ბევრი ჩემი თანამემამულე მოღალატეს მეძახდა
საზოგადოება

ბევრი ჩემი თანამემამულე მოღალატეს მეძახდა

ბევრი ჩემი თანამემამულე მოღალატეს მეძახდა
სანტიაგო გაუჩო

2017-03-19 07:58:58

წინა კვირას მკითხველს ბატონი ოთარ გაბელიას მოგონებები შევთავაზეთ. დღევანდელი სტუმარი კვლავ ფეხბურთელი ბრძანდება - კახი ცხადაძე. კახის ასპარეზობა იმ დროს მოუწია როდესაც საქართველოში მძაფრი პოლიტიკური ბატალიები მიმდინარეობდა და ფეხბურთისთვის არავის ეცალა. კახიმ დროებით გაცლა ამჯობინა და სპორტული კარიერის გაგრძელება რუსულ კლუბებში გადაწყვიტა. მოგვიანებით იმდროინდელ დსთ-ს ნაკრებშიც იასპარეზა. მის ამ ნაბიჯს ჩვენს ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა და ზოგიერთებმა ფეხბურთელი ლამის ერის მოღალატედაც კი შერიცხეს. რა იყო სინამდვილეში და რამ გადააწყვეტინა კარიერის რუსეთში გაგრძელება. ყოველივე ამის შესახებ კახი თავად მოგვიყვება.

„16 წლისა შოთა ჭეიშვილმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე რუსთავის „მეტალურგში" მიმიწვია. მალე გუნდი მეტოქესთან 0:2 დამარცხდა - ორივე გოლი მცველებმა საკუთარ კარში გაიტანეს და სწორედ ამის შემდეგ შედგა ჩემი დებიუტი. რუსთავის სპორტკომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ სოსო არეშიძემ შოთა ჭეიშვილს ძირითადში ჩემი გამწესება სთხოვა.

1986 წელს, როცა 18 წლის ვიყავი, ნოდარ ახალკაცმა თბილისის „დინამოს" დუბლშემადგენლობაში მიხმო. თბილისში მხოლოდ ნახევარი წლით გავჩერდი და მალე ისევ რუსთავში დავბრუნდი, თუმცა 6 თვეში კვლავ „დინამოში" ჩავირიცხე და 1987 წლის მეორე ნახევარში დუბლებიდან პირველ გუნდშიც დავწინაურდი. „დინამოში" ჩემი დებიუტი ოდესაში, „ჩერნომორეცის" წინააღმდეგ შედგა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, თუ არ ვცდები, 40-მდე მატჩი ჩავატარე, მერე კი ქვეყანა აირია და 1991 წელს შვედეთში წავედი - „სუნდვალმა" მიმიწვია. იქ დიდხანს ვერ გავძელი, თანაც, იმავე პერიოდში მოსკოვის „სპარტაკი" შემეხმიანა და მეც გულმა იქით გამიწია. მახსოვს, ამ ნაბიჯის გამო მაშინ ბევრი ჩემი „თანამემამულე" მოღალატეს მეძახდა, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ დასაწყისში მწყინდა - მალე მივხვდი, რომ კარიერაზე უნდა მეზრუნა, ურაპატრიოტების ყვირილისთვის ყურადღების მიქცევა კი მხოლოდ დამაზარალებდა.

1989 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. ერთი წლის შემდეგ ის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მე ნახევარფინალსა და ფინალში არ მიასპარეზია, ამიტომ ჩემპიონის ოქროს მედალი არ მერგო. ამაზე ძალიან მწყდება გული. სხვათა შორის, იმ გამარჯვებისთვის ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება მომანიჭა. იმ გუნდიდან რვამ ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.

დსთ-ს ნაკრებში ანატოლი ბიშოვეცმა მიმიწვია. იმ დროს სოსო ჭედიასთან ერთად შვედეთში, „სუნდვალში" ვთამაშობდი. მიწვევამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. იმ ნაკრების დაცვაში დიდი კონკურენცია იყო: ახრიკ ცვეიბა, ანდრეი ჩერნიშოვი, ოლეგ კუზნეცოვი, ვასილი კულკოვი, სერგეი გორლუკოვიჩი... ძირითად შემადგენლობაში 1991 წლის იანვარში დავმკვიდრდი - ამერიკაში ჩატარებულ ტურნეში სამივე შეხვედრა დაცვის ოთხეულში დავიწყე!

ის, რომ შვედეთში ევრო 92-ზე გავემგზავრებოდი, ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ორივე გოლი გარი ლინეკერმა გაგვიტანა, თუმცა 0:1-ზე თავურით გავათანაბრე - იგორ შალიმოვის კუთხურის შემდეგ ეფექტური ბურთი შევაგდე!

