„პოლიტიკური მოწინააღმდეგე ასეთი არეულობებით ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების საკითხებს თავს ვერ ართმევს“
საზოგადოება

„პოლიტიკური მოწინააღმდეგე ასეთი არეულობებით ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების საკითხებს თავს ვერ ართმევს“

„პოლიტიკური მოწინააღმდეგე ასეთი არეულობებით ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების საკითხებს თავს ვერ ართმევს“
თამთა ქარჩავა

2017-03-15 16:00:03

„შექმნილი სურათიდან ჩანს, რომ ბათუმის მოვლენების „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე, რომლის შეფასებით, ამ პროცესებმა აჩვენა უსაფრთხოების სისტემის სისუსტე და გამოჩნდა, რომ საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერება, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ვანდალიზმი.

for.ge მამუკა ნებიერიძეს ესაუბრა.

ბათუმის მოვლენების პარალელურად, მცირედი, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებშინაციონალური მოძრაობისლიდერები და აქტივისტები გამოვიდნენ, ამით მხარი დაუჭირეს იმ ვანდალიზმს, რაც ბათუმში ხდებოდა. შექმნილი სურათი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ბათუმის მოვლენები ამ პოლიტიკური ძალის მიერ იყო მხარდაჭერილი? ასევე საუბარია სუს-სა და შსს-ს შორის დაპირისპირებაზეც...

მამუკა ნებიერიძე: რა შუაშია სუს და შსს, ეს რაღაც კონტრარგუმენტს გავს უფრო, ვიდრე რეალობას. ხალხი, რომელიც აქტიურობდა დაიჭირეს, ვინ არიან ესენი? მე ბათუმელებს ველაპარაკე, როგორც ისინი აცხადებენ დაკავებულთა უმეტესობა ბათუმელიც არ არის. ანუ, ეს პარტიული აქტივი სუს-ის დაქირავებულია? ამას გამოძიება აჩვენებს. შექმნილი სურათიდან ჩანს, რომ მოვლენათა შემდგომი განვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

ბათუმში განვითარებული მოვლენები ალბათ, ორ ნაწილად უნდა გაიყოს, ჯარიმით გამოწვეული პროტესტი და შემდეგ უკვე პოლიციის შენობასთან განვითარებული მოვლენები, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომნაციონალური მოძრაობისმიერ იყო ორგანიზებული?

- გამომდინარე იქედან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მხარდამჭერი აქციები და გამოსვლები გაიმართა სხვა ქალაქებში, საერთო ჯამში ქმნის ასეთ სურათს. თუნდაც იგივე „რუსთავი 2“ როგორ გადმოსცემდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებებს, აქ აშკარად ჩანს, რომ ეს პროცესები მხარდაჭერილი იყო ამ პარტიის მხრიდან. ამ შემთხვევაში გამოძიება დაადგენს ვისი მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ.

გეთანხმებით, რომ 11 მარტის მოვლენა ორ ნაწილად უნდა გაიყოს. თავიდან სრულიად კონკრეტული საკითხით დაიწყო პროტესტი და შემდეგ განვითარდა პროცესები. ამიტომ ვამბობ, რომ აქ ვერ ვხედავ სუს-ის მოქმედებას, მაგრამ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გამოსვლას სხვადასხვა ქალაქებში და ასევე მათი ლიდერების განცხადებებს. დაველოდოთ გამოძიებას, თუ გამოძიება აჩვენებს, რომ ამ ხალხიდან ვინმე კავშირში არის სპეცსამსახურებთან, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ინსპირირებული სუს-ის მიერ, მაგრამ ჩნდება კითხვა - რაში სჭირდებოდა ვინმეს ამის გაკეთება?

ამ მოვლენამ აჩვენა, უსაფრთხოების სისტემის სისუსტე და რამდენად აუცილებელია, უშიშროების სისტემის მეტი გაძლიერება?

- ნამდვილად გამოჩნდა, რომ საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერება, მეტი არგუმენტი გაუჩნდათ იგივე მოსმენების შესახებ კანონპროექტის მომხრეებს, რომ საჭირო არის სისტემის გაძლიერება, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი არეულობები. აუცილებელია ამ სამსახურის გაძლიერება, რასაკვირველია ზომიერად, ზღვარგადასული არ შეიძლება იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ რეაგირება ცოტა დაგვიანებით მოხდა, რაც ასევე უჩვენებს სისუსტეს.

