როგორი მერი ჭირდება თბილისს?!
საზოგადოება

როგორი მერი ჭირდება თბილისს?!

როგორი მერი ჭირდება თბილისს?!
მანანა ნოზაძე

2017-04-19 16:30:38

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისთანავე თბილისისთვის დილემად იქცევა ხოლმე მერობისთვის შესაფერისი თვისებების მქონე პირის მოძიება. რატომღაც ჭირს დედაქალაქის სათავეში ღირსეული პერსონების შერჩევა და ჩვენი მოქალაქეები ნებისმიერ კანდიდატს დიდ ნაკლს გამოუძებნიან ხოლმე. 

ერთ თვეში გახდება ცნობილი, ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. არაოფიციალური ვერსიით, კენჭისყრა მეორე ვადით სურს ნარმანის, თუმცა მის სურვილს პოლიტსაბჭოს წევრები მხარს არ უჭერენ. დავით ნარმანია, კახა კალაძე, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, -ეს თბილისის მერობის კანდიდატთა არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ფსონი დადოს. 

გადაწყვეტილება მერობის კანდიდატების შესახებ არც „ევროპულ საქართველოს“ მიუღია. პარტიის შიგნით მსჯელობა ირაკლი აბესაძესა და ელენე ხოშტარიას შესახებ მიმდინარეობს. 

რაც შეეხებათ „ნაციონალებს“, ამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მერობისთვის ხელახალ კენჭისყრას არ გამორიცხავს. საბოლოო გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა, შიდა არჩევის წესით მიიღოს და არჩევანი ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გააკეთოს. თუმცა „ნაციონალების“ მხრიდან არც სხვა კანდიდატია გამოსარიცხი.  

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისადმი ამომრჩევლის ნეგატიური აზრი გაზრდილია, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მაინც ფიქრობს, რომ მომავალ არჩევნებზე ხმის მიცემის კუთხით არსებითი ცვლილებები არ იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას ალტერნატივად ჰყავს „ნაცმოძრაობა“, ან  „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომლებმაც „ევროპულ საქართველოში“ გადაინაცვლეს. For.ge-სთან საუბარში არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ „ნაციონალებს“ მაღალი შანსები არ ექნებათ, მაგრამ ისინი ამ არჩევნებს გამოიყენებენ სახელისუფლებო კანდიდატის მაქსიმალურად შესარყევად. 

„თუ ზაფხულის განმავლობაში რაიმე სასწაული არ მოხდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებენ. ნარმანიას თუ გაუშვებენ კანდიდატად, რამდენადმე მაინც ცოტათი რისკის ქვეშ დადგებიან. თუმცა, თუკი მაჟორიტარების არჩევნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ეს რისკი არც იყოს და მელიას, ნარმანიასა და აბესაძეს შორის თავისუფლად გაიმარჯვოს ნარმანიამ. თანაც, არა მგონია, ნარმანია ისეთი ცუდი მერი იყოს, როგორადაც ახასიათებენ. მის მიმართ არ არის ისეთი ნეგატიური აზრი საზოგადოებაში, როგორიც კონკრეტულად ცალკეული პოლიტიკური პარტიების პროპაგანდას გააჩნია. 

ნარმანია კარგი ადმინისტრატორია, უბრალოდ, იგი ცუდი პოლიტიკოსი გამოდგა. აქედან გამომდინარე, მას „ქართულ ოცნებაში“ ექნება მხარდაჭერა, მით უმეტეს, პარტიის შემქმნელისგან - ბიძინა ივანიშვილისგან. არც ისაა გამორიცხული, რომ ნარმანია ისევ გაუშვან მინისტრად, სადაც ის ეფექტური იყო. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის მინისტრობის პერიოდს, როცა  „ნაცმოძრაობისთვისაც“ ანგარიშგასაწევ პირად ითვლებოდა. რაც შეეხება კალაძეს, თუ მას მერობის ინტერესი გააჩნია, ჩათვალეთ, რომ იგი დედაქალაქის მერი გახდება კიდეც, რადგან კალაძეს აქვს სერიოზული ფინანსური რესურსიც, გააჩნია ძლიერი პოზიციები პარტიაში და ჰყავს მხარდამჭერთა არმიაც. მაინც მგონია, ნარმანიას ერთ ვადაში არ გაუშვებენ. ხოლო ქუმსიშვილი რომც გახდეს მერობის კანდიდატი, შესაძლოა, ისიც კი გავიდეს ამ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი არჩევითობის ხარისხი ძალიან დაბალია. „ოცნებას“ აქვს  შესაძლებლობები, საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს. სადაც ქუმსიშვილის გამარჯვება შეიძლება, ნარმანია კიდევ უფრო მისაღები ვარიანტი იქნება ამომრჩევლისთვის“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ. 

