„იზვესტიას" დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში"
საზოგადოება

„იზვესტიას" დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში"

„იზვესტიას" დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში"
სანტიაგო გაუჩო

2017-07-16 01:22:27

დღევანდელი საკვირაო მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი იქნება. ამ მოთამაშეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. დავით ყიფიანი ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. მასზე ბევრი დაიწერა და მომავალშიც არაერთხელ გაიხსენებენ. ის იმ დროის მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ. სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ნაკლებად წყალობდნენ, რადგან იმ გუნდში გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ადგილი ძნელად მოიძებნებოდა. არადა ქვემოთ მოყვანილი ვიტატებიდანაც კარგად ჩანს რომ ყიფიანი იმ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული, მსოფლიო დონის მოთამაშე გახლდათ.

„დინამომ" მაყურებელს ვირტუოზული ნომრები უჩვენა. ყიფიანი შეუდარებელია". „ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა - ასეთი მოთამაშის დავიწყება შეუძლებელია". „თბილისელთა დიდი რეჟისორი მოედნის ბატონ-პატრონად მოგვევლინა. დღეს ევროპაში ასეთი მასშტაბის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი თუ მოიძებნება".

დღევანდელ წერილ-მოგონებაში ტრადიციულად დავით ყიფიანის ადრინდელი ინტერვიუებიდან საინტერესო ფაქტები ამოვკრიბე.

„დინამოს" დუბლშემადგენლობამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი. 1968 წელს ჩვენმა გუნდმა სოჭში „იმედის" თასი მოიგო, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა... ფინალის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებს ვეთამაშეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. იმ მატჩის მერე საკავშირო იუნიორთა ნაკრებშიც მიმიწვიეს, პარალელურად კი „დინამოს" დუბლებშიც დავიმკვიდრე ადგილი.

ჩემი დებიუტი ტაშკენტის „ფახთაქორთან" შედგა. იმ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. შეცვლაზე შევედი. მაინცდამაინც კარგად არ მითამაშია. 0:1 წავაგეთ.

ნოდარ ახალკაცი პირველად თბილისის „ლოკომოტივში" გავიცანი - „დინამოდან" წამოსულმა იქ დავიწყე თამაში და სწორედ მაშინ შევხვდი მას.

როცა ვალერი ლობანოვსკიმ მონრეალის ოლიმპიადისთვის ნაკრებში შემიყვანა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ ველოდი თუ მწვრთნელი სათადარიგოთა შორის დამტოვებდა - კანადაში წუთიც არ მითამაშია. ცხადია მაინტერესებდა მიზეზი, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ფეხბურთელმა ასეთი კითხვა არ უნდა დასვას. თუმცა, ვთვლი, რომ მონრეალში კარგ ფორმაში ვიყავი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ  1976 წელს ქვეყნის მეორე ფეხბურთელად დამასახელეს. მე კი მონრეალში თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა.

ის ამბავი, რის შესახებაც ევგენი ევტუშენკომ მოგვიანებით ლექსი დაწერა, მართლა მოხდა. კარდიფში ვითამაშეთ თასების თასზე - „კარდიფ სიტისთან" 0:1 წავაგეთ. მატჩის შემდეგ უელსური კლუბის პრეზიდენტი მოვიდა და თუ არ ვცდები, ოცფუნტიანი კუპიურა გამომიწოდა, ვითომდა, ამაზე ღირებულად არ გითამაშიაო. მას ფული გამოვართვი, ხელი მოვუწერე და დავუბრუნე. იმ წუთებში ევტუშენკო გვერდით მედგა და მერე მითხრა, ფული უკან რომ დაუბრუნე, შენით ძალიან ამაყი ვიყავიო.

