"დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ"
რეტრომედია

"დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ"

"დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ"
„კვირის პალიტრა“, 22 მარტი, 2010 წელი

2017-05-19 12:17:22

ეროვნული გამოთაყვანება

ჩემო ქართველებო, მართალია დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას, მინდა საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად, თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ. მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის თუ არ გინდა გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა?

ახლა ამას რომ ვწერ, ვიცი, მაინც არ ექნება შედეგი, კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო, კი იცის ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს, სწორედ ასე ვარ ახლა მეც, კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გაზეთის ფურცლებიდან პირდაპირ დედას აგინებს ხელისუფლებას, არც ამაზე აქვთ რეაქცია, გავგიჟდი კაცი. თუ ქვეყანას უზნეობა დაემართა, რაც უნდა ბევრი ტვინი გქონდეს, უზნეოდ გამოიყენებ მაინც, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, გამოდის ჩემისთანა გამოთაყვანებული მოხუცი ტელევიზიით და მადლობას იხდის, რა მიუგდე ასეთი? დიდ ცოდვას სჩადიხართ ამით იცოდე. იმის იმედიღა დამრჩა, რომ ამ გაზეთს ასიათასობით კაცი კითხულობს და იქნება ამ ეროვნულ გამოთაყვანებას ბრძოლა მაინც დავუწყოთ.

ეკლესია...

თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ქართველს რწმენის გარეშე არასოდეს უცხოვრია, გარდა იმ 70 წელიწადისა. ახლა უფრო ძნელი მოსაქცევი ვართ, ვიდრე პირველ საუკუნეში ვიყავით. კერპი რომ გვყავდა, ის კერპი ჩვენი ღმერთი იყო, ერთი ღმერთიდან მეორეზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ქართველმა ეს შეძლო, იმიტომ, რომ ქრისტიანობა საკუთრად მიიღო. განმანათლებლები ცეცხლითა და მახვილით კი არ შემოსულან საქადაგოდ, მხოლოდ წიგნი ეჭირათ ხელში. ახლა რაც ხდება, დიდად საგანგაშოდ არ მიმაჩნია, კომუნისტების დროს მოიძებნა ეკლესიების დამანგრევლები და რა გასაკვირია, თუთბერიძეებისნაირები ახლაც მოიძებნონ. ღმერთმა კარგად მიმყოფოს პატრიარქი, მაგი ერთი კაცია, რო წვალობს რაცხას, ჰოდა, ვერ იტანს აგენი, ქვეყნიზა სხვა რომ წვალობს, ამიტომაა მასზე შეტევა, მეშინია, არ მომიკლან!

სოფლის მეურნეობა

პარლამენტში რომ გამევიდა აი თქვენი პრეზიდენტი, თუ ახსენა საერთოდ სოფლის მეურნეობა, არადა ეს დარგი იყო შენი გადამრჩენი, ვიღაცის პურით გვინდა ვიარსებოთ? ავსტრიაში ვიყავი აგერ ახლა სამკურნალოდ, აშენდა იმ კაცის ოჯახი, ვინცხამ გამიშვა (აკრძალული მაქ მისი ხსენება), თვარა მეტი არაა ჩემი მტერი, ეს დამეწერა. რო გადევიანგარიშე ჩვენ ფულზე, ათი ლარი ღირდა პური. კაკალაშვილი რომაა, ბიზნესმენი, მიშაიე რომ კითხულობს მის ლექსებს, იმას ვკითხე:

- კაცო, ავსტრიაში 10 ლარს აძლევ პურში და აქანა ლარად ყიდი? რომელ ყულაბაში ყრი ფულს, მაჩვენე? ეგ, ბატონო ოტია, ჩვენი ჯადოსნური საიდუმლოაო. კი ვიცი, რაცხა ჯადოსნური საიდუმლოა, რას ვჭამთ და რას ვსვამთ, კაციშვილმა არ იცის. გლეხი იყო მუდამ შემქმნელი "პური არსობისას", ეს გლეხი ჯერ კოლექტივმა მოსპო, მერე ამგენმა მიადგა.

