„ტელევიზიებმა კურიოზული თვითდაზიანება მიაყენეს საკუთარ თავს“
საზოგადოება

„ტელევიზიებმა კურიოზული თვითდაზიანება მიაყენეს საკუთარ თავს“

„ტელევიზიებმა კურიოზული თვითდაზიანება მიაყენეს საკუთარ თავს“
მანანა ნოზაძე

2017-05-18 17:30:30

„რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ჩვენება ფასიანი გახადონ“, - ასეთი შინაარსის შეტყობინება მიიღეს „სილქნეტის“ მომხმარებლებმა. კომპანია მოსახლეობას პაკეტის შესაძლო გაძვირების თაობაზე ატყობინებს. თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“ და „იმედის“ ყურების სიამოვნება რა თანხა ეღირება, ანუ რამდენით მოიმატებს გადასახადი.

ამ შეტყობინებას უკვე გამოეხმაურნენ მომხმარებლები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ზედმეტ კაპიკს არ გადაიხდის ამ სამი არხის საყურებლად. განსაკუთრებით, აბონენტთა რისხვა თავს დაატყდა „რუსთავი 2“-ს. მომხმარებელი კმაყოფილია, რომ სიცრუის მანქანის ყურებისგან დაისვენებს.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“ და „იმედის“ გადაწყვეტილებას ფასიანი ჩვენების თაობაზე უგუნურად, ულოგიკოდ და მარკეტინგთან აცდენილად აფასებს. მისი აზრით, ეს კურიოზული თვითდაზიანებაა, მაგრამ ამ ტელეარხების მენეჯმენტის მაგივრად ვერავინ გადაწყვეტს ამ საკითხს. თუ მათ სურთ, ჰარაკირი გაიკეთონ, ეს მათი ნებაა.

„თუ ჩვენებას გააძვირებენ, დიდი სიამოვნებით ვიტყვი უარს ორი არხის ყურებაზე, რადგან ერთი მათგანი არის ოფიციალური მმართველი ძალის რუპორი, „იმედის სახით“, ხოლო მეორე არის „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი დამქაში, ვგულისხმობ „რუსთავი 2“-ს. „მაესტრო“ შედარებით ნორმალურია და ამ ტელეარხზე უფრო შემტკივა გული, რადგან ის წარმოადგენს 21-ე საუკუნის დონის ტელევიზიას, თავისი პოლიტიკური თოქ-შოუებით, ამ არხზე გაცილებით მეტი, მდიდარი ასარჩევი პროგრამებია, ვიდრე სერიალები.

დანარჩენ ორ ტელეარხზე არ დამწყდება გული. პირიქით, გამიხარდა, რომ მათ გააძვირეს ჩვენება და საშუალებას მაძლევენ, ოფიციალურად ვთქვა უარი პოლიტიკურად მართულ ორივე ტელეარხზე. პოლიტიკურად მართული ტელევიზიის ყურებას სჯობს, საერთოდ არ უყურო. თანაც, ტელევიზიას თუ არ უყურე, ინტერნეტი და ელექტრუნული საშუალებებია და შეგიძლია, იქიდან ისარგებლო. თუ იქიდანაც დაბლოკავენ, სულ კარგად იყვნენ. „რუსთავი 2“-ს თუ არ შეხედავ, ბევრს არაფერს დაკარგავ, სამწუხაროდ, „იმედმაც“ დაკარგა რენომე და რეპუტაცია. თვითონაც მიხვდებიან, რამდენ მაყურებელს დაკარგავენ“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია და მოხარულია, რომ „ეთერი გათავისუფლდება პოლიტიკური დაბინძურებისგან და „ეკოლოგიურად“ უფრო სუფთა გახდება“.

ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, ზემოთ ნახსენებ ორ ტელევიზიას თავში აუვარდა და მათ წარმოისახეს, თითქოს მართლაც რაღაცას წარმოადგენენ და შეუძლიათ განსაზღვრონ საინფორმაციო ველი საქართველოში, რაც რეალობას აცდენილია.

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ვინმეს ამ არხების ყურება უნდა, უფასოდაც მოახერხებს იმ სეთიბოქსების საშუალებით, რომელიც ტელევიზორებზე დგას.

„მართალი გითხრათ, რა მოგება ექნებათ და რამდენი ფულის მიღებას გეგმავენ ეს ტელევიზიები, არ ვიცი, მაგრამ, ეტყობა, გათვლილი აქვთ, რასაც აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „მაესტროს“ ყურება, საკაბელო ტელევიზიების გარეშე უფასოდაც შეეძლებათ. უბრალოდ, შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებმა დაკარგონ ხელმომწერები. არა მგონია, ეს სერიოზულად აისახოს რომელიმე ტელეარხის მაყურებელთა რაოდენობაზე, რადგან საკაბელო თუ გაქვს და რომელიმე არხის ყურება არ გინდა, იმ არხს არ უყურებ, შენს ხელშია პულტი და გადართავ. მეეჭვება, ბევრმა ადამიანმა თუნდაც პრინციპის გამო დამატებით 2 ან 4 ლარი გადაიხადოს იმავე მომსახურეობაში, რაც მანამდე სულ სხვა ფასი ღირდა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა საკაბელოები 2-3 ლარით მეტის გადახდის სანაცვლოდ სხვა არხების ჩართვასაც გვთავაზობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს იმით თავდებოდა, რომ იმავე ფასად ნაკლებ არხებს ვუყურებდით“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი და სამი ტელეარხის მხრიდან ფასიან ჩვენებაზე გადასვლას წესიერ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს - „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებელს ცუდად ექცევიან“.

 

ნანახია - 3422

heierdali

2017-05-18 18:07:13

მაგათ რომ ვუყურო,იქედან უნდა მიხადონ ფული.:)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80