„თუკი ტრამპის პოლიტიკა სწორია, მაშინ დამნაშავე გამოდის ის ამერიკელიც, ვინც სამსახურში არალეგალი აიყვანა“
საზოგადოება

„თუკი ტრამპის პოლიტიკა სწორია, მაშინ დამნაშავე გამოდის ის ამერიკელიც, ვინც სამსახურში არალეგალი აიყვანა“

„თუკი ტრამპის პოლიტიკა სწორია, მაშინ დამნაშავე გამოდის ის ამერიკელიც, ვინც სამსახურში არალეგალი აიყვანა“
მანანა ნოზაძე

2017-02-15 14:30:57

ტრამპის ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი შევა, ვისაც კარგი განზრახვები აქვს. ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დანაქადები შეასრულა და საიმიგრაციო სამსახურის რეიდების მეშვეობით ასობით არალეგალი მიგრანტი უკვე დააკავა. დაკავებები აშშ-ის ექვს შტატში დაიწყო, მათ შორის, ატლანტაში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივანი ჯილიან კრისტენსენი აცხადებს, რომ რეიდების მიზანი არალეგალ დამნაშავეთა დაკავებაა. საუბარია იმ ხალხზე, ვინც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საიმიგრაციო სისტემის მთლიანობას.

რეგულარულმა რეიდებმა ამერიკაში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის შეჩერების მოთხოვნას 127 კომპანიის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. კომპანიის მესვეურნი შეახსენებენ დონალდ ტრამპს, რომ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ამერიკას სახელი გაუთქვეს, სწორედ მიგრანტები იყვნენ.

ასე, მაგალითად, „Apple“-ს დამფუძნებელი სტივ ჯობსი სწორედ სირიელი მიგრანტის შვილი იყო, რომელიც ამერიკაში 1950 წელს გადაბარგდა.

„Google“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი ბრინი მოსკოვში ებრაელი მათემატიკოსის ოჯახში დაიბადა და 1979 წელს ჩავიდა აშშ-ში. დღეს სერგეი ბრინი 39, 6 მილიარდ $-ის მფლობელია.

შესრულდება თუ არა ტრამპის სიტყვები - „მე თქვენ გაგაოცებთ“ არალეგალების ალაგმვასთან დაკავშირებით? მოელით თუ არა არალეგალ ქართველებს დეპორტაცია ამერიკიდან?

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოდან წასული მიგრანტები უკვე ათეულობით წლებია, ამერიკაში ცხოვრობენ და მაინცდამაინც ახლა დაიწყეს მიგრანტების გამოყრა, რაც ტრამპის პოლიტიკის შედეგია. თუკი ტრამპის ხისტი პოლიტიკა კანონიერია, მაშინ გამოდის, რომ დამნაშავეა ის ამერიკელიც, ვინც სამსახურში აიყვანა არალეგალი. კანონი კანონია, მაგრამ ყველა ადამიანს სურს იაფი მუშახელი თავის ქვეყანაში, თავის ოჯახში. არალეგალები იაფ მუშახელს წარმოადგენენ ამერიკელებისთვის და ეს აწყობთ როგორც ამერიკელებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს.

ნანა ნაზაროვას თქმით, ამერიკაში ბევრი არალეგალია, განსაკუთრებით, ეს ითქმის საქართველოდან ჩასულ ქალებზე, რომლებიც ამერიკულ ოჯახებში მუშაობენ. იქაურები კმაყოფილები არიან, რადგან საქართველოდან შედარებით უფრო განათლებული ადამიანები ჩადიან, რომლებმაც კარგად იციან კერძების დამზადება, ბავშვების მოვლა.

