„გირჩმა“ წინასაარჩევნოდ „საქმე“ გამოიჩინა
პოლიტიკა

„გირჩმა“ წინასაარჩევნოდ „საქმე“ გამოიჩინა

„გირჩმა“ წინასაარჩევნოდ „საქმე“ გამოიჩინა
მარიამ თოდაძე

2017-08-10 09:30:32

საარჩევნო კანონმდებლობა დახვეწილი, დემოკრატიულ სტანდარტებს ბოლომდე მორგებული და უნაკლო რომ  არ გვაქვს, საქართველოში ეს ყველამ იცის, პოლიტიკოსმაც - არაპოლიტიკოსმაც, სპეციალისტმაც და დილეტანტმაც, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები აშკარა პროვოკაციას რომ მიმართავენ, ესეც ცხადია. თუმცა ამ შემთხვევაში სიცილი სჯობს თუ ტირილი, მკითხველმა გადაწყვიტოს - რაც მართალია, მთელ ამ ისტორიაში პანტაგრუელიზმის მომენტები უფრო სჭარბობს, ვიდრე პროვოკაციული.

ცესკო-მ „გირჩს“, რომელმაც თავის დროზე, არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ხელმოწერები ცესკოში საკმაოდ პომპეზურად, ფაეტონითა და ხურჯინით მიიტანა, ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

ამის თაობაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. მისი განმარტებით, მათ უარი ტექნიკური მიზეზების გამო ეთქვათ არა იმიტომ, რომ პარტიამ ცესკოში გააზრებულად წარადგინა ყალბი ხელმოწერები.

„ცესკო-ს თუ დავუჯერებთ, მათ 1 დღეში შეამოწმეს 27 990 ხელმოწერა, რაც ნიშნავს დაახლოებით წამში 1 ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას. ეს ფაქტი თავისთავად აჩვენებს კანონით განსაზღვრული ამ პროცედურის აბსურდულობას. თუმცა, არანაკლებ აბსურდულია ცესკო-ს მიერ ხელმოწერების ბათილად ცნობის მიზეზები: დაბადების წელი უნდა ყოფილიყო თურმე მითითებული ოთხნიშნა და არა ორნიშნა რიცხვით - თითქოს 1800-იან ან 2000-იან წლებში დაბადებულებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება) და ხელმომწერებზე პასუხისმგებელი პირის გრაფაში მისამართი მითითებული უნდა ყოფილიყო სრულად, თითქოს თბილისს თუ არ მიუთითებ, ვინმემ შეიძლება ჩათვალოს რომ გლდანი ან ჩუღურეთი ფოთის რაიონებიცაა“,- აცხადებს ჯაფარიძე.

როგორც ჩანს, მასკარადი ფაეტონითა და ხურჯინით არ დასრულებულა - როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, „გირჩის“ მიერ ცესკო-ში წარდგენილი ყველა ხელმოწერა იყო ოფისში დამზადებული, ზუსტად ისე, როგორც წლებია ამას მოქალაქეებისგან მალულად აკეთებს საქართველოში ყველა პარტია.

„ჩვენ ეს წინასწარ განვაცხადეთ და თავად დამზადების პროცესიც გავხადეთ საჯარო. მიუხედავად ამისა ხელმოწერების ბათილად ცნობა ცესკო-ს მიერ მოხდა არა სიყალბის გამო, არამედ რაღაც ტექნიკური ხასიათის ხარვეზების მოშველიებით. მეტიც, ვადა მოგვცა „ხარვეზის“ გასასწორებლად.

ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა და ქართული ბიუროკრატიის მუშაობის ეფექტურობის იდეალური ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ წარდგენილ, სრულად გაყალბებულ ხელმოწერებში ცესკო-მ არც მეტი, არც ნაკლები, აღმოაჩინა 13 რეალური ხელმოწერა და ჩაგვითვალა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რომ ხელმოწერების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის ეს მოთხოვნა რეალურად გულისხმობს მხოლოდ მაკულატურის შეგროვებას და უბიძგებს პარტიებს არა რეალური მხარდამჭრების მოძიებისკენ, არამედ ცესკო-ს ბლანკებში არსებული ბაზებიდან მონაცემების ზედმიწევნით სიზუსტით გადაწერისკენ.

როგორც ჩანს, ადგილობრივი არჩევნების წინ ჯაფარიძემ „გლობალური პრობლემა“ აღმოაჩინა:

„ის, რომ ყველა პარტია ხელმოწერებთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს წლებია და აქამდე ამაზე საჯაროდ არავის ამოუღია ხმა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა ჭაობშია ჩაფლული ქართული პოლიტიკა. პარტიები ან ვერ აცნობიერებენ ამ პროცესის აბსურდულობას, ან უბრალოდ ცდილობენ სისტემის საკუთარ თავზე მორგებას“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.