აქედან ჩანს, რომ პრობლემები არის ამ უწყებებში, გასაძლიერებელია მუშაობა იმ მიმართულით, რომ წინასწარ იქნას თავიდან აცილებული მსგავსი ინციდენტები. ეს იყო სერიოზული ვანდალიზმი, დალეწეს მთელი ქუჩები, მაგრამ ვერ მოხდა პრევენცია. მაგალითად, იგივე რუსეთის ტელევიზია რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მთელ ამ არეულობას, რამაც შექმნა პრობლემა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანას შეექმნა გარკვეული პრობლემა და ამიტომაც არის რაღაცა ზომები მისაღები.

უსაფთხოების სამსახურების სისუსტის ფონზე, გამორიცხავთ პროცესების რეგიონებში ესკლაციას? ბათუმის მოვლენები აჩვენებს, რომ გარკვეული მზადება აშკარად მიმდინარეობდა...

- ამის გამორიცხვა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ასეთი გამოსვლები, დესტაბილიზაციის შექმნის წინაპირობა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. პოლიტიკური მოწინააღმდეგე ასეთი გამოსვლებით და არეულობებით ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ხელისუფლება ვერ ართმევს თავს უსაფრთხოების საკითხებს და ამიტომ არის არეულობა ქვეყანაში. აი, ამ ნიადაგზე იზრდება უკმაყოფილოთა რიცხვი.

როცა ხელსიუფლება უსაფრთხოებას ვერ ართმევს თავს და ამას აჩვენებს ბათუმის მოვლენები, ამით მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები ისარგებლებენ, გამოვრიცხავთ ჩვენ, რომ ამით ისარგებლონ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა?

- რასაკვირველია, არაფერი გამორიცხული არ არის. მაგალითად, ბათუმელებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ იქ ასლან აბაშიძის მომხრეებიც იყვნენ ჩართული. ანუ, ყველა ის ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია, რომ ქვეყანა იყოს სუსტი, ჰქონდეს არასტაბილური სახელმწიფოს სახელი, ცხადია, ისრაგებლებენ ამ პროცესებით. ვერავის ვერ მოსთხოვ, იგივე ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგეს, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური მოტივით არ გამოიყენონ ნებისმიერი არეულობა თუ უკმაყოფილება.

აქ შემოდის მთავარი თემა, რომ საჭირო არის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება, უსაფრთხოების სიტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. რასაკვირველია, ეს შესაძლებელია იმ ინსტიტუტების გაძლიერებით, რომლებიც პასუხს აგებენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ასევე, აქ შემოდის მეორე საკითხი, რასაც ჰქვია, მოსმენების კანონპროექტი. ამ კანონპროქტის მომხრეებს გაუჩნდათ  არგუმენტები, რომ ეს კანონპრორექტი იმ რედაქციით იყოს მიღებული, როგორც არის, რადან ეს კანონპროექტი მიმართულია იმაზე, რომ შესაბამისი შესაძლებლობები მიეცეს უწყებებს, რომ აწარმოონ ასეთი წინმსწრები მოკვლევები ასეთი ვანდალიზმის თავიდან აცილების მიზნით. აშკარად ჩანს, რომ ეს საკითხი არის დასარეგულირებელი და რაც შეიძლება მოკლე დროში. პროცესის გაწელვა არ შეიძლება.

ის, რომ უასფრთხოების სამსახურებმა ვერ შეძლეს საფრთხეების და გამოწვევბის პრევენცია, როგორ ფიქრობთ, ადასტურებს იმას, რომ სისტემა არ არის ქმედუნარიანი? მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით არაერთი საქმე აღძირა, მაგრამ შედეგი არ ვიცით, მაგრამ საზოგადეობას აქვს კითხვა, თუკი იყო მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების, მაშინ რატომ მოერიდა ხელისუფლება ბოლომდე მიეყავა საქმის გამოძიება...

- ორი მიზეზი შეიძლება იყოს, პირველი - დაბალი კომპეტენცია თვითონ პროკურატურის. გამოძიებას სჭირდება გარკვეული რესურსი და შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები. თუ ეს რესურსები არ არის მობილიზებული, შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას და გამოძიება საერთოდ ვერ დასრულდეს. მეორე - პოლიტიკური მხარე, შეიძლება ხელისუფლება ჯერჯერობით ერიდება სერიოზული საქმეების სასამართლოში წაღებას, იგივე პოლიტიკური კონიუნქტურის გამო. ან შეიძლება ორივე ერთად არის, საკმაოდ ძნელი სათქმელია.

