„მთაწმინდა სოფლის სასაფლაოდ გადაგვიქციეს!“
დაიჯესტი

„მთაწმინდა სოფლის სასაფლაოდ გადაგვიქციეს!“

„მთაწმინდა სოფლის სასაფლაოდ გადაგვიქციეს!“
ვანო პავლიაშვილი,"ვერსია"

2017-04-11 16:29:29

„საქართველოს „საბჭოთა“ აღარასოდეს დაერქმევა!“ - როსტომ ჩხეიძე მერაბ კოსტავაზე ბიოგრაფიულ რომანს წერს

...ვის აღარ შევხვედრივარ და ვისი პორტრეტი არ შემიქმნია, მაგრამ დღევანდელი არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ მართლაც განსხვავებული და არა-ჩვეულებრივია, რაც ბუნებრივიცაა: ჩემი რესპონდენტი პოლიტიკოსი კი არა, მწერალი, კრიტიკოსი და ლიტერატორია. სხვათა შორის, როცა სიტყვა პოლიტიკაზე ჩამოვუგდე, მითხრა, ნამდვილი პოლიტიკა ლიტერატურა არის თუ არისო. მერე კი, საუბრის თემა ოდნავ რომ შევცვალე, დასძინა, საქართველოს ,,საბჭოთა'' აღარასოდეს დაერქმევაო... მოკლედ, ბევრს აღარ მივედ-მოვედები და მწერალ ოთარ ჩხეიძის ვაჟის, ასევე მწერლის, 22 ბიოგრაფიული რომანის ავტორის როსტომ ჩხეიძის არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.


- ბატონო როსტომ, როგორ ხართ? 


- მურმან ლებანიძის კვალობაზე რომ მოგახსენოთ: უკეთესის იმედებით, უარესის გაძლებით. 


- არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს, როგორც წესი, პოლიტიკოსებთან ან პოლიტიკასთან დაახლოებულ ადამიანებთან ვწერ ხოლმე, თუმცა ლიტერატურაც ხომ ერთგვარი პოლიტიკაა. ამიტომ, მოდით, ლიტერატურაზე ვისაუბროთ და შიგადაშიგ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, პოლიტიკასაც შევეხოთ... 


- როგორ ბრძანებთ, ბატონო ვანო: ლიტერატურაც ხომ ერთგვარი პოლიტიკააო? ნამდვილი პოლიტიკა ლიტერატურა არის თუ არის!.. ასე ყოფილა და ასეც იქნება უკუნითი უკუნისამდე. რასაც პოლიტიკას უწოდებენ, ის სინამდვილეში პოლიტიკური კონიუნქტურაა და სხვა არაფერი. ასე რომ, საუბარი მოგვიწევს იმ ნამდვილ პოლიტიკაზე, და თუ შიგადაშიგ პოლიტიკურ კონიუნქტურასაც შევეხებით, საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს - ესეც ხომ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია, გვეჭაშნიკება თუ არ გვეჭაშნიკება. 


- ამას წინათ ერთიმოდურიპოეტის ლექსები წავიკითხე და არ დაგიმალავთ: გამიკვირდა, ამ ადამიანს პოეტს რატომ უწოდებენ. იმას არ ვამბობ, რომ ახალ თაობაში კარგი და საინტერესო მწერლები არ არიან, მაგრამ თქვენ, როგორც პროფესიონალს, თანამედროვე ქართული ლიტერატურა მოგწონთ? 


- არ მიკვირს, სიტყვა ,,მოდური'' წინწკლებში რომ ჩასვით. დღესდღეობით მოდურები, უფრო სწორად გამოდურებულები ის კალმოსნები არიან, ლიტერატურა სარფად რომ უქცევიათ და თვითონ დახლიდარებად ჩამოყალიბებულან. ამას არაერთი გარემოება უწყობს ხელს და თავის მნიშვნელოვან, უფრო ზუსტად - უკეთურ როლს თამაშობს საქართველოს კულტურის სამინისტრო, ყოველმხრივ რომ აქეზებს ცრულიტერატურულ, მეტიც ანტილიტერატურულ პროექტებს. 


ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ჯორჯ ორუელის რომანების - ,,1984'' და ,,ცხოველთა ფერმა'' შუაგულში მოხვედრილხარ, სადაც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული და სიკეთე ბოროტებად ცხადდება, ბოროტება კი - სიკეთედ. ახალ თაობაში ჩინებული მწერლები როგორ არ არიან. ჯერ მარტო პოეტების - ნინო ნადირაძისა და თორნიკე ჭელიძის გახსენებაც რომ ვიკმაროთ, ან კიდევ გიორგი ესებუასი, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა სამწერლო ასპარეზზე. ოცდაათ წლამდე თუ არავინ ჩანს პროზასა და დრამატურგიაში, სამაგიეროდ სალიტერატურო კრიტიკაში წარმოდგება მეტად საიმედოდ ლევან ბებურიშვილის მონოგრაფია უაღრესად მტკივნეულ თემაზე, თუ როგორ გრძელდება კვლავაც მწერლობის მოთვინიერება ანუ როგორ ჩანაცვლებია სოციალისტურ დოქტრინას ლიბერალური პოლიტიკა. 


- საერთოდ, ბატონო როსტომ, როგორ ფიქრობთ, ლიტერატურის განვითარება სახელმწიფოზეა დამოკიდებული ანუ იგივე კულტურის სამინისტრომ, რომელიც ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას იღებს, მწერლობის განსავითარებლად რამე სპეცსტრატეგია ხომ არ უნდა შეიმუშაოს? 


- კულტურის სამინისტრო რა სტრატეგიის შემმუშავებელია. ნეტა ხელს არ უშლიდეს ლიტერატურის ბუნებრივ მდინარებას, თორემ მის თანადგომას ვინ ჩივის!.. სახელმწიფოებრივი ყოფა უნდა მოწესრიგდეს, მეტ-ნაკლებად დავემსგავსოთ იმ ქვეყანას, რომელიც საკაცობრიო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი შეიქნება და მწერლებიც იპოვნიან შესაფერის სახსარს, რათა ისეთ მძიმე დღეში არ იყვნენ ჩაცვენილნი, ამჟამად რომ იმყოფებიან, დიახ, მწერლები და არა - მწერლებად თვითგამოცხადებული და პიარტექნოლოგთა მიერ ბეჭედდასმული ადამიანები, რომელნიც ვერა და ვერ მოპირეს - რა სჭირთ მაინც ამისთანა გაუმაძღრობა. 


- სხვათა შორის, ზოგი ამბობს, რომ მწერალთა კავშირი საბჭოთა გადმონაშთია. ასეა? 


- საბჭოთა გადმონაშთია, აბა, რა არის, იქ თავმოყრილი ადამიანები კომიკურ შთაბეჭდილებას რომ ტოვებენ, ერთი-ორის გარდა, შემთხვევით რომ მოხვედრილან ამ გაერთიანებაში, ლუმპენ-პროლეტარ კალმოსნებად წარმოგვიდგებიან, ყოვლად უწიგნურებად, საბჭოთა რეალობის დაბრუნება რომ ეოცნებებათ, რადგან მხოლოდ იმ გარემოში თუ ექნება გასავალი მათ ნაკალმარს. 


ეგებ გააგებინოს ვინმემ, რომ როგორ ძნელადაც უნდა მიიწევდეს წინ საქართველოს სახელმწიფო, ,,საბჭოთა'' მას აღარასოდეს დაერქმევა, და ისინიც დარჩებიან პირღია შემყურეებად იმ ,,მამა-დედა მარჩენალთა'', პირადად რაღაც-რაღაცებს რომ ხეირობენ მწერალთა კავშირის სახელს მობღაუჭებულნი. 


მწერლობის ბუნებრივი მდინარება კლუბური სტილის ცხოვრებაა, ასეა დასავლეთში, ჩვენ საუკუნის წინათ, 20-იან წლებში იძულებით რომ შეგვაწყვეტინეს და საბედნიეროდ კვლავ აღდგა. ამ ფონზე კი მწერალთა კავშირი რაც დრო გადის, სულ უფრო გროტესკულად მოჩანს, ცრუქაქუნების ფართიფურთი ანკი სხვა რა შეიძლება იყოს. 


- ჰო, მართლა: ახალი პანთეონის გახსნაზე რა აზრის ხართ და, საერთოდ, ამ პატარა საქართველოში იმდენი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გვყავს, რომ სამი პანთეონი გვქონდეს? 


