ეკომიგრანტები მუდმივი საფრთხის ქვეშ
ეკონომიკა

ეკომიგრანტები მუდმივი საფრთხის ქვეშ

ეკომიგრანტები მუდმივი საფრთხის ქვეშ
ბექა დანელია

2017-05-18 21:24:31

საქართველოში ეკომიგრანტების პრობლემა მწვავდება. სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში უძლურია მათი პრობლემები გადაჭრას. საკითხი ღიად არის დარჩენილი როგორც სტიქიურად სახიფათო ზონაში, ასევე იმ რეგიონებში, სადაც ეკომიგრანტები წლების წინ ჩასახლდნენ.

რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრებ აჭარიდან და სვანეთიდან ჩასახლებულ 40 ოჯახს ბერძენმა მესაკუთრეებმა საცხოვრებელი ფართების დაცლა მოსთხოვეს. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ირაგის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან მარგველანი ამბობს, თითოეულ ამ ოჯახს სახლის მეპატრონე დაუკავშირდა, რომელთა ნაწილი საბერძნეთშია და აგვისტომდე სახლების დაცლა მოსთხოვეს.

იმისათვის, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფომ ეკომიგრანტი საცხოვრებელი ადგილით დააკმაყოფილოს, მოქალაქეს მინიმუმ 17.5 ქულა უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ქულების მინიჭება ყოველ ოჯახზე კონკრეტული ინფორმაციის მოძიებით ხდება. მარგველანის თქმით კი, აღნიშნულ 40 ოჯახს დაბალი ქულები აქვთ.

გამოსახლების პრობლემა ყოველწლიურად დგება გაზაფხულისა და ზამთრის პერიოდში, რადგან ადგილობრივი ბერძნები საკუთარ სახლებში სწორედ ამ დროს ბრუნდებიან.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სხვის ფართში 1600-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათი უმრავლესობა ეკომიგრანტი საერთოდ არ არის. წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 1600-მდე ოჯახია, რომლებიც სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრობენ და ახლა მეპატრონე მათგან ფართის დაცლას ითხოვს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეს თავისით, უფრო სწორად თავისითაც არა, ყოფილი ხელისუფლების ცრუ დაპირებების გამო დაეტოვებინათ თავიანთი სოფლები და გადმოსულიყვნენ და დასახლებულიყვნენ სხვის სახლებში. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მესაკუთრეებს, რომ დათმონ ეს სახლები და გადასცენ მათ. იქ, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ ჩვენი სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ ისინი დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით, მაგრამ როდესაც ოჯახი ორად იყოფა, ერთი ძმა რჩება მშობლებთან, მამაპაპისეულ სახლში, მეორე ძმა მოდის აქ, სახლდება სხვის სახლში და ამბობს - ეკომიგრანტი ვარ და სახლი დამენგრაო, მას ეკომიგრანტს ვერ დავარქმევთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სუბარმა.

მინისტრის თქმით, ვინც თავს ეკომიგრანტად თვლის, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს და ფართის მოთხოვნით მიმართოს სამინისტროს. თუმცა, ფართით მათი დაკმაყოფილება მხოლოდ გეოლოგიური კვლევების შედეგებით მათი ეკომიგრანტობის დადასტურების შემთხვევაში მოხდება.

მაინც რატომ მიდის აჭარიდა და სვანეთიდან მოსახლეობა სხვადასხვა ადგილებში დასასახლებლად? - მიზეზი ბევრია, მათ შორის, მუდმივად რისკის ქვეშ ცხოვრება.

საქმე ისაა, რომ საქართველოში ამჟამად 35204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში მდებარეობენ, მათგან 11000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას. 2004 -2010 წლებში ისეთი ბუნებრივი სტიქიის გამო, როგორიცაა ძლიერი წვიმებითა და თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული წყალდიდობა და მეწყერი, აჭარიდან 763 ოჯახი განსახლდა. აჭარის ეკომიგრანტების პრობლემების საკოორდინაციო ჯგუფის ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი სტიქიის ზემოქმედების არეალში აღრიცხულია 4144 ოჯახი, რომლებიც ელოდებიან დახმარებას.

ხულოს მუნიციპალიტეტი მოსახლება შეადგენს 36835 კაცს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში შედის 77 სოფელი, რომელთაგან 31 შედის უშუალო ზემოქმედების ზონაში. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი სტიქიური მოვლენებთან დაკავშირებით (მეწყერი, ზვავი) პერიოდულად ხდება მოსახლეობის მიგრაცია (ეკომიგრანტები). შუახევის მუნიციპალიტეტი, რომელშიც შედის 68 სოფელი, მათგან 17 პროექტის პირდაპირი ზემოქმედების არეალშია. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს 22800 კაცს.

მაღალმთიან აჭარაში უმუშევრობის დონე მაღალია, მაღალმთიან დასახლებებში მით უფრო. იქ საკუთარ მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს ადამიანთა ძირითად საარსებო საშუალებას. მოსახლეობის მცირე ნაწილი დასაქმებულია პირადი მოხმარებისათვის გამიზნული თევზჭერით.

250 დასახლებულ პუნქტზე მეტი (20000 მოსახლემდე) მდებარეობს მაღალი რისკისა და სტიქიური უბედურების ზონაში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 1900 საცხოვრებელი სახლი და დაახლოებით 350 დანიშნულების შენობა დაინგრა მეწყრული პროცესების შედეგად. განხორციელდა დაახლოებით 6000 ოჯახის განსახლება. დაახლოებით 40 ხიდისა და გადასასვლელის დანგრევის შედეგად ბევრი სოფელი მოწყდა გარე სამყაროს. აჭარაში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად შეიძლება გზებსა და ხიდებს პრობლემა შეექმნას. არსებობს რისკები, რამაც შესაძლებელია სოფლებთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოიწვიოს.

ნანახია - 766

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80