მსაჯებმა მხოლოდ ორჯერ მიჩვენეს წითელი ბარათი. პირველად თბილისში, ლენინგრადის „ზენიტთან" გამაძევეს - ეს ვალერი ბასკაკოვმა გააკეთა და არ დავმალავ, მართალი იყო. ერთმა ლენინგრადელმა დინამოელს დაარტყა და არც დავფიქრებულვარ, ხურდა დავუბრუნე! მეორედ ლაიპციგში გამაგდეს, გდრ-ის ნაკრებს ვეთამაშებოდით და ჩემი მეურვე 85 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ მჩეხავდა და ფეხებში მირტყავდა. ბოლოს ვერ მოვითმინე და სილა გავარტყი. იქაც გასაძევებელი ვიყავი.

ფეხბურთიდან 1982 წელს, 31 წლისა წავედი. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წამიყვანეს, ეს კი ჩემთვის იმდენად მძიმე დარტყმა იყო, რომ კარიერის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. 1981 წლის სექტემბერში მძიმე ტრავმა მივიღე, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს. მერე ნაკრები სამხრეთ ამერიკაში წავიდა ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად, მეც გუნდში ვიყავი, მაგრამ ხეირიანად არ მითამაშია. გაზაფხულზე უკეთ ავთამაშდი, მინსკის „დინამოსთან" და კრასნოდარის „ყუბანთან" საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ როცა გუნდის გაფართოებული, 40-კაციანი შემადგენლობა გამოქვეყნდა და იქ ჩემი გვარი ვერ ვნახე, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუ არ ვცდები სექტემბერში, ნიკიტა სიმონიანმა მითხრა: „დათო, მგონი იჩქარე, ფეხბურთი იქამდე უნდა ითამაშო, სანამ მუხლი გიჭრისო". გუნებაში კი ვეთანხმებოდი, მაგრამ მაშინ ამის აღიარება არ მინდოდა. ეგებ მართლა ადრე იყო წასვლა, მაგრამ გულახდილად ვამბობ, მაშინ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვოცნებობდი.

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, „დინამოდან" რატომ წახვედითო. მაშინაც ვუპასუხე და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი: „დინამოდან" არასდროს წავსულვარ და არც არასდროს წავალ. ეს კლუბი ჩემს გულშია!

ვიტალის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, ბორჯომში ოჯახთან ერთად ვისვენებდი. იქიდან პირდაპირ რიკოთის უღელტეხილზე გავვარდი, იმ სოფლისკენ, სადაც ავარია მოხდა. ვიტალის დაღუპვამ ყველას გული დაგვწყვიტა, ყველა საშინელ ხასიათზე ვიყავით, გულში რაღაც ჩაგვწყდა. საერთოდ, რიცხვი 13 ვიტალისთვის საბედისწერო იყო: 13 დეკემბერს დაიღუპა, 13 მაისს გაიტანა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, მე-13 ნომრით ითამაშა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე... და რამდენადაც რთული სათქმელი არ უნდა იყოს, მის ცხედარს 13 დღე ვეძებდით.

ვთვლი, რომ ფეხბურთელობისას შესაძლებლობების დაახლოებით 75% გამოვიყენე. შეიძლება ოდნავ მეტი, ან ნაკლები. ნიჭის სრულად რეალიზებაში ყველაზე ძალიან ტრავმებმა შემიშალა ხელი, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებოდი და ყველანაირად ხელს მიშლიდნენ. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, არ მიყვარს პრობლემების სხვებისთვის გადაბრალება.

1976-1981 წლებში თბილისის „დინამომ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ აღმართა თასი, იყო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ყველაფერი კი თასების მფლობელთა თასის მოგებით დააგვირგვინა. ხუთი წლის განმავლობაში ამდენი ტიტული, დამეთანხმებით, ცოტა არაა. რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? შრომა და დისციპლინა იყო ამ წარმატებების წინაპირობა.

უცხოეთის რამდენიმე კლუბი მთავაზობდა გადასვლას, კონტრაქტიც გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობდი. სხვა დრო იყო მაშინ, ჩვენს უკან ოჯახი, ნათესავები, მეგობრები იდგნენ. გაპარვის შანსი როგორ არ იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ან ნაბიჯს ჩვენი ახლობლებისთვის ძალიან მძიმე ნაბიჯები მოჰყვებოდა. საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი, ვინც უცხოეთში გადავიდა, მგონი ზინჩენკო იყო, თუმცა როგორ მოახერხა ავსტრიაში გადასვლა, დღემდე ვერ ვხვდები.