- პანთეონს რომ ახსენებთ, მაინცდამაინც პანთეონში საფლავის დასასაკუთრებლად ვის შეიძლება ებრძოლა ასეთი ენერგიულობითა და კომიკურობით, თუ არა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობას - ესღა დარჩათ მოსაგვარებელი მას შემდეგ, რაც ამქვეყნიური სიკეთენი დაითრიეს. მათი ცრუქაქუნობის ფართიფურთს ეს სატირალ-სასაცილო მცდელობაც შეემატა - როგორმე გადაენგრიათ დიდუბის ეკლესიის ეზოს შემოვლებული გალავანი და ერთი-ორი ადგილი დაეთრიათ სამარეში გამოსაჭიმად. 


ამგვარი მცდელობანი საბჭოურ ხანაში ხდებოდა და ამათაც იქიდან გადმოჰყვათ, არადა ფართიფურთი პანთეონებში ადგილის დასასაკუთრებლად მწერლური ხელოვნებითა და სატირულად წარმოსახა რეზო ჭეიშვილმა ნოველაში ,,მიწების განაწილება''. და თითქოს იმ ნოველის პერსონაჟები გაცოცხლებულან, ან რაღა თითქოს... და ჩემი პუბლიცისტური ესეი ,,მიწების განაწილება: ძველად და ახლა'', ,,საქართველოს რესპუბლიკის'' ფურცლებზე გამოქვეყნებული, გახლდათ თვალსაჩინოება იმისა, თუ როგორ არ იცვლება არაფერი ადამიანთა გარკვეული ტიპის შეგნებაში, პანთეონში შეძრომით რომ აპირებენ უკვდავების მოპოვებას. არადა პანთეონებში შემძვრალიც არაერთი გვინახავს და... აფეთქებული საფლავიც გვახსოვს, ეს ბედი რომ მოელის უკლებლივ ყველას. 


ისიც უნდა ითქვას - როდესაც დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოკალათებულა თუნდ დომენტი მშვენიერაძის გვამი და ჯერჯერობით არ აპირებენ მის ამოთხრას, რაღას ვერჩით თუნდ საბჭოთა ეპოქაში ჩარჩენილ ამ ჩვენს კალმოსნებს - მატარებელში შეყრილი ყოვლად უდანაშაულო ხალხი მაინც არ დაუხვრეტიათ, როგორც ამ მშვენიერაძემ ისიდორე ტალახაძესთან ერთად ზარბაზნებით ჩაჟუჟა ადამიანები საჩხერე-ზესტაფონის მატარებელში 1924 წლის სისხლიან დღეებში. 


მერე კიდევ - მთაწმინდაც რომ სოფლის სასაფლაოდ გადაგვიქციეს!.. 


- მწერლის მთავარი ფუნქცია რა არის? 


- ილია ჭავჭავაძემ, რეალური პირობების გამო, მწერლის მოვალეობა ერის წინამძღოლის მოვალეობასთან გაათანაბრა და ეს შეხედულება თავისი სისხლითაც დაჰკირა. ასევე მოხდა ირლანდიაშიც, როდესაც ერის მეთაურობა მწერლებმა იდეს თავს - უილიამ ბატლერ იეიტსმა და აღორძინების ჯგუფმა. დამოუკიდებელ, დაწყნარებულ, მოწესრიგებულ სახელმწიფოში მწერალს რჩება დანიშნულება პირუთვნელი მემატიანისა, სულიერი თანამდგომისა, თანამგრძნობისა, გამამხნევებლისა... ხელისუფლების გადაცდომათა (მართლა გადაცდომათა, თორემ დანაშაულს რომ ეძახიან მოფერებით ,,გადაცდომას'', ის კი არა!) გულშემატკივრული მამხილებლისა... 


- ...მოდით, მამათქვენზე, ოთარ ჩხეიძეზე მიამბეთ - როგორც ვიცი, საბჭოთა ხელისუფლებას მაინცდამაინც არ უყვარდა. რატომ? 