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე რომ ვიასპარეზე, კვლავ ბევრი „პატრიოტი" მაკრიტიკებდა, მაგრამ საბედნიეროდ, უფრო მეტს გაუხარდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ასეთ დიდ შეჯიბრებაზე გამოვიდა. ჩემი აზრით, პრეტენზია უნიჭო ხალხისგან მოდიოდა, თორემ ვინც ფეხბურთის ქომაგი იყო, ყველამ გაამართლა ჩემი ნაბიჯი. თუ არ ვცდები, ჩემს შემდეგ ქართველს ევროჩემპიონატზე აღარც უთამაშია...

შვედეთში საწყისი ორი შეხვედრა გამოვტოვე. ტურნირის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, დანიასთან ამხანაგურ მატჩში კუნთი ვიტკინე და გერმანელების და ჰოლანდიელების წინააღმდეგ ვერ ვიასპარეზე. უკანასკნელ ტურში შოტლანდიელებს ვხვდებოდით, რომლებსაც 1/2-ფინალში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, ჩვენ კი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბიშოვეცმა ძირითადში დამაყენა... ჩვენ 0:3 წავაგეთ - ეს კატასტროფა იყო!

ანატოლი ბიშოვეცი თავისებური მწვრთნელი იყო. ამბობდნენ, თითქოს ფეხბურთელების ტრანსფერებში აფათურებს ხელსო, მაგრამ ამისა არასდროს მჯეროდა. სხვათა შორის, მოთამაშე რაც უნდა კარგ ფორმაში ყოფილიყო, ის იქამდე არ დააყენებდა ძირითადში, სანამ პირადად არ გაესაუბრებოდა დაახლოებით 5-10 წუთს. ზოგად თემებზე ელაპარაკებოდა ბიჭებს და ამით ადგენდა, რამდენად მზად იყო ფსიქოლოგიურად მატჩისთვის. მგონი, მწვრთნელს ეს მხოლოდ პლუსად უნდა ჩაეთვალოს.

გერმანიაში მხოლოდ გუნდის თანამშრომელი ვიყავი - საქმეს მოვალეობის გამო ვასრულებდი. „აინტრახტში" ბოლო თვეები წვალებად მექცა. ვარჯიშებს მექანიკურად ვასრულებდი. იქ ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ სამუშაო იყო - დამთავრდებოდა ვარჯიში და ბაზაზე აღარავინ ჭაჭანებდა. „ალანიაში" სხვა სიტუაცია სუფევდა - მე და შელია ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდით და სტანდარტულ მდგომარეობებს ვამუშავებდით. გერმანიაში ვერავის სთხოვ, ჩემი ხათრით დარჩი და ცოტა კიდევ წაიმუშავეო...

„აინტრახტში" ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: ნიგერიელი ჯეი-ჯეი ოკოჩა, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი უვე ბაინი, მანფრედ ბინცი, მაურიციო გაუდინიო... ბუნდესნაკრების წევრთან რალფ ვებერთან ერთად დაცვის ცენტრში ვთამაშობდი, წინ განელი ტონი იებოა გვყავდა, ბუნდესლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი... წესით, ასეთი შემადგენლობით რომელიმე ტიტული უნდა მოგვეგო, მაგრამ მოვიდა კლაუს ტოპმიოლერი და ყველაფერი აირია. ახლაც არც მსურს იმ ამბების გახსენება.

ვლადიკავკაზის „ალანია", სადაც გერმანიიდან გადავედი, ჩემს კარიერაში ისეთივე მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც 1992 წელს მოსკოვის „სპარტაკში" გადასვლა იყო.

ვალერი გაზაევთან ჯერ კიდევ მოსკოვის „დინამოში" თამაშისას მქონდა თბილი ურთიერთობა და მას მერე ასე გრძელდება. მან ჩემი ავიც იცის და კარგიც.

ის ძალიან ემოციური მწვრთნელია და ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. 1995 თუ 1996 წელს მოსამზადებელ ეტაპზე 17 შეხვედრიდან მხოლოდ სამი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენი მოვიგეთ. გაზაევის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა - ფრეს შემდეგ აღარ გველაპარაკებოდა.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნორვეგიაში ამხანაგურად ვითამაშეთ და 0:1 წავაგეთ. მატჩის შემდეგ ვთქვი, რა კარგად ვითამაშეთ-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში დავფიქრდი და გამეცინა - აბა როგორღა ვითამაშეთ კარგად, თუ წავაგეთ? მალე იგივე გრძნობა გამიჩნდა იტალიაში, პერუჯაში 0:1 წაგების შემდეგ... მას შემდეგ ჩემთვის მიუღებელია გამოთქმა: „კარგად ითამაშეს, მაგრამ წააგეს". თუ წააგე, ესე იგი კარგად არ გითამაშია.

