„თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენც სხვის პახმელიაზე გამოსვლა მოგვიწევს“
საზოგადოება

„თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენც სხვის პახმელიაზე გამოსვლა მოგვიწევს“

„თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენც სხვის პახმელიაზე გამოსვლა მოგვიწევს“
მანანა ნოზაძე

2017-05-19 18:30:04

მთიანი ყარაბაღის გარშემო სიტუაცია იძაბება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის ალბათობა დიდია და პროვოკაციისთვის ორივე მხარე ემზადება. მისი აზრით, პარალელურად, რუსეთსაც აწყობს ეს ომი, რათა ე.წ. სამშვიდობოები შეიყვანოს ამ რეგიონში და ცხინვალის, გიუმრის, მთიანი ყარაბაღის სამკუთხედი შექმნას.

თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტი ემუქრება აზერბაიჯანელებს, თუკი აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში კონფლიქტს დაიწყებს, სომხეთი ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაბომბავს.

ბოლო ინციდენტი 15 მაისს მოხდა, როცა აზერბაიჯანულმა არმიამ მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა და სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა, კომპლექსი „ოსა“ გაანადგურა. ამგვარი ქმედება ბაქომ იმით ახსნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. ამიტომაც აზერბაიჯანის საფრენი აპარატებისთვის შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე, სრულად გაანადგურეს კომპლექსი „ოსა“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ეჭვობს, ვინმეს ინტერესში იყოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის დაწყება. ეს ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სომხეთს, რომელსაც გარანტია აქვს, რუსეთი ჩაითრიოს იმ ომში, სადაც აზერბაიჯანის დამარცხება გარდაუვალი იქნება. ასევე, ეს ომი შეიძლება ნაწილობრივ თურქეთის ინტერესშიც იყოს და ერდოღანს აწყობდეს მედიატორის როლში გამოსვლა მთიან ყარაბაღთან მიმართებით. For.ge-სთან საუბარში სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესში ამ ომის დაწყება არანაირად არ შეიძლება იყოს, რადგან, თუკი ძალზე გამწვავდება ურთიერთობა, რუსეთი იძულებული გახდება ერთ-ერთის მხარე დაიკავოს. ჩვეულებრივ, შემრიგებელს მეტი ხვდება და შემრიგებლის მიმართ ორივე მხარე უკმაყოფილო იქნება. ამიტომ რუსეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ წაგებული გამოვა.

რაც შეეხება ალიევის ინტერესს ყარაბაღის ომის მიმართ, პოლიტოლოგის განმარტებით, ალიევს გაისად საპრეზიდენტო არჩევნები ელის, მაგრამ ისე აქვს აწყობილი საქმე აზერბაიჯანში, რომ გამარჯვებისთვის სულაც არ სჭირდება ახალი კონფლიქტი და სისხლისღვრა. თუმცა ალიევი მუდმივად არ შეეგუება ასეთ რეალობას. მით უმეტეს, რომ იგი ცდილობს, ლამის თურქეთსაც დაეწიოს შეიარაღებისთვის გაღებული სამხედრო ხარჯებით. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სომხეთ-საქართველოს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ერთად აღებულ ბიუჯეტს აღემატება. თურქი ოფიცრები კი 10-15 წელია, ამზადებენ აზერბაიჯანულ არმიას.

„აზერბაიჯანმა კარგად იცის, რომ სომხეთთან ომი რუსეთთან ომს ნიშნავს, ვინაიდან სომხეთ-რუსეთს შორის დადებულია ხელშეკრულება და რუსეთი სომხეთის სამხედრო მოკავშირეა. მართალია, გიუმრში გაძლიერდა რუსეთის შენაერთი, მაგრამ ამიერკავკასიაში მარტო სომხეთის იმედად დარჩენა პუტინისთვისაც არ არის მიმზიდველი. საქართველოსთან მძიმე ურთიერთობა აქვს რუსეთს და არ სურს, აზერბაიჯანიც ასევე გადაიკიდოს. სომხეთი მისთვის სტრატეგიული მოკავშირეა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სომხეთის გულისთვის იომებს და აზერბაიჯანთან ნელ-თბილ ურთიერთობას მტრულად გადააქცევს, რაც არ აწყობს რუსეთს. მით უმეტეს, როდესაც თურქეთთან მაინცდამაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა არ აქვს.

