„არასამთავრობოებს საბჭოთა კავშირზე და რაღაც სისულელეზე ლაპარაკს ურჩევნიათ, ჯერ ისტორია წაიკითხონ“
საზოგადოება

„არასამთავრობოებს საბჭოთა კავშირზე და რაღაც სისულელეზე ლაპარაკს ურჩევნიათ, ჯერ ისტორია წაიკითხონ“

„არასამთავრობოებს საბჭოთა კავშირზე და რაღაც სისულელეზე ლაპარაკს ურჩევნიათ, ჯერ ისტორია წაიკითხონ“
თამთა ქარჩავა

2017-05-19 14:00:31

„თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები საბჭოთა რაიონების აღდგენას ნიშნავს“, - ასე ფიქრობს არასამთავრობო სექტორი, რომელთა შეფასებით, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალური თემების გაერთიანების ინიციატივის მხარდამჭერის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, რათა საკრებულოებმა უმოკლეს დროში განიხილონ და ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ინიციატივას.

მათივე შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნა ინიციატივა, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს.

„სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. მთავრობის აღნიშნული ინიციატივის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არა მარტო სამოქალაქო სექტორს, არამედ იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება.

ეს განწყობა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის დროს მოქალაქეების გამოსვლებისას. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამოქალაქო სექტორს დაუშვებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. შესაბამისად, მიმართავენ შესაბამის უწყებებს, რომ საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს ურჩევს ისტორია წაიკითხონ.

„საბჭოთა კავშირზე და რაღაც სისულელეზე ლაპარაკს ურჩევნიათ, რომ ჯერ ისტორია წაიკითხონ. უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის ერთ-ერთი თანაავტორი იყო პავლე ინგოროყვა, რომელსაც სერიოზული გავლენა ჰქონდა. ეს კონცეფცია მან ჯერ კიდევ 1920 წელს გამოაქვეყნა. ამიტომ, რაც არ იციან, იმაზე ნუ ლაპარაკობენ.

საერთოდ, სისულელეებს ლაპარაკობენ, პრეზიდენტს მივმართავთ და არჩევნებს გადმოვაწევინებთო, მარტო ეს ინიციატივა რად ღირს... როგორ გადმოაწევინებენ, როდესაც კანონით არის განსაზღვრული არჩევნების თარიღი? პრეზიდენტს შეუძლია კონკრეტული თარიღი დაასახელოს რომელ ოქტომბერს იქნება არჩევნები 7-ში, თუ 17-ში, მაგრამ კანონს ვერ გადაახტება. თვითმმართველობის კანონში წერია, რომ არჩევნები იქნება 2017 წლის ოქტობერში. აი, ასეთი კვალიფიკაციის ხალხს როგორ უნდა ეკამათო“, - აცხადებს დავით ზურდიაშვილი.

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს წერილობით მიმართა თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყების თხოვნით, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტი, რომელთაგან 7 თვითმმართველი ქალაქია, გაუქმდება და მათგან 7 მუნიციპალიტეტი შეიქმნება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.

„სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება. გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს. გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურა ალავიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს. მინისტრის განცხადებით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.

„დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს.

ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი. საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმებას, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობდა რაღაც არგუმენტები ეთქვა, მაგრამ ყველა არგუმენტი ფაქტობრივი ტყუილი აღმოჩნდა და ამიტომ ახლა არგუმენტები აღარ სახელდება გარდა ერთისა, რომ 2014 წელს არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული.

„ეს ნიშნავას რომ 2013-2014 წლებში, წელიწადნახევრის განმავლობაში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის უშუალო და ინტენსიური ჩართულობით, მთავრობის, პოლიტიკური ჯგუფების, ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მსჯელობების შედეგი იყო სისულელე.

სინამდვილეში, 2014 წელს დაწყებული რეფორმა ეფუძნებოდა ევროპულ გამოცდილებაზე და ქართულ რეალობაზე და ინტერესებზე დაფუძნებული მუნიციპალიტეტეების ტერიტორიული დიზაინის ფორმირების გრძელვადიანად გააზრებულ იდეას, რომელსაც ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის შემდგომი ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა.

ხელისუფლების ამჟამინდელი შემოთავაზება კი უბრალოდ საბჭოთა დიზაინისკენ დაბრუნებაა, რაც პირველად 2006 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა იგივე ფორსირებულ, ფარულ სტილში. ეს ხდება 3 თვეში დაჩქარებულად, რამდნიმე ფაქტობრივად მცდარი და არაკომპეტენტური არგუმენტის მოშველიებით.