რაც შეეხება თვითონ სისტემას, აშკარაა, რომ ამ სისტემამ განიცადა სერიოზული რყევა.

9 წლის განმავლობაში ამ სისტემაში მომუშავე ადამიანების რაღაცა ნაწილი წავიდა, ზოგი კომპეტენტური იყო, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. რაღაცა დრო მაინც დასჭირდება ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემა დალაგდეს. პრობლემაა საკადრო საკითხებში, მმართვის სტილი, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ახალ ხელისუფლებას, რაც იგივე შეცდომების დაშვების შესაძლებლობებს იძლევა.

ანუ კომპლექსური საკითხია, რაც ნიშნავს, რომ გადასახედია მთელი ეს სიტემა?

- რა თქმა უნდა. გინდა თუ არა, ამას სჭირდება დრო და გამოსწორება. მაგრამ რაც შეეხება ტემპებს, შეიძლება ჯობდა, რომ სწრაფი ტემპით წასულიყო რეფორმა. შედეგი სახეზეა, გამოუძიებელი საქმეები, პრევენციის შეუძლებლობა, რაც სერიოზული პრობლემაა და ა.შ. ბუნებრივია, რომ გადასახედია მთელი ეს სისტემა და დროზეა გასაკეთებელი. მართალია, სატელეფონო ჩანაწერებს ვერ გამოვიყენებთ როგორც უტყუარ მტკიცებულებას, 90% უკანონოა, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დაანონსებული ეს პროცესები და იყო ამის წინაპირობა.

ისინი თვლიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით ნაკლებად შესაძლებელია, ამიტომ ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებით, გარკვეული უსიამივნება გამოიწვიონ ხალხში და პროტესტის ტალღაზე დააბრუნონ საზოგადოება, როგორც ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს. გამსახურდიას არაეფექტური მმართველოს პირობებში მოხდა მის წინააღმდეგ გამოსვლა, იგივე მოხდა ედუარდ შევარდნაძის დროს.

ანუ, მოვლენების განვითარება დაკავშირებულია თვითონ სახელწიფოს ავტორიტეტზე?

- რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ავტორიტეტზე და მის ლეგიტიმურობაზე იმ გაგებით, მოსახლეობა რამდენად უჭერს მხარს. თუკი სისტემა იმუშავებს, დესტრუქციული ძალების მოქმედება, პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის ჩარევა სხვადასხვა აქციებით ისეთ რეგიონებში, სადაც მათ გავლენა აქვთ, მაგრამ სისტემის მუშაობის პირობებში, ეს პრობლემა არის დაძლევადი. თუ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა არ აქვს ხელისუფლების მიმართ, მისი რადიკალიზება და აყოლიება შეუძლებელია. 

ნანახია - 1218

Thoma

2017-03-15 18:15:15

მოსმენების ლეგიტიმაცია რად უდოდა ამას - მთავარი პროვოკატორი ღოღობერიძე, აქ რომ გყავთ გამოჭიმული დიდის ამბით , მთელი კვირა ავრცელებდა , აჭარლებს თათრებს გვეძახის სამმართველოს უფროსი და გამოდით საპროტესტო დემონსტრაციაზეო!.. რ2-ის კითხვაზე - შენ თვითონ მოისმინე, რომ ნამდვილად ეგრე თქვა სამმართველოს უფროსმაო? - არა, მაგრამ ეგრე მოვკარი ყურიო! - მერე, მაგ ყურმოკრულზე გადაწვითქალაქიო?! - ნუ, ეს უკვე ხელისუფლების ბრალიაო!...
და ეს კაცი დაკითხვაზეც კი არ ჰყავდათ დაბარებული!
კი, ხელისუფლების ბრალია, აბა ვისი?
მთელი კვირა რომ ხალხს პროვოკაციული მოწოდებებით მიმართავს ვიღაცა ("ამბებში" გამოქვეყნდა მისი ტექსტები!), არ უნდა გაიღვიძო და არ უნდა დაინტერესდე ?! თუ ეგეც კონსტიტუციაში უნდა ჩაგიწერონ?

natali

2017-03-15 20:47:30

როგორ ვერ ხვდებით, რომ ხელისუფლება მოიქცა ძალიან, ძალიან ჭკვიანურად.
ახლა ბურჯანაძე ამბობს, ივანიშვილს გაღვიძება ვერ გაუბედესო და იმიტომაც დილამდე მიუშვესო, რატომ დროზე არ აღკვეთესო. ამას ამბობენ ნაცებიც, რატომ დროზე არ გააჩერესო. რატომ დააა.....

