ექსპორტისა და გზავნილების გაზრდამ ლარი ამოასუნთქა
ეკონომიკა

ექსპორტისა და გზავნილების გაზრდამ ლარი ამოასუნთქა

ექსპორტისა და გზავნილების გაზრდამ ლარი ამოასუნთქა
ბექა დანელია

2017-02-16 23:56:54

წლის პირველივე თვეში ექსპორტიც გაიზარდა და ფულადი გზავნილებიც. ორივე კომპონენტი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე, რომელიც ბოლო დღეებში მყარდება. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ტენდენცია შემდეგ თვეებშიც შენარჩუნდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წლის პირველივე თვეს 177 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 45%-ით, ანუ 55 მლნ დოლარით აღემატება შარშადელი ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. იანვარში იმპორტის მოცულობამაც მოიმატა, თუმცა მხოლოდ 15 პროცენტით და დეკემბერთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმაც დაიკლო და 2017 წლის იანვარში 298 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

ექსპორტის მატება, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის ხარჯზე მოხდა: ღვინის ექსპორტმა 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (104%-ით და 5.2 მლნ აშშ დოლარით მეტი), მინერალური წყალი - 7.6 მლნ დოლარი (35%-ით და 2 მლნ აშშ დოლარით მეტი), სპირტიანი სასმელები - 7.5 მლნ აშშ დოლარი (185%-ით და 5 მლნ აშშ დოლარით მეტი).

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში საქონლის ხორცი დიდი რაოდენობით გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდა. მარტო იანვარში ქვეყნიდან გარეთ 3.2 მლნ აშშ დოლარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს (111%-ით და 1.8 მლნ აშშ დოლარით მეტია). ცხვრის ხორცის ექსპორტმა 1.1 მლნ დოლარი შეადგინა (შარშან იანვარში საერთოდ არ განხორციელებულა).

თვალშისაცემად მოიმატა ფეროშენადნობების ექსპორტმა და 23.7 მლნ დოლარამდე გაიზარდა (6-ჯერ და 20 მლნ აშშ დოლარით მეტი). სპილენძის მადნების ექსპორტმა 33.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (34%-ით და 9 მლნ აშშ დოლარით მეტი), ხოლო აზოტოვანმა სასუქებმა 11 მლნ აშშ დოლარი (65%-ით და 4 მლნ აშშ დოლარით მეტი). მკვეთრად გაიზარდა მედიკამენტების ექსპორტი და 9.3 მლნ დოლარმდე ავიდა (85%-ით და 4.3 მლნ აშშ დოლარით მეტი).

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებული ტენდენციისა და საგარეო მოთხოვნის მეტად გაუმჯობესების შედეგად მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა. „საგარეო ვაჭრობის გზით ნეგატიური ზეგავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება და ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, - აცხადებენ სამინისტროში.

მთავრობაში დიდი ოპტიმიზმით არიან, მაგრამ სპეციალისტები რეალურად უყურებენ შექმნილ მდგომარეობას. საყურადღებოა, რომ შარშან იანვარში ძალიან დაბალი იყო ექსპორტის მაჩვენებელი - სულ 122 მლნ დოლარი. ასე რომ, გასული წლის მაჩვენებელთან შედარება დიდ წარმატებას არ მოასწავებს.

„შარშანდელ იანვართან შედარებით პატარა ცვლილებაც კი თვალსაჩინოა. მომენტია ის, რომ თავად იანვრის თვე ნაკლებად გამოდგება გრძელვადიანი ტენდენციის განსაზღვრისთვის. რასაკვირველია, თავად ფაქტი სასიხარულოა, ზრდა სჯობს შემცირებას. შენარჩუნდება თუ არა სამომავლოდაც ეს ტენდენცია, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - აღნიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა სოსო არჩვაძემ.

ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა დადებითად მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც ბოლო დროს სტაბილურობას ინარჩუნებს. ლარის კურსზე პოზიტიურ გავლენას ახდენს ფულადი გზავნილებიც, რომელიც წინა თვეში ასევე გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 83.9 მლნ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.1 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.

ნანახია - 721

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80