„გარე მოვაჭრეებისთვის ახალი სავაჭრო ადგილები უნდა შექმნას არა რომელიმე კერძო ფირმამ, არამედ თავად მერიამ“
ეკონომიკა

„გარე მოვაჭრეებისთვის ახალი სავაჭრო ადგილები უნდა შექმნას არა რომელიმე კერძო ფირმამ, არამედ თავად მერიამ“

 „გარე მოვაჭრეებისთვის ახალი სავაჭრო ადგილები უნდა შექმნას არა რომელიმე კერძო ფირმამ, არამედ თავად მერიამ“
მანანა ნოზაძე

2017-02-11 22:56:09

მეტრო დელისის, ვარკეთილის, ახმეტელისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, - ეს ის ადგილებია, სადაც გარე ვაჭრობის ბუმია. მძიმე სოციალური ვითარების გამო ხელისუფლება გარემოვაჭრეებთან მიმართებით მკაცრი ზომების მიღებას აქამდე ერიდებოდა. ეს მაშინ, როცა საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ნებართვის გარეშე ვაჭრობა დასჯადი იყო. 

როგორც ჩანს, ასეთი ვითარება დიდხანს არ გასტანს და თბილისის მერია გარემოვაჭრეებისთვის ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს. 


თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ გარე ვაჭრობის ახალი წესი თბილისის ცალკეულ არეალებში ისეთი სივრცეების მოწყობას გულისხმობს, რომელიც ვაჭრობას უფრო ორგანიზებულ ფორმას მისცემს და, რაც მთავარია, გარემოვაჭრეები გადასახადს არ გადაიხდიან.

სავარაუდოდ, ახალი რეგულაციების შემუშავებით მერია ცდილობს, ჩააქროს იმ მოვაჭრეთა აღშფოთება, რომლებიც გარემოვაჭრეებს კონკურენტებად განიხილავენ. ორგანიზებული მოვაჭრეები ფიზიკურადაც უპირისპირდებიან გარემოვაჭრეებს და მიაჩნიათ, რომ მათი კანონიერი უფლება ილახება, რადგან ორგანიზებული მოვაჭრეებისგან განსხვავებით, გარემოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან, კლიენტებს ართმევენ და ქუჩებსაც აბინძურებენ. 

გარემოვაჭრეების შეზღუდვა უკვე დაწყებულია ლესელიძეზე, ჭავჭავაძეზე, რიყისა და ნარიყალას ტერიტორიებზე. 


როგორ უნდა მოგვარდეს გარემოვაჭრეების პრობლემა ისე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი ხისტი მეთოდები არ გამოიყენოს დედაქალაქის მერიამ? 

„თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არაორგანიზებულ ვაჭრობას ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაბა თავი და ძალისმიერი მეთოდით ამ პრობლემასთან გამკლავება ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ გამოუვა. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2005 წელს მისმა ასოციაციამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „მცირე მეწარმეობის“ შესახებ, სადაც ძირითადად საუბარი იყო არაორგანიზებული ვაჭრობის დაბეგვრის რეჟიმის თაობაზე. 


„ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ეკონომისტი ანზორ ბაბუხადია 1993 წელს მინისტრთა კაბინეტში სახელმწიფოს მთავარ მრჩევლად მუშაობდა და მან ფიქსირებული გადასახადი შემოიღო არა მარტო გარე ვაჭრობის, არამედ სხვადასხვა სფეროს მოვაჭრეებთან მიმართებით, რომლებიც სალარო აპარატს ვერ დგამდნენ და არაორგანიზებულად ვაჭრობდნენ. ფაქტობრივად, ეს იყო გარიგება სახელმწიფოსა და გარე მოვაჭრეს შორის, რაც შემდეგ უკრაინამაც აიტაცა. დღესაც ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ, უნდა შედგეს მოლაპარაკება და ურთიერთშეთანხმება მერიის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის. თანაც, ახალი სავაჭრო ადგილები უნდა მოაწყოს არა რომელიმე კერძო ფირმამ, არამედ თავად მერიამ და ამის შემდეგ მოელაპარაკოს გარე მოვაჭრეებს. 

ამ ადამიანებს აუცილებლად შეღავათიანი რეჟიმი უნდა შესთავაზონ, ჰკითხონ, რამდენის გადახდა შეუძლიათ. ყველა მათგანი პოტენციური გადამხდელია. თქვენ რა გგონიათ, სადაც დგანან იმ ყინვასა და სიცხეში, განა არ იხდიან? ყველა გარკვეულ თანხას იხდის. უბრალოდ, ათას შემმოწმებელს აძლევენ თანხას, მათ წილში სხვა ადამიანები არიან. პირდაპირ მერია თუ აიღებს თავის თავზე ამ საკითხის მოგვარებას, მერიის ბალანსზე თუ დარჩება და მერიის ბიუჯეტში შევა ეს სიმბოლური თანხა, კმაყოფილი დარჩება მერიაც და გარე მოვაჭრეც. თანაც, ეს ხალხი უფრო ნაკლებს გადაიხდის. ვის უხარია ქუჩაში დგომა?“ - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ. 