გლეხის აკადემია არის მიწა, იმ მიწას რომ წაართმევ, მერე აღარაა ის გლეხი. სცადეთ აბა და გადით კვირკობის თვეში მზეზე, დაგარტყამს იმწუთას, გლეხი კი თოხს უბაყუნებდა იმ მზეში, უყვარდა მიწა და იმიტომ, ტრაქტორიზაციაო რომ თქვა, სადაა მერე? მიეცი გლეხს? თუ საჩვენებლად გინდა მხოლოდ? ახლა გაზაფხულია, არჩევნებზე კი არა, იმაზე უნდა ვიმტვრევდეთ თავს, რა ჩავთესოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტს რომ თურქეთიდან შემოიტან, არ ხარ ამ მიწის ღირსი შენ! მინდა ამ გაზეთის ფურცლებიდან ვკითხო სოფლის მეურნეობის მინისტრს, კი ამბობენ, ახალგაზრდააო, მაგრამ მე არ დევეძებ მაგას, ტვინი თუ არ გაქ, 70 წლის რომ გახდები, არც მაშინ გექნება. ბაკურა, ბიძია, გამაგებინე რას უპირებ სოფლის მეურნეობას, შარშანდელზე ნაკლები მიწები დეიხვნება წელსო, რეიზა ხდება ასე, ამიხსენი...

ოპოზიცია

ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია მთავრობას აკვალიანებს, მარა იქ ოპოზიციას აქვს ხალხის ნდობა. ალასანიამ დამირეკა ამას წინათ, თბილისში დამპატიჟა, ნაოპერაციები ვარ-მეთქი. მაშინ მე ჩამოვალო. მე საერთოდ პოლიტიკოსებს სახლში არ ვუშვებ და ვუთხარი კიდეც, შენ მიმართ უნდობლობა მაქვს-მეთქი. რას მერჩიო, გაუკვირდა. რო ჩამოდი ამერიკიდან და მიშაიას ათი დღის ვადა მიეცი, ვიფიქრე, რაცხა ძაან დიდი ძალითაა ჩამოსული-მეთქი და მემეცა იმედი. გევიდა 10 დღე, რა ქენი მერე? შენს სიტყვას ხო დაუკარგე ფასი? რომ მოგიშვა ჩემთან, ხო მეტყვი რაცხას? გონია, დაგიჯერებ? იმ ოპოზიციაში მე სიტყვის კაცი ვერ დავინახე. მახსოვს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თორთლაძემ დამირეკა, მაშინ არ იყო ასე წყალწაღებული, მოვდივარ შენთანო. მთამსვლელი კაცია და ვაფასებ მე მთამსვლელობას. მოვიდა და მოჰყვა ხიდაშელის ქალი და გაჩეჩილაძე. სად დაწანწალობთ-მეთქი, ვკითხე.

ხალხში დავდივართო. ვაი თქვენს პატრონს-მეთქი, ვუთხარი, მაგ თქვენს ნაგროვებ ხმებს მოუყრის ერთად თავს მიშაიე და ჩეიყრის ყუთში. გაჩეჩილაძეს ვუთხარი მაშინ, რაის პრეზიდენტობა გინდა, ბიჭო, შენ-მეთქი. არაო, პრეზიდენტის პოსტი მინდა გავაუქმოო. მაგი მართლა კი არის გასაუქმებელი, არ გვყავს ჩვენ საპრეზიდენტო კაცი. ახლა კიდე ნოღაიდელიო, გაიძახის ყველა არხი.

რომელი ნოღაიდელია მაგი, ხომ ვერ მეტყვი, ბატონო პრეზიდენტო? მე რომ მეთქვა, მილიონები იშოვაო, მეტყოდი, დამტკიცება უნდა მაგასო, შენი პირით რომ თქვი, ჩემი პრეზიდენტობის დროს იშოვა მილიონებიო, რას მივაწეროთ მაგი? ამ დაქცეულ ქვეყანაში კაცმა მაგდენი იშოვა და რო გოუშვი, სად გოუშვი? ან ის უნდა დაგეჭირა, ან შენი თავი! გამოწველილ თხასავით რო იყურება და მოსკოვში რო დადის, ეტყობა, ის ანდაზა ახსოვს, "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო", მე მაგ ანდაზას ჩემებურად დავუმატებ: "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახე, მარა მამად არ გაიხადო".