ქურთების პრობლემაა თურქეთში, მაგრამ იმ ქურთებს რუსებიც ეხმარებიან და ამერიკელებიც. ასე რომ, ნატოს იქით ერდოღანს გზა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთი ნატოს წევრია და დარჩება ნატოს წევრად. ბოლო დროს საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, აფხაზეთის რკინიგზა რუსეთს სომხეთის სასარგებლოდ სამხედრო ტვირთთა გადასატანად სჭირდებოდეს. ცხადია, რუსეთის გადმოსახედიდან რთულია, როდესაც შენს სტრატეგიულ მოკავშირესთან საერთო საზღვარი არ გაქვს. მართალია, ამერიკასაც არ აქვს საერთო საზღვარი იაპონიასთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან, მაგრამ ის მაინც ამერიკაა და ამერიკის ფლოტი არის იაპონიასთანაც, კორეასთანაც და ახლო აღმოსავლეთსაც მისწვდება. რუსეთს კი სომხეთში ჰყავს მუდმივი კონტინგენტი, რომელსაც ამუნიციიდან დაწყებული, ყოველდღიურად ათასი რამის მიწოდება სჭირდება, რაც ძალიან ძვირი ჯდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ომი ნაკლებ სავარაუდოა.

გარდა იმისა, რომ რუსეთს არ აწყობს აზერბაიჯანის სამუდამო გადაკიდება, არის კიდევ სხვა ობიექტური მიზეზებიც, რის გამოც ყარაბაღის კონფლიქტის ხელახლა გაჩაღებას რუსეთი მოერიდება. კერძოდ, დაძაბულობა ყარაბაღში რიკოშეტივით აისახება ევროპასთან ურთიერთობაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანში თავის ადგილს ეძებს ჩინეთი. დიდი აბრეშუმის გზის კონტექსტში პუტინი ჩინეთს სტუმრობდა, საამისო ხელშეკრულებებიც დაიდო.

„რატომღაც ვერსად ვნახე, რომ დიდი აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე. უბრალოდ, გადის მხოლოდ ერთი მონაკვეთი, ისიც სარეზერვო გზა. ისედაც თოფის წამლის კასრად არის ქცეული ჩვენი რეგიონი და, თუ მთიან ყარაბაღში დაიწყება სროლა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ეს არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში. რუსეთს ისიც არ აწყობს, სომხეთმა გაიმარჯვოს აზერბაიჯანში და იქ შეიცვალოს ყველაფერი. აზერბაიჯანი მაინც ნავთობი და გაზია.

ამიტომ ამ რეგიონში დესტაბილიზაცია არც შტატებს, არც ევროპას, არც ახლო აღმოსავლეთს, თუნდაც იმავე საუდის არაბეთს, კატარს, ბაჰრეინს არ აწყობთ. გარდა ამისა, აზერბაიჯანი, ასე თუ ისე, მაინც ისლამური სახელმწიფოა. თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენც სხვის პახმელიაზე გამოსვლა მოგვიწევს. როცა სამხედრო ტვირთის, სამხედრო ძალების გადასროლა ხდება, არავინ უყურებს იმას, რომ ჩვენი ტერიტორიის სუვერენიტეტი ირღვევა“.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“- წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის გამო ვითარება ფეთქებადსაშიშია, რაც ჩვენთვის საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ რეგიონში ნებისმიერმა აფეთქებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კიდევ უფრო შელახვა. მაგალითად, ჯარების ტრანზიტული გაყვანა, ან საქართველოს ტერიტორიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.

„ზოგადად, რუსეთის ინტერესია, ამ რეგიონში უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი. რუსეთისთვის დაძაბულობა შეიძლება იმითაც იყოს საინტერესო, თუ ეს გამოიწვევს მისი ე.წ. სამშვიდობოების ჩადგომას მთიან ყარაბაღში. ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია მოსკოვს აწყობს, თუკი ამას არ მოჰყვება რაიმე ტიპის სხვა გართულება. რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, შესაძლოა, ყარაბაღთან მიმართებით ეს პირდაპირ ბმაში არ იყოს, მაგრამ ამ ტიპის პროექტი რუსეთს კიდევ უფრო დომინანტურად წარმოაჩენს ამ რეგიონში და კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის ამ რეგიონს მოსკოვზე“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

ნანახია - 1779

მეგრელი

2017-05-19 22:52:46

„რატომღაც ვერსად ვნახე, რომ დიდი აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე. უბრალოდ, გადის მხოლოდ ერთი მონაკვეთი, ისიც სარეზერვო გზა.
-----------------------------------------------------------------------------------
მეც ვერსად ვერ ვნახე ინფო იმაზე თუ როდისმე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა საქართველოზე . თუ ვიმეს აქვს ამაზე წყარო - გაგვიზიაროს.