ამასთან, მან განმარტა, რომ აბესაძისა და მელიას ფონზე, ნარმანიას უპირატესობა აშკარაა. თვით საარჩევნო პერიოდშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ნარმანია-მელიას შორის დებატები მაღალი ხარისხის არ იყო, ნარმანიას უპირატესობა აშკარა ჩანდა. ამიტომ „ნაციონალებმა“ შესაძლოა, ვიღაც სხვა მოძებონ კანდიდატად, თუმცა მათ მაინც არ ექნებათ დიდი პერსპექტივა.  


ანალიტიკოსის აზრით, მელიას მეტ-ნაკლებად აქვს საარჩევნო სუბიექტისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლიდერული მონაცემები. გრიგოლ  ვაშაძე კი ყოფილი დიპლომატი და აკადემიური ადამიანია და შეიძლება, არჩევანიც მასზე შეაჩერონ, რათა ვაშაძის აკადემიურობა ნარმანიას აკადემიურობას შეუფარდონ. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ არჩევანს ირაკლი აბესაძესა და ელენე ხოშტარიას შორის, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ხოშტარიას საკმაოდ ნეგატიური იმიჯი აქვს საზოგადოებაში და, ვიწრო ამომრჩეველთა წრის გარდა, არავინ ჰყავს. ამიტომ შესაძლოა, ირაკლი აბესაძეს უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს. თუმცა ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ის, რომ ცალკეული პარტიები მერობის არჩევნებს გამოიყენენ, როგორც  გარკვეულ სივრცეს საკუთარი პოზიციონერობისათვის.   

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის და „ქართული ოცნების“ ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან შესაძლოა, არც ერთი მათგანი არ დასახელდეს. 

„ნარმანია, კალაძე, ქუმსიშვილი, ვერც ერთს ვერ დავასახელებ ისეთს, რომელზეც გადაწყვეტილება გუნდში უკვე არის მიღებული. შეიძლება, სრულიად მოულოდნელი არჩევანი გაკეთოს მმართველმა გუნდმა და სხვა კანდიდატურა დაასახელოს. როგორც ვიცი, არც „ნაციონალები“ არიან ჩამოყალიბებულნი საკუთარი მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, შეიძლება, კანდიდატად ჰყავდეთ გიგი უგულავა, თუმცა ესეც მეეჭვება. ალბათ, უფრო ირაკლი აბესაძეზე შეაჩერებენ არჩევანს. მთლიანობაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, გაიმარჯვონ ამ არჩევნებში და საკუთარი მერი შემოგვთავაზონ“,-აცხადებს სოსო მანჯავიძე.  

დეპუტატი გუგული მაღრაძე ვერ აკონკრეტებს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. ჩვენთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ეს წინასწარი მარჩიელობა გამოდის და, როცა დაიწყება კონსულტაციები, მაშინ ეცოდინებათ მისი ვინაობა. ამ ეტაპზე კი კანდიდატურები ნაირნაირი შეიძლება იყოს, ოღონდ გუნდში ამ საკითხზე არანაირი საუბარი არ ყოფილა. 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისს არასდროს უჭირდა კარგი მერების არჩევა. თბილისს ჰყოლია ძალიან კარგი მერები, თუმცა საბჭოთა კავშირის შემდეგ მერობის კანდიდატთა შერჩევა პრობლემად იქცა. საქმე ის არის, რომ თბილისი დედაქალაქი და დიდი მნიშვნელობის ქალაქია, ამდენად, ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს, თბილისის მერის სავარძელში დაინახოს რომელიმე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ვინაიდან იქიდან ერთი ნაბიჯია უფრო მაღალი  თანამდებობებისკენ. ამდენად, თბილისის მერის პოსტზე სჭირდებათ ცოტა უფრო დავარცხნილი, ენამოვლილი, სიმპათიური ნარმანია. მოკლედ, ისეთი ნარმანია სჭირდებათ, რომელიც შინაარსით ნარმანიაა, მაგრამ ფორმით უფრო ელვარეა. 

