გაზის გაძვირების მცდელობა და გაქსუებული კომპანია
ეკონომიკა

გაზის გაძვირების მცდელობა და გაქსუებული კომპანია

გაზის გაძვირების მცდელობა და გაქსუებული კომპანია
მარიამ ბაქრაძე

2017-04-13 23:00:37

გაზგამანაწილებელმა კომპანია „გაზკო პლუსმა“ სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გადასახადი 68 თეთრამდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი ტარიფია მთელ საქართველოში. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოსახლეობის მძაფრი უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. სენაკში მცხოვრები ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მოსახლეობა ძველი ტარიფის დაბრუნებას ითხოვს, რადგან ამტკიცებენ, რომ გაზის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის შეშფოთებას და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელმა კომპანია „გაზკო პლუსმა“ მიიღო. ეს ყველაზე მაღალი ტარიფია მთელ საქართველოში. კომპანიის მხრიდან ესაა მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე. გარე ფაქტორებისა და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად, ვახერხებთ, რომ შეღავათი – სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ. ეს გადაწყევტილება  ომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

„გაზკო პლუსის“ მიერ ტარიფის ცვლილების ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლებაც გამოეხმაურა. რაიონის გამგებელი გოჩა დგებუაძე აცხადებს, რომ კომპანია ბაზარზე წინა ხელისუფლების დროს შემოვიდა და მასთან იმდენად კაბალური ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალურმა მთავრობამ, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს.

„ტარიფი 1-ლი მარტიდან შეიცვალა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო მოსახლეობამ საგადასახადო დავალიანების შესახებ „ესემეს“ შეტყობინებით. ჩვენთან კომპანიას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და ასე თვითნებურად მოხდა ყველაფერი. ჩვენ, მაჟორიტართან ერთად, ჩართული ვართ ამ საქმეში და ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, რათა მოსახლეობისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება შეიცვალოს“, - განაცხადა გოჩა დგებუაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი „გაზკო პლუსს“ გაქსუებული კომპანია უწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუშინ მას სენაკის მოსახლეობამ მიმართა, რომლებიც აღშფოთებას ვერ  მალავდნენ.

„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 68 თეთრი გაეხადა ბუნებრივი აირის ფასი მოსახლეობისთვის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სოციალურ ბუნებრივი აირზე არსებული შეღავათი ისე გადანაწილდეს, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს. აქ გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯერი და იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ნაწილობრივ დერეგულირება, რაც დღეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, გავაუქმოთ და მარეგულირებელმა კომისიამ ერთიანად დაადგინოს ტარიფები მოსახლეობისთვის, რომელიც იქნება თანაბარი და ყველასთვის ერთი. ამას აუცილებლად მოვიკითხავთ, ბოლომდე გავყვებით და შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველას მოეთხოვება პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.

შექმნილმა აჟიოტაჟმა შპს „გასკო პლუსი“ იძულებული გახადა უკან დაეხია. კომპანიის წარმომადგენელი დიმიტრი პაჭკორია სენაკში გაზის ტარიფის დაწევას არ გამორიცხავს. მისი თქმით, გაზზე ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიმწოდებელი კომპანიის ტარიფის ცვლილებამ გამოიწვია.

“2016 წლის დეკემბერში ჩვენ მომწოდებელ კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ და გაზი უცხოურ ვალუტაში, თანაც სხვა

ტარიფით შევიძინეთ. შესაბამისად, კომპანიას გააჩნია ვალდებულებები და ჩვენ მოგვიწია დერეგულირებული აბონენტებისთვის ტარიფის გაძვირება. რის შესახებაც ისინი წინასწარ გავაფრთხილეთ. რაც შეეხება დერეგულირების მოხსნის საკითხს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებელი კომისია, მთავრობა და კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ტარიფები ისე დარეგულირდება, რომ მოსახლეობას ზედმეტად არ დააწვეს მხრებზე. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ გადასახადმა დაიწიოს“, - განაცხადა პაჭკორიამ.

სხვათა შორის, მთავრობა და სემეკი ზაფხულში გაზის გაძვირებისთვის ემზადებიან. თუკი ერთ პატარა რაიონში ტარიფის მატებას ამხელა მითქმა- მოთქმა მოჰყვა, რა მოხდება მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძვირდება?

ნანახია - 812

ghgh5

2017-04-14 16:19:11

"სხვათა შორის, მთავრობა და სემეკი ზაფხულში გაზის გაძვირებისთვის ემზადებიან. თუკი ერთ პატარა რაიონში ტარიფის მატებას ამხელა მითქმა- მოთქმა მოჰყვა, რა მოხდება მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძვირდება? "

ეს თქვენ მოგივიდათ თავში, თუ რედაქციის დავალებაა!!!!

tngh

2017-04-14 18:32:39

საქართველომ აპრილის თვიდან "გაზპრომისგან" გაზის შესყიდვა შეაჩერა. სავარაუდოდ მხოლოდ წლის ბოლოს განაახლებს. რუსეთის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახლად გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, რადგან ტრანზიტის სრული შემოსავალი სულ ცოტა 8 თვის განმავლობაში, სრულად დაგვრჩება. უსინდისო "ნაცები", "მეგრანტეები" და "ნაც-დანამატები" ამას რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებენ... და იმედია, ზოგიერთების გულის გასახეთქად, არც გაზი გაძვირდება და არც დენი. დაუსკდებათ "ბოღმის" ბუშტები!!!

tngh

2017-04-14 18:41:10

რა ვქნა, გინდ მლიქვნელობაში ჩამითვალეთ და გინდ სუბიექტურობაში. კიდევ ერთხელ შევაქებ კახა კალაძეს!!! უაღრესდ ნიჭიერი კაცია. ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და საარაკო ვაჟკაცობა აქვს. თუნდაც მისი ქმედებები "ვერის" ხეობაში გაიხსენეთ. კაცი 72 საათის განმავლობაში სტიქიის ადგილიდან არ გამოსულა. სიამოვნებით მივცემ ხმას ნებისმიერ თანამდებობაზე!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80