- თუ რატომ, მოდი, სხვებს ვათქმევინებ, ცალკეულ მოსაზრებებს რომ ამოვკრებ მათი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიდან: აკაკი ბაქრაძეს ოთარ ჩხეიძე მიაჩნდა მწერლური პატიოსნების ნიმუშად, ვინც უმძიმეს 50-იან წლებში დაუპირისპირდა ხელისუფლებას და კრიტიკულად და სატირულად შეეხო საბჭოთა ცხოვრების წესსა და იმპერიულ ძალმომრეობას. ნაირა გელაშვილი გაოცებას გამოთქვამდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის მოკვდინების შემდგომ, როდესაც თვალსაჩინო შეიქნა, თუ რა შეიძლება დამართოდა დაუმორჩილებელ მწერალს, ოთარ ჩხეიძე სწორედ მის კვალს გაჰყვა და ჩეკისტური კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც მოექცა. ასევე ვერა ფარავს გაკვირვებას კობა იმედაშვილი იმ გარემოებით, რომ ოთარ ჩხეიძემ თვით სტალინის სიცოცხლეში გაბედა, ემხილებინა საკოლმეურნეო ცხოვრების მანკიერება. გურამ ასათიანი ,,ბორიაყს'', რომელშიც 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ტრაგედიაა წარმოსახული, იმჟამად სრულიად გასაიდუმლოებული, მოიხსენიებდა ქართული პროზის მწვერვალად, ხოლო გიორგი გაჩეჩილაძემ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნებისა'' და კონსტანტინე გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცების'' გვერდით მიუჩინა ადგილი, როგორც საუკეთესო ქართულ რომანს. აჰმად შამლუს, დიდი ირანელი პოეტის სიტყვებსაც ნუ დავივიწყებთ, ქართულ მიმოქცევაში გიორგი ლობჟანიძემ რომ შემოიტანა: ახლა უკვე ვიცი, თუ როგორ გადაურჩით რუსეთის იმპერიას - თქვენ გყავდათ ოთარ ჩხეიძეო!.. 


მთელი ცხოვრება, საკმაოდ ხანგრძლივი, ისე გაატარა, სიმართლისათვის ოდნავადაც არ გადაუხვევია და ყბადაღებული ცხრაწლიანი პოლიტიკური რეჟიმის მამხილებელი სატირული ტილოებიც სწორედ მან შექმნა ,,მორჩილისა'' და ,,ლაზერშოუს'' სახით. 


- ბატონო როსტომ, რა ამის პასუხია და, ინტრიგებისგან თავისუფალი არც ლიტერატურაა - მახსოვს, ამ თემაზე თქვენს საავტორო გადაცემადე ფაქტოშივისაუბრეთ. ძველი თუ ახალი ქართული ლიტერატურის მთავარ ინტრიგად რას მიიჩნევთ? 


- ქართული მწერლობის მთავარ ინტრიგად რჩება შოთა რუსთველის ბიოგრაფია, რომელთან მიახლოებაც ყველაზე მარჯვედ სცადა პავლე ინგოროყვამ, მაგრამ სულ სხვა იქნებოდა, თავის დროზე რომ გამოსჩენოდა ბიოგრაფოსი... ეჰ, ბიოგრაფოსს ვინ ჩივის, თუნდ მოკლე უწყება რომ შემოგვრჩენოდა იმის თაობაზე, თუ რატომ ჰგავს ასე ძალიან ,,ვეფხისტყაოსანში'' აღწერილი ამბავი დემნა ბატონიშვილის თავგადასავალს, ოღონდ ნაცვლად ტრაგიკული დასასრულისა - ბედნიერად მთავრდება. რაც არ ეღირსა ტახტის ჭეშმარიტ მემკვიდრეს ყოფით სინამდვილეში, ეპიკოსმა გაიმეტა მისთვის მხატვრულ რეალობაში. 


ვარაუდები მაინც ვარაუდებია, რაოდენ მიახლოებულიც უნდა იყოს სიმართლეს. თუ რაღაც ამგვარი ცნობა არ აღმოჩნდა ძველ მატიანეებში (ნუ დავკარგავთ იმედს!), შოთა რუსთველის ვინაობის ამოცნობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი მწერლობის მთავარ ინტრიგად - რა ძველი და რა ახალი!.. ამ ფონზე პატარ-პატარა, თუნდ თავისთავად საგულისხმო ინტრიგები, უკვე რაღა მოსატანია!.. 


- როცა რომანზე მუშაობთ, ინტრიგაზე ფიქრობთ? 