ჩვენ მუდმივად სავსე სტადიონზე ვთამაშობდით, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, „დინამოს" ფინანსური პრობლემა არ შეექმნებოდა. ჩვენ დროს გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და როცა წლის დასაწყისში სამინისტროს ბიუჯეტი მტკიცდებოდა, იქ ჩვენი დაფინანსებაც გათვალისწინებული იყო. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 700-750 ათასი მანეთი იყო გამოყოფილი კლუბისთვის. ეს თანხა მგზავრობას, ხელფასებს, პრემიებს და სხვა ყოველდღიურ ხარჯს ფარავდა.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში. ჩემი აზრით, საკავშირო პირველობა არაფრით ჩამოუვარდებოდა ბუნდესლიგას, სერია ა-ს და ინგლისის ჩემპიონატს.

გუნდს, რომლისკენაც გული მიმიწევდა და სადაც დიდხანს გავჩერდებოდი მადრიდის „რეალი" ჰქვია.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში საკმაოდ ადრე, 1974 წელს მოვხვდი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა მატჩი ჩავატარე. სხვადასხვა მწვრთნელებთან ვთანამშრომლობდი: ნიკიტა სიმონიანი, კონსტანტინ ბესკოვი, ვალერი ლობანოვსკი, ნიკოლაევი... ცხადია, მაინტერსებდა, რატომ არ მათამაშებდნენ, მაგრამ ამ კითხვით მათთვის არასდროს მიმიმართავს.

როცა თბილისის „დინამოში" საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ნაკრებს არცთუ კარგი პერიოდი ედგა. ევროპის 1976 და 1980 წლების ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით, ვერც მსოფლიოს 1978 წლის პირველობაზე გავედით.

მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის პროფესიონალად ვთვლიდი, მუდამ ყურს ვუგდებდი სხვის რჩევას და კრიტიკას. მომწონს თუ არა, რჩევებიდან და კრიტიკიდან ყოველთვის კარგი დასკვნები გამომაქვს.

ბევრი მწვრთნელი შემხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტად ნოდარ ახალკაცს ვემადლიერები. შეიძლება იდეალი არ იყო, მაგრამ... ნუ დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი მის სახელს. იგი დიდი ადამიანი იყო თავისი მინუსებით და პლუსებით. გული მტკივა, რომ დღეები და წლები გადის და თითქოს თანდათან ივიწყებენ მის ამაგს. ხშირად უნდა გავიხსენოთ ნოდარ ახალკაცის და ანდრო ჟორდანიას სახელები. ისინი უდიდესი პიროვნებები იყვნენ!

აფხაზეთში ყოველთვის საუკეთესო მოსამზადებელი პირობები იყო: ქართულ კლუბებზე არაფერს ვამბობ, რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის უძლიერესი გუნდები ჩადიოდნენ სოხუმში, გაგრაში, ლესელიძეში და ძალიან კარგად ემზადებოდნენ. ის, რომ ახლა ეს კუთხე მიტოვებულია, ყველასთვის დიდი დანაკლისია. აფხაზეთში ისეთი საწვრთნელი პირობები იყო, ესპანეთს, თურქეთს, კვიპროსს და ისრაელს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

