„სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ წაგვლეკავს იაფი საქონელი“
პოლიტიკა

„სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ წაგვლეკავს იაფი საქონელი“

„სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ წაგვლეკავს იაფი საქონელი“
მარიამ თოდაძე

2017-05-19 16:30:22

საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანა თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად გააჩნდა. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად.

პრემიერის განცხადებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან. ეს საქართველოს ძალიან საინტერესოს ხდის ინვესტიციებისათვის.

„ჩვენ ვთვლით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორინტირებული წარმოების განსავითარებლად უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცნობილია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და როგორც ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, საქართველოს შრომა დაუფასდა და სამართლიანობა აღდგა.

ექსპერტ, ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, „ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ საბჭოთა კავბშირის ბაზარი ჩაგვენაცვლებინა და ევროპულ ბაზარზე გავსულიყავით, ხოლო დღეს გაიხსნა ახალი გზა ჩინეთის სახით, რომელიც უზარმაზარი რესურსია“.

თუმცა მოიძებნებიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ იაფი და უხარისხო პროდუქცია წალეკავს ქართულ ბაზარს და ამასთან გამკლავება გაგვიჭირდება.

ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ კი, საშიშროება არსებობს, მაგრამ ჩვენ ისედაც გვქონდა ლიბერალური საბაჟო პოლიტიკა და ჩინეთის საქონელი ისედაც შემოდიოდა.

„საქართველოს ჩინეთისთვის მიცემული ჰქონდა დაახლოებით თავისუფალი ბაზრის მსგავსი პირობები და საქონლის უზარმაზარი ნაკადი, ჭანჭიკებიდან მოყოლებული, საკეტებით, კარ-ფანჯრითა და სარემონტო მასალებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველანაირი პროდუქცია შემოდიოდა საქართველოში.

ჩვენგან გადიოდა საქონელი და უზარმაზარი საბაჟო ტარიფები ხვდებოდა. როგორც იქნა, მდგომარეობა გამოსწორდა, ვიტყოდი, რომ სამართლიანობა აღდგა და უზარმაზარი ჩინური ბაზარი, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია აგროპროდუქტების მიმართ, გახსნილია. ეს განსაკუთრებით დიდი შანსია საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის და ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანს“, - აცხადებს ჯგერენაია.

მეორე თემაა, რას აწარმოებს საქართველო და რა აქვს ჩინეთში გასატანი, რაზეც ემზარ ჯგერენაია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია შევიტანოთ მინერალური წყლები და ყველანაირი საკვები პროდუქტი, მხოლოდ, ხარისხიანი: „ყველაფერი რაც კი იჭმევა და ისმევა - იყიდება ჩინეთში. ბუნებრივია, ჭანჭიკებსა და მანქანებს ვერ შეიტანთ, რადგან თვითონაც ძალიან იაფად აქვს“.

გარდა იმისა, რომ პროდუქციისთვის ორივე მხარეს იღება ფანჯარა, ქართული მხარე დარწმუნებულია, ინვესტიციების შემოდინებისთვის ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდება. ამ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს ორი ძირითადი სქემა - ქართული ბაზარი მიმზიდველი ხდება უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში შექმნიან პროდუქტს და გაიტანენ ჩინეთში ან პირიქით - ჩინელი ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოში პროდუქციის შექმნით, რომელსაც გაიტანენ ყველა იმ ქვეყანაში, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭობის შეთანხმება გააჩნია, მათ შორის, ევროპულ ბაზარზე.

როგორც ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, მეორე სქემა დღეს საქართველოში უკვე მუშაობს - თურქულ თუ რუსულ კომპანიებს საქართველოში შექმნილი პროდუქცია გააქვთ ევროპულ ბაზარზე.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპულ ბაზარზე ჩინურ პროდუქციას კვოტა აქვს დაწესებული, ჩინეთი დაინტერესებული უნდა იყოს საქართველოში პროდუქციის წარმოებით“, - მიიჩნევს ჯგერენაია.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“  დამფუძნებელი, პაატა შეშელიძე თვლის, არ უნდა გამოირიცხოს სქემა, რომ ინვესტორებმა საქართველოში აწარმოონ გარკვეული პროდუქცია და შემდეგ ჩინეთში გაიტანონ, ან პირიქით - დსთ-ს და ევროპის ბაზრებზე გავიდეს ჩინური ინვესტიციით საქართველოში შექმნილი პროდუქტი - შეშელიძე თვლის, რომ ეს დამატებითი არგუმენტია ინვესტიციების მოსაზიდად.

