა.

ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, უკვე ზაფხულში კი ლარი დოლარის მიმართ 2,38–2,39 ნიშნულზე დაბალანსდა. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის განმავლობაში ბაზრიდან 110 მილიონი დოლარი ამოიღო. კერძოდ, 19 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ–მა 10 მილიონი დოლარი იყიდა, 20,26,28 ივნისს, 1–ელ და 7 აგვისტოს კი 20–20 მილიონი დოლარი.

 

ნანახია - 595

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80