„იუნესკომ ორი ძეგლი ერთმანეთისგან გამიჯნა, ბაგრატი დატოვა სიის მიღმა, ხოლო გელათი დააბრუნა მთავარ სიაში“
საზოგადოება

„იუნესკომ ორი ძეგლი ერთმანეთისგან გამიჯნა, ბაგრატი დატოვა სიის მიღმა, ხოლო გელათი დააბრუნა მთავარ სიაში“

„იუნესკომ ორი ძეგლი ერთმანეთისგან გამიჯნა, ბაგრატი დატოვა სიის მიღმა, ხოლო გელათი დააბრუნა მთავარ სიაში“
მანანა ნოზაძე

2017-07-14 22:30:27

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვან ფაქტად მოიხსენია გელათის ტაძრის მსოფლიო ნუსხაში დაბრუნების საკითხი. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძარს ვეღარ დავაბრუნებთ ამ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, იუნესკოს დავადასტურებინოთ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა.

„მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ისე გელათის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

For.ge მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ხანაში წერდა იმ ვანდალობის შესახებ, რაც ბაგრატის ძეგლს მიაყენა ერთი ადამიანის კაპრიზმა. იმ პერიოდში ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლების დამახინჯებას თავისებურად აღიქვამდნენ სპეციალისტები. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ბაგრატის ტაძარი მიშას ტაძრად გადაიქცა, ზოგი კი თვლიდა, რომ ნიკა ვაჩეიშვილს კისერზე აწვა ეს ბოროტება, რაც სხვისი დავალებით ჩაიდინა.

იმ პერიოდში შუშის ნაგებობების მანიით გატაცებამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ აქტიურად საუბრობდნენ ბაგრატის ტაძარზე შუშის ლიფტის დამონტაჟებაზე. თანაც, არგუმენტად ბაგრატ მესამეს იშველიებდნენ - „მე-11 საუკუნეში ლიფტი გამოგონებული არ ყოფილა, თორემ ბაგრატ მესამეს ვინ დაასწრებდა 24-მეტრიან ტაძარზე ლიფტის დამონტაჟებას? იმ სიმაღლეზე ასვლა არ უნდოდა?“

არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის მიერ განახლებული ტაძრის პროექტი თავის დროზე საპატრიარქომ მოიწონა. თუმცა მოულოდნელად, გრემელაშვილთან შეუთანხმებლად, პროექტში იტალიელი რესტავრატორის- ანდრეა ბრუნოს პროექტი შეიტანეს, რომელიც პროფესიონალებთან განხილვის გარეშე, სავარაუდოდ, პირდაპირ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გადაწყვიტეს. 2009 წლიდან ბაგრატის ტაძრის საძირკველი მთელ პერიმეტრზე ჩააბეტონეს და არქეოლოგიური შრეები გადაფარეს. ავთენტური სვეტის ბაზები დახერხეს და მათ ნაცვლად რკინა-ბეტონის სვეტები ჩაამაგრეს. ამის შემხედვარე იტალიელმა არქიტექტორმა სილვიო კალვიმ 2009 წელსვე უმძიმესად შეაფასა ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია ასეთი უხეში სამშენებლო კონსტრუქციებით. სილვიო კალვი მაშინ არ მალავდა, რომ ბაგრატის ტაძრის შემყურეს საშინელი იმედგაცრუება დაეუფლა. „ეს რესტავრაციაც არ არის, არამედ ნგრევა და ყალბი აღდგენაა“.

მოგვიანებით ბაგრატის ტაძარზე ანდრეა ბრუნოს მიერ განხორციელებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საერთაშორისო კონკურსში თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალი 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში, პალაცო ტასონიში გაიმართა და აღინიშნა, რომ ამ პროექტში კარგად გამოიკვეთა ახლისა და ძველის შერწყმა.