თუმცა მერობის უფრო ელვარე კანდიდატი ლევან ბერძენიშვილს „ქართულ ოცნებაში“ არ ეგულება, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ჰყავს პოლიტიკოსები და ეს ცოტა სხვანაირი პარტიაა. ამ პარტიაში არც ერთი პოლიტიკოსი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს გააჩნიათ პოლიტიკური გამოცდილება, ვიღაცები პარლამენტშიც ისხდნენ უფრო ხანგრძლივად. 

„მათ არ ჰყავთ ისეთი კაცი, რომლის არჩევაც შეიძლება მარტო იმიტომ, რომ კარგი კანდიდატია. ამიტომ ისინი აქცენტს აკეთებენ არა პარტიულ სტრუქტურაზე, არამედ იმაზე, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ვისაც უნდათ, გაიყვანენ. ამ ლოგიკით, მოგეხსენებათ, ერთმა დიდმა იმპერატორმა-კალიგულამ  საკუთარი ცხენი შეიყვანა სენატში. ვფიქრობ, იმის გამო, რომ ნარმანიას იმიჯი შელახულია, ის უსახური ფიგურაა, „ოცნება“ მასზე არჩევანს არ გააკეთებს. შეეცდებიან, ახალი სატყუარა გამოიგონონ. 

ვერ გეტყვით, ეს იქნება კალაძე თუ ქუმსიშვილი, არც ერთი მათგანი არ მომდის თვალში, არც ერთს არ მივცემდი ხმას, მაგრამ ნარმანიასთან შედარებით, შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მათ მეტი შანსები აქვთ. თუკი  ნებისმიერი კანდიდატი, ანუ ნებისმიერი იქსი იმარჯვებს „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, მაშინ ნარმანიამაც შეიძლება გაიმარჯვოს, მაგრამ თვითონ კანდიდატმაც რაღაც ხომ უნდა შემატოს თავის სკამს? ან მეტყველება უნდა ჰქონდეს, ან ქალებს უნდა მოსწონდეთ. პოლიტიკის გაგებაში არ არის, არც მანამდე ერეოდა პოლიტიკაში, მთელი მისი ძალა იმისკენ იყო მიმართული, რომ არღვევდა კანონს და არ მიდიოდა საკრებულოში. მისი მჭევრმეტყველების მწვერვალი კი გახლდათ „ვირიშვილი მაიმუნი“,-აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და არ მალავს, რომ სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა დავით ნარმანიაზე, როგორც მეცნიერზე, ადამიანზე. 

საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ისეთ კანდიდატს, რომელიც არ იქნება გამგონე, მონა-მორჩილი. ამდენად, დავით ნარმანია შესანიშნავი მერია ივანიშვილისთვის, რომელიც მოჭრის ტყეებს და აჩუქებს მიწას ივანიშვილს, მშენებლობაზე კოეფიციენტებს მოუმატებს, „ნაციონალებს“ შეედავება დედაქალაქის დამახინჯების გამო და ამ დროს თავად წარმატებით დაამახინჯებს ქალაქს. 

