ბერლუსკონი - „ჩვენ გადავარჩინეთ სააკაშვილი“
რეტრომედია

ბერლუსკონი - „ჩვენ გადავარჩინეთ სააკაშვილი“

ბერლუსკონი - „ჩვენ გადავარჩინეთ სააკაშვილი“
„კვირის პალიტრა“, 4 ოქტომბერი, 2010 წელი

2017-04-21 10:15:09

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსები თავს არ დაესხნენ საქართველოს, სწორედ მისი და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დამსახურებაა.

იტალიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ეს განაცხადა სენატში, სადაც ლაპარაკობდა უკანასკნელი წლების საკუთარ მიღწევებზე. პრემიერის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ ის იყო, რომ მან, ნიკოლა სარკოზისთან ერთად, გადააფიქრებინა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს თბილისზე შეტევა.

ბერლუსკონის განცხადებით, დიპლომატიურმა ძალისხმევამ გადაარჩინა მიხეილ სააკაშვილი რუსი ჯარისკაცების მიერ ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ ბერლუსკონის ნათქვამის კომენტირებისას განაცხადა:

"არაერთხელ გამიგონია ეს ბერლუსკონისგან და ახლახან იტალიის პარლამენტშიც გაიმეორა, რომ  უზარმაზარი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობისა და იტალიის წინაშე. მისი მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ სააკაშვილი თბილისში ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას გადაარჩინა.

აგვისტოს დღეებში ლაპარაკი საქართველოს პრეზიდენტის სხეულის რომელიმე ნაწილით ჩამოკიდებაზე ან მაღალ ხეზე ჩამოხრჩობაზე კი არ იყო, არამედ საქართველოს განადგურებაზე. მსოფლიო საზოგადოებრიობამ ყველაფერი იღონა, რათა ეს არ მომხდარიყო. აშშ-მა თავისი ფლოტი შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, მიღებული იქნა ძალიან თანამედროვე და ეფექტიანი ზომები...“

"მინდა ყველას შევახსენო: როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში კონდოლიზა რაისმა ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ რა იყო მათი მიზანი საქართველოს მიმართ, პასუხი ძალიან მოკლე გახლდათ: - სრული განადგურება".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა ქართველი ხალხის ერთად დადგომამ და საერთაშორისო საზოგადოებრიობის თანადგომამ გადაარჩინა.

"რაც შეეხება ჩემი მეგობრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებას, შემიძლია გითხრათ, რომ მას ძალიან მჭიდრო, თითქმის ინტიმური ურთიერთობა აქვს პუტინთან და თუ ეს მან სასარგებლოდ გამოიყენა, ამას მივესალმები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

 

ნანახია - 373

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80