ღვინის ფალსიფიკაციის საფრთხე იზრდება, შეზღუდვა მალე დაწესდება
ეკონომიკა

ღვინის ფალსიფიკაციის საფრთხე იზრდება, შეზღუდვა მალე დაწესდება

ღვინის ფალსიფიკაციის საფრთხე იზრდება, შეზღუდვა მალე დაწესდება
ბექა დანელია

2017-03-18 16:00:38

ღვინის კომპანიები ფალსიფიკაციის გაზრდილ საშიშროებაზე საუბრობენ. ამიტომ მეღვინეები მთავრობას ღვინომასალების ექსპორტის აკრძალვას სთხოვენ. ისინი გაყალბების კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებენ.

რუსეთის ბაზარზე „ქინძმარაულის“ 800 ბოთლის რეალიაზაციის შეჩერების საკითხს „საქპატენტი“ ახლაც იკვლევს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა ბალტიისპირეთსა და რუსეთში ფიქსირდება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ ღვინომასალების ექსპორტთან დაკავშირებით მუშაობა მთავრობაში მიმდინარეობს. დანელიას ვარაუდით, შესაბამის კანონპროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ამუშავებს.

„ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული ინიციატივა. ამაზე სავარაუდოდ, ღვინის ეროვნული საააგენტო მუშაობს. ჩვენს კომიტეტში ეს კანონპროექტი არ მუშავდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ღვინო ჩადის, იმ კონკრეტულ ქვეყანაში ფალსიფიცირების რისკები იზრდება. აუცილებელია დავიცვათ ბრენდები იმიტომ, რომ ხარისხი იყოს შენარჩუნებული. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება თუ ამ კანონს მივიღებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სააგენტოს არგუმენტაცია უნდა მოვისმინოთ“, - აცხადებს დანელია.

ღვინომასალების ექსპორტი რამოდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა და როგორც დანელია „კომერსანტთან“ აცხადებს, ეს ყველაფერი შესწავლილი აქვს სააგენტოს. სწორედ ამის შედეგად მოხდა ანალიზის გაკეთება და ეს ინიციატივაც აქედან მოდის.

ამასობაში ღვინის სააგენტო საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანის აკრძალვაზე მუშაობს. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა და მისი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

„კერძო სექტორი საკითხს აყენებს, რომ შეიზღუდოს ჩამოსასხმელი სახით ღვინის გატანა, რათა არ მოხდეს შემდეგ ამ ღვინის „გაბევრება“. ჩვენ საქართველოში შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რამდენი ღვინო ისხმება და გადის. როდესაც გადის ქვეყნის გარეთ, მისი კონტროლი ჩვენს ძალებს აღემატება. არ არის საუბარი კონკრეტულ ბაზარზე, ეს არის ზოგადად მოთხოვნა. ასევე მოთხოვნა ქართულ ღვინოზე წლიდან წლამდე იზრდება, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია და ნაკლებად არის საჭიროება, რომ ღვინო ჩამოსასხმელი სახით გავიდეს ქვეყნიდან და სჯობს ეს ფული ქვეყნის შიგნით დაიხარჯოს“, - ამბობს სამანიშვილი.

მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდან მოყოლებლი დიდი სისწრაფით იზრდება. 2017 წლის პირველი 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინავარ-თებერვალში ექსპორტირებულია 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„თებერვლის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ, რაც მისასალმებელია და უმთავრესად განპირობებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა. ეს წელი მართლაც აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ნანახია - 689

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80