„პროფესორი" ნოდია, „სტრატეგოსი" რონდელი და „ჟურნალისტი" პაიჭაძე
რეტრომედია

„პროფესორი" ნოდია, „სტრატეგოსი" რონდელი და „ჟურნალისტი" პაიჭაძე

„პროფესორი" ნოდია, „სტრატეგოსი" რონდელი და „ჟურნალისტი" პაიჭაძე
„რეზონანსი“, 25 მარტი, 2010 წელი

2017-07-17 11:08:02

კარის მლიქვნელებს და ხელის ბიჭებს რა გამოლევს ქვეყანაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც გაქანებული ავტორიტარიზმია და ერთი კაცის ნებაზეა აგებული მთელი ქვეყანა. ის, რომ „ისტორიული წარმოსახვა ჯერ არასოდეს გაფრენილა ასე შორს, ოცნებაშიც კი..." (ნიცშე, „ისტორიის სარგებლობა და მავნებლობა") შესაძლებელი გახდა სააკაშვილის თავში გაჩენილი ავადმყოფური ფანტაზიის წყალობით, რომელიც „ქართული ოცნების რეკვიემის" წარმოდგენით გავიდა ტელეკომპანია“"იმედის" ეთერში.

მოგვიანებით, როდესაც სააკაშვილის ბნელი ფანტაზია კრახით დასრულდა, რადგანაც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა სულიერმა წინამძღოლმა, სააკაშვილის ბნელ მიზნებს, მის ავადმყოფურ ფანტაზიებს ერთსულოვანი რეაქციით უთხრა არა - არა ომს და დიახ, მშვიდობას, არა კონფრონტაციას და დიახ, ნორმალურ ცხოვრებას, არა „მტრის ხატის" შექმნას და დიახ, მოლაპარაკებას, დიალოგს და როდესაც თავისუფალი დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა მსგავსი რეაქციით უპასუხეს, ტელეკომპანიამ საკუთარ საიტზე განათავსა საბოდიშო წერილი სათაურით „ჩვენს მაყურებელს", რომლის მოკლე შინაარსი ასეთია:

„შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ ის, თუ რამდენად ვწუხვართ იმ შეშფოთებისა და ნერვიულობის გამო, რაც თქვენ, თქვენმა ოჯახებმა და მეგობრებმა განიცადეთ 13 მარტის გადაცემის შედეგად. პროგრამა ითვალისწინებდა იმ საფრთხეების განხილვას, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა. გვსურდა, გვეჩვენებინა ის, რაც არასოდეს გვინდა, რომ იქცეს რეალობად. გვსურდა გამოგვეფხიზლებინა მთელი საზოგადოება და პირველ რიგში პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, იმ სახიფათო გეგმების უკეთ დასანახად, რასაც ამზადებს იმპერია, რომელმაც ერთხელ უკვე წაგვართვა სახელმწიფოებრიობა 1921 წელს და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია 2008 წელს. თუმცა ჩვენ ეს არ გამოგვივიდა, რადგან ვერ გამოვიჩინეთ საკმარისი სიფრთხილე.

ყველაზე იოლი სათქმელადაც და მოსასმენადაც არის ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთულია საუბარი საფრთხეზე და მისთვის თვალის გასწორება, მაგრამ ამის გარეშე უფრო რთული ხდება მისი თავიდან აცილება. თავიდანვე გვინდოდა ნათელი ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ეს შოუ არის ფიქცია.

სამწუხაროდ, გადაცემის დასაწყისში გაკეთებული გაფრთხილება არ აღმოჩნდა საკმარისი. იმ ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც გადაცემას თავიდანვე უყურებდა, იცოდა რომ ეს იყო იმიტაცია. მაგრამ ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ძალა, რომელიც თანამედროვე სამყაროში გააჩნია მობილურ ტელეფონებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტს. ვწუხვართ, რომ ვერ გავთვალეთ მოვლენების მსგავსი განვითარება. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.

ჩვენ დავუშვით შეცდომა, რადგან ვერ წარმოვიდგინეთ, რომ საზოგადოების ამხელა ნაწილი ასე სერიოზულად აღიქვამდა გადაცემას და ესოდენ მძიმე შედეგი დადგებოდა."

