სატაქსო კომპანიების ახალი თავსატეხი
ეკონომიკა

სატაქსო კომპანიების ახალი თავსატეხი

სატაქსო კომპანიების ახალი თავსატეხი
ბექა დანელია

2017-07-14 17:00:28

თბილისში სატაქსო ბიზნესის გაკონტროლებას რუსული და ამერიკული გიგანტი ერთობლივად შეეცდებიან. რუსული ტაქსის კომპანია „იანდექსმა“ და ამერიკულმა „უბერმა“ შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთსა და ხუთ მეზობელ ქვეყანაში თავიანთი ბიზნესების შერწყმის თაობაზე. ამ არიალში მოიაზრება საქართველოც, სადაც რუსული გადამზიდავი უკვე დიდი წარმატებით მუშაობს.

ერთობლივ განცხადებაში „იანდექსმა“ და „უბერმა“ განაცხადეს, რომ ისინი რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელიც 127 ქალაქში იმოქმედებს. გარიგება მხარეებს შორის 2017 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს გაფორმდება.

ორი კომპანიის ბიზნესი კომპანია NEWCO-თი იქნება წარმოდგენილი. ახალი კომპანიაში ასევე გაერთიანდება „უბერის“ საჭმლის მიტანის სერვისი „უბერითი“, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაზე გავრცელდება. კომპანიის 59,3% „იანდექსის“ კუთვნილება იქნება, 36,6% - „უბერის“, ხოლო 4,1% - კომპანიის თანამშრომლების.

სან-ფრანცისკოში მდებარე „უბერი“ 225 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, ხოლო რუსული კომპანია „იანდექსი“ კი - 100 მილიონი აშშ დოლარის.

„იანდექსის“ ქართველი წარმომადგენლის თემურ ხმელიძისთვის უცნობია, როდიდან გამოჩნდება ორი უდიდესი კომპანიის თანამშრომლობით შექმნილი კომპანია საქართველოში. ჯერჯერობით დეტალები დაზუსტებული არ არის.

ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი სატაქსო კომპანიები კიდევ უფრო დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან. მარტო „იანდექსის“ შემოსვლამ ბევრი მათგანი გააკოტრა და საქმიანობას ჩამოაშორა და 2 გიგანტის ბაზარზე ერთობლივად გაბატონებას რა შედეგებიც მოჰყვება, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

მიუხედავად ამისა, კონკურენციის სააგენტოში სატრანსპორტო სფეროში პრობლემებს ვერ ამჩნევენ და არც აპირებენ სატაქსო ბიზნესი შეისწავლონ. სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, უწყება ამჟამად სხვადასხვა კვლევით არის დაკავებული და „იანდექსის“ წინააღმდეგ საჩივარს საკუთარი ინიციატივით არ იკვლევს.

„ჩვენ ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს. მე პირადად მქონდა შეხვედრა ტაქსების კომპანიის წარმომადგენლებთან ჩემი ამ სამსახურში დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ვთხოვეთ მოეტანათ დაზუსტებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება ჩვენი ინიციატივით შესწავლას, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებისგან გამოთავისუფლებული რესურსის შემთხვევაში, თუ არ იქნება სხვა საჩივრები, გაცილებით მნიშვნელოვან ბაზრებზე უნდა ვიფიქროთ. ერთი რამ აღსანიშნავია, რომ ბაზარზე შემოვიდა არა მხოლოდ „იანდექსი“, არამედ რამდენიმე სხვა კომპანია, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, რომ ბაზარზე მომხმარებლის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ნოდარ ხადურმა.

საკუთრივ რუსულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მგზავრობაზე დაბალი ტარიფი, რომელმაც ადგილობრივი გადამზიდავები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, დროებითი მარკეტინგული აქცია იყო. თეიმურაზ ხმელიძე ამბობს, რომ დღეს მგზავრობის ტარიფი საბაზრო ფასებს შეესაბამება. შესაბამისად, „იანდექსი“ არ იღებს ქართული კომპანიების პრეტენზიებს მის მიმართ და აცხადებს, რომ ისინი არაეფექტურად მუშაობენ.

„იანდესი“ მუშაობს უფრო ეფექტურად, ვიდრე სხვა კომპანიები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს. ეს იძლევა საშუალებას, რომ მძღოლებმა თავიანთი მარგი ქმედების კოეფიციქნეტი გაზარდონ. „იანდექსის“ მძღოლები როგორც კი ასრულებენ შეკვეთას, მაშინვე იღებენ ახალს მაშინ, როდესაც სხვა კომპანიის მძღოლები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ მგზავრის გარეშე. შესაბამისად, მათ აქვთ მაღალი ხარჯები საწვავზე და მანქანის ცვეთაზე, რომლის ამოღებაც უწევთ შემდგომი რამდენიმე მგზავრიდან. „იანდექსს“ კი არ აქვს დაბალი ფასები, უბრალოდ, მათ აქვთ მაღალი ფასი“, - აცხადებს ხმელიძე.

ნანახია - 1138

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80