- მე ხომ ბიოგრაფიულ რომანებს ვწერ, ასე რომ, ინტრიგა,


რაც ამა თუ იმ მწერლის ან პოლიტიკური მოღვაწის ცხოვრებაში ძევს, თავისთავად ამოდის ზედაპირზე და ჩემი მოსაფიქრებელ-შესათხზველი აღარ არის. ცხადია, ყურადღებას ვაქცევ ამ სიუჟეტურ ხაზს - უამისოდ ხომ არც ბიოგრაფიული რომანი იქნება საინტერესო მკითხველისათვის 


- საერთოდ, ბიოგრაფიული, ასე ვთქვათ, ჟანრი გიზიდავთ? ახლახანმისიონერიგამოეცით - სოლომონ დოდაშვილის პერსონით რატომ დაინტერესდით? 


- ბიოგრაფიული ქრონიკები - რომანი იქნება თუ მოთხრობა - ჩემი უსაყვარლესი ჟანრია სიყმაწვილიდანვე, ჩვენს ლიტერატურაში იონა მეუნარგიას მიერ დამკვიდრებული, მისი ბიოგრაფიული ქრონიკების სახით განძი რომ გვაქვს ხელთ. როგორ მიყვარდა კონსტანტინე გამსახურდიას ,,გოეთეს ცხოვრების რომანის'', ნიკა აგიაშვილის ,,სერვანტესის ცხოვრების'', ვახტანგ ჭელიძის ,,ივანე მაჩაბლის ცხოვრების'' კითხვა... დასავლური ბიოგრაფიული რომანი შტეფან ცვაიგის ,,ბალზაკითა'' და ირვინგ სტოუნის ,,ჯეკ ლონდონით (მეზღვაური უნაგირზე)'' შემოვიდა ჩემს წარმოსახვაში, მერე და მერე ერთი ნიმუშიც რომ არ დამიტოვებია წაუკითხავი და შეუსწავლელი, სადამდეც ხელი მიმიწვდებოდა. ამჟამადაც - ამ ჟანრის ქმნილებებს კი არ ვკითხულობ, ვნთქავ, ერთსა და იმავე პიროვნებაზეც მიყვარს სხვადასხვა მწერლის მიერ შედგენილი ქრონიკების გაცნობა. საბედნიეროდ, ამ ჟანრშიც დიდ წარმატებას მიაღწია როგორც მსოფლიო, ისე ქართულმა მწერლობამ და მკითხველს ბიოგრაფიული რომანები არ მოაკლდება. 


სოლომონ დოდაშვილი ბავშვობიდანვე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პიროვნება გახლდათ. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ამ ორი ადამიანით ვიყავი განსაკუთრებით მოხიბლული: სოლომონითა და... ნაპოლეონ ბონაპარტეთი!.. როგორც ძველმა ბონაპარტისტმა, ნაპოლეონზეც დავწერე მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება ,,ჩემი წილი ვატერლოო'', ზოგი რომანადაც რომ მოიხსენიებს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომანს შესაფერისი მოცულობაც უნდა ჰქონდეს. ორი-სამი თაბახით მეტი რომ ყოფილიყო, შესაძლოა ასეც განგვესაზღვრა, მაგრამ ხელოვნურად ხომ არ გავზრდიდი კომპოზიციურ ქარგას, რომლის ოდნავ დარღვევასაც ვერ ვეგუები, დიდტანიან თხზულებას ვწერ თუ სულ პაწიას. თუ ოდესმე დამიგროვდა შესაფერისი მასალები, დიდი სიამოვნებით შევავსებ და ამ ქმნილებასაც შევმატებ ჩემს ბიოგრაფიულ რომანთა ციკლს, რომელიც სულაც სოლომონ დოდაშვილის სიყვარულით წამოვიწყე, სოლომონზე მეოცნებებოდა ამ ჟანრის თხზულება სიყმაწვილიდანვე - 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის გმირსა და სულიერ მოძღვარზე, რომელმაც არსებითად განსაზღვრა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის სტილიც. ამიტომაც შეჰფერის ეს სახელი - ილიამდელი ილია. უიმისოდ არ იქნებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, არც გიორგი ერისთავი თუ დიმიტრი ყიფიანი იქნებოდნენ ისეთები, როგორებსაც ვიცნობთ... 


როგორც გინდათ ისე ახსენით, მაგრამ არაერთი დაბრკოლება გადამეღობა ამ ოცნების ხორცშესხმისას და ისე მოხდა, რომ ის, რაც ამ ციკლის საფუძველდამდები უნდა ყოფილიყო, მხოლოდ მე-19 ნიმუშად შეიქმნა. ასეა თუ ისე, შთამაგონებელი მაინც სოლომონ დოდაშვილია და არა - პავლე ინგოროყვა, რომლისადმი მიძღვნილმა ბიოგრაფიულმა ქრონიკამაც გახსნა ეს ციკლი, უკვე 22 რომანამდე რომ ააღწია. 