ნაცებს რო მჰყავთ რაღაც 50-70 კაციანი ბანდა, რომელსაც სადაც დაუსტვენენ,იქ გაჩნდებიან და არეულობას დაიწყებენ, ხომ ვნახეთ მარნეულის არჩევნებზე. ეს ასეთი გამოყვანილი ჯიში ჰყავთ, ქვასროლია და კაპიშონწამოფარებული მაიმუნების.

ხოდა ხელისუფლებას როგორ უნდა გაენეიტრალებინა ესენი? ამიტომაც მიუშვა, დაცადა და დანაშაულზე წაასწრო. ძალიან უნდოდათ ნაცებს რომ სისხლი დაღვრილიყო, ვიღაც მომკვდარიყო, ეყოლებოდათ მაგ მაიმუნებში ვიღაც, ვინც მოკლავდა თავისივე ჯგუფში ერთი-ორს და მორჩა. ახლა ზარალია 150 000 ლარი. აი ეს ზარალი სასაცილოა ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. ახლა გასკვანჩეს ყველა მაიმუნი, ზოგს ჩასვამენ, ზოგს ხელწერილით გაუშვებენ. ასე გაანეიტრალეს ნაცბანდის დაქირავებული მაიმუნები უსისხლოდ და სულ რაღაც 150 000 ლარად.

ბრავო!

Thoma

2017-03-15 22:11:06

ნატალი
ასეთი ლოგიკით, უფრო შორს უნდა მიეშვათ პროცესი, უნდა ეცლიათ ნაცმოძრაობისთვის, იარაღით ჩართულიყვნენ, მერე კი გადატრიალების მცდელობისათვის დაეხოცათ ყველა მონაწილე, აეკრძალათ ეს პარტია და რაღაც 200 000 -ად და 200 ადამიანის ფასად დაისვენებდა ქვეყანა!
ჭკვიანური მოქცევა ის იქნებოდა, ეს პროვოკატორები ყურით მიეთრიათ თავისთან და გაეფრთხილებინათ - ახლა თუ არ შეწყვეტთ იმის ჭამას, რასაც მიირთმევთ, დედას გიტირებთო! (კაგებეს ყველა პროვოკატორზე ჰქონდა კომპრომატი და შეეძლო მომენტალურად დაეშანტაჟებინა).
ჭკვიანი კაცი ისაა, გიჟს რომ ასანთს მანამ წაართმევს, ვიდრე გაკვრა მოუსწრია და არა ის, ვინც ხანძრის ლოკალიზებას მოახერხებს და უხარია.

natali

2017-03-15 23:06:25

ხე რომ მოთხარო, ფესვებს შორიდან უნდა მოუარო, თორემ რომ მოჭრა, ფესვებზე მაინც ამოიყრის. რაც უფრო დიდია ხე, მით შორიდან უნდა დაიწყო მოთხრა. ხოდა თხრის რაა:))))

ეეეეე...თქვენ რა იცით, მთელი ფილოსოფია დევს ამაში:))))))))))))

Thoma

2017-03-15 23:40:24

ღმერთმა გისმინოს!:)
მაგრამ , სანამ ეგ შორიდან ურტ ყამს კრუგებს, აქეთ არ მოთხარონ! :).

ტორი

2017-03-16 09:05:24


თამთა, მამა,

ხანდახან კი გაკკრიტიკებთ, მაგრამ, კარგიც უნდა ვთქვათ ხოლმე...

ჰოოდა, კარგი ინტერვიუა, აქტუალური და ნაფიქრალი...
გონიერი და კვალიფიციური რესპონდენტი გინახავთ... მე პირველად ვხედავ, იმედია არ ვცდები...
ახალი სახეები მოძებნე მამა, თორემ, ყველაფრის მცოდნე ძველი "ექსპერტებიიიიიი".........წინასწარ იცის ყველამ, რასაც იტ/ყვიან...
----------------------------------

natali,
"ეეეეე...თქვენ რა იცით, მთელი ფილოსოფია დევს ამაში:))))))))))))"....

გავიგუდე სიცილით...

ისე, ორივე მართალი ხართ, თქვენც და Thoma -ც...
უფრო მართალი კი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული:)))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80