„ახალი პოლიტიკის თანახმად, ტრამპმა არალეგალების დევნა დაიწყო. ზოგადად, არალეგალთა ორგვარი კატეგორია არსებობს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელიც ამერიკაში ვიზით შევიდა, მაგრამ ვიზის ვადის გასვლის შემდეგაც ამერიკაში დარჩა. წესით, მისი დაკავება არ უნდა მოხდეს, უბრალოდ, მან ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია. ამიტომ, მე მგონი, ამ ადამიანებს დეპორტაციას დაუქვემდებარებენ და გამოუშვებენ. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მათ ის ადამიანები განეკუთვნებიან, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს და ქვეყანაში უვიზოდ შევიდნენ. შესაძლოა, ასეთი კატეგორიის დაკავება განხორციელდეს. ამერიკაში საკმაოდ არიან არალეგალები, თუმცა მათი დიდი ნაწილი ვიზით შევიდა და დარჩა. იმ წლებში მარტივად არავინ ღებულობდა ვიზას. ფულს იხდიდნენ ადამიანები და ვიზასაც იღებდნენ.

არალეგალურად გადასვლის ფაქტებიც ხშირი იყო. ზოგჯერ ამას მსხვერპლი მოჰყვებოდა. მაგალითად, კანადის მხრიდან შედიოდნენ ამერიკაში, იქ იყო დიდი კანალიზაციის მილი. 5-6 წლის წინ ძლიერი წვიმა წამოვიდა, მილი შეივსო და მასში საქართველოდან წასული ათობით არალეგალი მიგრანტი დაიხრჩო“, - აღნიშნა ნანა ნაზაროვამ.

ამასთან, მიგრანტებთან დაკავშირებით ტრამპის მოსაზრებაში კორექტირება შეიტანა. მან აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულები ამერიკელებს საფრთხეს არ უქმნიან. დაახლოებით 300 ათას მიგრანტამდეა ამერიკაში ჩვენიდან წასული, მაგრამ არავინ იცის, რამდენია მათ შორის არალეგალი მიგრანტი და რამდენია არადოკუმენტირებული მიგრანტი, ვინც სავიზო რეჟიმი დაარღვია და იქ დარჩა. სავარაუდოდ, საქართველოდან წასულთა უმეტესობა სწორედ არადოკუმენტირებული მიგრანტი იქნება, რადგან საზღვრის გადაკვეთა ტყეებისა და მთების გავლით ძალიან სარისკოა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მხრიდან ამერიკაში უფრო ქალები ჩადიან, ქალები ასე ვერ გარისკავდნენ.

ექსპერტის თქმით, ალბათ უფრო ამერიკის დიდ ქალაქებში მოეწყობა რეიდები და პოლიციაც აქტიურად იმუშავებს. შესაბამისად, დიდი ქალაქებიდან გამოუშვებენ არალეგალ მიგრანტებს. რაც შეეხება პატარა ქალაქებს, საეჭვოა, იქაც დაიწყონ არალეგალთა დევნა.

„ტრამპის ასეთი ხისტი პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს არა მარტო ამერიკაში, არამედ-ევროპაშიც. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რაც თქვა ამ კაცმა, იმის ასრულება დაიწყო. თანაც, ეს კანონით გაამყარა, რომ არალეგალი და არადოკუმენტირებული მიგრანტი არ უნდა იყოს ამერიკაში, ყველა მიგრანტის სტატუსი კანონიერი, ლეგალური უნდა იყოს. ამ დროს კი უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არასდროს იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ამერიკელებს საზოგადოებრივ საფრხეს უქმნის“. 

ნანახია - 1329

NEVRO

2017-02-16 19:32:52

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=37677 საქართველოს მიერ სხვადასხვა საომარ არეალში გაღებულმა კონტრიბუციამ დაიწყო რეალური შედეგების მოტანა. შორს არ არის ის დღე როდესაც რუსეთი ნებსით თუ ზეწოლის შედეგად ხელს აიღებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ანექსიაზე. საქართველოს მიეცემა განდგომილ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის საშუალება.

NEVRO

2017-02-16 20:30:30

http://www.kvirispalitra.ge/samkhedro-thema/33468-avghanethshi-nato-s-sheiaraghebuli-dzalebis-methauri-saqarthvelos-madlobas-ukhdis.html სწორი სტრატეგიაა. შედგებიც მოდის.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80