მისივე თქმით, ასეთი მეთოდი ადრეც გამოიყენებოდა, 90-იან წლებში. ნიკო ლეკიშვილი რომ გახდა ქალაქის მერი, მანაც დააწესა ფიქსირებული გადასახადები, რამაც გაამართლა. სამაგიეროდ, ახლა კერძო ადგილებზე რომ შეჰყავთ მოვაჭრეები, იმდენად დიდ თანხას სთხოვენ, რომელსაც ისინი ვერ იხდიან. ამიტომ მერიამ უნდა შექმნას ეს პირობები და დიდ მოგებაზე არ იფიქროს. მით უმეტეს, ასეთი უმუშევრობაა, დაძაბული სიტუაციაა. თანაც, ადგილობრივი არჩევნები მოდის და, თუკი არ უნდათ, ბუნტს ბუნტი დაუმატონ, კომპრომისზე უნდა წავიდნენ. მერიის მხრიდან დათმობა ცივილიზებული უნდა იყოს, რადგან ძალადობა ძალადობას შობს. 

საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ განგებ მიუშვა გარევაჭრობა, რათა ამით ხაზი გაესვა, რომ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, არ ებრძოდნენ ქუჩაში მოვაჭრეებს. 


„ნაციონალების“ ჯინაზე ვითომ ჰუმანურები უნდა გამოჩენილიყვნენ და ამას მისცეს სრულიად მიუღებელი ფორმები. ამ დროს კანონში ეწერა, რომ გარე ვაჭრობა აკრძალული იყო, გარდა წიგნებისა და კულტურული ნაწარმისა. ამას წინათ ჩვენთან მოვიდნენ რიყის ტერიტორიაზე მოვაჭრეები და აღნიშნეს, რომ ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან პროტექციონიზმი მიმდინარეობდა და გარემოვაჭრეობის უფლებას ეს ხელისუფლება მხოლოდ თავის ხალხს აძლევდა, ხოლო, ვისაც არ იცნობდა და, ვინც „ნაცმოძრაობის“ მოვაჭრეებად მიაჩნდა, ყრიდა. 

ახლა ძალიან რთული იქნება გარემოვაჭრეების გაშვება, რადგან ამ ადამიანების რიცხვმა იმატა. პლუს ამას, ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ლარი ამ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა. ახლა ქაღალდზე გვეუბნებიან, სამუშაო ადგილებმა იმატაო, მაგრამ რეალურად ხალხი გაღატაკდა, ხანძრები მომრავლდა და კაცმა არ იცის, ამ ხანძრებს ვინ აჩენს. 16 მილიარდიდან 13 მილიარდზე ჩამოიყვანეს ჩვენი დოვლათი. ამიტომ ჯერ ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესონ, რომ შეთავაზებები რეალური იყოს. გარევაჭრობა ნელ-ნელა უნდა შეიზღუდოს, მთლიანად აყრა არ შეიძლება. ჩვენ რომ ამას ვაკეთებდით, ამისთვის გვლანძღავდნენ, ეს როგორ გააკეთესო. ჩვენს დროსაც მძიმე სანახავი იყო გარემოვაჭრეების აყრა, მაგრამ ამის კვალდაკვალ ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდებოდა“, - მიიჩნევს სევდია უგრეხელიძე. 

ნანახია - 786

NEVRO

2017-02-11 23:12:54

მაგარი სამარცხვინო ვითარებაა. ქლქი თავის თავში იხრჩობა. დაწყებულია და მალე მოხდება ურბანული კოლაფსი. მეცოდება შემდეგი ქალაქის თავი!

1234

2017-02-12 03:24:42

გარემოჭრე რომ გეცოდებათ პენსიონერი ან მასწავლებელი არ გეცოდებათ რომელიც ბიუჯეტიდან მიზერულ ხელფასს და პენსიას იღებს. გარე მოვაჭრეს უფლებას აძლევთ რომ გადასახადი არ გადაიხადოს ან გადაიხადოს არაადეკვატური თანხა და ისე გაყიდოს, ანუ ბიუჯეტი აზარალოს. ქვეყნის კოლაფსი მაშინ იწყება როცა სახემწიფო გადასახადებს ვერ კრეფს.
ამ გამოჩენილმა ეკონომისტებმა სჯობს ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარონ. აარჩიონ 10-15 გარემოვაჭრე და იმ რაოდენობის თვიური კომპენსაცია დაუწესონ რასაც პენსიონერი იღებს, მაგრამ გარე ვაჭრობა აუკრძალონ სამუდამოდ. დათანხმდებიან :)? იყო დრო როცა გარემოვაჭრეები ბენზინსაც ჰყიდნენ თბილისში :) რაც მისაღები იყო 90ებში როცა სახემწიფო გადასახებს ვერ კრეფდა, არ არის მისაღები ამჟამად. "სომალში" გსურთ დაბრუნება?


tngh

2017-02-12 15:49:33

გავლა აღარ შეიძლება უკვე იქ. დაიპყრეს ქალაქი გარე მოვაჭრეებმა. თან დილიდან საღამომდე ერთმანეთში აყალ-მაყალი აქვთ. სანიტარულ მდგომარეობაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80