- ლიტერატურულ საზოგადოებას არ გაჰკვირვებია, მიხეილ ჯავახიშვილსა და მის დაუწერელ მოთხრობას პიესა რომ მიუძღვენით. პიესის დაწერა ხომ არ გაგიჭირდათ? 


- პიესის დაწერა მაშინ გამიჭირდა, პირველად რომ მოვსინჯე ეს ჟანრი... 50 წლისამ: დაუდგმელი სპექტაკლის ტრაგედია მივუძღვენი ალექსანდრე ბატონიშვილის, სანდრო ახმეტელისა და გიორგი შატბერაშვილის ხსოვნას... მერე იყო ზურაბ ანტონოვის საიდუმლოებითმოცული პოლიტიკური მკვლელობის გახსნა, ივანე მაჩაბლის იდუმალი გაქრობის მიზეზთა ამოცნობა და ყველაზე სანდო ვერსიის შემოტანა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, და იაკობ გოგებაშვილის სახების გაცოცხლება, კიდეც რომ იქცა სპექტაკლად გორის დრამატული თეატრის სცენაზე სოსო ნემსაძის წყალობით. ასე რომ, რაღაც გამოცდილება შევიძინე დრამატურგიის ჟანრშიც, ვიდრე მიხეილ ჯავახიშვილის ბედისწერასაც დავუკვირდებოდი ამ თვალით ანუ გავითავისებდი სიუჟეტს, რომლის შექმნაც მიხეილს მოთხრობად ეოცნებებოდა - მისი პერსონაჟები იკრიბებიან და ასამართლებენ ავტორს. დიდი ხანია მაღელვებდა ეს თემა და ბოლოსდაბოლოს ვუპოვნე შესაფერისი გასაღები... 


- ამჯერად რაზე მუშაობთ? 


- მას შემდეგ, რაც ჩავამთავრე რომან-დილოგიის ,,რაზიკაანი'' მეორე ნაწილი თუ წიგნი ,,მოკვეთილი'', ბაჩანას ანუ ნიკო რაზიკაშვილის დრამატულ ბიოგრაფიას რომ წარმოაჩენს, ვუზივარ ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებსა და ნარკვევებს და ბოლოსაკენ მიმყავს პოლიტიკური ესეების ციკლის ,,დროის იეროგლიფები'' პირველი წიგნი. ეს ციკლი ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნდება ,,რეზონანსისა'' და ,,საქართველოს რესპუბლიკის'' ფურცლებზე. 


და აი, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ჩემს წინაშე ბიოგრაფიული რომანის სიუჟეტი მერაბ კოსტავაზე. მიმაჩნია, რომ შესატყვისი ფორმა უკვე ვიპოვნე და პირველ-მეორე თავების მოსინჯვის შემდეგ უკვე მთლიანად გადავერთვები ამ თხზულებაზე. 


- ბატონო როსტომ, რომანტიკოსი ხართ თუ პრაგმატიკოსი? 


- გალაკტიონურად რომ გიპასუხოთ: წვეთი სისხლის არ არის და ძაფი ნერვის არ არის ჩემში არარომანტიკოსის. რა პრაგმატიზმი, რომელი პრაგმატიზმი!.. არა, ვიცი, განა არა, ეს სიტყვა რასაც ნიშნავს. 


- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ან ძალიან ადრე დაიბადეთ, ან ძალიან დააგვიანეთ? 


- ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადრე და ძალიან გვიან კი არა, წლითა და დღითაც იმ წელსა და იმ დღეს დავიბადე, როდესაც უნდა დავბადებულიყავი. საღამოს რვის თხუთმეტ წუთსაც არც უნდა დაკლებოდა და არც უნდა მიმატებოდა წუთიც კი... 


- ისე, ის დროც გვახსოვს, როცა 2004 წლის თებერვალში, ნაციონალების სპეცრაზმმაომეგა ჯგუფისკომპანიები, მათ შორის, „ჩვენი მწერლობაცდაატყვევა. მაშინ საპროტესტო აქციებზე გიხილეთ. როცა პოლიტიკოსები მწერლებს უპირისპირდებიან, ეს რაზე მეტყველებს? 