ასეა „საზოგადოების ამხელა ნაწილს", სააკაშვილი, სახელად „პრეზიდენტს" რომ ეძახიან, საქართველოს მთელ მოსახლეობას სერიოზულად არ აღიქვამს (მისი კუდაბზიკა, კორუმპირებული არველაძით დაწყებული, „იმედის გენდირექტორად" რომ იწოდება და დამთავრებული გია ნოდიას, სახელად „პროფესორად" წოდებულის, ალიკ რონდელის, სახელად „სტრატეგოსად" წოდებულის, დავით პაიჭაძის, სახელად „ჟურნალისტად" წოდებულის და მისთანანის ნაკრებით). საფრთხეც სწორედ აქედან მომდინარეობს, რომ არსერიოზული კაცი, რომელსაც ერთი კაცის პირობაზე ზედმეტად მეტი ძალაუფლება აქვს ხელში კონცენტრირებული, საშინელებების ჩამდენია (რაც არაერთხელ დადასტურდა სააკაშვილის მიერ).

ვეთანხმები წერილის შემდგენლებს, რომ „ყველაზე იოლი სათქმელადაც და მოსასმენადაც არის ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთულია საუბარი საფრთხეზე და მისთვის თვალის გასწორება, მაგრამ ამის გარეშე უფრო რთული ხდება მისი თავიდან აცილება." სწორედ ამიტომ, როცა რეალური საფრთხე სააკაშვილის ავადმყოფური ფანტაზიებიდან მომდინარეობს, რომელიც შეუძლებელს ხდის ჩვენს უსაფრთხოებას, რატომ არ გვინდა მასთან „თვალის გასწორება" და „მთელი საზოგადოების გამოფხიზლება, პირველ რიგში პოლიტიკოსების, როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან."

თევზი თავიდან ყარს. სააკაშვილი, როგორც თავი, სახელმწიფოსა და მთავრობის თავიკაცი, ყარს. ამიტომ საფრთხეების ძებნაც, მასთან თვალის გასწორებაც და თავიდან აცილებაც სააკაშვილიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ, თანამედროვე თაობას უდიდესი გამოწვევების ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. მოგვიწია და გვიწევს. ამას ემატება ისიც, რომ ხელისუფლების ორგანიზებაში პრობლემები გვაქვს.

არა გვაქვს დანაწილებული, ურთიერთგაკონტროლებული და პასუხისმგებლობით აღჭურვილი სახელისუფლებო ინსტიტუტები, რაც ადამიანის ცხოვრებას შეუძლებელს ხდის, არ არსებობს არანაირი პირობა ელემენტალური მოძრაობისათვის, არსებობისათვის, სუნთქვისათვის კი. სწორედ ეს არის რეალური საფრთხე და არა მოდელირებული „რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებული" სააკაშვილისეული ბოდვები, რომლის საჯაროდ გამოტანაც ჩვენი თანამემამულეების სიკვდილზე და დახეიბრებაზე გადის („ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გადაცემით იმედები გაგიცრუეთ. ყველა ჩვენგანი, ტელეკომპანია „იმედში“, გამოვთქვამთ სინანულს რომ მოდელირებულმა რეპორტაჟმა ამდენ ადამიანზე, მათ შორის ჩვენს საკუთარ ოჯახებზე, ასე უარყოფიათად იმოქმედა". წერილიდან „ჩვენს მაყურებელს").

მთელი მსოფლიო იმას გვეუბნება, რომ მშვიდობიანად მოაგვარეთ პრობლემები რუსეთთან. დაელაპარაკეთ რუსებს, აფხაზებს, ოსებს. ახლახან ვარშავაში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის ნატოში გაწევრიანების მე-10 წლისთავს, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ნატო-ს სტრატეგიის ახალ კონცეფციაზე იმსჯელეს, რომელშიც ძირითადი აქცენტები გაკეთებულია არა კონფრონტაციაზე, არამედ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც სასურველია ჩართულობის გზით დაუახლოვდნენ ალიანსს და სასურველთა შორის არის რუსეთის ფედერაცია.

ამის ნაცვლად, სააკაშვილი სკამის შენარჩუნების მიზნით რუსეთთან კონფრონტაციას აგრძელებს, მაქსიმალურად ანვითარებს ე.წ. „შეთქმულების თეორიას", თბილისში ატარებს რაღაც ჩრდილოკავკასიურ კონფერენციას, არა ჩერქეზების, ჩეჩნების ინგუშების მწარე ისტორიული ტკივილების მოსაშუშებლად, არამედ რუსეთის გასაღიზიანებლად, მისთვის კარგად ნაცნობი, მხოლოდ „პიარაქციების" გზით. ამ საერთაშორისო ფონზე, როდესაც მთელი ცივილიზირებული მსოფლიო ეძებს გზებს რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობაზე და არა კონფრონტაციაზე, ყოვლად დაუშვებელია სააკაშვილის პოლიტიკურ საჭესთან ყოფნა, ყოველ შემთხვევაში მისი მარტოდ, გაუკონტროლებლად დატოვება.