კვიპროსში ჩემი დაკავების ამბავი მალე გავრცელდა მოსკოვსა და თბილისში. ისიც ითქვა, თითქოს რუსულ მაფიასთან ვთანამშრომლობდი. გეტყვით რა მოხდა: რესტორანში, რომლის თანამფლობელიც ვიყავი, ორმა რუსმა ერთს სცემა. ისიც ადგა და იჩივლა, ფულს მძალავდნენო. საქმეში პოლიცია ჩაერია და რადგან რესტორნის თანამფლობელი ვიყავი, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ „საქმეში" მეც ვმონაწილეობდი. სახლში მომადგნენ, გამჩხრიკეს, ბორკილები დამადეს და დამაკავეს. შაბათ-კვირა დაემთხვა, ამიტომ, ორი დღე საპყრობილეში გავატარე. როცა გაიგეს ვინ ვიყავი, თვალები შუბლზე აუვიდათ, სულ ბოდიშის მოხდით გამათავისუფლეს. ნიქოზიის პოლიციის უფროსი მთხოვდა, საჩივარს ნუ შეიტანთო, კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა კი ოფიციალური წერილით მომიბოდიშა. მერე მითხრეს, „იზვესტიას" დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში". ავისმსურველებს მეტი რა უნდოდათ? ათასი ჭორი მომაწერეს.

მე დავით ყიფიანი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რაღაც გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის და რაკიღა ფეხბურთელის კარიერის შემდეგ კვლავაც ფეხბურთში დარჩენა გადავწყვიტე, ესე იგი, მაინტერსებს ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი. კვიპროსზე ჩინებულად ვიყავი მოწყობილი, არაფერი მაკლდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი, რადგან, სწორად გამიგეთ - მინდოდა რაღაცაში გამოვდგომოდი ჩვენ ფეხბურთს. როცა ქართულ ფეხბურთში საქმე ცუდადაა, განა აქვს დავით ყიფიანს უფლება, ამ ყოველივეს შორიდან უცქიროს და ჩუმად იყოს?

არ ვიცი, ზუსტად რამდენგუნდიანი ჩემპიონატი უნდა იყოს საქართველოში. ალბათ 8, 10 ან 12. ამ შემთხვევაში მოხდება საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების კონცენტრაცია, უფრო უკეთ მიეხედება თავად ჩემპიონატსაც, პირველ ჯგუფში თამაშიც პრესტიჟული გახდება.

თუ გვინდა, რომ ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, 5-6 ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ. 3-4 თუ იქნება, არც ესაა ურიგო. ათგუნდიანი ოთხწრიანი ჩემპიონატის შემთხვევაში გაცილებით გაიზრდება დაძაბულ შეხვედრათა რაოდენობა, რაც ძალიან წაადგება საქმეს, პირველ რიგში კი „დინამოს".

ძლიერი გუნდების შექმნის წინაპირობა, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნა და მათი ხელშეწყობაა. განა ახლა გვყავს იმდენი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი, მით უმეტეს, ესოდენ მომძლავრებული მიგრაციის პირობებში, რომ 16 კლუბი დავაკომპლექტოთ? აღარ არიან ამდენნი, მით უმეტეს ნიჭიერნი.

1996 წელს, როცა საქართველოს ნაკრები პერუჯაში იტალიასთან 0:1 დამარცხდა, ბევრს გაუხარდა ის წაგება. როგორ შეიძლება ეს გაგიხარდეს? იტალიასთან „მხოლოდ" 0:1 წაგების მოტრფიალენი უცუდეს სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს. ობიექტურად, შეიძლება მართლა არ ვიყოთ მზად იტალიასთან მოსაგებად. ეს საკამათო თემაა, მაგრამ წაგება, ვისთანაც უნდა იყოს, არ უნდა აქციო კვეხნის საბაბად. „რა მაგრები ვართ, იტალიასთან 0:1 წავაგეთ"! წაგება „მაგარი" ვერ იქნება, კარგი წაგება არ არსებობს! წაგება მუდამ ცუდია!

„ბოავიშტასთან" რომ წავაგეთ, მივხვდი, რომ ჩვენი გუნდის ხუთი-ექვსი ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატისთვის „გადამწიფებული" იყო. ვინ დარჩება და ვინ წავა, ამას „დინამოს" დირექტორატი გადაწყვეტს, მაგრამ ვიცი, რომ როცა ბიჭებს გაესაუბრნენ, მათ შეთავაზებული პირობები არც განუხილავთ. რა პირობები უნდა შესთავაზო მოთამაშეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატისთვის „გადაზრდილია" და უცხოეთისკენ უჭირავს თვალი? ასეთი მოთამაშის ძალით შენარჩუნება დანაშაულია და მეტი არაფერი. 24-25 წლის ასაკში კაცს შეუძლია ცხოვრება მოიწყოს და მოდი და წინ გადაუდექი. არაკაცური საქციელია, მეც ხომ ფეხბურთელი ვიყავი.