„ამ გაგებით, ნარმანია შესანიშნავი მერია და, ვფიქრობ, ივანიშვილი დატოვებს მას, თუ ძალზე უარყოფითი კვლევები არ დაუდეს. ის, რომ თითქოს ივანიშვილი უკმაყოფილოა ნარმანიათი, რეალობა არ უნდა იყოს. უბრალოდ, ივანიშვილი გულს უხარებს ხალხს. რაც შეეხება მერობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატს, დიმიტრი ქუმსიშვილი იგივე დავით ნარმანია იქნება, მათ შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ.   კახა კალაძე კი უფრო ძლიერი კანდიდატია. მე არ ვიტყვი, უკეთესია, თუ უარესი, მაგრამ უფრო ძლიერია, თუმცა მისი არჩევის შედეგად კიდევ უფრო გამძაფრდება კორუფცია და კრიმინალური მიმდინარეობა, რაც მერიის ირგვლივ ისედაც ყვავის კორუფციისა და ნეპოტიზმის სახით. არა მგონია, ივანიშვილს ძლიერი კალაძე უნდოდეს, რადგან კალაძეს შეუძლია საკუთარი პოლიტიკური თამაშები წამოიწყოს, თავისი გუნდი ჰყავდეს, რაც ნარმანიას არც ჰყავს და არც გააჩნია ამაზე პრეტენზია. რაც მთავარია, კალაძეს საკუთარი ორი ფეხით ნაშოვნი მილიონები აქვს და შემდეგ უკვე ამას უმატებს  მაფიოზურ ენერგეტიკულ მილიონებს“,-აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ და „ოცნების“ გარეთ მყოფ კანდიდატებსაც შეეხო. 

მისი თქმით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თუ გახდება ალეკო ელისაშვილი, საეჭვოა, მან წარმატებას მიღწიოს. მართალია, თავდაპირველად ალეკო ელისაშვილი ამ ხელისუფლების მომხრე იყო და ამას არც მალავდა, მაგრამ შემდეგ გარკვეული თემებით მოახერხა პოპულარობის მოპოვება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს საკმარისი არ იქნება თბილისში გასამარჯვებლად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვინმეს განსაკუთრებული თვისებები სულაც არ არის საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად, აქ მთავარია ივანიშვილის ინტერესი. შესაბამისად, ბიზნესმენი და ყოფილი პრემიერი ჩადებს ამ საქმეში საბიუჯეტო რესურსებს (და არა საკუთარ რესურსებს, რადგან თავის რესურსებს არსად დებს) და  ყველაფერს გააკეთებს, რომ თბილისის მერი მისთვის სასურველი კანდიდატი გახდეს. შესაბამისად, ნარმანიასთვის უფრო მეტ ფულს დახარჯავენ. 

თუ ვინ იქნება „ნაციონალების“ სავარაუდო კანდიდატი, სევდია უგრხელიძე ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

ნანახია - 1310

leviko

2017-04-19 16:45:49

როგორი მერი ჭირდება და ჭრელი

natali

2017-04-19 17:19:17

როგორი მერი სჭირდება დააა.....

ფეხით რომ ივლის და გადახედავს ქალაქს და კარგად დაინახავს თვითონ პირადად რა ხდება.


ერთი ჩემი გერმანელი მეგობარი ჩინეთში იყო და რომ დაბრუნდა შოკში იყო, გაოგნებული მწერდა, არ დაიჯერებო, გადასასვლელებზეო მწვანე რომ გინთია ფეხით მოსიარულეს, გვერდიდან მანქანა უხვევს და იმასაც მწვანე უნთიაო:))) მე არ მითქვამს რომ იგივე ჩვენთანაც.:)))ნეტავ ჩვენი მერი ერთხელ თუ გადასულა ასეთ გადასას

ან ნეტავ ის გამაგებინა, წამზომიანი შუქნიშნები რომ იყო, მშვენიერი, რატომ შეცვალეს? ფულის გაკეთება თუ უნდოდათ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს?

papa

2017-04-19 17:50:31

როდესაც ადამიანი ღმერთის სამსახურში მიდის ანუ ბერად აღიკვეცება, ის მშობლებსაც ტოვებს, დედმამიშვილებსაც და ნათესავებსაც, პირადი არაფერი აღარ ააქვს ხოლმე... იმიტომ რომ ...ეს ღმერთის სამსახურია!!!


აი ასე უნდა იყოს აქაც---- ხალხის ალალად და უანგაროდ სამსახური, ეს ღმერთის სამსახურია.... ჰოოდა (მსახურების პერიოდი) აქაც ასე უნდა იყოს
და არა ისე ....მერე რომ ახლობლები და ნათესავები მილიონრები არიან ხოლმე

მაგრამ გიჟი არ იყოთ...სადაა ეგეთი კაცი?? ....

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80