რამდენად სერიოზულია, ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც ირკვევა, „გირჩმა“ სპეციალურად შეავსო სიები არასწორად, რომ შემდეგ ზურაბ ჯაფარიძეს ის ყველაფერი ეთქვა, რაზეც ზემოთ ისაუბრა.

„ჩვენ შევეცადეთ საკუთარ მაგალითზე გვეჩვენებინა, თუ რა წარმოუდგენელი მასშტაბის მარაზმია არსებული სისტემა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - ცესკო - როგორ აზრდაუტანებლად ასრულებს არსებულ არქაულ და სასაცილო რეგულაციებს. ეს ინსტიტუტი და ეს სისტემა ატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს. ეს ინსტიტუტი და ეს სისტემა წყვეტს ვის ხელში იქნება ძალაუფლება ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება „გირჩის“ მონაწილეობას არჩევნებში - ჩვენ 1,5 თვის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ თუ ონლაინ ვერ შევაგროვებდით 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერას, არჩევნებში არ მივიღებდით მონაწილეობას. ჩვენ შევაგროვეთ 7 000-ზე მეტი ხელმოწერა და უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამო არ ვაპირებთ საკუთარი დაპირების გადათქმას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს. ასეთ ბედნიერებას არ მივცემთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვიქნებით აქტიური მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და მოგიყვებით სიმართლეს, როგორც ყოველთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ, ნაკლებად საინტერესოა, რეალურად რა პრობლემები აქვს „გირჩს“ - ხელმოწერებს ვერ აგროვებს თუ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სპეციალურად არ უწევს კონკურენციას...

თუ საკითხს სხვა კუთხით მივუდგებით, ასეთი არასერიოზული საქციელის შემდეგ ცესკომ „გირჩს“ არჩევნებში მონაწილეობის შანსი მაინც დაუტოვა. ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს, რომ ბათილად სცნეს ყველა ის ხელმოწერა, რომელსაც არ ადასტურებდა ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, ან რომელშიც სრულად არ იყო მითითებული კანონით გათვალისწინებული მონაცემები.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, ბლანკების ჩაბარებიდან, 31 ივლისიდან, ორ დღეში დაიწყეს შემოწმება და საბოლოო პასუხი ოთხი სამუშაო დღის შემდეგ, შვიდ აგვისტოს გადაუგზავნეს პარტიას.

„მხარდამჭერთა სიის ბლანკში, გარდა კანონით განსაზღვრული რეკვიზიტებისა, ასევე, უნდა იყოს მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ბლანკის შევსების თარიღი და ეს დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით“.

ცესკოს ცნობით, თუკი ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები არ არის კანონთან თანხვედრაში, ბლანკი მთლიანად არის ბათილად ცნობილი და მასში მითითებული ამომრჩევლის რეკვიზიტები აღარ მოწმდება.

პარტიას შვიდ აგვისტოს გაუგზავნეს შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ 27 990 ხელმოწერიდან 27 977 არის ბათილი, ხოლო 13 - ნამდვილი.

„გირჩის“ განცხადებით, ცესკოს შეტყობინებაში არ იყო მითითებული, რა მეთოდოლოგია გამოიყენეს ხელმოწერების შესამოწმებლად.

კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

- რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

- არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული ან რომელიც არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელიც პარლამენტის არჩევნებში არ მონაწილეობდა, და ამ არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში მითითებული იყო ამ პარტიის წევრობა;

კანონში ასევე ვკითხულობთ, რომ თუ სუბიექტი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

მოკლედ, რისთვის დასჭირდა „გირჩს“ მთელი ეს ხმაური, გასაგები შეიძლება გახდეს, თუ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს - დღეს პარტიები რეიტინგისთვის ყველაფერზე მიდიან. მაგრამ თუ პარტიას გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და მისი მთელი „ნაღვაწიდან“ სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება, პროვოკაციის მასშტაბი არ არის იმ სიძლიერის, რომ ამომრჩეველში ღიმილის გარდა სხვა ემოცია გამოიწვიოს და არჩევნების „ყოფნა-არყოფნის“ ბედი სასწორზე შეაგდოს.

ნანახია - 1497

lialia

2017-08-10 10:02:11

რითი დაამახსოვრა გირჩმა თავი ამომრჩევლებს? პასუხი : ითხოვს "მსუბუქი" ნარკოტიკის (ალბათ დამწყებებისათვის)ლეგალიზაციას, პროსტიტუციის ლეგალიზაიას, დადის ფაეტონით და როგორც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, როცა მთაწნინდის ფერდობი იწვოდა, მისი ერთ-ერთი წევრი გოგონა ნატრობს მამადავითის დაწვასაც, და მოსწონს კრემაცია... სულ ესაა, მე მგონი, მეტი არაფერი მახსენდენა.

Maverick

2017-08-11 00:03:23

პოლიტიკურად როგორი პრასტიტუტკაც იყო, ცხოვრებაშის ისეთივე დარჩა!

საცოდავია. კარგი გვარის უღირსი მატარებელია!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80