"ნაცმოძრაობა" შიშობს, რომ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოს გადასცემს
დაიჯესტი

"ნაცმოძრაობა" შიშობს, რომ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოს გადასცემს

"ნაცმოძრაობა" შიშობს, რომ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოს გადასცემს
"რეზონანსი"

2017-07-17 11:20:27

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები გარიგებაზე წავიდნენ და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დააყენონ. როგორც დეკანოიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას განაცხადა, სააკაშვილი არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის მტერიც არის, ამიტომ ამ საკითხზე ორი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მანიპულაციები მოსალოდნელია. "მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია გააქტიურდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის ლიდერი უკრაინაში და პირველად ამხილა, როგორც პოლიტიკოსმა, ყველაზე დიდი კორუფციული სქემები სახელმწიფოსა და ოლიგარქიულ ჯგუფებთან, იქიდან დაიწყო საქართველოსთან უკრაინის ურთიერთობის დათბობა.... შესაბამისად, წარმოიშვა ასეთი ორმხრივი ვიზიტები, მანამდე არ ყოფილა ასეთი ვიზიტები - მაშინვე შედგა კვირიკაშვილის, კალაძის და სხვათა ვიზიტები უკრაინაში", - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიცია დაუშვებელია კონსტიტუციით, მაგრამ "არაფერია გამორიცხული ამ ხელისუფლების მხრიდან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ნაცმოძრაობა" შიშობს, რომ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოს გადასცემს.

"გახსოვთ ალბათ ჩუგოშვილის განცხადება. ის წერდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, რომ დაებრუნებინათ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, ასეთი საკითხი კორუფციულ და ოლიგარქიულ მთავრობებს შორის მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის და, რაც მთავარია, იქნება უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა", - ამბობს დეკანოიძე. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვევა. იგი ოჯახის წევრებთან, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოდის. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, სააკაშვილის ფაქტორს არ უნდა ემოქმედა ქვეყნების ურთიერთობაზე და ორივე მხარეა დამნაშავე იმაში, რომ ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე არ გადადო", - აღნიშნავს გამოცემა.

"პირველ რიგში, მივესალმები უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას. ძალზე სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში არ შედგა არც საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტი უკრაინაში და არც პირიქით. სააკაშვილის ფაქტორს არ უნდა ემოქმედა ქვეყნების ურთიერთობაზე. მე ორივე მხარეს ვადანაშაულებ იმაში, რომ ორივე მათგანმა ვიწროპარტიული ინტერესები არ გადადო გვერდზე და სახელმწიფოებრივი არ დააყენა წინა პლანზე," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე. რაც შეეხება შესაძლო ექსტრადირებას, პოლიტოლოგის აზრით, ეს ნეგატიურად აისახება როგორც უკრაინის ეროვნულ, ისე საქართველოს ინტერესებზე", - განაგრძობს გამოცემა.

"ორივე ქვეყანა ისწრაფვის მოხდეს ორივე ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში კი ევროინტეგრაციის პროცესი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეფერხდება, ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა აქვს დასავლეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ელიტურ წრეებში და ვიცით, რომ ის სარგებლობს ავტორიტეტით. გარდა ამისა, სამართლებრივ საკითხებსაც რომ შევეხოთ, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და არა საქართველოსი. უკრაინის კანონმდებლობით კი, საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა აკრძალულია. თუ მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხს განვიხილავთ, ამ შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები უნდა არსებობდეს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვას", - განმარტავს ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ ერთი პიროვნების ფაქტორმა არ უნდა შეაფერხოს ორი ქვეყნის ურთიერთობა - პოლიტოლოგის თქმით "თუ ექსტრადირება მოხდება, ეს ორივე ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება და შესაძლოა, სავალალო შედეგებიც კი მოიტანოს", - დასძენს გამოცემა.

"სააკაშვილი არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის მტერიც არის, აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მან "პირველ რადიოსთან" საუბრისას არ გამორიცხა, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები წავიდნენ მანიპულაციაზე და გარიგებაზე, რათა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დააყენონ - მისი თქმით, "ასეთი საკითხი კორუფციულ და ოლიგარქიულ მთავრობებს შორის მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს. მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს. რაც მთავარია, იქნება უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები კითხვით - გჯერათ თუ არა, რომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინა და საქართველო გარიგდებიან?

"უკრაინისთვის და არც საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი დიდი ფიგურა, რომ მასზე გარიგება სახელმწიფოებრივ დონეზე მოხდეს. ეს სააკაშვილის პიროვნების ძალიან გაზვიადება იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ერთი საწყალობელი და შემცდარი კაცია... სააკაშვილი სადმე უკაცრიელ კუნძულზე უნდა გაგზავნო. მისი ქარიზმა და ენერგია პროგრესული კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული. უპირველეს ყოვლისა კი, თავისი სამშობლოს წინააღმდეგ. საქართველოში ის არავის არ სჭირდება, არც ციხეში და არც ციხის გარეთ. მამაჩემს აქვს ცხონება, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა სააკაშვილის კეთილგონიერებისა, კარგად დააკვირდნენ მისი საუბრის მანერას და სიტყვებს. ეს ნორმალური ადამიანის სიტყვები არ არის... ვინ ოხერია სააკაშვილი და რას წარმოადგენს ან მსოფლიოს ან საქართველოს ისტორიისთვის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მწერალი რეზო მიშველაძე.

"ეს "ნაციონალებისგან" მორიგი პროვოკაცია მგონია. ვის რაში სჭირდება სააკაშვილი. მგონი, მის ნახევარ ფრთასაც აღარ სჭირდება", - ამბობს ჟურნალისტი ანა რატიანი.

"მართალი რომ გითხრათ, ამის ნაკლებად მჯერა. თუმცა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არიან ის ხალხი, ვინც ამით სერიოზულადაა დაკავებული", - მიიჩნევს "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

"უდავოა, თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ეს გარიგება იქნება... მინდა, რომ სიმართლე მკითხველის ყურამდე ანალიზით მივიტანო - მე და ვიღაცები სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რომ ვიყავით, ეს სხვა მხარეა. სააკაშვილი ვიღაცას შეიძლება ესიმპათიურება, ვიღაცას - არა. გუშინ ჟურნალისტს მოვუსმინე - უდესიანს, რომელიც ზონდერად იყო წოდებული მთელი მტკიცებულებებით, არ დაუყადაღეს ქონება და ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ჩანს პროკურატურის ლობირება, რასაც სულ ვამბობდი. თანხაც იქნა გადახდილი. იგივე ხალხია პროკურატურაში, ვინმე კი არ შეცვლილა. როდესაც პროკურატურა მტკიცებულებად სააკაშვილის ბებიის სახლს და მის პალტოს დებს, ცოტა სასაცილოა. აქედან გამომდინარე, მისი ექსტრადირება თუ ამის საფუძველზე მოხდება, რა თქმა უნდა, ვიფიქრებ, რომ გარიგება შედგა. მინდა, რომ პროკურატურამ დამნაშავე ადამიანზე სამართლებრივი დოკუმენტაცია დადოს. თუ გვინდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, ხელისუფლებამ სამართლებრივი დოკუმენტაცია უნდა გვაჩვენოს. დოკუმენტს თუ ვერ მაჩვენებ, ვიფიქრებ, რომ ქმედება არასამართლებრივია", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

ნანახია - 1149

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80