ამერიკელები „თელასიდან“ გაიქცნენ
რეტრომედია

ამერიკელები „თელასიდან“ გაიქცნენ

ამერიკელები „თელასიდან“ გაიქცნენ
„დილის გაზეთი“, 24 ივლისი, 2003 წელი

2017-08-11 11:10:36

ბოლოდროინდელი მითქმა-მოთქმა ამერიკული კომპანია «ეი-ი-ეს თელასის» ჩვენი ქვეყნიდან წასვლაზე, რასაც კარგა ხნის განმავლობაში არც ადასტურებდა, მაგრამ არც კატეგორიულად უარყოფდა რომელიმე მხარე, თანდათან მართლდება და, თუ გულწრფელნი ვიქნებით, არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. პირიქით, სავსებით ლოგიკურია და მოსალოდნელიც იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც ამერიკულ კომპანიას უწევდა საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში.

თვით ამ კომპანიის მენეჯერებს არაოფიციალურად არაერთგზის უთქვამთ, რომ „არ არიან ბედნიერნი ამ ინვესტიციით“. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ განვლილი 3 წლის განმავლობაში „ეი-ი-ეს თელასმა“ არათუ ვერაფერი მოიგო ფინანსურად, არამედ მის მიერ განხორციელებული 250-მილიონიანი ინვესტიციის (გარდაბნის ენერგობლოკთა ღირებულების გარეშე) მცირე ნაწილიც ვერ ამოიღო.

მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამერიკულმა კომპანიამ, ეტყობა, მართლაც გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა. მთავარი მოტივი გახდა ის დამოკიდებულება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალნათელი იყო.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადისტრიბუციო ბიზნესი იმ ქვეყანაში, სადაც გადახდის უმდაბლესი კულტურაც არ არსებობს, მეტისმეტ რისკთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ასეთ ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლება ბუნებრივად ეცდება, არ გააღიზიანოს მოსახლეობა, მიაწოდოს ელექტროენერგია არგადამხდელ რეგიონებსა და საწარმოებს, ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც, რათა თავიდან აიცილოს გზების გადაკეტვა, მიტინგები, დემონსტრაციები, ელექტროსადგურებში შეჭრა და ასე შემდეგ.

ბუნებრივია, ამ პროცესში გარდაუვალი გახდა ის, რაც ამერიკელებს, ეტყობა, ვერც კი წარმოედგინათ, როცა საქართველოში შემოდიოდნენ. მაგალითად, ისეთი არცთუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც „ეი-ი-ეს თელასის“ მიერ რუსეთში შესყიდული ელექტროენერგია, თბილისის ნაცვლად, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სტრატეგიული ელექტროგადამცემი ხაზებით მიეწოდებოდათ იმ რეგიონებს, სადაც „მასათა მძვინვარების“ ჩასაქრობ-დასაშოშმინებლად სასწრაფოდ ელექტროენერგიის მიწოდება იყო საჭირო.

ამას დაემატა კომპანიის მენეჯერის დღემდე გაუხსნელი მკვლელობა, გახმაურებული დაპატიმრებები და პროკურატურის განცხადება, რომ არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თვით კომპანიის გენერალური მენეჯერის წინააღმდეგ.

უკანასკნელი ექსცესი კომპანიისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა. განურჩევლად იმისა, დააშავა თუ არა რაიმე ირიბარენმა (საეჭვოა, რამე მაქინაცია პირადად გაებედა და თვეში 30-ათასიანი ხელფასი ეჭვქვეშ დაეყენებინა, თავისუფლებასთან ერთად), მაგრამ თვით ამერიკული კომპანიისთვის ყველაზე მიუღებელია სახელის გასვრა, რაც დასავლეთში (საქართველოსაგან განსხვავებით), ნებისმიერ ინვესტიციასა და მოგებაზე ძვირი ღირს.

ამდენად, ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნება, თუ „ეი-ი-ეს თელასი“ საქართველოში შემოდგომის ბოლომდე დარჩება. კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იქნება, თუკი თბილისის ელექტროქსელს, რუსული კომპანიის გარდა, ვინმე მყიდველი გამოუჩნდება. მართლაც, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ დაიჯეროს, თითქოს „ეი-ი-ეს თელასის“ სამწლიანი ტრაგიკომიკური მარტვილობის შემხედვარე რომელიმე დასავლური კომპანია გადაიხდის 300 მილიონ დოლარს (გარდაბნის ენერგობლოკების ღირებულებით) რათა თვითონაც გაყოს თავი იმავე უღელში.

ასოთმავნებლები და მაზოხისტური სნებით დაავადებულნი დასავლურ ბიზნესში არ არიან, ხოლო რუსული ელექტროგიგანტი „რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემები“ უეჭველად იყიდის „ეი-ი-ეს თელასს“ თუნდაც იმიტომ, რომ იგი სახელმწიფო კომპანიაა და მისი მეშვეობით რუსეთის სახელმწიფო ძალიან მძლავრ ბერკეტს შეიძენს საქართველოზე ზემოქმედებისთვის. გარდა ამისა, „რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემებსა“ და, მისი სახით, ახალი რუსული კაპიტალის პიონერს – ანატოლი ჩუბაისს სულაც არ მოუწევს ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა. საკმარისია, მან ამერიკული კომპანია დააკმაყოფილოს (თუნდაც, ნავთობის მცირე საბადოს გადაცემით ციმბირში, ანუ „ნატურით“), ხოლო რაც შეეხება საქართველოს და ჩვენს კუთვნილ 25 პროცენტს, მისი გაყიდვის საკითხი რომც დადგეს და ამ არგუმენტით ქართული მხარე ხელშეკრულებას რომც შეეწინააღმდეგოს, ამით ბევრი არაფერი გამოვა – ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ის სახელმწიფოა, რომლისაც 75 მილიონი დოლარი გვმართებს, მხოლოდ სუვერენული ვალის სახით, ხოლო რუსული „გაზპრომის“ შვილობილი „იტერასი“ - კიდევ 100 მილიონი დოლარი, თუმცა, უღიარებელი, მაგრამ მაინც რეალურად არსებული ვალი.

ამ არგუმენტების მეშვეობით, რუსეთი სულ ადვილად შეძლებს ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც საქართველო ძნელად თუ გაუბედავს „რუსეთის ერთიან ენერგოსისტემებს“ იმას, რასაც ამერიკულ კომპანიას უბედავდა, რაკი ელექტროენერგია, რომელიც თბილისში უნდა განაწილდეს, იმავე რუსეთმა უნდა მოგვაწოდოს „გასანაწილებლად“.

თუ ამას დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთი რჩება ბუნებრივი აირის ერთადერთ მომწოდებლად, ნათელია, რომ საქართველოს ენერგეტიკაში რუსეთის მონოპოლიას უკვე ვეღარავინ შეეცილება.

ეს არის შედეგი იმისა, რომ ამერიკის ყოველმხრივი დახმარების მიუხედავად, არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკურად აქტიურ სოციუმს და ელემენტარულად მოსახლეობას არ სურდა გაეგო ელემენტარული ჭეშმარიტება: ამქვეყნად ყველაფერს თავისი ფასი აქვს: ელექტროენერგიიდან სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობამდე. როდესაც ელექტროენერგიის ფასს არ იხდი, მაშასადამე, არც დამოუკიდებლობის ფასს იხდი.

 

 

 

 

ნანახია - 181

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80