სინამდვილეში, ეს არანაირ განვითარების ხედვაზე დაფუძნებული მავნებლური ნაბიჯია უშუალოდ ქართული სოფლების, ქალაქების და ქვეყნის განვითარებისათვის. შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, კარგად გააზრება მართებთ მოკლევადიანი კონიუნქტურული დამყოლობით და ხელის აწევით, რაოდენ ზიანს მიაყენებენ საკუთარ სოფლებსა და ქალაქებს გრძელვადიან პერიოდში“, - აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

„რესპუბლიკური პარტია“ თვლის, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის უფლებამოსილებების წართმევა, სათემო თვითმმართველობების შემოერთება და საბჭოთა რაიონების დაბრუნება, კომუნისტობაა. როგორც პარტიაში აცხადებენ, 2014 წელს დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ხელისუფლებაში მყოფი რეტროგრადების მიერ დასაწყისშივე შეფერხდა, თუმცა ასეთ ვითარებაში მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შემოღება და შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის გაჩენა მოხერხდა, რაც რესპუბლიკელების განსაკუთრებული აქტიურობის დამსახურება იყო.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მკაფიოდ გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მზაობა, თვითმმართველობის სფეროში გამოვლენილი ინიციატივები და მიმდინარე მოვლენები არის ხელისუფლების მიტაცების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

პარტიაში ამბობენ, რომ ევროპული დემოკრატია თვითმმართველ ქალაქებსა და ერთეულებზე დგას, ხოლო ირაკლი კობახიძის გახმოვანებით დაწყებულია სრულიად საწინააღმდეგო, ანტიევროპული, თავისუფლების საწინააღმდეგო პროცესი.

„მეტი თვითმმართველობა, მეტი საკუთრება, მეტი თავისუფლებაა! დაწყებული პროცესი სპობს თვითმმართველობის საფუძვლებს. კერძოდ, 7 თვითმმართველ ქალაქს ართმევს საკუთარ ბიუჯეტს და საკუთარ უფლებამოსილებებს, რაც გამოიხატება სათემო თვითმმართველობების შემოერთებაში, საბჭოთა რაიონების დაბრუნებაში. სწორედ ეს არის კომუნისტობა!

2014 წელს დაწყებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელება, ბევრი სხვა თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაჩენა უნდა ყოფილიყო. ამ რეგრესულ ამოცანას წყვეტენ სწორედ საბჭოთა, კომუნისტური მეთოდებით, კერძოდ „ცენტრში მომზადებულ“ ტექსტს უგზავნიან 7 საქალაქო და 7 სათემო საკრებულოს და მოითხოვენ მათგან „საკუთარი ინიციატივით“ დათმონ საკუთარი უფლებამოსილებები და გაერთიანდნენ. ეს არის როგორც საქალაქო, ისე სათემო თვითმმართველობების საწინააღმდეგო ნაბიჯი“, - აცხადებენ „რესპუბლიკურ პარტიაში“.

კონსტიტუციის მეორე მუხლში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემა უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, როგორც კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და რაიონების დატოვება, გავს საბჭოურ ტერიტორიულ მოწყობას, მაგრამ აქ უფრო გლობალურად უნდა ვიმსჯელოთ. დემეტრაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი განიხილებოდა, იყო მცდელობა მომხდარიყო რეგიონების დადგენა, რაზეც მმართველმა გუნდა უარი თქვა.

„უფრო გლობალურად დავსვათ საკითხი, როდესღაც ხომ უნდა გაირკვეს - არსებობს კახეთი, როგორი სტატუსი გააჩნია მას, თუ საკმარისია მხოლოდ ყვარელის რაიონი დავტოვოთ? მუნიციპალიტეტს დავარქმევთ, თუ რაიონს, ამას არავითარი სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს ახმეტის რაიონი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, გურია, ისევე როგორც აჭარა არის დაფიქსირებული როგორც რეგიონი... ამგვარად უნდა ვიფიქროთ.

მერე მაჟორიტარული სისტემის პრობლემაც გადაწყდება, ადგილობრივი თვითმმართველობის და რაც მთავარია, ყველაფერი არ გადაწყდება თბილისში. ანუ, უნდა მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. შესაბამისად, ამას მაგალითად ავიღებდით და შევატყობინებდით აფხაზებს, რომ მას შეიძლება განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს საქართველოს შემადგენლობაში. მე, დავაყენე ეს საკითხი საკონსტიტუციო კომისიაზე, მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამიჭირეს მხარი“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ნანახია - 1301

cugo

2017-05-19 15:16:15

საინტერესოა ეს არასამთავრობოები უნდა მართავდნენ ქვეყანას თუ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა.სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.ახლა ისე გათავხედნენ მთავრობაზე მეტი პრეტენზიები აქვთ ქვეყნის მართვაზე.ეს არის ხალხის აბუჩად აგდება.ხალხმა არჩევნების გზით მანდატი მისცა მოქმედ მთავრობა და მან უნდა მართოს ქვეყანა,და არა არასამთავრობოებმა,რომლებიც კაცმა არ იცის რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან.მე არ ვეხები ცვლილების ავკარგიანობას,ეს მედლის მეორე მხარეა.რას ნიშნავს მათი მხრიდან ასეთი თავხედობა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80