ამიტომ მისი შეზღუდვა ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების, უახლოს მომავალში საპარლამენტო ხელისუფლების დონეზე, ხოლო შემდგომ საპრეზიდენტო ხელისუფლების დონეზეც, ქვეყნის უსაფრთხოების უახლოეს სტრატეგიას წარმოადგენს. საბოლოო მიზანს, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადაყვანა წარმოადგენს, რამდენადაც ერთი კაცის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელში (ერთი კაცის ტვინში), ერთი მხრივ, შეუძლებელია ჩვენი ბუნებით მრავალფეროვანი მოსახლეობის შეხედულებები, გულისტკივილები და მისწრაფებები ჩაეტიოს, ხოლო მეორე მხრივ, მომავალშიც არ არის გამორიცხული სააკაშვილის მსგავსი იმბეცილი ტირანების ხელისუფლების სათავეში მოსვლა გამოვრიცხოთ, როგორც დემოკრატიის თანმდევი, უცილობელი პარადოქსი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს ალიანსი ძალიან ნათლად და ზუსტად აყალიბებს იმ ფასეულობებს, რომლებიც მასში გაერთიანებულმა, თუ მომავალში გაერთიანების მსურველმა ქვეყნებმა (უპირველესად საქართველომ, როგორც პირველი რიგის კანდიდატმა უკრაინასთან ერთად) დაიცვან და შეასრულონ. ეს არის მოქალაქეთა ხელშეუვალი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მმართველობის სისტემის დემოკრატიზაცია, რომელსაც ეთანხმება ყველა ნორმალური ადამიანი. მაგრამ იმავდროულად, მათი შესრულება ნიშნავს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებასა და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის შეცვლას. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება არ არის მიმართული არც ნატოს, არც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების წინააღმდეგ, რაზეც საპიროსპიროს გაჰყვირის სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა. ნატოს დემოკრატიული ფასეულობების ქვეყანაში დამკვიდრება და ამით ნატოში საქართველოს შესაძლო შესვლა, გადის საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებაზე და კერძოდ სააკაშვილის არადემოკრატიული მმართველობის დასრულებაზე.

ჩემი ფონდების საქმიანობის ძირითადი იდეაა, ძალა შევმატო იმ ხალხს, ვინც ღია საზოგადოების მშენებლობისათვის აუცილებელ მსხვერპლს გაიღებს, ვინც იზრუნებს მოპოვებულ თავისუფლებაზე და დაიცავს მას მომავალი თაობებისათვის" - ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების ამ მიზნით გაწეული ხარჯები, საქართველოში სააკაშვილის („პროფესორი" ნოდიას, „სტრატეგოსი" რონდელის, „ჟურნალისტი" პაიჭაძისა და მისთანანის, ვინც სოროსის ფულებით (სასუქით) იკვებებოდა) მიერ, ჩვენში ჩამოყალიბებულ ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნებას და გაღრმავებას მოხმარდა და არა ღია, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობას.

ამიტომ ნუ გვამადლიან სხვადასხვა სახის შენობებისა და გზების მშნებლობას. ეს ხომ ტირანების სტიქიაა, დიდისა, თუ პატარის. „ვია დელ იმპერო პალაცო ვენეციასთან იწყება, მუსოლინიმ საკუთარ რეზიდენციად, რომ გამოაცხადა. ქუჩის თავში აღმართულ მაღალ სვეტზე წარწერა გვამცნობს, რომ ეს გზა გაიხსნა 1932 წელს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური დუჩე იყო" - ასე აღწერს წინა საუკუნის იტალიელი ტირანის საგმირო საქმეებს გრიგოლ რობაქიძე თავის წიგნში „მუსოლინი".

და ბოლოს, ნატო და დანარჩენი ცივილიზირებული სამყარო, მომავლის საფრთხეებად განიხილავს საინფორმაციო უსაფრთხოებასაც („მაგრამ ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ძალა, რომელიც თანამედროვე სამყაროში გააჩნია მობილურ ტელეფონებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტს" – „იმედის" წერილიდან). ამიტომ პირადი პასუხისმგებლობა და შინაგანი თავისუფლება თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია: ნუ ავყვებით სააკაშვილის ავანტიურისტულ, ავადმყოფურ ბუნებას და მისი კარის „პროფესორ" ნოდიას, მისი კარის „სტრატეგოსს" რონდელს, მისი კარის „ჟურნალისტ" პაიჭაძესა და მისი კარის „პოლიტიკოსებს" (მათ შორის „სანდომიანი სახის" უგულავა არ დაგავიწყდეთ), რამდენადაც ისინი ღია, თავისუფალი საზოგადოების დაუძინებელი მტრები არიან.

 

 

 

 

 

 

ნანახია - 391

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80