საქართველოში პატიოსანი მსაჯებიც არიან და გამყიდველებიც, მაგრამ მე მათ ვერ განვსჯი, რადგან საკუთარი თვალით მინახავს, რა პირობებში მსაჯობენ ქართველი არბიტრები. აფერუმ მათ ვაჟკაცობას! ასეთი დაუცველები არიან და მაინც ასე მსაჯობენ. ვის რა უფლება აქვს მსაჯს სცემოს? არასოდეს ვიკადრებ ხელების შლას და ფეხბურთელების შეცდომის მსაჯისთვის გადაბრალებას.

როცა „დინამოში" ვთქვათ, „გურიის" ან „კახეთის" ლიდერი მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული ექნება. შესაძლოა ბიჭებს სხვა კლუბებში თამაშის გაძღოლის უნარი აქვთ, მაგრამ ყველასთან დიდი ბოდიში - „გურია" და „კახეთი" ერთია, „დინამო" - სხვა. „დინამოში" ლიდერად ყოფნა კი, ხომ იცით, არაა იოლი. აქ ცოტა სხვა მოთხოვნებია.

მე ანდრო ჟორდანია არ ვარ, ოთხჯერ მაინც უნდა ვნახო ფეხბურთელი, რომ მის ავ-კარგზე ვიმსჯელო. ბატონი ანდრო კი ერთხელ შეხედავდა და რასაც იტყოდა, წყალი არ გაუვიდოდა.

...უცხოურ კლუბში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი წარმატებული იქნება. მაგალითად, საქართველო-ბულგარეთის მატჩს გავიხსენებ: ჩვენ 2:1 გავიმარჯვეთ და იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელმაც ძირითადში ითამაშა, მხოლოდ სამი იყო თბილისის დინამოელი: ირაკლი ზოიძე, გოჩა ჯამარაული და კახი გოგიჩაიშვილი. და მინდა გითხრათ, რომ სამივე საუკეთესო იყო იმ თამაშში.

მგონია, რომ ქართველი გულშემატკივარი ზედმეტ ეიფორიაშია: მას სულ ჰგონია, თითქოს მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელები კი არ გვივარგა. მე კი პირიქით ვფიქრობ: საკმაოდ კარგი მწვრთნელები გვყავს და მაღალი კლასის მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით.

როდესაც რუსეთში, „შინიკში" წავედი სამუშაოდი, გაოცებული ვიყავი - ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცი ვარ და ისეთი პატივისცემა და სიყვარული, რაც იქ, იაროსლავლში ვნახე, კარგა ხანია არსად მიგრძვნია. მაშინ კლუბი რუსეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადავარჩინე. მერეც მთხოვდნენ „შინიკიდან" დახმარებას, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, უარი შევუთვალე.

იცით, პროფესიონალი მწვრთნელის პოზიცია ასეთია - უნდა ჰქონდეს ძალიან პატარა ჩანთა, მივიდეს, საქმე გააკეთოს, თუ ვერ შეძლებს ამას, აიღოს ის ჩანთა და წავიდეს შინ. ჩვენს მოღვაწეობას ყველა ერთი კუთხით აფასებს - შედეგით. რა კაციც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა უყვარდე ყველას, შედეგი მაინც ყველაფერს გადაწონის. ვისაც სურს ამ სფეროში მუშაობა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, ამას შეჩვეული უნდა იყოს. ეს უმადურობისთვის განწირული პროფესიაა - მოიგებ, კარგი ხარ, წააგებ და ვერავინ გიშველის.

