ყველა აკრძალვა, რომელიც მწეველებისთვის დაადგინეს
ეკონომიკა

ყველა აკრძალვა, რომელიც მწეველებისთვის დაადგინეს

ყველა აკრძალვა, რომელიც მწეველებისთვის დაადგინეს
ბექა დანელია

2017-05-20 01:27:44

კანონი მიღებულია, ნახევარი წლის შემდეგ თამბაქოს მომხმარებლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, თორემ სიგარეტის უბრალო გაბოლებაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. პირველ რიგში, კარგად უნდა გაერკვნენ სად არის მოწევა დაშვებული და სად მკაცრად აკრძალული.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. გუგული მაღრაძის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ერთი წავიდა. საკანონმდებლო პაკეტით დაწესებული შეზღუდვები ძალაში 2018 წლიდან შევა. პირველი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვასა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა სავალდებულო იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;

საგანმანათლებლო (ზოგად საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები; ცვლილებების მიხედვით სტადიონზე მოწევა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება.

თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შემდეგ შენობა-ნაგებობაში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზირებულ ლაბორატორიულ დანადგარებში;

პენიტენციურ დაწესებულებაში; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში - მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, თამბაქოს კვამლი არ უნდა ხვდებოდეს სხვა სივრცეში და ამ ოთახში არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.

გარადა ამისა, თამბაქოს მოხმარება დაშვებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, თამბაქოს მოწევა შესაძლებელია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისაგან.

2020 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში იქნება დასაშვები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ ტექნიკურად ჯერ არ არის გამოგონებული ისეთი გამწოვი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დახურულ სივრცეში კვამლის აბსოლუტურ განეიტრალებას იქ დასაქმებულებისა და სტუმრების დაცვის მიზნით. შესაბამისად, ყველაზე ეფექტურად და აღსრულების თვალსაზრისით მარტივ ზომად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია თამბაქოსგან თავისუფალი შენობები.

„ფაქტობრივად, მწეველებს ოკუპირებული აქვთ მთელი შენობა-ნაგებობები და გარე სივრცე, არსად არ ერიდებიან მოწევას. ახლა ჩვენთან მოწევა დაშვებულია თითქმის ყველა შენობაში, შეხვედრებზე თუ ოფისებში. ახალი წლიდან ეს შეიცვლება. მოწევა ყველგან აიკრძალება. რაც შეეხება კაზინოებს, მოწევა დაიშვება იმ დარბაზში, სადაც სათამაშო მაგიდებია. იმ დარბაზში კი, სადაც საკვები და სასმელია, მოწევა შეიზღუდება“, - განაცხადა ბახტურიძემ.

ნანახია - 605

ვაიკიკი

2017-05-22 15:21:46

"თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შემდეგ შენობა-ნაგებობაში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას"... ესე იგი, სტუმრად რომ მოვიდეს ვინმე სიგარეტს ვერ მოწევს ჩემთან იმის გამო, რომ ფაქტობრივად მე ვცხოვრობ სახლში და ის არა?)) ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ვინ გააკეთა მსგავსი ფორმულირება? ქვეყნის იურისტები გყავთ პარლამენტში და რაში იღებენ ხელფასს ნეტა?!

ვაიკიკი

2017-05-22 15:50:12

ჯანმრთელობას უფრო ვნებს ადამიანის ფსიქოლოგიური აღქმა სიგარეტის წევისა, როგორც უცილობლად მავნე ჩვევისა და სიგარეტის კოლოფზე არსებული წარწერები, რომ მოწევა იწვევს ათას სისულელეებს, ვიდრე თავად სიგარეტის მოწევა. მართალია, აქვს გავლენა ჯანმრთელობაზე, მაგრამ არა ისეთი, როგორც გაჰკივიან მის მავნებლობაზე. საინტერესო კვლევებია გამოქვეყნებული თამბაქოს მომხმარებლებზე და წაკითხვაა საჭირო ზოგჯერ...მაგ:მწეველები 15%-ით სწრაფად ხსნიან ინტელექტუალურ ამოცანებს და ორჯერ ნაკლებად კვდებიან შაქრის დიაბეტით! დიახ, მწეველი ქალების ბავშვების 50% წონის ნაკლებობით იბადებია (შედარებით), სამაგიეროდ მათ უფრო იშვიათად აქვთ მშობიარობისწინა პრეეკლამპსია და მესამედით უმცირდებათ სხვებთან შედარებით ტოქსიკოზის შემთხვევები! ფილტვების ენფიზემა მწეველებს ორჯერ მეტად აქვთ, მაგრამ ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადება სამჯერ ნაკლებად! ბრიტანეთის სამედიცინო აკადემიის მოხსენებას, რომ შეინიშნება წყლულოვანი კოლიტის შემცირების სემთხვევები მწეველებში, დაერთო ავსტრალიის სტატისტიკური ბიუროს 1993 წლის დასკვნა, რომელიც დიდი სკანდალით დასრულდა, რადგან 1989-90 წლების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მწეველი ავსტრალიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მათი არამწეველი თანამემამულეებისა! უნდა დავძინოთ, რომ ავსტრალიის ცენტრალიზებული სამედიცინო მომსახურებისა და დაზღვევის არსებობის გამო, მათი სტატისტიკური მონაცემები ამ სფეროში უფრო სანდოა, ვიდრე თუნდაც ევროპული და ამერიკული მონაცემები. ონკოლოგია და ათეროსკლეროზი - ეს ორი ვეშაპი, რომლითაც გულებს უხეთქავენ მწეველებს, აქაც აღმოჩნდა, რომ შედეგი გაცილებით მოკრძალებულია მწეველებში, ვიდრე არამწეველებში. ნიკოტინზე მერე გეტყვით, თუ არ წაშალეთ ეს სტატია))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80