„მოსაწევი ადგილები არ უნდა დავუშვათ, რადგან თამბაქოს კვამლს არ აქვს კარები“
საზოგადოება

„მოსაწევი ადგილები არ უნდა დავუშვათ, რადგან თამბაქოს კვამლს არ აქვს კარები“

„მოსაწევი ადგილები არ უნდა დავუშვათ, რადგან თამბაქოს კვამლს არ აქვს კარები“
მანანა ნოზაძე

2017-05-16 19:00:04

თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევის მიზნით სპეციალური მოსაწევი ადგილები აღარ დაიშვება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ კანონში სპეციალურად არ დატოვეს „ხვრელები“ და არ დაუშვეს ასეთი ადგილების არსებობა, რადგან თამბაქოს მოწევის მხრივ საქართველოში ისედაც კატასტროფული მდგომარეობაა. მოსახლეობის 34% მწეველია და წლიურად 11 ათასი ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით.

„მოსაწევ ადგილებს როგორც კი დავუშვებთ, კანონი აღარ იმუშავებს, რადგან თამბაქოს კვამლს არ აქვს კარები“,-აცხადებს გუგული მაღრაძე.

მისივე თქმით, დახურულ შენობებში მთლიანი აკრძალვა ძალზე ეფექტურია, მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში შეიძლება მოწევა, ასევე, ნაწილობრივ სასტუმროებში, პენიტენციალურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. გამონაკლისის სახით, ტურიზმის ინტერესიდან გამომდინარე, ლიცენზირებულ კაზინოებსა და სიგარა-ბარებშიც შეიძლება მოწევა.

ის, რომ თამბაქოს მოწევის მიზნით სპეციალური მოსაწევი ადგილები აღარ დაიშვება, მწეველებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი არ არის. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ 2008 წლიდან ცალკე მოსაწევი ადგილები უნდა გამოყოფილიყო ნებისმიერ დაწესებულებასა და კვების ობიექტში, მაგრამ როგორ იმუშავა ამ კანონმა, ყველამ კარგად იცის. ტექნიკურად ჯერ არ არის გამოგონებული ისეთი გამწოვი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კვამლის აბსოლუტურ განეიტრალებას იქ დასაქმებულებისა და სტუმრების დაცვის მიზნით. შესაბამისად, ყველაზე ეფექტურად და აღსრულების თვალსაზრისით მარტივ ზომად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია თამბაქოსგან თავისუფალი შენობები.

„ფაქტობრივად, მწეველებს ოკუპირებული აქვთ მთელი შენობა-ნაგებობები და გარე სივრცე, არსად არ ერიდებიან მოწევას. ჩვენი უფლებები კი დაუცველია. უცხოელ ტურისტებშიც უკმაყოფილებას იწვევს, რომ მოწევა დაშვებულია ყველა შენობაში, შეხვედრებზე თუ ოფისებში. ბევრი მათგანი მეორედ აღარც ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება კაზინოებს, მოწევა დასაშვებია იმ დარბაზში, სადაც სათამაშო მაგიდებია; ხოლო, კაზინოების იმ დარბაზში, სადაც საკვები და სასმელია, არ იქნება დაშვებული მოწევა. სიგარა-ბარებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ სპეციალიზირებული ლიცენზირებადი საქმიანობა გახდება სიგარა-ბარის არსებობა და იქ მყოფ პირს მხოლოდ სიგარის მოწევა შეეძლება, მაგრამ არ შეეძლება საკვების მიღება. ეს იმიტომ კეთდება, რათა სიგარა-ბარის ნიღაბს არ ამოეფარონ ცალკეული კაფე-ბარები და აბსურდამდე არ მივიდეთ. ამიტომ სიგარის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლის წლიური ბრუნვა მინიმუმ 15% უნდა იყოს“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე, რომელსაც სიგარა ბარებსა და კაზინოებში მოწევის დაშვება მაინც გარდამავალ ეტაპად მიაჩნია და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთი გამონაკლისის დაშვებას.