ინგლისთან თბილისში 0:2 მარცხის შემდეგ ჩვენი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს მხოლოდ ის იყო წაგებაში დამნაშავე, მე კი ამ მოსაზრებას ვერ ვეგუებოდი და ამის შესახებ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაშიც გულღიად ვილაპარაკე. არ მინდოდა ისე გამოჩენილიყო, თითქოს ჩვენ, ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელი რთულ სიტუაციაში მივატოვეთ. სხვა თუ არაფერი, ნაკრების კაპიტნად სწორედ საშა ჩივაძემ დამაყენა.

დავით ყიფიანთან შედარებით ალექსანდრე ჩივაძე ცოტა რბილი მწვრთნელი იყო. ჩივაძე მეგობრული კაცია, თბილი ადამიანია. ამასთანავე, ჩემი აზრით, ცოტა გამოცდილებაც აკლდა. იგივე ყიფიანი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ავარჯიშებდა თბილისის „დინამოს"...

ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი თაობა ვიყავით, რომელსაც მართლა შეეძლო წარმატების მიღწევა: შელია, ქეცბაია, ქინქლაძე, ტყუპი არველაძეები, რევიშვილი... ჩემი აზრით, ზაზასნაირი მარჯვენა მცველი მას შემდეგ აღარც გვყოლია! საფრანგეთი 98-ის წინ ჩვენ კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი, დემეტრაძე და გახოკიძე დაგვემატნენ, ჩივაძემ და ყიფიანმა ასე თუ ისე შეძლეს ნაკრების ჩამოყალიბება, მაგრამ რად გინდა - ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ის გუნდი ნელ-ნელა დაშალეს!

საერთოდ, იმ დროს ნაკრებთან მიმართებაში ფედერაციის მხრიდან კატასტროფული სიტუაცია იყო. ერთ ამბავს გავიხსენებ: ევრო 96-ის შესარჩევში თბილისიდან უელსამდე 6 საათი ვიფრინეთ, სასტუმროში მისულ დაღლილ-დაქანცულებს კი, როცა გვეგონა გვასადილებდნენ, ყურადღება არავინ მოგვაქცია! კაპიტანი ვიყავი და ძალიან მომეშალა ნერვები, ერთი-ორჯერ ვიყვირე კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაფაცურდა ფედერაციის წარმომადგენელი და იცით რა მოგვიტანა? რამდენიმე სენდვიჩი და... ჩიფსები! ასეთი არაორგანიზებულობის მიუხედავად, რაც იშვიათი სულაც არ იყო, ჩვენ მაინც ვახერხებდით მოგებას - იმავე უელსელებს გიო ქინქლაძის ულამაზესი გოლით ვძლიეთ.

1997 წელს, როცა „ალანიაში" ვთამაშობდი, ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედში" გადასვლის შანსი გამიჩნდა. იმ დღეებში საქართველოს ნაკრები პოლონეთში 1:4 დამარცხდა. უკანა გზაზე, თვითმფრინავში ყველანი ცხვირჩამოშვებულები ვიყავით, შემდეგ კი ბოღმის გასაქარვებლად ერთი-ორი ჭიქა დავლიეთ. თითქმის ყველამ დალია, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთელი რევაზ ძოძუაშვილიც ჩვენთან იყო... ჩამოვედით თბილისში და მეორე დღეს ერთი ამბავი ატყდა: ხმა გავრცელდა, თითქოს ფეხბურთელები კი არა ლოთები ვიყავით, ზოგს ლამის ოჯახი დაენგრა - ამბობდნენ, ბიჭები სტიუარდესებს ეარშიყებოდნენო... მოკლედ, რა ვიცი რა აღარ ითქვა... მე კი ფედერაციის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა „ვესტ ჰემ იუნაიტედთან" ხელმოსაწერად გამზადებული კონტრაქტი ჩამიშალა!

ეროვნულიდან გულდაწყვეტილი წავედი. მახსოვს, ლონდონის „ფულემთან" მატჩში ტრავმა მივიღე, მეორე დღეს კი ფედერაციიდან დამირეკეს, რას შვები, არ მოდიხარ შეკრებაზეო. ვუთხარი, ტრავმირებული ვარ-მეთქი. ჰო, კარგიო და ყურმილი დაკიდეს. არც კი მკითხეს, რა მჭირდა... ნაკრების კაპიტანს ასე არ უნდა ექცეოდე! შესაძლოა იმ დროს ფედერაციაში თავიანთი პრობლემებიც ჰქონდათ, მაგრამ ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ამ დროს კი თანაგრძნობის ნაცვლად...