თუმცა იუნესკო მაინც მიიჩნევდა, რომ მათი მოთხოვნები ქართულმა მხარემ დაარღვია. იმის გამო, რომ არავინ იცოდა, როგორი იყო ბაგრატის ძეგლის თავდაპირველი სახე, იუნესკო ამაოდ ითხოვდა, პირვანდელი სახით აღედგინათ და არ დაეზიანებინათ ძეგლი. მეტიც, იუნესკომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების იმ სიაში შეიტანა, რომლებსაც განადგურების საფრთხე ემუქრებოდა და განმარტა, რომ ქართულმა მხარემ პატივი არ სცა და არ გაითვალისწინა დაწესებული შეზღუდვა და ისე გააგრძელა „სარეაბილიტაციო“ სამუშაოები.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია არ იზიარებს.მოსაზრებას, რომ „ბაგრატის ტაძარი იყო მიშას ტაძარი“. მისი აზრით, ახალი ბაგრატის ტაძარი ეს არის ჩვენი საზოგადოების - ხელისუფლების, ეკლესიის ამბიცია, რომლებმაც ამ ტაძრის სახით, ფაქტობრივად, ისტორიის ფალსიფიკაცია მოახდინეს. ეს იყო შუა საუკუნეობრივი სურვილების და ოცნებების აღდგენა, რაც თანამედროვეობაში სრულიად გაუგებარია. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დროს რატომღაც დღის წესრიგში დადგა ამ ტაძრის გამთლიანება ისე, როგორც ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა, ნიშნად ჩვენი ძლიერებისა. ამ დროს კი თანამედროვე მიდგომა ისეთია, რომ ისტორიული ძეგლები ხელუხლებლად უნდა დავტოვოთ. ამდენად, ბაგრატთან მიმართებითაც უნდა მომხდარიყო პრევენციული კონსერვაცია.

„ისეთად უნდა დაგვეტოვებინა ძეგლი, როგორიც იყო,განურჩევლად იმისა, ადრე შევეხეთ მას, თუ არ შევეხეთ, ნანგრევია, თუ არ არის ნანგრევი. ძველი რომის ნაშთები ნანგრევებია, მაგრამ იტალიელების ღირსებას ეს არ შეურაცხყოფს, რასაც რატომღაც ხშირად ამბობდნენ საქართველოში, რომ დანგრეული ბაგრატი ეს იყო ჩვენი ღირსების საკითხი. სინამდვილეში, ეს არ იყო ღირსების საკითხი, ეს იყო ფაქტი ჩვენი ისტორიისა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ერს, ამის გამო იდენტობის პრობლემა უნდა შეგვქმნოდა. ჩვენ ხომ აღარ ვართ ადრეულ შუა საუკუნეებში, როცა ჩვენი მთავარი ტაძრის მთლიანობა განსაზღვრავს რაღაცას. ფაქტია, საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ბაგრატს ეს განაჩენი გამოუტანა 2009-2010 წლებში და მაშინ საზოგადოების მხოლოდ უმცირესობა აპროტესტებდა ამას. დღეს ტენდენციაა, წინა ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენონ ბაგრატის თემა, მაგრამ მე ბევრად ადრე ვიყავი ამ პროცესში ჩართული ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიდრე ბაგრატის რეკონსტრუქცია დაიწყებოდა. მაშინ ჩვენ უმცირესობაში ვიყავით, რადგან საზოგადოება უთანაგრძნობდა იდეას, რომ ბაგრატის ტაძარი დაგვირგვინებულიყო გუმბათით და იქ წირვა-ლოცვა აღვლენილიყო. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი კულტურულ მემკვიდრეობას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და თვლის, რომ შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლებსა და ხელოვნების ნიმუშებში მათი რელიგიური დატვირთვაა პირველადი“, - აღნიშნა სოფო კილასონიამ For.ge- სთან საუბრისას.

რაც შეეხება გელათს, რომელიც ბაგრატთან ერთად დროებით ამოიღეს და შემდეგ ისევ შეიტანეს იუნესკოს ნუსხაში, სოფო კილასონია ამას, უბრალოდ, ტექნიკურ საკითხს უკავშირებს. საქმე ისაა, რომ 1994 წელს იუნესკოსა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის საფუძველზე რამდენიმე ნომინაცია წარადგინა ჩვენმა ქვეყანამ. სწორედ მაშინ ერთიან ნომინაციაში წარდგენილ იქნა გელათი და ბაგრატი, ანუ ერთი ნომრით გავიდა ორივე ტაძარი. როდესაც ბაგრატს შეექმნა პრობლემები და, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა კონვენციის სტანდარტების მიხედვით, დაკარგა ავთენტურობა და სანდოობა, როდესაც ბაგრატზე რესტავრაციის ჩატარებისას უფრო მეტი იყო ვარაუდი, ვიდრე რეალობა, მაშინ საგანგაშო წითელ სიაში ბაგრატთან ერთად გელათიც გადავიდა.

საბოლოოდ იუნესკომ ბაგრატზე უარი თქვა, ის უკვე აღარ მოიაზრება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ეს მაშინ, როცა ბაგრატს სხვადასხვა ეტაპზე როდესაც უტარდებოდა სარეაბილიტაციო ან გამაგრებითი სამუშაოები, იუნესკო ყველგან მონაწილეობდა, როგორც კონსულტაციის დონეზე, ისე ფინანსურად.