„ევროპასთანაც გვაქვს გახსნილი ანალოგიური ფანჯარა და ამისი გამოყენება შეიძლება. ჩინელები ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, ამბობენ, რომ დაინტერესებულები არიან და ვნახოთ რა გამოვა რეალობაში.

ყველაზე კარგი, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, ეს იყო ევროკავშირთან და ევროპის არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება - შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან. შემდეგ იყო ჩინეთი. როგორც ვიცი, ინდოეთთანაც დაიწყო მსგავსი მოლაპარაკებები რაც მისასალმებელია. მედიაში ითქვა, რომ ამ თემაზე დაიწყო კვლევა - დარწმუნებული ვარ, წარმატებით განვითარდება.

დსთ-ს რიგ ქვეყნებთან ისედაც გვქონდა თავისუფალი ვაჭრობა და ახლა საჭიროა, რომ ეგებ, რამენაირად კიდევ რამდენიმე დიდ ქვეყანასთან მოვახერხოთ ასეთი ურთიერთობების გაჭრა. ვგულისხმობ ამერიკა-იაპონიას და ა.შ. რაც ახალი შესაძლებლობები იქნება“, - მიიჩნევს შეშელიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ნებისმიერი ქვეყანა ეშურება ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას იქიდან გამომდინარე, რომ უზარმაზარი ბაზარია.

„საქართველოს ცალმხრივად ჰქონდა ლიბერალიზებული ურთიერთობები 10 წელზე მეტია, ამიტომ სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ წაგვლეკავს იაფი საქონელი და ა.შ. საქმე ისაა, რომ ეს ხელშეკრულება საქართველოს საქონლის ძალიან დიდ ჩამონათვალზე ექსპორტის გაფართოების საშუალებას იძლევა, რაც შემდეგ, უკვე, გამოყენების საკითხია“, - აცხადებს შეშელიძე.

ქართველი ბიზნესმენებიდან, ვისაც ჩინეთთან აქვს ურთიერთობა, ხშირად მოგვისმენია, რომ ამ უზარმაზარ ბაზარზე ადგილის მოპოვება საკმაოდ რთულია. როგორც პაატა შეშელიძე აღნიშნავს, მთავარია, რომ ფანჯარა ღიაა - ვისაც სურს, ის მოსინჯავს ძალებს - „არავინ არავის არაფერს აძალებს“.

საქართველო ხშირად ვერ ახერხებს-ხოლმე მის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენებას და პაატა შეშელიძის თქმით, ეს, უკვე, დროის ფაქტორია და შიდა პოლიტიკის, რადგან მონეტარულ, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში არის ხარვეზები, რომელიც არ აძლევს ადამიანებს დაგროვების და წარმოების წამოწყების საშუალებას.

„ეს სხვა თემებია საკუთრების, სახელმწიფოს ჩარევის, სამართლიანი მართლმსაჯულების და ა.შ. თორემ ეს ხელშეკრულება ძალიან კარგია და არავითარ კავშირში არ არის იმ ყველაფერთან, რაც ქართველებს ხელს უშლის შესაძლებლობების გამოყენებაში. როდესაც ეს ყველაფერი მოწესრიგდება, ბევრი ახალი პერსპექტივა გამოჩნდება“,- აცხადებს შეშელიძე.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მალე, იმ შიდა პრობლემებსაც მოევლება, რომლებსაც სპეციალისტები ბიზნესისა და ეკონომიკის შემაფერხებელ ფაქტორებად მოიაზრებენ. როგორც პრემიერი მიიჩნევს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად ღია უნდა იყოს ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში – 7 თვეში დასრულდა.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. მათ სიას საქართველოც დაემატა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

ნანახია - 1942

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80