დენისა და წყლის ტარიფი 3-წლიანი იქნება
ეკონომიკა

დენისა და წყლის ტარიფი 3-წლიანი იქნება

დენისა და წყლის ტარიფი 3-წლიანი იქნება
ბექა დანელია

2017-08-12 17:00:58

2018 წლიდან დენისა და წყლის ტარიფებს 3 წლით დაადგენენ. ამჟამად სემეკი ყოველი წლის ბოლო ახდენს ხელახალ გადაანგარიშებას და შესაბამისად, მუდმივად მიმდინარეობს კომუნალური გადასახადების გაძვირების ირგვლივ მანიპულიციები.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია 10 აგვისტოს დაამტკიცა. იგი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების სექტორში რეგულირების 3-წლიანი პერიოდის შემოღებას, ასევე დენის ტარიფების იმავე პერიოდულობით დადგენას.

აღნიშნული მეთოდოლოგიით წყალმომარაგების განაწილების ლიცენზიატებს ტარიფები დაუდგინდებათ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეგულირების სამწლიან პერიოდზე და კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას რეგულირების პერიოდის დასრულებამდე.

დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი რეგულირების სამწლიანი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან.

პარალელურად მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებში ცვლილებები შეიტანა, რაც ითვალისწინებს ელექტროენერგიის წარმოებისა (ჰიდროგენერაცია) და გადაცემის ლიცენზიატ საწარმოებითვის ტარიფების დადგენას რეგულირების ასევე 3-წლიან პერიოდზე.

აღნიშნული ცვლელებებით, კომპანიებს ტარიფი დაუდგინდებათ2018 წლის 1-ლი იანვრიდან 3-წლიან პერიოდზე და კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილიტარიფების კორექტირებას რეგულირების პერიოდის დასრულებამდე.

რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მათთვის ტარიფების გაანგარიშება 2014 წლიდან ხდებოდა 3-წლიან პერიოდზე, თუმცა იმავე დროს ყოველწლიურად ხდებოდა ტარიფის კორექტირება და ახალი ტარიფების დადგენა.

„ჯიბისის“ ცნობით, ახალი რეგულაციების მიხედვით, განაწილების ლიცენზიატებისთვისაც, კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას რეგულირების პერიოდის დასრულებამდე.

გამოდის, რომ 2018 წლიდან წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფები მინიმუმ 3 წლით დადგინდება და აღარ შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მორიგი ეკონომიკური ანდა სავალუტო კრიზისი არ დაიწყო. საინტერესოა ისიც, დეკემბერში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი, გაზრდის მოქმედ ტარიფებს, თუ არსებულს ძალაში დატოვებს.

მარეგულირებლის ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამოეხმაურა. კომპანიის მთავარი იურისტის ჯაბა მამულაშვილის განცხადებით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგია კომისიისა და კომპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგი და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა აუცილებელია კომისიამ შეიმუშაოს მკაფიო ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარჯებს გაითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას. კალკულაციის გამჭვირვალობას მხოლოდ ეს უზრუნველყოფს.

„ჩვენი რეკომენდაციით, სატარიფო განაცხადის წარდგენის ვადა უნდა გადაწიოს იმ დროისთვის, როცა სემეკს უკვე შემუშავებული ექნება შესაბამისი ინსტრუქცია. ეს აუცილებელია კომპანიების საქმიანობის სწორად დასაგეგმად“, - აცხადებს მამულაშვილი.

კომპანიების ხელმძღვანელები ასევე მიიჩნევენ, რომ სასურველია, მეთოდოლოგია არ იძლეოდეს ტარიფის განსაზღვრისას ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას.

ნანახია - 1377

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80