„მმართველი გუნდი არ დაუშვებს მთლიანად ჩავარდეს კონსტიტუციური კანონის პროექტი“
პოლიტიკა

„მმართველი გუნდი არ დაუშვებს მთლიანად ჩავარდეს კონსტიტუციური კანონის პროექტი“

„მმართველი გუნდი არ დაუშვებს მთლიანად ჩავარდეს კონსტიტუციური კანონის პროექტი“
თამთა ქარჩავა

2017-05-19 09:00:56

ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, სასურველია საქართველოში იყოს ორპალატიანი პარლამენტი, ქვედა პალატა იყოს არჩეული პროპორციული სისტემით, ხოლო ზედა პალატა არჩეული იქნას მაჟორიტარული სისტემით. კონსტიტუციონალისტი არ ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა მანკიერია და ამიტომ უნდა გავაუქმოთ, არამედ, სასურველია მისი გამოყენების პრაქტიკაზე ვიფიქროთ. თუმცა, საკონსტიტუციო კომისიამ დემეტრაშვილის ეს წინადადება არ გაითვალისწინა.

for.ge ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგი არიან მაჟორიტარები. ზოგადად, როგორია მაჟორიტარული სისტემის მოქმედების შესაძლებლობა და რამდენად აუცილებელია საქართველოში მაჟორიტარული სისტემის საჭიროება?

ავთანდილ დემეტრაშვილი: ზოგადად, მაჟორიტარული სისტემა გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. არასწორია ინფორმაცია, თითქოს განვითრებულ სახელმწიფოებში მაჟორიტარული სიტემა არ გამოიყენება. მაჟორიტარული სისტემით არის არჩეული მთლიანად აშშ-ის კონგრესი, ბუნდესტაგის ნაწილი; მაჟორიტარული სისტემა გამოიყენება საფრანგეთში; მაჟორიტარული სისტემა გამოიყენება თემთა პალატის არჩევისას დიდ ბრიტანეთში; მაჟორიტარული სისტემა გამოიყენება თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, ბელარუსში და ა.შ. ანუ, გავრცელების თვალსაზრისით, მაჟორიტარულ სისტემას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც პროპორციულ სისტემას.

დავის საგანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, მაჟორიტარული სისტემა არ მუშაობს. რეალუარდ, რა დანიშნულება აქვს საქართველოში ამ სისტემას?

- ის დანიშნულება აქვს, რომ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში იყოს წარმოდგენილი ტერიტორიული ერთეულების ინტერესი. ანუ, მაგალითად, ახმეტის რაიონიდან არჩეული მაჟორიტარი, იმას ნიშნავს, რომ მან ახმეტის მოსახლეობის ინტერესი უნდა დაიცვას. რა თქმა უნდა, საერთო ეროვნული ინტერესიც იუნდა დაიცვას, მაგრამ მისი უპირველესი ამოცანა იქნება ახმეტელი ამომრჩევლის ინტერესის დაცვა. ეს არის დანიშნულება და მოდით, ამ თვალსაზრისით ვთქვათ, გამართლებული არის თუ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი გუნდია, ადგილზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და თავისი ფინანსური შესაძლებლობებით, ყოველთვის თავისი კანდიდატები გაჰყავს. ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ ვებრძვით არა შედეგს, არამედ საფუძველს.

ასეთ შემთხვევაში, ალბათ უპრიანი იქნება შევცვალოთ არჩევნების ჩატარების წესი? ანუ, შევზღუდოთ მასში მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის შესაძლებლობა...

- აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, რადგან ასეთ შემთხვევაში იქნება ძალიან სერიოზული მაჟორიტარული სისტემა და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციულად იქნება წარმოდგენილი მთელი ქვეყნის ინტერესი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ინტერესი მაჟორიტარული სისტემით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი. აი, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ დარჩეს მაჟორიტარული სისტემა. მაგრამ ჩემი აზრით, სასურველია იყოს ორპალატიანი პარლამენტი, ქვედა პალატა იყოს არჩეული პროპორციული სისტემით, ხოლო ზედა პალატა არჩეული იქნას მაჟორიტარული სისტემით. მე ეს საკითხი დავაყენე პირველი სხდომაზე. არ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა მანკიერია და ამიტომ უნდა გავაუქმოთ, - არა, არამედ მისი გამოყენების პრაქტიკაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა შევცვალოთ მმართველი პარტიის მიერ თავის სასრგებლოდ მისი გამოყენება.

