ბაზარზე ხორცის დეფიციტია, პროდუქტი ერთბაშად გაძვირდა
ეკონომიკა

ბაზარზე ხორცის დეფიციტია, პროდუქტი ერთბაშად გაძვირდა

ბაზარზე ხორცის დეფიციტია, პროდუქტი ერთბაშად გაძვირდა
ბექა დანელია

2017-02-15 21:00:16

ახალი წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცი დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა, ცხვრის ხორცი კი 1,5-2 ლარით. ამის მიზეზია ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორცის დეფიციტია. საქართველოდან ცოცხალი საქონელი მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში გაჰყავთ. ამით მართალია ექსპორტი იზრდება და მესაქონელეები ხეირობენ, მაგრამ სიძვირის გამო მომხმარებლები და ადგილობრივი მოვაჭრეები ზარალდებიან.

სურსათის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება. ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ თურქებიც.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე ცხვარზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც საქართველოზეც იქონია გავლენა, შესაბამისად, ცხვარი და ცხვრის ხორცი გაძვირდა.

„ამჯერად ვითარება ფერმერებისთვის სასიკეთოდ შეიცვალა და ცხვრის ფასი გაიზარდა. 30-35-კილოგრამიანი თოხლი ამჟამად 190-200 ლარი ღირს მაშინ, როცა შემოდგომაზე ფერმერები იგივე წონის ცხვარს 90-100 ლარად ჰყიდდნენ და ამბობდნენ, რომ დარგი არაპერსპექტიული იყო.

მსოფლიოში ცხვარზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. აზერბაიჯანი 10 დღეში მოიხმარს 250 000-მდე ცხვრის ხორცს. ეს დაახლოებით ის რაოდენობა, რა ოდენობის ცხვრის ექსპორტის შესაძლებლობაც საქართველოს აქვს. ირანს 55 მლნ ცხვარი ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 150 000-მდე ცხვარს სომხეთისგან ყიდულობენ. ასეა აზიის სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელმა, მიხეილ ჭიჭაყუამ.

ცოცხალი ცხვრის ფასთან ერთად გაიზარდა ცხვრის ხორცის ფასიც. თუ 2016 წლის შემოდგომაზე 1 კგ ცხვრის ხორცი 8-8,5 ლარი ღირდა, ახლა 1 კგ ცხვრის ხორცის ფასი 11,5-12 ლარია.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა მსხვილფეხა საქონლის მხრივ. ამ შემთხვევაში საქმე სერიოზულ დეფიციტთან გვაქვს. გაზრდილმა ექსპორტმა ხორცის მარაგი უცებ ამოწურა.

„ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის ფასმა 2 ლარით მოიმატა, რადგან დეფიციტია. ეს კი გამოიწვია ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა. ცოცხალი პირუტყვი არაბეთის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში გადის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიზარდა ამ ქვეყნებიდან ინტერესი, ნამდვილად ვერ გეტყვით“, - განუცხადეს „კომერსანტს“ კომპანია „იბერმითში“.

„საქონლის ხორცის დეფიციტი ძალიან დიდია, შემცირდა სულადობაც. კლება ქვეყნიდან ცოცხალი საქონლის მასიურმა გადინებამ გამოიწვია. ისინი დიდ თანხას იხდიან და საქონელს მაღალ ფასში იბარებენ. ხალხს კი ურჩევნია მათ მიჰყიდოს საქონელი. ცოცხალი საქონელი, ძირითადად, არაბეთის ქვეყნებში გადის“, - ამბობს შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ხორცის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე ყველგან გაზრდილია. მიზეზად ისინი თურქეთში ექსპორტის ზრდას ასახელებენ და დასძენენ, რომ სასაკლაოებიდან თურქებს ხორცი მიაქვთ იმ ფასად, რამდენიც პროდუქტი ბაზარში ღირს.

„ვიცი, რომ ხორცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი ოდენობით გადის. სასაკლაოებმაც „ასაღები ფასი“ 11,5 ლარი გახადეს, ანუ ის რა ფასადაც თურქებზე ყიდიან. ძნელად წარმომიდგენია რეგიონი, რომელსაც გადამყიდველები არ მისწვდნენ, ყველგან დადიან, სადაც კი ხორცის ყიდვა შესაძლებელია. ყველა ამბობს, რომ თურქეთში საქონლის ხორცის ფასი გაზრდილია, რის გამოც ახლა ქართულ პირუტყვზე გადაერთნენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე კახა გრძელიშვილი, რომელიც შიშობს, რომ მომხმარებელს ხორცის ყიდვა უფრო მეტად გაუჭირდება.

ნანახია - 1054

tngh

2017-02-16 18:31:12

მთავრობის და პირადად ბიძინას მიერ გაწეული უდიდესი დახმარებით და სუბსიდიებით "მაშინები" იყიდეს. ეხლა საქონელი მოამრავლონ, თვითონაც გამდიდრდებიან და დეფიციტიც მოიხსნება.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80