„დღესდღეობით გელათის დაბრუნება ამ ნუსხაში სასიხარულოა, რადგან გელათიც რომ შესწირვოდა ბაგრატს, ცუდი იქნებოდა. ეს ორი ძეგლი იუნესკომ ერთმანეთისგან გამიჯნა. ბაგრატი დატოვა სიის მიღმა, ხოლო გელათი დააბრუნა მთავარ სიაში. განვითარებული ქვეყნების სარესტავრაციო-სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ ბაგრატზე ჩატარებული რეკონსტრუქცია უფრო მეტი ზიანის მომტანია ძეგლისთვის, ვიდრე სიკეთის. საფუძვლიანად არ ვიცნობ ბოლო პერიოდში გელათში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რასაც სხვადასხვა ფაზა ჰქონდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სადავო არ გამხდარა გელათის საკითხი“.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იუნესკოში გელათთან მიმართებით არ ყოფილა პრობლემები, გელათს არც გუმბათი ჰქონია დასადგმელი და არც სახურავი გამოსაცვლელი. ამიტომ გელათი გადარჩა. ბაგრატი კი მაშინდელი ძეგლთა დაცვის სამსახურისა დაკულტურის სამინიტროს ძალიან უხეშ შეცდომად იქცა. „ეს მშვენიერი ძეგლი - ბაგრატი გააფუჭეს. ომი მქონდა ამაზე, რომ ამ ტაძრის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. მოგეხსენებათ, ბაგრატი ნანგრევები იყო და გუმბათი არ ჰქონდა. როცა გავიგე, რომ აპირებდნენ გუმბათის დადგმას, გამოვედი და, რაც შემეძლო, ვყვიროდი კულტურის სამინისტროშიც, ტელევიზიაშიც, მაგრამ ვინ მომისმინა?! ცუდი შედეგი მივიღეთ. გელათი და ბაგრატი ერთად იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში წარდგენილი, მაგრამ გელათი დარჩა, ბაგრატი კი ამოიღეს“.

ნანახია - 1107

antoni

2017-07-15 06:29:59

ისევ დორბლიანის ხუშტურები:
კარუსელები, ფანტანები, ფასადების ღებვა, ეკლესიების, ბიზნესშენობებისა და საცხოვრებელი კორპუსების ნგრევა ... ბაზრობების დარბევა, ბორდელების შტურმით აღება...
მერე ბაგრატს მიახტა ...
... მერე ფორთხვა, ღეჭვა, "გამარჯვების ზეიმი"...

tngh

2017-07-15 11:16:30

"ბაგრატის" ტაძარი "იუნესკომ" კი არ გამიჯნა სიის მიღმა, არამედ იმან ვინც ეს ე. წ. რესტავრაცია დაუკვეთა და ჩაატარა.

arichopra 2

2017-07-16 16:38:31

ძირს მარაზმატული ორგანიზაცია იუნესკო, ნა გარშოოკ! ხომ დევიღუპეთ თუ ამეიღო იუნესკომ ბაგრატის ტაძარი სპისოკიდან?! რახა ქვა ღორღის გროვის ნაცვლად დიდებული, ბრწყივალე, მომქმედი ტაძარი აქვს ქუთაისს და სრულიად საქართველოს! წარმომიდგენია როგორ გაიხარებდა მეფე ბაგრატის სული ამ აღდგენილი ტაძრის ხილვით! მოკლედ თუ გინდათ მიძახეთ აბდალი და გუუნათლებელი! არ გავკარი იუნესკოს!

arichopra 2

2017-07-16 16:38:31

ძირს მარაზმატული ორგანიზაცია იუნესკო, ნა გარშოოკ! ხომ დევიღუპეთ თუ ამეიღო იუნესკომ ბაგრატის ტაძარი სპისოკიდან?! რახა ქვა ღორღის გროვის ნაცვლად დიდებული, ბრწყივალე, მომქმედი ტაძარი აქვს ქუთაისს და სრულიად საქართველოს! წარმომიდგენია როგორ გაიხარებდა მეფე ბაგრატის სული ამ აღდგენილი ტაძრის ხილვით! მოკლედ თუ გინდათ მიძახეთ აბდალი და გუუნათლებელი! არ გავკარი იუნესკოს!

arichopra 2

2017-07-16 16:38:51

მოლოდეც მიშა!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80