უმრავლესობის ნაწილს მღებრიშვილი არ მოსწონს, მიზეზი მირზოევთან მომხდარი ინციდენტია
პოლიტიკა

უმრავლესობის ნაწილს მღებრიშვილი არ მოსწონს, მიზეზი მირზოევთან მომხდარი ინციდენტია

უმრავლესობის ნაწილს მღებრიშვილი არ მოსწონს, მიზეზი მირზოევთან მომხდარი ინციდენტია
თეონა მანაგაძე

2017-03-17 11:30:27

პოლიტიკურ დღის წესრიგში შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს. ყოველ შემთხვევაში, ძალოვანი მინისტრის მიმართ პრეტენზიები საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს აქვს, თუმცა არა ბათუმში განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში, არამედ გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევთან მომხდარი ინციდენტის გამო.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ცოტა ხნის წინ, სავალან მირზოევს უთანხმოება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებთან მოუვიდა, რომელთაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენეს.

მმართველი გუნდის წევრები მომხდარზე ღიად არ საუბრობენ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ მირზოევთან მიმართებაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქმის კურსში მღებრიშვილი ჩააყენა, თუმცა მინისტრმა საკუთარი უწყების თანამშრომლები დაიცვა და კანონმდებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეჭქვეშ დააყენა.

საპატრულო პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე თავად სავალან მირზოევი for.ge-სთან არ საუბრობს და ამბობს, რომ „მსგავსი რამ არ ყოფილა“.

„ახლა ვერ გელაპარაკებით, მოგვიანებით დამირეკეთ“, - აღნიშნა მირზოევმა.

მმართველი გუნდის წევრსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარი ფაქტის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. როგორც for.ge-ს თალაკვაძემ განუცხადა, მისთვის მსგავსი რამ ცნობილი არ არის.

„კანონის წინაშე ყველა მოქალაქე, მათ შორის პარლამენტის წევრი თანასწორია. თუ კანონს დავარღვევთ, ჩვენც ისევე ვაგებთ პასუხს, როგორც სხვა მოქალაქეები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ შესაძლო დაპირისპირებას, ამ ვერსიაზე უმრავლესობის ნაწილიც საუბრობს, თუმცა მეორე ნაწილი იმის მომხრეა, რომ ყველაფერი გაირკვეს.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, თუ ასეთი მოსაზრებები არსებობს, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში მომხდართან დაკავშირებით უფრო მეტი მასალა და ინფორმაცია იქნეს მოძიებული. დეპუტტაის თქმით, ჭორებსა და ვარაუდებზე საუბარი არ უნდა დაიწყოს.

„თუკი მსგავსი რამ ხდება, ეს საგანგაშოა და ამაზე რეაგირება მნიშვნელოვანია. თუ უწყებებს შორის წინააღმდეგობაა და ეს ასეთ რეციდივებს გვაძლევს, ეს დასაფიქრებელია. მგონია, რომ გულგრილები არანაირ ინფორმაციაზე არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს ვერსიები მას შემდეგ წამოვიდა, რაც პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ ვანდალიზმს სოლიდარობა გამოუცხადეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი უმსგავსობა იყო, შემდეგ სხვა ვერსიების გაჟღერება დაიწყეს. სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს და ვერსიათა სიმრავლეში ჭეშმარიტება არ უნდა ჩაიძიროს“, - აცხადებს ფოფხაძე.

უმრავლესობის წევრის მსგავსად, ძალოვან უწყებებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ სმენია ოპოზიციონერ დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, თუმცა for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მას ამ თემებით სპეკულაცია არ სურს. დეპუტატის მოსაზრებით, ვინაიდან, მერაბ ღოღობერიძე სუს-სთან დაკავშირებული პირია, შესაძლოა, ეს ვერსიაც არსებობდეს.

„არ მინდა, ამაზე მსჯელობა, რადგან ეს სიმახინჯეა. სახელმწიფოში სიმახინჯეა ის სისტემა, სადაც მოძალადეები მთავრობისთვის ჯერ საყრდენი არიან და შემდეგ ისინი კონტროლიდან გადიან. პროტესტის ასეთი ფორმა აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. ვიცით, ძალადობრივმა პროცესმა ქვეყანა სანამდე შეიძლება მიიყვანოს და დააქციოს. ეს არაძალადობრივი პროტესტის არსს ასუსტებს და ამას ვგმობთ. ვინც ძალადობა მოაწყო, ამ ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები არიან, რომლებსაც ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობაში იყენებდნენ. მათ ვაფრთხილებდით, რომ კვერცხები, რომელსაც ჩვენ გვესროდნენ, სხვა მიმართულებით წავიდოდა. მერაბ ღოღობერიძე საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდამსხმელი იყო და მთავრობამ შეფასება გააკეთა, რომ ეს თავისუფალი აზრის გამოხატულება არისო. ქვეყანაში ძალიან დაძაბული ფონია როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიკურად. ეს გუნდი რეალურ პრობლემებს მოწყვეტილია და რასაც ზედმიწევნით აკეთებენ, ეს ივანიშვილის დაკვეთების შესრულებაა“, - დასძენს ხოშტარია.

 

ნანახია - 2154

cugo

2017-03-17 12:13:24

ჭკვიანურად მოიქცა გიორგი მღებრიშვილი,არ წამოეგო ნაცფაშისტების პროვოკაციაზე,არ დაღვარა ხალხის სისხლი.

ცუგო

2017-03-17 12:14:35

ამ წერილის მიზანი ვერ გავიგე, ყურმოკრული ჭორის, რომელსაც არავინ არ ადასტურებს, გაპიარება? მერე რა? რისი მიღწევა უნდა ავტორს?

qedo sakokhia

2017-03-17 12:47:41

ველით დაწვრილებით ინფორმაციას, თუ არა და ჩავთვლით, რომ ჟურნალისტი პროვოკატორობს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80