პრეზიდენტი და პარლამენტი

გიჟები ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად? რომ გამოდიხარ, ხალხს უნდა ჰკითხო, როგორაა საქმე, ჩემო ხალხო, ვქენი რამე სასარგებლო თქვენთვის? ხო არ შემეშალა რამე? თარგამაძემ რომ მიახალა ცხვირ-პირში რაც სათქმელი იყო და სწორი კითხვები დოუსვა, გეეცი პასუხი? ამან, თარგამაძე აბაშიძესთან იდგაო, შენ ვისთან არ იდექი, მითხარი ერთი?!

რო მეუბნები, ეკონომიკა წინ მიდისო, მე აგერ ვხედავ, ბაზარში, რაცხა წინ მიდის ეკონომიკა, 70-თეთრიანი შაქარი 3 ლარი გახდა, რაფერ ფიქრობ, ვერ ვხვდები განსხვავებას 70 თეთრსა და 3 ლარს შორის?

ოკუპანტია რუსეთიო, გადეირია რუსი, კაცო, რაც გავჩნდი, მას მერე მეტი არაფერი მიკეთებია და ახლა მიხვდი შენო? რუსი შტერია თუ ჭკვიანი, დამპყრობლის ინსტინქტი მოჰყვება მაინც. გამოსავალი რა იქნება, ის მითხარი, თვარა რუსი რაცხაა, ვერ მასწავლი. დასავლეთი დემეხმარება ომშიო, ჩამიწყვიტა ანგელოზივით საჯიშე ბიჭები, დეგეხმარა? თუმცა კი დეგეხმარა, პუტინს უთხრა, არ ქნა მაგიო, პუტინმა თქვა - არა, უნდა ვქნაო. თუ უნდა ქნა, კაი მაშინ, მე ხელებში ხო არ გეცემიო. მოთავდა ამით შენი დასავლეთი.

ეუთოა თუ რაცხა ტატყანა ორგანიზაცია, საწყლად თხოვა, შემომიშვი ოსეთშიო, იმან არაო, კაი მაშინო, დეიხურა ქუდი და წევიდა სახლში. ბარსელონაში მიმიწვია იქაურმა ქართველებმა, დიდებული დახვედრა მომიწყვეს, 20 ათასი ქართველი ჩაწერილია იქ უკვე. ეკლესიას ვაშენებთო, გამახარეს, სალოცავიც ექნებათ მალე და რაფერ ფიქრობ, დაბრუნდება იგენი სახლში? რომ მომიწოდებ ქუდზე კაციო, სადაა ქუდზე კაცი? აქ ვინც დარჩა, ვიზები არ აქვთ, თორემ ესენიც გეიქცევა. ამნაირი პარლამენტი რო გყავს, არ გრცხვენია? დამტკიცებულია, ნორმალური ორი კაციც კი არ აზროვნებს ერთნაირად და ამ 150 კაცს რაფერ აქ ერთნაირი აზროვნება, ამიხსენით ვინმემ? რომ აწევ და დაწევ ხელს, არ უნდა თქვა, რატომ შვები ამას?!

დასავლეთი ჩვენ გვთვლის განვითარებად ქვეყნად. ეს რას ნიშნავს? გამოდის, არ ვართ განვითარებული. ახლა რომ ამბობ, შეცდომა იყო განათლების რეფორმაო, ვინც გიკარნახა ეგ რეფორმა, იმას თუ უთხარი მაგი? ვერ ხვდები, სხვანაირად რომ გვიყურებს უცხოელი? ჩვევები უნდა გასწავლოთო და გვასწავლის: ქვა არ უნდა ვისროლოთ და გამოსაჩენ ადგილას გინება არ უნდა ატეხოთო, ესაა ადამიანური ჩვევები და ამას მასწავლი? უმად ჭამდი შენ ნადირის ხორცს, მე რომ ვიცოდი მაგი ჩვევები.

არჩევნები

ცნობიერება რომ ვახსენე ზემოთ, მაგი ცნობიერება არჩევნებშია მთავარი. "ქართული აკადემია" იყო ჩემთან მოსული, მიმიწვიეს, ვეუბნები, ჯერ ცნობიერება უნდა დავამკვიდროთ ხალხში. ცნობიერება რომ არ გვაქვს, იმიტომაცაა, ის კაცი იმარჯვებს, ვინც შაქარს, ფქვილს და ზეთს არიგებს. ჩერჩილი ამბობდა: კი ვიცი არჩევნები რაცხა უბედურებაა, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუგონებიათო. დედაბერი რომ შევა არჩევნებზე და იკითხავს, სად ჩავაგდო, დია, აი ქაღალდიო, ასე გინდა კარგი არჩევნების ჩატარება?     