ქუთაისის „ტორპედო" რომ ჩავიბარე, ბევრმა თქვა, ყიფიანს ძალიან ბევრი გადაუხადეს, ყველაფერზე უარი თქვა და ქუთაისში წავიდაო. ეს არ არის სიმართლე. ადამიანი მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის არ უნდა ცხოვრობდეს. არ დავმალავ: „ტორპედოსთან" დაკავშირებით ძალიან დიდი გავლენა იქონია ბატონი მიშას ავტორიტეტმა. მიხეილ ქორქია ისეთი პიროვნებაა ქართულ სპორტში, რომლის დავიწყებაც დაუშვებელია. ითქვა ისიც, ყიფიანი ამბიციური კაცია და თავისი რენომეს დამტკიცება უნდაო. არც უამისობა იყო.

თბილისი ურთიერთობის ქალაქია. დილით, სანამ სადარბაზოდან გავალ, ხუთი-ექვსი ნაცნობი მხვდება, ვესალმები, მოვიკითხავ... ქუჩაში მეგობრებს ვნახულობ - მათთან გასაუბრება ერთი სიამოვნებაა! როცა უცხოეთში ვმუშაობდი, ყველაზე ძალიან სწორედ ეს ურთიერთობები, ეს სალამი და მოკითხვები მაკლდა და ამას ძალიან განვიცდიდი... არაერთხელ ვიყავი პარიზში და როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდებოდი, მათ სახეზე უდიდეს ნაღველს და მონატრებას ვხედავდი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი რა იყო იმ სევდის მიზეზი.

ჩემთვის თბილისელია ის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და მისით ცხოვრობს და არა ის, ვინც მესამე, მეოთხე თაობის თბილისელია და დაბადების მოწმობით ამაყობს. თუ ოდესმე მეტყვიან, გვითხარით საუკეთესო თბილისელიო, გალაკტიონ ტაბიძეს დავასახელებ, მიუხედავად იმისა, ეს უდიდესი პოეტი თბილისში არ დაბადებულა. და მიუხედავად ამისა, თბილისის სიყვარული მასზე ძლიერად და ლამაზად არავის გამოუხატავს”.

ნანახია - 1830

tngh

2017-07-16 12:40:28

ყიფიანი მხოლოდ დიდი ფეხბურთელი არ იყო. დათო თავისი ეპოქის გამორჩეული კაცი იყო. უზომოდ შეყვარებული ქალაქზე, ქვეყანაზე და თავის მეგობრებზე...

davituna

2017-07-16 14:02:32

ძალიან დიდი ადამიანები წავიდნენ ,ამ ქვეყნიდან, ადრე-დათო,ზურა საკანდელიძე,მიშა ქორქია...

giaz777

2017-07-16 14:22:26

ნამდვილი ადამიანი

tngh

2017-07-16 18:36:19

მე მგონი, ვერავინ ვერასდროს ვერ მოვიხდით ვალს იმ ლეგენდარული "დინამოს" მიმართ, რომელმაც განუმეორებელი 6 წელი და უდიდესი სიხარული გვაჩუქა...

anri

2017-07-16 21:07:22



საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერთ-ერთი სუსტი ჩემპიონატი იყო ევროპაში. ბუნდესლიგა და სერია "ა" კი არა და ისეთი ჩემპიონატები ჯობდა როგორიცაა: პორტუგალია შოტლანდია და ჰოლანდია. ჰა-ჰა ბელგია შვედეთის ჩემპიონატების დონე იყო.

kitanoo

2017-07-17 11:25:15

anri- 10 ქვეყნის ნაკრები თამაშობდა იმ ჩემპიონატში და როგორ იყო ერთ-ერთი სუსტი ჩემპიონატი ევროპაში ცოტა გაუგებარია.

kitanoo

2017-07-17 11:25:57

დათო ყიპიანი ლეგენდაა.