- ,,ჩვენს მწერლობასთან'' ერთად სამთავრობო რეპრესიებმა - სრულიად უკანონომ და უსაფუძვლომ - შეაჩერა გაზეთ ,,ახალი ეპოქისა'' და ჟურნალ ,,ომეგას'' გამოსვლაც. ეს იყო პირველი შეტევა ხელისუფლებისა, რომლის დანაშაულთა ჩამოსათვლელადაც ვინ მოიცლის, არც ვიცი - თავისუფალი ბიზნესისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ რომ მიმართულიყო. 


მაშინ იყო, ზაზა ოქუაშვილმა რომ იწინასწარმეტყველა, რასაც დამართებდა საქართველოს ახალი ხელისუფლება კონსტიტუციისა და კანონის ფეხქვეშ გათელვით. და კიდეც ისე ახდა ყველაფერი, როგორც მის იმ ისტორიული გამოსვლისას ითქვა. საერთოდ კი ამ ჯურის პოლიტიკოსები ყოველთვისაც უპირისპირდებოდნენ და დაუპირისპირდებიან ნამდვილ მწერლობას (პროპაგანდისტულს გულში იხუტებენ!), მაგრამ როგორც უნდა შეავიწროონ და დევნონ, გამარჯვება საბოლოოდ მწერლობას დარჩება, სულიერების უწყვეტობის შენარჩუნებას რომ შეძლებენ და უფლებას არ მისცემენ ამ ჯურის პოლიტიკოსებს, დააკნინონ ადამიანის ჭეშმარიტი მისწრაფებანი, დასცენ ის მორალურად, წაართვან მხნეობა და მორჩილ ცხვრის ფარას დაამსგავსონ. 


- ...ბატონო როსტომ, ბედნიერი ხართ? 


- ჩემს ცხოვრებას არ განვასხვავებ ჩემი ხალხის ცხოვრებისაგან. და თქვენვე იფიქრეთ, შეიძლება თუ არა ბედნიერი ვიყო ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში. 


- მწერალს შინაგანი ცენზორი უნდა ჰყავდეს? 


- თუ მწერალს თავისუფლება და აღვირახსნილობა მაინცდამაინც სინონიმები არა ჰგონია, მას შინაგანი ცენზორი არც უნდა დასჭირდეს. ხოლო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან გამოწვეული შინაგანი ცენზორი უბედურებაა და სხვა არაფერი. 


- ცხოვრება ომია? 


- სამწუხაროდ და სავალალოდ, ჩვენში ასეც გამოიყურება, თუმც მოწესრიგებულ სახელმწიფოში რატომ უნდა იყოს ცხოვრება ომი?! 


- ...ლიბერალი ხართ? 


- კონსერვატორი და მხოლოდ კონსერვატორი, გვიანდელი ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, მისი ლიბერალობა, სიჭაბუკისდროინდელი გატაცება, ხელზე რომ აქვთ დახვეული, თითქოს მთელი ცხოვრება ამ დოქტრინის ტყვეობაში დარჩენილიყოს. წიწამურთან სწორედ კონსერვატორი ილია მოკლეს და არა - ლიბერალი ილია!.. 


- რა ამის პასუხია და, ამბობენ, რომ პოლიტიკას სქესი არ აქვს. სქესი არც მწერლობას აქვს? 


- ორიგინალომანები რას არ იტყვიან, მაგრამ მათ მოსაზრებებს მაინცდამაინც ნუ ჩავაგდებთ რაიმედ. უსქესო მარტოდენ ანგელოზები არიან - ყოფით რეალობაში ამგვარი რამ ბუნებრიობის დარღვევაა ყველგან და ყველაფერში. უსქესო პოლიტიკამ რაც დაგვმართა, ყველასათვის თვალსაჩინოა, და უსქესო მწერლობაც ამ პოლიტიკის რუპორია - მათ გარეგნულ კეთილდღეობასაც შევყურებთ და სულიერ გამოფიტვასაც. 


- ...კულტურის მინისტრი რომ იყოთ, რას გააკეთებდით? 