რადენად გულწრფელი არიან მაჟორიტარები, როდესაც აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ სისტემის გაუქმებას? შეიძლება თუ არა, ამის გამო ჩაიშალოს კონსტიტუციური პროექტი?

- ჯერ ერთი, არა მგონია, რომ ყველა მაჟორიტარი ამბობდეს უარს. მეორე, ეს არის ტაქტიკური სვლა მმართველი პარტიის მაჟორიტარების მხრიდან. ისინი ეწინააღმდეგებიან იმ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც აკრიტიკებენ მაჟორიტარულ სისტემას და იმავდროულად, პროპორციული სისტემის იმ ნაირსახეობას, რომელიც ითვალისწინებს გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველი ადგილზე გასული პარტიისთვის, ანუ მმართველი პარტიისთვის გადანაწილებას. ამიტომ, მე არ მჯერა, რომ ეს პროტესტი არის მასობრივი და გულწრფელი.

გეთანხმებით, რომ რამდენიმე მაჟორიტარი თავიდანვე ამბობდა უარს, მაგრამ 3-4 მაჟორიტარი იყო საკონსტიტუციო კომისიაში, აქიდან 2 ამბობდა უარს - კობა ნარჩემაშვილი და კახა ოქრიაშვილი. ამიტომ, ვფქირობ, რომ ეს არის ტაქტიკური სვლა მმართველი გუნდის მხრიდან.

იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარებმა არ დაუჭირეს მხარი ამ ნაწილში ცვლილებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მოქმედი სისტემა?

- კახას და დანარჩენებს შეუძლიათ არ დაუჭირონ მხარი ამ ნაწილს, მაგრამ მთლიანად პროექტს ისინი დაუჭერენ მხარს. იმ შემთხვევაში, თუკი არ დაუჭირეს მხარი, მიღებული იქნება იგივე სისტემა, რაც დღეს არის - პროპორციული და მაჟორიტარული. ანუ, არ გადაისინჯება კონსტიტუციის ის ნაწილი, რომელიც ადგენს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის გამოყენების საშუალებას. მაგრამ პროექტის ჩავარდნაზე არ არის საუბარი. კატეგორიულად ვამბობ, რომ მმართველი გუნდი არ დაუშვებს მთლიანად ჩავარდეს კონსტიტუციური კანონის პროექტი. ეს მმართველი გუნდის ავტორიტეტის საკითხია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ტაქტიკური სვლა.

გადაუნაწილებელი ხმები, ეს არის ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიზეზი, როდესაც ყველაფერი მიაქვს გამარჯვებულს. ანუ, ბონუსის სისტემა საქართველოში იმუშავებს?

- ბონუსური სისტემა მოქმედებს რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში, ასევე საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც არსებობს საშიშროება, რომ შეიქმნება პოლიტიკური ჩიხი. ანუ, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას და შესაბმისად, ვერ შექმნის სტაბილურ მთავრობას. კოალიციური მთავრობა პოლიტიკური სამთავრობო კრიზისების საფუძველი შეიძლება გახდეს და ამიტომ არსებობს ეს ბონუსური სისტემა.

თუმცა, აქ ბონუსური სისტემა არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად მეორე და მესამე პუნქტთან მიმართებაში, რომელსაც აპროტესტებს ოპოზიცია და კონსტიტუციონალისტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს პუნქტებია - მაღალი საარჩევნო ბარიერი. ოპოზიცია ამბობს: მოდით, დაწიეთ ეს საარჩევნო ბარიერი 3%-მდე, დაუშვით საარჩევნო ბლოკების არსებობა და კი ბატონო, იყოს ბონუსური სიტემაო. თუკი საარჩევნო ბარიერი იქნება დაწეული, პარლამენტში არა ორი პარტია, არამედ 4-5 პარტია გავა, მათ შორის „ლეიბორისტების“ ჩათვლით, რომლებიც 3%-ს ყველა არჩევნებში იღებენ.

ფიქრობთ, რომ ეს კონსტიტიტუციური პროექტი ერთ პოლიტიკურ პარტიაზეა მორგებული?

