„ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას“
საზოგადოება

„ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას“

„ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას“
თამთა ქარჩავა

2017-03-16 09:00:12

აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში, საკუთარების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს ეკონომიკის მინისტრი და თვლის, რომ ის დისკრეცია, რომელიც სახელმწფოს აქვს აბსოლუტურად კანონიერია, მას შეუძლია და ლეგიტიმური უფლება აქვს გამოიყენოს, რა მიმართულებითაც უნდა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი სულ რამდენიმე ხნის წინ შეიცვალა, ტელევიზიების დარეგისტრირება შეიძლება 10 დღეში და ბოლო წლებში რამდენიმე ათეული ტელევიზია დარეგისტრირდა და ამ მხრივ სიტყვის თავისუფლების მიმართულებით კითხვები არ არსებობს.

„მე, როგორც ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალზე სახიფათო და რისკის შემცველია აღსრულების ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მსგავსი შეჩერება, რასაც შეიძლება მომავალში საკუთრების უფლების რისკის ქვეშ დაყენების რაღაც პოტენციალი გააჩნდეს. ეკონომიკური განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიმყოფებით, როდესაც ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ეტაპზე ვართ, საკუთრების უფლების აღსრულების მექანიზმების შეჩერება, არის ძალზე რისკის შემცველი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრის ამ პოზიციას იზიარებს იურისტი როინ მიგრიაული, თუმცა, აქვე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის რისკის შემცველია, თუ არ დაემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმების დარღვევას.

„სწორია ეკონომიკის მინისტრი როდესაც ამბობს, რომ ჩემთვის საკუთრების უფლება არის უპირატესი, ვიდრე გამოხატვის თავისუფლება. ამაში მართალია და შეიძლება ქვეყნისათვის საკუთრების უფლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა შეჩერდეს აღსრულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას როინ მიგრიაული.

იურისტი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს უფლება შეცვალოს შიდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„სტრასბურგი არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგი ვერ შევა არსებით განხილვაში, ფაქტებს ვერ გამოიკვლევს, მან ზოგადად უნდა დაადგინოს რამდენად სამართლიანი სასამართლო ჩატარდა ქვეყანაში.

სამოქალაქო კოდექსში ჩვენ გვაქვს ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე გადასინჯვის მუხლი, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს შიდა გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რაც შიდა სასამართლომ საფუძვლად უნდა გამოიყენოს, ანუ გადასინჯოს გადაწყვეტილება, მაგრამ გადასინჯვის შემდეგ შეიძლება იგივე დაადგინოს სასამართლომ, წინასწარ არავინ იცის რა მოხდება“, - ამბობს როინ მიგრიაული.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში არის სამი ინსტანცია, მესამე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და შესაბამისად, მისი ზემდგომი ინსტანცია არ არსებობს.

„ეს გადაწყვეტილება არის შეჩერებული დღეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარებთ სტრასბურგის იურისდიქციას. სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქვს უფლება მოგვთხოვოს თავიდან მოხდეს სასამართლო განხილვა, თუ მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის დარღვეული“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს სრული პატივისცემა აქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, იქცევა ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა.

„ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადების პარალელურად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „რუსთავი 2“ - ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ურჩევს, განსაკუთრებით ყურადღებით იყოს, რადგან ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მისი ქონებას თუ მისთვის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვთ ხოლმე. დავით უსუფაშვილის თქმით, მას სურს, დაზღვეული ვიყოთ სერიოზული გართულებებისგან, ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც მსგავსი ტიპის მოვლენები.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ევროპისთვისაც ნათელი გახდა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან მიმართებაში ყველაფერი წესრიგში არ არის. ბევრი წელია ვსაუბრობთ ამ თემაზე. რამდენიმე წელი მგონი ოფშორული მესაკუთრეც ჰყავდა „რუსთავი 2“-ს და საერთოდ არ ვიცოდით, ვინ იყო მისი მეპატრონე.

აქ რომ პრობლემებია დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მიმდინარე დავა, სამწუხაროდ, უფრო მეტად უკავშირდება ოპოზიციური პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე საკუთრების საკითხებს. ამასთანავე, ეს თემა ძალიან ფეთქებადსაშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი“, - ფიქრობს დავით უსუფაშვილი.

„რუსთავი 2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, წერილობით ეხმაურება იუსტიციის საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, რომლის შეფასებით, ევროპამ მეოთხე ინსტანციის როლი შეასრულა, დაარღვია ბალანსი უფლებებს შორის და ეს ყველაფერი სპეკულაციებზე დაყრდნობით გააკეთა.

„პირადად ჩემი აზრით, ხსენებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებათა დაცულობაზე ევროპული კონტროლის დამკვიდრებულ ფარგლებს, იმავდროულად არღვევს სუბსიდიურობის პრინციპს, რომელსაც კონვენცია ემყარება, სტრასბურგის სასამართლოს უთავსებს მე-4 ინსტანციის სასამართლოს როლს და შეუძლია გამოიწვიოს არა ერთი პრაქტიკული სირთულე“, - წერს ევა გოცირიძე.

მისივე შეფასებით, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება და კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას, გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართული სამართლებრივი სისტემისაგან.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება ეროვნული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების დაბრკოლებას, რომლებითაც ცალკეული მესაკუთრეების ქონებრივი უფლებები ისედაც დიდი ხნის დაგვიანებით აღდგა. აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება, მავანთა მიერ რომ არის ინსპირირებული და მხარდაჭერილი“, - წერს ევა გოცირიძე.

ნანახია - 1000

1234

2017-03-16 19:06:27

რა თქმა უნდა როცა რაღაც კონვენციას აწერ ხელს და შედიხარ ევროსაბჭოში ან ევროგაერთიანებაში, შენი სუვერენიტეტის ნაწილს თმობ და გადასცემ ბრიუსელს და ჰააგას.
დისკუსიები ღირს თU არა სუვერენიტეტის დათმობა იმ სარგებლად რასაც ეს ევროპული ინსიტუტები და ხელშეკრულელები გვაძლევენ ყოველთვის უნდა არსებობდეს და გოცირიძე სწორედ იქცევა. არც ბრმა კერპთაყვანისმცემლობა ბრიუსელისადმი და არც ბრიყვული ნაციონაონალიზმი და პოპულიზმი არის კარგის მომტანი ქვეყნისთვის.
ხარჯი-სარგებლის ანალიზით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჯერჯერობით სარგებელი წონის ხარჯს. საქართველოს სჭირდები ევროპის მხარდაჭერა თUნდა რუსული აგრესიის და ოკუპაციის შეჩერებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის. ყოფილ და ამჟამინდელ ნაციონალებს შორის ქონებრივი დავის გამო არ ღირს ევრო სასამართლოდან და სხვა ხელშეკრულებებიდან გამოსვლა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80