მისივე თქმით, კაზინოებსა და სიგარა-ბარებში ათეულობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და მათი უფლებებიც დასაცავია. ამიტომ ასეთ დათმობას არ უნდა შევეგუოთ და უახლოეს პერიოდში სიგარა ბარებშიც უნდა მოხდეს მოწევის აკრძალვა. გიორგი ბახტურიძე სამართლებრივ დახმარებას აღუთქვამს იმ ხალხს, ვინც დასაქმებულია კაზინოებში და მომავალში დასაქმდება სიგარა-ბარებში. ამიტომ მათ მოუწოდებს, მიმართონ სასამართლოს საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად და მათი თანადგომითაც ისარგებლონ.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კაზინო აბსოლუტურად დახურული შენობაა, სადაც რეალურად განიავება-ვენტილაცია არ ხდება. ამიტომ ხშირად სასწრაფო დახმარების გამოძახება უწევთ იქ დასაქმებული პირებისთვის და ყოფილა მძიმე შემთხვევებიც. კაზინოში მუშაობა რთულია, თითქმის გაზის კამერის ტოლფასია.

„მწეველებს არ ვუკრძალავთ მოწევას, მხოლოდ ვთხოვთ, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაში არ მოსწიონ. მოწევა დაშვებულია საცხოვრებელ სახლებში, ოღონდ არა ისეთ სახლებში, სადაც კერძო სამეწარმეო საქმიანობის აღსრულება ხდება, ან ოფისად აქვთ გაქირავებული“.

არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი ლელა სტურუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დახურულ შენობებში არსად არ უნდა იყოს მოსაწევი ადგილები. ასეთი ადგილები უნდა იყოს მხოლოდ ღია შენობებში, ღია ცის ქვეშ ან ნახევრად აივანზე, ვინაიდან მოსაწევი ადგილების გამიჯვნა სრულად ვერ ხერხდება და ამის გამო ადამიანები პასიური მწეველები ხდებიან.

„თუკი ახალ კანონმდებლობას ვღებულობთ, ყველა დახურული სივრცე თამბაქოსგან თავისუფალი უნდა იყოს. მით უმეტეს, ჩარჩო-კონვენცია ამას გვავალდებულებს და უკვე 6 თუ 7 წელია, გადავაცილეთ მის აღსრულებას. ევროპის უმეტეს ქვეყანაში თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალია დახურული სივრცეები. ასეა რუსეთში, მოლდოვაში, თურქეთში, ევროპაში. თამბაქოს ინდუსტრიასთან ბრძოლა ყველა ქვეყანაში რთულია. უკვე რამდენი წელია, ვიბრძვით, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ ახლა გამოჩნდა სერიოზული ლიდერი აკაკი ზოიძის სახით, რომელმაც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ჩვენ ვაწყდებოდით პრობლემას თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან, ეს არ ყოფილა მუქარა, მაგრამ, სადაც მიუწვდებოდათ ხელი, ცდილობდნენ, გადაევადებინათ ან გარკვეული მუხლები შეერბილებინათ“. 

ნანახია - 1061

arichopra 2

2017-05-16 19:24:46

„თუკი ახალ კანონმდებლობას ვღებულობთ, ყველა დახურული სივრცე თამბაქოსგან თავისუფალი უნდა იყოს. მით უმეტეს, ჩარჩო-კონვენცია ამას გვავალდებულებს და უკვე 6 თუ 7 წელია, გადავაცილეთ მის აღსრულებას."
მაგ ჩარჩოში ვნახე ჩასმული და ზალაში ჩამოკიდებული იმის სურათი ვინც ხელი მოაწერა ამ აბდლობას! მე არ ვეწვი, მწეველებიც მაღიზიანებენ, მაგრამ ჩემს გაღიზიანებაზე ხომ არაა?!

serapina

2017-05-16 20:09:00

რაოდენობისთვის შეკრებილებმა, ყველაფერზე უნდა მოაწერონ ხელი...

...ქართულ ფილმში რომ არის: "-მოკვდი გოგო?
-დიახ, ქალბატონო."

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80