- მე ვერ წარმომიდგენია და ჩემმა 50 წლიანმა მოღვაწეობამ მაჩვენა, რომ მმართველი პარტია (არ ვგულისხმობ დღეს არსებულ პარტიას, წინა მმართველ გუნდს და ა.შ.) არა მარტო საქართველოში, თითქმის ყველა სახელმწიფოში არ მიიღებს ისეთ სისტემას, რომელიც მის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღეს არსებულ კონსტიტუციურ პროექტში ჩანს პოლიტიკური კონიუნქტურა, არა მხოლოდ ამ სამ პუნქტში, არამედ სხვა პუნქტებში, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, როგორი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს და ა.შ. აქ, მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესები აშკარაა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს პროექტი იქნება მიღებული და ეს განწყობა არის მმართველ გუნდში.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროექტის ლეგიტიმურობის ხარისხი არ იქნება ძალიან მაღალი.

ლეგიტიმურობის დაბალი ხარისხი რამდენად აზარალებს პროცესს?

- მთავარი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება, თუ ნახევრად საპარლამენტო, მთავარია, როგორ იყენებ ამ სისტემას. თორემ, საპარლამენტო რესპუბლიკა იყო ფაშიზმის საფუძველი გერმანიაში, საპარეზიდენტო რესპუბლიკა კარგია აშშ-ში, მაგრამ ცუდია ლათინური ამერიკის ქვეყნებში. შერეული მმართველობის სისტემა კარგია საფრანგეთში, მაგრამ ჩვენთან და პოსტსაბჭოური სახელმწიფო სრულად საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა.

სწორედ ამიტომ გვინდოდა 2010 წელს მისი გასწორება და ამიტომ გადავიხარეთ შერეული მმართველობის სისტემისკენ, რომელიც ძალიან ახლოს იყო საპარლამენტო მმართველობასთან. ამიტომ, მთავარია როგორ გამოიყენებს ამ სისტემას მმართველი გუნდი. იქნება თუ არა ერთპიროვნული მმართველი, რისი სურვილიც აქვს დღევანდელ მმართველ გუნდს, თუ ეს იქნება პლურალისტურ საფუძველზე შექმნილი მთავრობა და პარლამენტი. 

ნანახია - 1933

cugo

2017-05-19 10:04:22

როცა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და პარალელურად მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეს ალოგიკურია.პრეზიდენტის არჩევის დროს პირდაპირი წესი თუ კარგია დეპუტატების არჩევის დროს რატომ არის ცუდი. პრინციპი ორივე შემთხვევაში ხომ ერთნაირია. როცა ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევის საკითხში არ ენდობა ხალხის მიერ არჩეულ სამას კაცს და მას ირონიულად ,,ხმოსნებს,,უწოდებს,ხალხი რატომ უნდა პარტიებს,რომლებიც წმინდა სუბიექტური მოსაზრებებით ადგენენ სიებს.უმჯობესია ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად იქნეს წარდგენილი და ხალხმა ისე გააკეთოს არჩევანი.ოპოზიციური პარტიები,რომლებიც მოითხოვენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნებს და ასევე მოითხოვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ცდილობენ თვითონ მოირგონ კონსტიტუცია.აქედან გამომდინარე თუ იქნება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა,უნდა გაუქმდეს შერეული სისტემა და ყველა დეპუტატი უნდა აირჩეს მაჟორიტარული წესით.ეს იქნება სამართლიანი და ლოგიკური. მოსახლეობის არჩევანი არ იქნება დამოკიდებული პარტიების ნება-სურვილზე.საჭირო არ იქნება არც ბონუსები და არც ფოკუსები.

qedo sakokhia

2017-05-19 10:24:38

ამ არსებას რა სალაპარაკო აქვს? ამან არ გამოშიგნა წინა კონსტიტუცია?

Munji

2017-05-19 14:42:01

ქედო... არა, ეს მე ვქენი. მე მოვარგე კონსტიტუცია სააკაშვილს, რომელიც იმდენი ხანი უნდა ყოფილიყო პრემიერი, რამდენის ხოშიც ექნებოდა, მაგრამ ვინ აცალა!

serapina

2017-05-19 16:47:14


https://m.youtube.com/watch?v=0a6aQx1sVxM

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80