42-მილიონიანი განაჩენი - ვინ იტყუება მიქაძე თუ არაბები?
საზოგადოება

42-მილიონიანი განაჩენი - ვინ იტყუება მიქაძე თუ არაბები?

42-მილიონიანი განაჩენი - ვინ იტყუება მიქაძე თუ არაბები?
ბექა დანელია

2017-08-10 18:00:04

არაბებისა და დეპუტატ გელა მიქაძის სკანდალური სასამართლოები პიკს აღწევს. განაჩენი უკვე ბრიტანელმა მართლმსაჯულებმაც გამოიტანეს, რომელსაც დაპირისპირებული მხარეები როგორც აწყობთ ისე კითხულობენ. კომპანია „რაკია“ ცალკე აღნიშნავს გამარჯვებას, ხოლო მიქაძე და მისი ადვოკატები - ცალკე.

კომპანია „რაკიას“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და საქართველოში „რას ალ ხაიმას“ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა გელა მიქაძემ დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში საქმე წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში მიქაძის მფლობელობაში არსებული 42 561 555 აშშ დოლარის ღირებულების აქტივები გაიყინება.

კომპანია „რაკიას“ განცხადებას დეპუტატი გელა მიქაძე სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ლონდონის სააპელაციო სასამართლომ „რაკიას“ თავად დააკისრა ჯარიმა 600 ათასი ფუნტის ოდენობით.

„რაკიას“ განცხადება არის ტყუილი. ლონდონის აპელაციაში, პირველ და მეორე ინსტანციაშიც გავიმარჯვე და „რაკიას“ დაეკისრა ჯარიმა 600 ათასი ფუნტის ოდენობით. აპელაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 14 კომპანია, საპელაციოში გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩემი და ჩემი კომპანიების სასასრგებლოდ. ჩემთვის არავითარი 42 მილიონის გაყინვის გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია. სხვა კომპანიების მიმართ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ სხვაგან რაიმე აქტივი აქვთ, არ მოხდეს ამ აქტივების გაყიდვა. სულ ეს არის, თორემ ჩემმა კომპანიამ და მე ორივე ინსტანცია მოვიგეთ“, - განაცხადა მიქაძემ.

კომპანია „რაკია ჯორჯიამ“ კი დეპუტატ გელა მიქაძის განცხადებას მალევე უპასუხა და გაირკვა, რომ „რაკია ჯორჯიას“ ნამდვილად დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა იგი მოიცავს მხოლოდ სასამართლო ხარჯების გარკვეულ ნაწილს. კომპანია ასევე გაასაჯაროა ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონულ ვერსია:

„ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ორიგინალი დოკუმენტის გაცნობისას ცალსახაა, რომ გელა მიქაძემ საქმე წააგო და მასთან დაკავშირებული 42 561 555 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3 შპს-ს აქტივები დაყადაღდა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ბრიტანულ-ირლანდიური სამართლებრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ქვეყნდება ყველა ამ სახის დოკუმენტი.

ასევე ვადასტურებთ, რომ „რაკია ჯორჯიას“ ნამდვილად დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა იგი მოიცავს მხოლოდ სასამართლო ხარჯების გარკვეულ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ გელა მიქაძე, შესაძლოა, ცდილობს შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, რადგან ლონდონის სასამართლოს აზრით, საკმაოდ საეჭვოა მისი კავშირი იმ კომპანიებთან, რომლებიც მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს შესაძლოა ჰქონდეს არა დეკლარირებული, საგადასახადო ინსტიტუტებისგან დამალული ქონება.

„რაკია“ კვლავაც გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოებში“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რაკია ჯორჯიას“ განცხადების გაოქვეყნება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ Petyers & Peters Solicitors LLP-ში საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა კეიტ ოლივერმა „პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, გელა მიქაძის სახელით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რაკიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კეიტ ოლივერი განცხადების ტექსტში სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებას ახდენს:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მთლიანობაში მოგებული მხარეა (მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს თავიანთ სარჩელთან მიმართებაში). სააპელაციო სასამართლომ „რაკიას“ დაავალა გელა მიქაძის კომპანიას სასამართლო დანახარჯები გადაუხადოს, რაც, როგორც მინიმუმ ½ მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება გაკეთებულია მხოლოდ 3 კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც ბატონ მიქაძეს არ ეკუთვნის. სამწუხაროა, რომ „რაკიამ“ პრესრელიზი გაავრცელა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც აღწერილი შეიძლება იყოს, როგორც ყალბი სიახლე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „რაკიასა“ და გელა მიქაძის მრავანმილიონიანი დავა უკვე კარგა ხანია გრძელდება. 23 მაისს ცნობილი გახდა, რომ რას ალ-კაიმაჰის სასამართლომ, თანხების გაფლანგვისა ბრალდებით, კომპანია „რაკია ჯორჯიას“ ყოფილ დირექტორს და ამჟამად პარლამენტის წევრს გელა მიქაძეს, დაუსწრებლად, პატიმრობა შეუფარდა და 12.8 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. მასთან ერთად პატიმრობა და 4.4 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა სასამართლომ გიორგი ჯანაშიასა და მასთან ერთად „რაკიას“ ყოფილ ხელმძღვანელს ხათერ მასადს. სასამართლოს დადგენილებით, მათ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო კომპანიისგან ჯამში 17.2 მილიონი დოლარის თანხა მიითვისეს.

ნანახია - 1583

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80