გუნდში ბოლოს 1998 წელს ვითამაშე და კარი მომიხურეს. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობდი სათქმელს. ჩვენი ფედერაცია მაშინ სულ ფულზე ტიროდა, მე კი ვეუბნებოდი, სად არის ის მილიონები, რაც ტელეტრანსლაციებიდან უნდა შემოდიოდეს-მეთქი?! თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გერმანიიდან ხშირად ჩამომიტანია გუნდისთვის მალამოები და სახვევები, არადა, ამის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო! სავარაუდოდ, ასეთი ამბების გამო გადაწყვიტეს ნაკრებიდან ჩემი გაშვება. ვლადიმერ გუცაევი, რომელიც მაშინ მთავარი მწვრთნელი იყო, ფედერაციის ხელში უბრალოდ იარაღი იყო.

გუცაევი რომ მოვიდა მთავარ მწვრთნელად, აღარ მიწვევდა. ბევრჯერ დავეკითხე მიზეზზე: თუ ჩემი მომზადების დონე არ გაკმაყოფილებთ, პირდაპირ მითხარით-მეთქი. ის პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. მეუბნებოდა, მჭირდებიო, მაგრამ მერე საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა...

ყველაზე საშინელი შეცდომა? თბილისში, ინგლისის ნაკრებთან მატჩში ის მომენტი, რასაც ლეს ფერდინანდის გოლი მოჰყვა. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთი ჩემი იყო, მაგრამ მან რაღაც სასწაულით ამაცალა და... მეორე გოლიც დაცვის ცენტრის „ჩავარდნას" მოჰყვა, არადა ჩემი და მურთაზ შელიას წყვილი იმ წლებში აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა...

საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყველაზე კარგი ურთიერთობა მურთაზ შელიასთან ჩამომიყალიბდა - ჩვენ ისე დავახლოვდით, ღვიძლ ძმებსაც შეშურდებოდათ! ის 1991 წელს მოვიდა თბილისის „დინამოში" და მას შემდეგ ერთად ვითამაშეთ ვლადიკავკაზის „ალანიასა" და „მანჩესტერ სიტიში".

გოლების უმრავლესობა თავით გავიტანე. თუ არ მეშლება, ფეხით ერთადერთხელ შევაგდე და ისიც მაშინ, როცა „აინტრახტში" ვთამაშობდი - მგონი, თასის მატჩი იყო.

საუკეთესო გოლი? კარგად მაგონდება მოსკოვში, ინგლისის ნაკრების კარში შეგდებული ბურთი, მაგრამ ყველაზე ლამაზი მგონი, თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან" გატანილი გოლია - მაშინ ჩვენ 2:0 მოვიგეთ!

შევცვლიდი თუ არა რამეს? ერთის გარდა არაფერს - ტრავმებს ამოვიღებდი. მთლიანობაში წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ ტრავმებმა ძალიან გამაწვალა - რომ არა ხშირი უიღბლობა, მჯერა, უფრო მეტს მივაღწევდი. ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ტრავმების გამო თითქმის სამი წელი გამიცდა - ეს ძალიან დიდი დროა! 1995 წელს, პირველად როცა დავშავდი - უეფას თასზე ზიდანის, ლიზარაზუს და დიუგარის „ბორდოსთან" მატჩში - მთელი 7 თვით ჩამოვშორდი ფეხბურთს, არადა, მაშინ „აინტრახტის" ძირითადი შემადგენლობის წევრი ვიყავი! სხვათა შორის, სწორედ ჩემი არყოფნის დროს წაუვიდა კლუბს საქმე ცუდად და საბოლოოდ, იმ სეზონის ბოლოს ბუნდესლიგიდან გავვარდით... „მანჩესტერ სიტიშიც" არ გამიმართლა - დებიუტიდან მცირე ხანში ზედიზედ სამი ოპერაცია გავიკეთე..."

ნანახია - 1387

tngh

2017-03-19 15:23:52

ხსენებულმა "პატრიოტებმა" დაანგრიეს საქართველო და ფეხბურთი. კარგად მახსოვს ცხადაძის წინააღმდეგ მოწყობილი აქციები 1991 წლის დასაწყისში. ამ აქციების მონაწილეთა უმრავლესობა მოგვიანებით სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე გახდა. დღეს ბევრი მათგანი სხვა და სხვა "ნჯო"-შია მოკალათებული და ცნობილი "მეგრანტეა".

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80