შინაგან საქმეთა სამინისტროზე ცოდვას ვერ ვიტყვი, მართლა კი მუშაობს სხვაზე მეტად, მარა მაინც მაქ სასაყვედურო. ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი, ვკითხე. ვიჭერო. არ იცი შენ, ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი. ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო.

ცუდ დღეშია ახალგაზრდობა, წიგნი არ უნდა არავის, ესაა ყველაზე დიდი საშინელება, კაცობრიობა რაც გაჩნდა, მას შემდეგ ფიქრობს, ტანი რაფერ შეიმოსოს, აგენმა ახლა დეიწყეს გახდა!

ფეხბურთი

მხოლოდ იმას გავყვირით მთელი 20 წელია, რა ეშველება ქართულ ფეხბურთსო. ვერ მიხვდით, რომ არაფერი ეშველება? 15 წლის ფეხბურთელი რომ იყიდება აზერბაიჯანში და რუსეთში, რაის ფეხბურთელს აღზრდი შენ? არის ქვეყნები, სადაც აკრძალეს 25 წლამდე ფეხბურთელის გაყიდვა, შენ რატო არ აკეთებ ასე? ამას წინათ დამპატიჟეს თბილისში, არველაძის გაცილებაა და წამობრძანდითო. სად თამაშობდა-მეთქი, ვიკითხე. ჰოლანდიაშიო. კი ყოფილა აბა გაცილებული და მეტი რაღა გაცილება უნდა-მეთქი.

"მოდელირებული იმედი"

მაგენისგან ყოველგვარ სისულელეს ველოდი, მაგრამ ამნაირს არა. გადარიეს ხალხი, კაცო. მაგი შეიძლებოდა ვინმეს პრეზიდენტის გარეშე გაეშვა ეთერში? ჯერ ერთი, ჟურნალისტი ვერ ისულელებდა მაგდენს, მიშაიეს ტვინი ურევია მაგაში, ამდენი ხანია ვფიქრობ, რატო გააკეთეს და ვერ მივხვდი, ანდა რაფერ მივხვდები, ჭკვიანი რომ აკეთებს რამეს, შემიძლია რაცხა დასკვნა გავაკეთო და ვიფიქრო: ჭკვიანია და შეიძლება ასე იფიქრა და ასე უნდა თქვას შეფარვითო, მაგრამ გიჟი რას აკეთებს, რაფერ გინდა გეიგო?! ნაპოლეონი რო იბრძოდა, ყველაზე მეტად ეშინოდა სულელი სარდლების, ჭკვიანის ნაფიქრს გამოვთვლი, სულელი კი რას იზამს, რა ვიცი მეო და არ უპირისპირდებოდა ის კაცი. დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ.

დამიფარა ღმერთმა და მე არ მიყურებია მაგ სისულელისთვის. რას ერჩიან ამ გასაცოდავებულ ხალხს? ვინც მაგი გააკეთა, ტელევიზიაში უნდა ამუშავო კი არა, ტელევიზორს არ უნდა აყურებიო. ნოღაიდელი და ბურჯანაძე რას იზამს, რა ჩემი საქმეა? ეგ თქვენ გაარკვიეთ ჩუმად, მე რას მზაფრავ? ხომ ვამბობ ზევით, დაღუპულები და განწირულები ვართ, გიჟები კი არიან აგერ ხონში, მაგრამ არავის არაფერს უშავებენ, აგენი გვღუპავს და კაცი არაა პატრონი. გამევიდა ვინცხა უცხოელი და გვირჩია, ფსიქოლოგები მიიყვანეთ ხელისუფლებაშიო, რად მინდა მაგის რჩევა, მე არ ვიცი რა მჭირს? ფსიქოლოგი კი არაა მაგენთან მისაყვანი, მაგენია ფსიქიატრიულში მისაყვანი.

ოტია იოსელიანი

 

 

 

 

ნანახია - 424

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80