- რასაც ვსაქმიანობ საზოგადოებრივ ასპარეზზე, იქ კულტურის მინისტრიც ვარ და პრეზიდენტიც. ხოლო თუ რას მივაღწიე ჩემი გუნდის თანადგომით, ეს უკვე თქვენი განსასჯელია, იმ საზოგადოებისა და ხალხისა, რომლის მსახურებადაც მოაქვთ თავი ამ ჩვენს პოლიტიკოსებს, არადა იქით ცდილობენ, მოიმსახურონ. 


- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: „ჩვენი მწერლობარატომ აღარ გამოდის? 


- დროებით შეფერხდა და ეს იმიტომ, ეკონომიკური ყოფის მოგვარებას და ქართული ბიზნესისათვის ხელშეწყობას რომ არა და არ დაადგა საშველი. ჭეშმარიტ მეცენატებს ხელი აქვთ შებორკილი, რათა გამუდმებით შესაფერისად იმოქმედონ ლიტერატურის საკეთილდღეოდ. ღმერთმა ინებოს, მალე გადაგველახოს ქვეყნისათვის შემბორკველი გარემოებანი და ქართულმა ბიზნესმა შეუფერხებლად გაშალოს საქმიანობა. მაშინ აღარც გამოცემებს გაუძნელდებათ მოღვაწეობის შესაფერისად გაგრძელება. 


- საქართველოდან წასვლაზე არასოდეს გიფიქრიათ?


- ანთეოსივით ვარ. ჩემთვის უმძიმეს ჟამსაც კი გულში არ გამივლია საქართველოს მიტოვება. 


- ...ოთარ ჩხეიძის შვილობა ძნელია? 


- პასუხისმგებლობაა, ძალზე დიდი პასუხისმგებლობა. და თქვენვე განსაჯეთ, ძნელია თუ ადვილი!.. 


- როგორი მამა ხართ ანუ რას იტყვიან თქვენზე თქვენი შვილები? 


- ძალიან მინდა, რომ კარგი მამა ვიყო. როგორ ვახერხებ, ეს უკვე სხვაა... ალბათ უკეთესადაც შეიძლება, ბევრად უკეთესად... თუმც ჩემთვისაც - გალაკტიონის სტრიქონებისა არ იყოს - დღესავით არის ნათელი, რას იტყვიან ჩემზე ჩემი შვილებიც და ჩემი სულიერი შვილებიც. 


- ხომ არ ნანობთ, ინტერვიუზე რომ დამთანხმდით? 


- ვნანობ კი არა, ძალიანაც გამიხარდა, საამისო თაოსნობა რომ გამოიჩინეთ. თქვენი გამოჩენაც მახსოვს ჟურნალისტიკაში, ბატონო ვანო, და იმთავითვე ყურადღებით ვადევნებ თვალს თქვენს არაორდინარულ საქმიანობას, ერთგვარ მიდრეკილებას სკანდალურობისკენაც, თუმც ეს არასოდეს გადაცდენია გარკვეულ ზღვარს, ანუ - ჟურნალისტიკური ეთიკის ფარგალში დარჩენილა და მრავალმხრივ საგულისხმო ფსიქოლოგიური პორტრეტები ამიტომაც წარმოსახულა და წარმოისახება ხოლმე თქვენი ხელით. 


- თქვენგან ამის მოსმენა ნამდვილად კომპლიმენტია და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... ტრადიციულად, ბოლო კითხვა თქვენ უნდა დამისვათ, ბატონო როსტომ... 


- ხომ არ აპირებთ თქვენი ჟურნალისტური ნაღვაწის გადახედვასა და შერჩევას წიგნისათვის? დარწმუნებული ვარ, კარგი წიგნი იქნება, ახალბედა ჟურნალისტებისათვის დამაფიქვრელი და გასათვალისწინებელი, საერთოდ კი ჩვენი საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების უშუალო მონაწილე - არ არის მისავიწყებელი და მისაკარგი ადრინდელი გამოცემების ფურცლებზე. 


- არ დაგიმალავთ, წიგნის გამოცემაზე მართლაც ვფქირობ... ბატონო როსტომ, წარმატებებს გისურვებთ!..

 

ნანახია - 1046

petrekupry

2017-04-12 11:12:05

დომენტი მშვენიერაძე ვინ იყო? ვიცი რომ იყო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და დაკრძალულია დიდუბეში, მეტი ინფორმაცია სად ვნახო?


მისი საფლავი აქაა


https://www.facebook.com/კარგ-ქართველთა-საფლავები-1674097819531996/

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80