ხმაურის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება
ეკონომიკა

ხმაურის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება

ხმაურის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება
ბექა დანელია

2017-05-18 21:00:26

სულ მალე ღამის ხმაური დასჯადი იქნება. ძალიან მალე ამ კანონს პარლამენტი მიიღებს და საპატრულო პოლიცია აღასრულებს. ჯარიმა საკმაოდ მაღალია - 150 ლარიდან 1000 ლარამდე.

პარლამენტში შევიდა პროექტი, რომლითაც ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. საუბარია, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა კი ფიზიკური პირის - 150 ლარით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით დაჯარიმებას.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს.

ხმაურის შემთხვევაში, მოქალაქეს საშუალება ექნება 112-ში დარეკოს, რის საფუძველზეც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდება. როგორ დარეგულირდება კანონი და რა შემთხვევაში მოუწევს მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა, დებულებებს სამუშაო ჯგუფი დაადგენს. საპატრულო პოლიცია აღჭურვილი იქნება სპეციალური ხმაურმზომი ხელსაწყოებით, თუმცა პატრული მხოლოდ დროებით შეასრულებს ამ მოვალეობას. 2018 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.

საქართველოში რომ ხმაურის ნორმების გადაჭარბება მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს დაფიქსირდა ხმაურით შეწუხებული მოსახლეობის მიერ საპატრულო პოლიციის 6539 გამოძახება. აქედან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივლისი-აგვისტოს თვეებში - 2155.

საინტერესოა დაახლოებით ერთი წლის წინ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა 416 თბილისელმა მიიღო. „ეისითის“ ანალიზმა აჩვენა, რომ დედაქალაქის მობინადრეების ერთ მესამედს (31%) აწუხებდა საღამოს საათებში გარედან შემომავალი ხმაური. მათთვის ყველაზე მეტად (16%) შემაწუხებელი იყო ავტომობილების გადაადგილება. თბილისელებს ასევე დისკომფორტს უქმნიდათ ღამის საათებში ქუჩიდან შემომავალი ხალხის (10%) და ფეიერვერკების ხმა (7%).

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ 2009 წელს მიიღო „ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები“, სადაც საუბარია ადამიანის ორგანიზმზე ხმაურის მავნე ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით ღამის საათებში. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბალი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თუკი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ხმაურიან გარემოში, მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, ძილის დარღვევა. მუდმივ ხმაურში ცხოვრებამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

ნანახია - 667

ცუგო

2017-05-19 16:46:22

ვაშა, ძალიან მიხარია ამ კანონის მიღება

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80