ვინ არის კომპანია, რომელიც საქართველოში ლატარიას 2027 წლამდე ჩაატარებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

ვინ არის კომპანია, რომელიც საქართველოში ლატარიას 2027 წლამდე ჩაატარებს

ვინ არის კომპანია, რომელიც საქართველოში ლატარიას 2027 წლამდე ჩაატარებს
bpn.ge

2017-08-09 11:26:26

1 სექტემბრიდაან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს.

საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა - გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღო.

ლატარიის ჩატარების უფლებამოსილება ამ დრომდე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ აქვს, რომელიც საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან წყვეტს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გახდა სახელმწიფო. ამ დრომდე უცნობია თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ წილს - დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელობაში გადავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ლატარიის კომპანიის 70%-იან წილთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის უწყებებს შორის, რომელთა დასრულების შემდგომაც, შესაძლებელი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება“.

რაც შეეხება ტენდერის პირობებს, ლატარიის ორგანიზატორმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს არანაკლებ, 5 000 000 აშშ დოლარი. ამასთან, კომპანია ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 8%. ასევე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 2 800 000 აშშ დოლარს.

კომპანია „ჯი ენ ელ“-ი გასული წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის მომენტში კომპანიის 100%-იან წილს მისი მოქმედი დირექტორი ლევან ხუნდაძე ფლობდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელები უკვე ბულგარეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება New Games და შპს „ვინ“ არიან, რომლებიც იმ დროისათვის 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის მონაცემებით კი, New Games-ი კომპანიის

25%-იანი წილის; ხოლო „ვინ“ 75%-იანი წილის მფლობელები არიან.

New Games-ი ბულგარეთის ლატარიის ეროვნული  კომპანიაა. რაც შეეხება კომპანია „ვინ“-ს, რეესტრში ის 2016 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიაა. რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორია, რომლის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია ფლობენ. სამივე მათგანი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

თავის მხრივ, „სი ბი ეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არიან: „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველი სარესტორნო ქსელის მმართველი კომპანია „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, სასტუმრო „ინტურისტი“ და ა.შ.

რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია ასევე ფლობს 80%-იან წილს კომპანია „ჯეო ტოტო“-ში; „იმპექს სერვისის“ 10%-იან წილს; „ფორტუნა-ბათუმის“ 25%-იან წილს. ასევე არის შპს „სფოთ ფოინთ“-ის დირექტორი, რომლის მფლობელები ხვიჩა მაქაცარია და თემური კობახიძე არიან.

შპს „ჯი ენ ელ“-ს საქართველოში ლატარიის ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლება 2027 წლამდე აქვს.

ნანახია - 1002

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80