anri

2017-07-17 13:45:26

kitanoo
სსრ ჩემპიონატში ამინდს მუდამ ქმნიდა კიევის თბილისის დინამოები და მოსკოვის გუნდები(პერიოდულად) .დანარჩენები იყო ჭ კლასი. შენ თუ ნეფთჩის ფახთაქორს ჟალგირისს ქაირათს ნისტრუს "ქვეყნის ნაკრებებად მოიხსენიებ, თავად დააკვირდი რა დონეა. კი გაიელვებდნენ ხოლმე არარატი დნეპრი მინსკი ან ზენიტი მაგრამ ეგრე ლესტერიც გახდა ჩემპიონი , ეს გამონაკლისია.
მეორე. გაიხსენე რამდენჯერ მოიგეს სსრ ფეხბურთელმა ოქროს ბუცი ან ბურთი.
მესამე სანაკრებო დონე, აქაც უღიმღამო და ურეზულტატო ასპარეზი.
მეოთხე. საბჭოთა ფეხბურთის ბომბარდირი და ლეგენდა ოლეგ ბლოხინი 300გოლი (+-), როცა 500-600 გოლი ისე გააქვთ ევროპელებს რომ თითქ არაფერი, აღარაფერს ვამბობ გერდ მიულერზე რომარიოზე(1000 გოლი) და სხვა.
მეხუთე. დაგუგლე და ნახე რამდენჯერ აქვს მოპოვებული ევროთასები პორტუგალიურ (ბენფიკა პორტო) ან შოტლანდიურ (სელტიკი რეინჯერსი) გუნდებს , აღარაფერს ვამბობ ჰოლანდიაზე, მარტო აიაქსი ეყოფა მთელ სსსრ-ს. მაშინ როცა სსრ-ს მხოლოდ 3-ჯერ ისიც სამიდან ყველაზე სუსტი თასების თასი. შედეგებს ხომ ვერსად გავექცევით?
და მეექვსე. ლეგიონერების არ ყოლა ძალიან აღარიბებს და დაბლა წევს ჩემპიონატის დონეს (წარმოიდგინე პრემიერლიგა ულეგიონერებოდ).
არაფერს არ ვაკნინებ , ყიფიანი ლეგედაა და კუმირია რაზეა საუბარი. ზიდანის და პლატინის დონის თუ არა ლაუდრუპის ,მათეუსის ინიესტას და კრუიფის დონის ხომ ნამდვილად იყო . ეს ცოტაა?

anri

2017-07-17 13:54:52

10- დან 7 უსუსტესი ნაკრები. მითხარი ყაზახეთის მოლდოვის აზერბაიჯანის უზბეკეთის ან ლიტვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მითხარი უცებ. მეტყვი? ვერ მეტყვი. არც ყოლიათ და იმიტომ. ყიფიანის დონის ფეხბურთელის ყოლის ნატვრაში გასძვრებათ სული მათ შორის რუსებს.

anri

2017-07-17 14:46:00

კრუიფის ნაცვლად გულიტი უნდა დამეწერა შემეშალა

tngh

2017-07-17 21:11:33

თბილისი "დინამო" ალბათ ერთად ერთი გუნდია ევროპაში, რომელმაც ლეგიონერების გარეშე მოიგო ევროპის თასი. კიევის "დინამოს" სულ ჰყავდა ლეგიონერები რუსეთიდან და შუა აზიიდან. ხოლო იმის თქმა, რომ სსრკ- ჩემპიონატი სუსტი იყო, იმ ლეგენდარული "დინამოელების" დაუფასებლობაა, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ საქართველოს გასახარებლად. ვენაცვალე ყველას!!!

anri

2017-07-17 23:28:39

ესე იგი დინამო რომ დავაფასოთ სუსტზე უნდა ვთქვათ ძლიერიაო?
საღოლ, რკინის არგუმენტია.
და სიტყვა ლეგიონერის მნიშვნელობას გადახედე

anri

2017-07-17 23:32:26

ცვრენა ზვეზდამ და სტიაუამ მოიგო ულეგიონეროდ.
კიდე თუ არ ვცდები "გეტებორგმა" და"აბერდინმა" სულ შვედები შოტლანდიელები ყავდათ შესაბამისად.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80