ამიტომ ამ რეგიონში დესტაბილიზაცია არც შტატებს, არც ევროპას, არც ახლო აღმოსავლეთს, თუნდაც იმავე საუდის არაბეთს, კატარს, ბაჰრეინს არ აწყობთ.
-----------------------------------------------

ვითომ?

,, ქაოსის თეორია და სტრატეგიული აზროვნება" (იხ. იტერში. Теория хаоса и стратегическая мысль)-სტივენ მანი.http://spkurdyumov.ru/what/mann/
,, დიქტატურიდან დემოკრატიამდე"-ჯინვშარპი. ორივე სანტა-ფე ინსტიტუტის ანალიტიკოსებია. http://psyfactor.org/lib/sharp.htm ვისაც აინტერესებს.





მეგრელი

2017-05-19 23:45:51

პლანეტა რომლის სახელია დედამიწა დღეს განიცდის მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მწვავე კრიზისს. სახეზეა აშშ -რუსეთის პლანეტარული მაშტაბის დაპირისპირება რამოდენიმე მიმართულებით. ახლო აღმოსავლეთი სადაც აშშ და რუსეთის სამხედრო კონტინგენტები იმყოფება და ეხმარებიან ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს . ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია მოხდეს მათ შორის გაუთვალისწინებელი შეჯახება სავარაუდოთ საჰაერო სივრცეში. ეს არის უკრაინა სადაც სამოქალაქო ომი ფაქტიურად მიიღო გამოუცხადებელი ომი სახე აშშ და რუსეთს შორის . ეს არის ბალტიის ქვეყნები სადაც აშშ და ბლოკის სხვა წევრები აძლიერებენ სამხედრო ძალებს . ეს შეიძლება გახდეს კორეა და ბალკანეთი . სიტუაციას ართულებს ის გარემოება რომ ტრამპი შებოჭილია და ის კენედისავით პუტინთან ჯელტმენურ შეთანხმებაზე ვერ წავა. ისედაც აგენტად მიიჩნევს პოლიტელიტა და მედია. ამიტომ არ უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთს შორის გადატვირთვას. უნდა ველოდოთ შემდგომ დაპირისპირებას.

ოკეანე

2017-05-20 13:03:54

დადა ალბათობით, როგორც სხვებსაც უთქვამთ: მეცნიერება და პოლიტიკა დაასრულებენ თავის არსებობას მე-3 მსოფლიო ომის დაწყებით, ამომშანთველი ცეცხლი გადაივლის ცისარტყელის დროშის აგრესიული ფრიალის ადგილებში, სამყაროს დღევანდელი მეცნიერული გაგებით რაციონალური მოწყობილობა შეირყევა, და კაცობრიობის დარჩენილ ნაწილს ექნება მოკლე გასავლელი პერიოდი, რომელიც თავისი დრამატიზმის და დაძაბულობით აღემატება მთელ წინა ისტორიას. მე ესე მგონია, რომ დღეს ვინც ცისარტყელის დროშების საქართველოში ფრიალს წინ ეღობება, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმის არიდებას ემსახურება. მაგრამ მთლად გვერდზე დარჩენა ალბათ ვერ მოხერხდება, სამწუხაროდ.

უძლევი

2017-05-22 06:44:24

ოკეანე, ნუ ღელავთ!
ოკეანე და ცისარტყელა რამ გაყო? ცისარტყელას დროშები ამაყად უნდა ფრიალებდნენ, მათ შორის ოკეანის თავზე და გარშემო! ცისარტყელა ოკეანის ლაჟვარდოვან გუმბათზე შარავანდედად დაიდგმება. მხოლოდ ცისარტყელა გადაარჩენს საქართველოს და სამყაროს!

ვაიკიკი

2017-05-22 16:38:51

დასცხეთ ერთმანეთს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80