„საქართველოში მცირე ბუნებრივი მატება არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება“
საზოგადოება

„საქართველოში მცირე ბუნებრივი მატება არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება“

„საქართველოში მცირე ბუნებრივი მატება არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება“
მანანა ნოზაძე

2017-05-17 19:00:03

2017 წლის იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3, 718 მილიონი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები 0,1%-ით ნაკლებია 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით. მართალია, ერთი შეხედვით, 0,1% თითქოს საგანგაშო ციფრი არ არის, მაგრამ, დემოგრაფების მოსაზრებით, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ესეც მნიშვნელოვანი დანაკარგია.

დემოგრაფიული დანაკარგის შესახებ For.ge დემოგრაფ ანზორ თოთაძე ესაუბრა.

ჩვენი მოსახლეობის რიცხვის 3, 718 მილიონამდე შემცირებასსაქსტატიიმით ხსნის, რომ ერთი წლის მანძილზე ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, რამაც 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა. გამოდის, რომ 2016 წელს საქართველოდან 98, 3 ათასი კაცი წავიდა, რაც 2,4%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. რამდენად მნიშვნელოვანი დანაკარგია 0,1%-ით ჩვენი მოსახლეობის შემცირება?

- მართლაც, ჩვენი მოსახლეობის რიცხვმა 3, 718 ათასი შეადგინა. არადა, ცოტა უფრო ადრე ეს მონაცემები 3, 720 ათასს უტოლდებოდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული დემოგრაფიული ცნობების მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიო სახელმწიფოთა შორის ტერიტორიის სიდიდის მიხედვით ასეულშიც ვერ მოხვდა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით 136-ე ადგილი დაიკავა. ეს მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში, მე-12 საუკუნეში ჩვენი მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 1,5%-ს შეადგენდა, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის ყოველ ათი ათას კაცში დაახლოებით 150 კაცი იყო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელი. ამჟამად საქართველოს მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 0,05%-ს შეადგენს და მსოფლიო მოსახლეობის ყოველ ათი ათას კაცში მხოლოდ ხუთია საქართველოს მოქალაქე. სწორედ ასეთი მძიმე დემოგრაფიული მაჩვენებლებით შევხვდით მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნას.

მოსახლეობის განვითარების მხრივ ევროპული ტიპის ქვეყანას მივეკუთვნებით. შესაბამისად, ჩვენთანაც ისევე, როგორც მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა სულ უფრო მცირდება. თუმცა როგორი დემოგრაფიული სურათი იკვეთება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში?

- ცხადია, იზრდება აზიისა და აფრიკის მოსახლეობის რაოდენობა, რაც მთელ რიგ ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან დაპირისპირება ხდება იდეოლოგიის, კულტურის, ცხოვრების წესის, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებს, მოსახლეობის რაოდენობა არნახულად იზრდება. სამაგიეროდ, ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მოსახლეობა შემცირდა. საუბარია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

1989-2016 წლებში ქრისტიანული აღმსარებლობის ცხრა ქვეყანაში 14 მილიონ 361 ათასით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, ხოლო მაჰმადიანური ექვსი აღმსარებლობის ქვეყანაში 23 მილიონ 16 ათასი კაცით მოიმატა. მაგალითად, უზბეკეთში მოსახლეობის რაოდენობა 11 მილიონ 790 ათასი კაცით გაიზარდა და 1989 -2016 წლებში მატების ტემპმა 60% შეადგინა; ტაჯიკეთში გაიზარდა 3 მილიონ 454 ათასით, აზერბაიჯანში- თითქმის 3 მილიონით. აღსანიშნავია, რომ 16-მილიონიანი ყაზახეთის მოსახლეობა შედარებით მცირე რაოდენობით გაიზარდა, კერძოდ, მილიონ 207 ათასი კაცით, რასაც თავისი ახსნა აქვს.

კერძოდ, 1989 წელს ყაზახეთში დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ რუსები, 6 მილიონზე მეტი რუსი ცხოვრობდა, რაც თითქმის ყაზახების რაოდენობის ტოლი იყო. ყაზახებიც 6 მილიონს შეადგენდნენ. რუსებში დაბალია შობადობის და მაღალია მოკვდავობის დონე. ამდენად, მომდევნო წლებში ყაზახეთში მნიშვნელოვნად მცირდებოდა რუსების და იზრდებოდა ყაზახების რაოდენობა. მთლიანობაში, 1989-2009 წლებში რუსების რაოდენობა 6 მილიონიდან 3 მილიონ 7 ათასამდე შემცირდა, ხოლო ყაზახებისა 6 მილიონ 500 ათასიდან 10 მილიონამდე გაიზარდა, რაც ყაზახების მაღალ ბუნებრივ მატებაზე მიუთითებს.

საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით. როგორია ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ამ ქვეყნებში?

- 2000-2009 წლებში საქართველოში შეიმჩნეოდა მცირე ბუნებრივი მატება, სულ რაღაც 53 ათასი კაცის ოდენობით, მაგრამ ესეც არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე. ამავე პერიოდში მოსახლეობის აბსოლუტური ბუნებრივი მატების მაჩვენებელი თურქეთში 165-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქართველოში, აზერბაიჯანში-15-ჯერ მეტი, ხოლო სომხეთში - 2-ჯერ მეტი. ბუნებრივი მატება ნიშნავს სხვაობას გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის. თუ თურქეთში ბუნებრივი მატება 2000-2009 წლებში, ანუ ათ წელიწადში შეადგენდა 8 მილიონ 835 ათასს, აზერბაიჯანში შეადგენდა 830 ათასს, ხოლო სომხეთში -120 ათასს, საქართველოში ეს შეადგენდა 53 ათასს. ე.ი. სომხეთშიც კი, რომელიც ჩვენზე უფრო მცირერიცხოვანია მოსახლეობით, ორჯერ მეტი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. ამდენად, ჩვენს მეზობლებთან მიმართებითაც ასე მძიმეა ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 52,1% ქალია, 47,9%- მამაკაცი. ამასთან, საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლიდან 1,1 მილიონი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი, სადაც 529,7 ათასი ადამიანია, ხოლო ყველაზე ნაკლებად დასახლებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც მხოლოდ 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს. წინასწარი პროგნოზით, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, რაც 90-იან წლებში დაბადებულ გოგონათა განახევრებული ციფრით აიხსნება.

- დღეს არც ერთი პრობლემა არ არის ისე მტკივნეული, როგორც დემოგრაფია. ჩვენში ბუნებრივი მატება შარშანწინ იყო ათი ათასი, ანუ ათი ათასით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა; შარშან-ხუთი ათასით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. უფრო ადრე გვქონდა ნულოვანი მატება, ანუ რამდენიც იბადებოდა, იმდენი კვდებოდა. შესაბამისად, საერთოდ არ იყო მატება. დღესაც მოსახლეობის მატება მოდის მარტო ქვემო ქართლსა და სამხრეთ საქართველოზე. იმერეთში საშინელი მდგომარეობაა. შარშან 1200 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. პირველი შემთხვევა იყო, როცა საჩხერეშიც უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

ახლა ამბობენ, ქორწინება შემცირდაო. ამ შემთხვევაში, არაფერ შუაში არ არის ეკონომიკა, რადგან შობადობა წელს, ასევე, მომავალ წელსაც კიდევ უფრო შემცირდება, განახევრდება. ეს იმით აიხსნება, რომ 80-იან წლებში დაბადებულ 455 ათას გოგონას მეორე ათწლეულში 236 ათასი გოგონა მოჰყვა. სწორედ ეს 236 ათასი გოგონა დაბადებს განახევრებული რაოდენობის შვილებს და დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო დამძიმდება. ახლა ჩვენ გვინდა, აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკით როგორმე გავზარდოთ შობადობა, რათა დაღმასვლის პროცესი შევაჩეროთ და ამის მერე დავიწყოთ ზრუნვა მოსახლეობის გამრავლებაზე. 

ნანახია - 1169

gio2000

2017-05-19 05:02:32

ქვეყანაში თუ მართლაც საკმაოდ დიდია მილიონერთა რაოდენობა, იქნებ,როგორმე მოხერხდეს რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც თვითეულ შვილზე გარკვეულ თანხას გადაუხდის ოჯახებს-ყოველთვიურად ისე, რომ ეს თანხა საკმარისი იყოს ბავშვის გასაზრდელად. ასევე დახმარება უნდა გაეწიოს ახლადშექმნილ ოჯახებს და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც შობადობა დაბალია და არა განურჩევლად ყველგან!!!
საერთოდ კი ოჯახებს უნდა განემარტოს, რომ არ შეიძლება უარი თქვან გოგონაზე და მხოლოდ ბიჭების გაჩენაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რადგან, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა ქალების რიცხვზეა დიდად დამოკიდებული.!!!
გააჩინეთ რაც შეიძლება მეტი გოგონები (და რასაკვირველია, ვაჟებიც)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80